წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2013

შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა

შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8).

1, 2. ა) რა არის სატანის „ზრახვები“? ბ) რა დაგვეხმარება, დავუახლოვდეთ ღმერთს?

იეჰოვა ღმერთმა ადამიანები ისე შექმნა, რომ მასთან დაახლოების მოთხოვნილება ჰქონოდათ. სატანას კი სურს, მის მსგავსად ვფიქრობდეთ, რომ არ გვჭირდება იეჰოვა. ეს არის სიცრუე, რომლითაც მან ევა აცდუნა ედემის ბაღში (დაბ. 3:4—6). ისტორიის მანძილზე ადამიანების უმეტესობას ბევრჯერ უფიქრია, რომ შეეძლოთ ღვთის გარეშე ცხოვრება.

2 ჩვენ არ უნდა გავებათ სატანის მახეში, რადგან „ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორ. 2:11). სატანა ცდილობს, ცუდი არჩევანი გაგვაკეთებინოს და ჩამოგვაშოროს იეჰოვას. როგორც წინა სტატიაში დავინახეთ, შეგვიძლია სწორი არჩევანი გავაკეთოთ კარიერასთან, გართობასთან და ოჯახთან დაკავშირებით. ამ სტატიაში დავინახავთ, რომ თუ სწორი დამოკიდებულება გვექნება ტექნიკაზე, ჯანმრთელობაზე, ფულსა და სიამაყეზე, ეს ღმერთთან დაახლოებაში დაგვეხმარება (იაკ. 4:8).

ტექნიკა

3. როგორ შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს ტექნიკა?

3 მთელ მსოფლიოში უახლესი ტექნიკა ყველასთვის ხელმისაწვდომია. სათანადო სახით მისი გამოყენება მართლაც სასარგებლოა. მაგრამ თუ არასწორად გამოვიყენებთ მას, ამან შეიძლება ურთიერთობა გაგვიფუჭოს ჩვენს ზეციერ მამასთან. მოდი, ვისაუბროთ კომპიუტერზე. ჟურნალი, რომელსაც კითხულობთ, დაიბეჭდა და გამოიცა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. კომპიუტერი შეიძლება კარგი საშუალება იყოს კვლევა-ძიებისთვის, საკომუნიკაციოდ და დროდადრო გასართობად. მაგრამ კომპიუტერულმა ტექნიკამ შეიძლება მასზე დამოკიდებული გაგვხადოს. მარკეტოლოგები არწმუნებენ ადამიანებს, რომ მათ უნდა შეიძინონ უახლესი ტექნიკა. ერთ ახალგაზრდა მამაკაცს იმდენად უნდოდა ტაბლეტი კომპიუტერი (უახლესი მოდელის პორტატიული კომპიუტერი), რომ მან მის შესაძენად მალულად საკუთარი თირკმელი გაყიდა. მართლაც, რა წინდაუხედავი ნაბიჯია!

4. რა გადაწყვეტილება მიიღო ერთმა ქრისტიანმა, რომელიც დიდ დროს უთმობდა კომპიუტერს?

 4 კიდევ უფრო სამწუხაროა, თუ ტექნიკას არასწორად ვიყენებთ ან დიდ დროს ვუთმობთ მას და ამას ეწირება ჩვენი იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა. «ვიცი, ბიბლიაში წერია, რომ სულიერი საქმეებისთვის უნდა გამოვისყიდოთ „ხელსაყრელი დრო“, მაგრამ, როცა საქმე კომპიუტერს ეხება, ჩემი თავის ყველაზე დიდი მტერი ვარ», — ამბობს 28 წლის ჯონი. * ხშირად ის შუაღამემდე ინტერნეტში იყო. ჯონი ჰყვება: „რაც უფრო ვიღლებოდი, მით უფრო რთული იყო, შემეწყვიტა ჩეთაობა და ისეთი ვიდეორგოლების ყურება, რომლებიც ყოველთვის არ იყო მისაღები ქრისტიანებისთვის“. ეს ცუდი ჩვევა რომ მიეტოვებინა, ჯონმა ისე გააკეთა, რომ ძილის დრო რომ მოვიდოდა, კომპიუტერი თავისით ითიშებოდა (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16 ).

მშობლებო, დაეხმარეთ თქვენს შვილებს, გონივრულად გამოიყენონ ტექნიკა

5, 6. ა) რა პასუხისმგებლობები აკისრიათ მშობლებს? ბ) როგორ უნდა დარწმუნდნენ მშობლები, რომ შვილებს კარგი სამეგობრო წრე ჰყავთ?

5 მშობლებო, შვილებს ყველა ფეხის ნაბიჯი არ უნდა გაუკონტროლოთ, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ როგორ იყენებენ კომპიუტერს. ნუ მისცემთ უფლებას, დაათვალიერონ ისეთი ვებ-გვერდები, რომლებიც შეიცავს უზნეობისა და სპირიტიზმის ამსახველ კადრებს; არ დართოთ ნება, ითამაშონ ძალადობით აღსავსე თამაშებით და ურთიერთობა ჰქონდეთ ცუდ საზოგადოებასთან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცით დაკავდნენ და ხელი არ შეგიშალონ. თუ ასე მოიქცევით, ისინი იფიქრებენ: „რახან დედიკო და მამიკო ამას არ მიშლიან, ესე იგი ცუდი არაფერია ამაში“. მშობლებო, თქვენი პასუხისმგებლობაა, დაიცვათ თქვენი ბავშვები და მოზარდები ნებისმიერი რამისგან, რაც ჩამოაშორებს მათ იეჰოვას. ცხოველებიც კი იცავენ თავიანთ პატარებს საფრთხისგან. წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა დედა დათვი, თუ მის ბელებს საფრთხე დაემუქრებოდა (შეადარეთ ოსიას 13:8).

6 დაეხმარეთ თქვენს შვილებს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ სამაგალითო ქრისტიანებთან — ახალგაზრდებთან და ასაკოვნებთან. გახსოვდეთ, თქვენს შვილებს სჭირდებათ, რომ მათთან ერთად გაატაროთ დრო. დრო გამოყავით, რომ ერთად იხალისოთ, ითამაშოთ, აკეთოთ საოჯახო საქმეები და „დაუახლოვდეთ ღმერთს“. *

ჯანმრთელობა

7. რატომ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელები?

7 როგორ გრძნობ თავს? ეს არის ჩვეული შეკითხვა, რომელიც ჩვენს მწარე რეალობას ასახავს. რადგან ჩვენმა წინაპრებმა სატანას ღვთისგან ჩამოშორების ნება მისცეს, ყველანი ავად ვხვდებით. ავადმყოფობა სატანის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან ასეთ დროს უფრო რთულია, ვემსახუროთ ღმერთს. და თუ მოვკვდებით, საერთოდ ვეღარ ვემსახურებით მას (ფსალმ. 115:17). ამიტომ გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჯანმრთელები ვიყოთ. * აგრეთვე უნდა  გვაღელვებდეს ჩვენი და-ძმების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

8, 9. ა) ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით, როგორ შეგვიძლია უკიდურესობაში არ ჩავვარდეთ? ბ) რატომ არის კარგი სიხარულის შენარჩუნება?

8 მნიშვნელოვანია უკიდურესობაში არ ჩავვარდეთ. ზოგიერთი გარკვეულ დიეტაზე, მკურნალობასა თუ კოსმეტიკაზე უფრო გულმოდგინებით საუბრობს, ვიდრე სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამით სხვებს ეხმარებიან. მიუხედავად ამისა, არ არის მართებული, სამეფო დარბაზებში შეხვედრების ან კონგრესების დაწყებამდე თუ დამთავრების შემდეგ რეკლამირება გავუწიოთ მკურნალობის მეთოდებსა თუ კოსმეტიკას. რატომ არ არის ეს მართებული?

9 ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვიმსჯელოთ სულიერ საკითხებზე და გვქონდეს სიხარული, რომელიც ღვთის წმინდა სულის ნაყოფია (გალ. 5:22). ასეთი შეხვედრების მიზანი არ არის, ვილაპარაკოთ რაიმე პროდუქციაზე ან მკურნალობის მეთოდებზე, მაშინაც კი თუ გვეკითხებიან, რადგან ამით სხვებს წავართმევდით სიხარულს (რომ. 14:17). თუ რას გადაწყვეტს ადამიანი მკურნალობასთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი საქმეა. არავის შეუძლია განკურნოს ყველა ავადმყოფობა. საუკეთესო ექიმებიც კი ბერდებიან, ავადდებიან და საბოლოოდ, კვდებიან. ჯანმრთელობაზე მეტისმეტი ზრუნვით ადამიანი სიცოცხლეს ვერ გაიხანგრძლივებს (ლუკ. 12:25). ამის საპირისპიროდ კი, „მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავ. 17:22).

10. ა) რომელი თვისებებია ძვირფასი იეჰოვასთვის? ბ) როდის გვექნება საუკეთესო ჯანმრთელობა?

10 ცუდი არაფერია, თუ ვზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე. მაგრამ გადამეტებულად არ უნდა ვეცადოთ ასაკისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი კვალის გაქრობას. ასაკისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის ნიშანი მოწიფულობის, ღირსებისა და შინაგანი სილამაზის მაჩვენებელია. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავ. 16:31). სწორედ ასეთი შეხედულება აქვს იეჰოვას ჩვენზე და ჩვენც ასე უნდა ვფიქრობდეთ საკუთარ თავზე (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:3, 4 ). ნუთუ გონივრული იქნება, გავიკეთოთ არასაჭირო და პოტენციურად სახიფათო ქირურგიული ოპერაცია ან მივმართოთ სარისკო მკურნალობას მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მომხიბლავი ვიყოთ? „იეჰოვას სიხარული“ არის ჩვენი შინაგანი სილამაზის წყარო, რომელზეც გავლენას ვერ ახდენს ასაკი და ავადმყოფობა (ნეემ. 8:10). სრულყოფილი ჯანმრთელობა და ახალგაზრდული სილამაზე მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში დაგვიბრუნდება (იობ. 33:25; ეს. 33:24). მანამდე კი სიბრძნისა და რწმენის გამოვლენა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და კმაყოფილი ვიყოთ იმით, როგორებიც ვართ (1 ტიმ. 4:8).

ფული

11. როგორ შეიძლება ფული იქცეს მახედ?

11 ფული არ არის ბოროტება და არც ბიზნესით დაკავებაა არასწორი (ეკლ. 7:12; ლუკ. 19:12, 13). მაგრამ თუ ფულისადმი სიყვარულს განვივითარებთ, ეს ჩამოგვაშორებს იეჰოვას (1 ტიმ. 6:9, 10). „ქვეყნიერების საზრუნავი“ ანუ გადამეტებული ზრუნვა იმაზე, რაც გვჭირდება, სულიერად დაგვასუსტებს. „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას“ შეუძლია გვაფიქრებინოს, რომ სიმდიდრეს მოაქვს მარადიული ბედნიერება და უსაფრთხოება (მათ. 13:22). იესომ გარკვევით თქვა, რომ „ვერავინ“ იქნება ღვთის მონაც და სიმდიდრისაც (მათ. 6:24).

12. რა ფინანსური „მახეებია“ გავრცელებული დღეს და როგორ შეიძლება ავირიდოთ ისინი თავიდან?

12 ფულისადმი არასწორმა დამოკიდებულებამ შეიძლება ცუდი საქციელისკენ გვიბიძგოს (იგავ. 28:20). სწრაფად და ადვილად გამდიდრების დაპირებით მოხიბლულმა ზოგმა ქრისტიანმა იყიდა ლატარიის ბილეთები; სხვები ჩაერთნენ მრავალსაფეხურიან მარკეტინგულ პროგრამებში და კრების წევრებიც კი აიყოლიეს; ბევრი აცდუნა ჩადებული ინვესტიციებიდან არარეალურად დიდი მოგების დაპირებამ. ნუ გახდებით სიხარბის ან თაღლითობის მსხვერპლი. გამოავლინეთ  გამჭრიახობა. როგორც წესი, შეუძლებელია, რომ სწრაფად იშოვოთ ბევრი ფული.

13. როგორი თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ფულზე ქვეყნიერებისგან განსხვავებით?

13 როდესაც პირველ ადგილზე „სამეფოს და მამის სიმართლეს“ ვაყენებთ, იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას და აუცილებლით უზრუნველგვყოფს (მათ. 6:33; ეფეს. 4:28). მას არ უნდა, რომ შეხვედრების დროს ჩაგვეძინოს იმის გამო, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ; ან ვისხდეთ სამეფო დარბაზში და ფულზე ვფიქრობდეთ. დღეს ბევრს სჯერა, რომ თუ საკუთარ თავს ფულის შოვნას მიუძღვნიან, მომავალში ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებიან და ასაკში შესვლისას ცხოვრება არ გაუჭირდებათ. ისინი თავიანთ შვილებსაც იმავე მატერიალურ მიზნებს უსახავენ. იესომ თქვა, რომ ასეთი აზროვნება არაგონივრულია (წაიკითხეთ ლუკას 12:15—21 ). ასეთი აზროვნების ადამიანები გვახსენებენ გეხაზს, რომელიც ფიქრობდა, რომ შეეძლო თავისი სიხარბეც დაეკმაყოფილებინა და იეჰოვასთან ურთიერთობაც არ დაეკარგა (2 მეფ. 5:20—27).

14, 15. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფული უსაფრთხოების გარანტიაა? მოიყვანეთ მაგალითი.

14 ამბობენ, რომ თუ არწივი ბრჭყალებს არ გაუშვებს მეტისმეტად დიდ თევზს, შესაძლოა, მისი ამოთრევის მცდელობისას დაიხრჩოს. შეიძლება თუ არა მსგავსი რამ დაემართოს ქრისტიანს? „მე ძალიან ხელმომჭირნე ვარ, — ამბობს ერთი უხუცესი სახელად ალექსი. — თუ ბოთლიდან ცოტა მეტი შამპუნი გადმომესხმება, ისევ უკან ბოთლში ვასხამ“. მიუხედავად ამისა, ალექსმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას მიჰყო ხელი და ფიქრობდა, რომ ის მალე დაანებებდა თავის ძველ სამუშაოს თავს და დაიწყებდა პიონერად მსახურებას. მაგრამ ის უფრო და უფრო გაიტაცა ბიზნეს შეთავაზებებისა და ბაზრის მდგომარეობის შესწავლამ. თავისი დანაზოგი და ბროკერებისგან ნასესხები ფული დააბანდა იმ აქციებში, რომელთა ღირებულების სწრაფ ზრდას ვარაუდობდნენ. მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა — აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. „ვიმედოვნებდი, რომ ჩემს თანხას დავიბრუნებდი, — ამბობს ალექსი. — ვფიქრობდი, რომ თუ ცოტას მოვიცდიდი, აქციების ფასი კვლავ გაიზრდებოდა“.

15 თვეების განმავლობაში ალექსი მარტო ამაზე ფიქრობდა. უჭირდა სულიერ საქმეებზე კონცენტრირება და ძილი გაუკრთა. მაგრამ ამ აქციების ფასი აღარ გაზრდილა. მან დაკარგა თავისი დანაზოგი და მოუწია სახლის გაყიდვა. „ჩემს ოჯახს დიდი ტკივილი მივაყენე“, — ამბობს ის. მაგრამ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იყო. ალექსმა თქვა: „ახლა ვიცი, რომ ვინც სატანის ქვეყნიერებაზე დაამყარებს იმედს, გულგატეხილი დარჩება“ (იგავ. 11:28). მართლაც, თუ იმედს ჩვენს დანაზოგზე, ინვესტიციებსა თუ ფულის შოვნის უნარზე ვამყარებთ, ეს იგივეა, რომ დაიმედებული ვიყოთ „ამ ქვეყნიერების ღმერთზე“, სატანაზე (2 კორ. 4:4; 1 ტიმ. 6:17). ალექსმა გაიმარტივა ცხოვრება „სასიხარულო ცნობის გულისთვის“. ამან ის და მისი ოჯახი უფრო ბედნიერი გახადა და დააახლოვა იეჰოვასთან (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30).

სიამაყე

16. რა სხვაობაა მართებულ და უმართებულო სიამაყეს შორის?

16 მართებული სიამაყე შეიძლება კარგი იყოს. მაგალითად, ჩვენ ყოველთვის უნდა გვეამაყებოდეს, რომ ვართ იეჰოვას მოწმეები (იერ. 9:24). ზომიერად საკუთარი თავის პატივისცემა დაგვეხმარება, მივიღოთ კარგი გადაწყვეტილებები და ვიცხოვროთ მაღალზნეობრივი ნორმებით. მაგრამ თუ ადამიანი მეტისმეტად აფასებს საკუთარ თავს და მდგომარეობას, ამან შეიძლება ჩამოაშოროს ის იეჰოვას (ფსალმ. 138:6; რომ. 12:3).

ნაცვლად იმისა, რომ წუხდეთ პასუხისმგებლობების მიღებაზე კრებაში, სიხარულით ემსახურეთ ღმერთს

17, 18. ა) მოიყვანეთ ბიბლიაში მოცემული თავმდაბალი და ამაყი ადამიანების მაგალითები. ბ) როგორ არ დართო ერთმა ძმამ სიამაყეს ნება, ჩამოეშორებინა ის იეჰოვას?

17 ბიბლიაში მოცემულია როგორც ამაყი, ისე თავმდაბალი ადამიანების მაგალითები. მეფე დავითი თავმდაბლურად ეძებდა იეჰოვას ხელმძღვანელობას, რის გამოც ღმერთმა აკურთხა ის (ფსალმ. 131:1—3). მაგრამ იეჰოვამ დაამდაბლა ამაყი მეფეები — ნაბუქოდონოსორი და ბელშაცარი (დან. 4:30—37; 5:22—30). დღესაც არის ისეთი სიტუაციები,  როდესაც იცდება ჩვენი თავმდაბლობა. 32 წლის მომსახურე რაიანი გადავიდა ახალ კრებაში. „ველოდი, რომ მალე უხუცესად დამნიშნავდნენ, — ჰყვება ის. — მაგრამ გავიდა წელი და არაფერი არ შეცვლილა“. გაბრაზდებოდა ის და იფიქრებდა, რომ უხუცესები მას სათანადოდ არ აფასებდნენ? შეწყვეტდა რაიანი კრებებზე დასწრებას და დართავდა სიამაყეს ნებას, ჩამოეშორებინა ის იეჰოვას და მის ხალხს? თქვენ როგორ მოიქცეოდით?

18 რაიანი იხსენებს: „ჩვენს პუბლიკაციებში წავიკითხე ყველაფერი, რის წაკითხვაც შეიძლებოდა ხანგრძლივ მოლოდინთან დაკავშირებით“ (იგავ. 13:12). „მივხვდი, რომ მჭირდებოდა მოთმინებისა და თავმდაბლობის სწავლა. იეჰოვასთვის უნდა მიმეცა საშუალება, რომ ჩემთვის ესწავლებინა“, — ამბობს ის. კრებაში და მსახურების დროს რაიანი უფრო მეტად სხვებზე ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე. მალე მან რამდენიმე ბიბლიის შესწავლა დაიწყო. „წელიწად-ნახევრის შემდეგ უხუცესად დავინიშნე, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, — ამბობს რაიანი. — მსახურება იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ამაზე უკვე აღარ ვწუხდი“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:3, 4 ).

დარჩით იეჰოვასთან

19, 20. ა) როგორ დავრწმუნდეთ, რომ არანაირი ყოველდღიური საქმიანობა არ ჩამოგვაშორებს იეჰოვას? ბ) როგორ მივბაძოთ მათ, ვინც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეს?

19 ამ და წინა სტატიაში განხილულ საკითხებს ცხოვრებაში სათანადო ადგილი უნდა მივუჩინოთ. გვეამაყება, რომ იეჰოვას მსახურები ვართ. ბედნიერი ოჯახი და კარგი ჯანმრთელობა იეჰოვასგან მიღებული უძვირფასესი საჩუქარია. გვესმის, რომ სამუშაო და ფული გვეხმარება ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. ვიცით, რომ დასვენება და გართობა ძალებს აღგვიდგენს, ხოლო ტექნიკას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. მაგრამ ნებისმიერი მათგანი ჩამოგვაშორებს იეჰოვას, თუ მათ მეტისმეტ დროს დავუთმობთ ან დავკავდებით სულიერი საქმეების ხარჯზე.

დაე, არაფერმა, ჩამოგაშოროთ იეჰოვას!

20 რა თქმა უნდა, სატანასაც ეს უნდა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამისგან დაიცვათ თქვენი ოჯახი და თქვენი თავი (იგავ. 22:3). დაუახლოვდით იეჰოვას და შეინარჩუნეთ მასთან ახლო ურთიერთობა. ჩვენ უამრავი ბიბლიურ მაგალითი გვაქვს, რომლებიც ამაში დაგვეხმარება. ნოე და ენოქი დადიოდნენ „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ (დაბ. 5:22; 6:9). მოსე „მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27). იესოს ღმერთი ყოველთვის მხარს უჭერდა, რადგან ის გამუდმებით ზეციერი მამის მოსაწონად იქცეოდა (იოან. 8:29). მიჰბაძეთ მათ. „ყოველთვის ხარობდეთ; განუწყვეტლივ ილოცეთ; ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თეს. 5:16—18). დაე, არაფერმა, ჩამოგაშოროთ იეჰოვას!

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 იხილეთ 2011 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „როგორ აღვზარდოთ შვილები პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად“.

^ აბზ. 7 იხილეთ 2011 წლის მარტის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „ხუთი რჩევა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“.