წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2013

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნორვეგია

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ნორვეგია

რამდენიმე წლის წინ ერთი 40 წელს გადაცილებული წყვილი, როუალი და ელსებეთი, ცხოვრობდა ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქ ბერგენში. ისინი შეძლებულები იყვნენ. ეს წყვილი ქალიშვილთან და ვაჟთან, ისაბელ და ფაბიანთან ერთად, ერთგულად მსახურობდნენ კრებაში. როუალი უხუცესი იყო, ელსებეთი — პიონერი, ხოლო ისაბელი და ფაბიანი — აქტიური მაუწყებლები.

2009 წლის სექტემბერში ოჯახმა გადაწყვიტა, ერთი კვირის განმავლობაში ექადაგათ დაშორებულ ტერიტორიაზე. როუალი და ელსებეთი 18 წლის ფაბიანთან ერთად გაემგზავრნენ ნორდკინის ნახევარკუნძულზე (ფინმარკი), რომელიც ჩრდილოეთის პოლარული წრის ზემოთ მდებარეობს. იქ მათ იქადაგეს სოფელ ხიელეფიორდში სხვა და-ძმებთან ერთად, რომლებიც მათ მსგავსად, მსახურებისთვის იყვნენ ჩასულები. „კვირის დასაწყისში, — იხსენებს როუალი, — კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან საქმეები ისე მოვაგვარე, რომ შემძლებოდა მთელი კვირის განმავლობაში მონაწილეობა მიმეღო ამ გასაოცარ საქმიანობაში“. მაგრამ მოგვიანებით, იმავე კვირას მას გაორებული გრძნობები დაეუფლა. რა მოხდა?

 მოულოდნელი შეკითხვა

„მოულოდნელად, — ჰყვება როუალი, — ერთმა პიონერმა მარიომ, რომელიც ფინმარკში მსახურობდა, გვკითხა, შეგვეძლო თუ არა გადავსულიყავით ქალაქ ლაკსელვში, რათა დავხმარებოდით 23 მაუწყებლისგან შემდგარ კრებას“. ასეთმა მოულოდნელმა შეკითხვამ როუალი ძალიან გააოცა. ის ამბობს: „მე და ელსებეთი ვფიქრობდით, გვემსახურა იქ, სადაც მეტი საჭიროებაა, თუმცა ამას ვგეგმავდით მოგვიანებით, როცა შვილები დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდნენ“. მაგრამ ამ დაშორებულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღე ქადაგების დროს როუალმა დაინახა, რომ ხალხს სურდა, გაეგო იეჰოვას შესახებ. მათ დახმარება სჭირდებოდათ ახლა და არა მოგვიანებით. „ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევდა და რამდენიმე ღამე თვალი არ მომიხუჭავს“, — იხსენებს როუალი. შემდეგ მარიომ ის და მისი ოჯახი წაიყვანა ლაკსელვში, რომელიც ხიელეფიორდის სამხრეთით 240 კილომეტრში მდებარეობს. მარიოს სურდა, რომ მათ საკუთარი თვალით ენახათ ეს პატარა კრება.

კრებაში ორი უხუცესი მსახურობდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ანდრეასმა დაათვალიერებინა მათ ქალაქი და სამეფო დარბაზი. კრების წევრები როუალსა და ელსებეთს თბილად შეხვდნენ და უთხრეს, რომ ძალიან გაუხარდებოდათ, თუკი ისინი მათ დასახმარებლად გადავიდოდნენ. ანდრეასმა ღიმილით თქვა, რომ მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა გასაუბრება სამუშაოს თაობაზე როუალისა და ფაბიანისთვის. რას გადაწყვეტდნენ ისინი?

არჩევნის წინაშე

თავდაპირველად, ფაბიანს იქ გადასვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. მას არ უნდოდა, დაეტოვებინა თავისი ახლო მეგობრები, რომლებთან ერთადაც კრებაში გაიზარდა, და ეცხოვრა პატარა ქალაქში. აგრეთვე ფაბიანს არ ჰქონდა დამთავრებული ელექტრიკოსის კურსები. მაგრამ როცა ისაბელს (მაშინ 21 წლის იყო) ჰკითხეს, რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით, მან წამოიძახა: „სწორედ ეს მინდოდა ყოველთვის“. შემდეგ ისაბელი ამბობს: „როცა ამაზე უფრო მეტად დავიწყე ფიქრი, გამიჩნდა კითხვები — იყო თუ არა ეს კარგი აზრი, მომენატრებოდა თუ არა ჩემი მეგობრები, ხომ არ აჯობებდა, დავრჩენილიყავი ჩემს კრებაში, სადაც ყველაფერი ნაცნობი იყო და ჩვეული რიტმით მიდიოდა. როგორი რეაქცია ჰქონდა ელსებეთს? ის ამბობს: „ვფიქრობდი, რომ იეჰოვამ ჩვენს ოჯახს დავალება მისცა. მაგრამ ასევე ვფიქრობდი ახალგარემონტებულ სახლსა და ყველაფერზე, რაც 25 წლის განმავლობაში შევიძინეთ“.

ელსებეთი და ისაბელი

ერთი კვირის შემდეგ როუალი ოჯახთან ერთად ბერგენში დაბრუნდა, მაგრამ ისინი გამუდმებით ლაკსელვში მცხოვრებ და-ძმებზე ფიქრობდნენ, რომლებთანაც დაახლოებით 2 100 კილომეტრი აშორებდათ. „ბევრს ვლოცულობდი, — ამბობს ელსებეთი, — ურთიერთობა მქონდა და-ძმებთან, ერთმანეთს სურათებს ვუგზავნიდით და შემთხვევებს ვუზიარებდით“. როუალი იხსენებს: „დრო მჭირდებოდა, რომ შევგუებოდი იქ გადასვლას. აგრეთვე უნდა მეფიქრა იმაზე, თუ როგორ შევძლებდით იქ თავის რჩენას. ბევრს ვლოცულობდი, ვსაუბრობდი ოჯახის წევრებთან და გამოცდილ ძმებთან“. ფაბიანი ჰყვება: „რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ნამდვილად არ მქონდა უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი. ხშირად ვლოცულობდი და იქ გადასვლის სურვილი თანდათან მიძლიერდებოდა“. როგორ ემზადებოდა ისაბელი გადასვლისთვის? მან პიონერად მსახურება დაიწყო თავის ქალაქში. ამავდროულად, ის დიდ დროს უთმობდა ბიბლიის პირად შესწავლას. პიონერად მსახურებიდან ექვსი თვის შემდეგ ის მზად იყო გადასასვლელად.

მათ ნაბიჯები გადადგეს მიზნის მისაღწევად

რადგან გაუძლიერდათ იქ გადასვლის სურვილი, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა, მათ ნაბიჯები გადადგეს მიზნის მისაღწევად. როუალს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა, მაგრამ უფროსს ერთი წლით გათავისუფლება სთხოვა სამსახურიდან. თუმცა უფროსმა მას შესთავაზა, ნახევარგანაკვეთზე მუშაობა — ორი კვირა სამსახურში იქნებოდა, ექვსი კვირა დაისვენებდა. „ჩემი შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ჩვენ გვყოფნიდა“, — ამბობს როუალი.

ელსებეთი იხსენებს: „ჩემმა ქმარმა მთხოვა, მომეძებნა სახლი ლაკსელვში და ჩვენი სახლი ბერგენში გაგვექირავებინა. ამან ძალიან დიდი დრო და ენერგია წაიღო, მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა. ცოტა ხანში ბავშვებმაც იშოვეს ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო და ისინი გვეხმარებოდნენ საკვებისა და მგზავრობის ხარჯების დაფარვაში“.

ისაბელი ამბობს: „ქალაქი, სადაც გადავედით პატარა იყო, ამიტომ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის სამუშაოს შოვნა იყო, რათა როგორც პიონერს თავი მერჩინა. ხანდახან მეგონა, რომ სამსახურს ვერასდროს  ვიშოვიდი“. მაგრამ ისაბელი მაინც ახერხებდა საკუთარი ხარჯების დაფარვას — პირველ წელს მან 9 ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე იმუშავა. როგორ მიდიოდა ფაბიანის საქმეები? ის ამბობს: „ელექტრიკოსის კურსები რომ დამემთავრებინა, შეგირდად უნდა მემუშავა. მუშაობა ლაკსელვში დავიწყე. მოგვიანებით გამოცდა ჩავაბარე და ნახევარგანაკვეთზე ელექტრიკოსად დავიწყე მუშაობა“.

როგორ გააფართოვეს მსახურება სხვებმა

მარელიუსი და კესია საამი ენაზე მოლაპარაკე ქალს უქადაგებენ ნორვეგიაში

მარელიუსს და მის ცოლს კესიასაც უნდოდათ, ემსახურათ იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა. მარელიუსი, რომელიც ახლა 29 წლისაა, ამბობს: „კონგრესებზე პიონერობის შესახებ მოხსენებებმა და ინტერვიუებმა დამაფიქრა მსახურების გაფართოებაზე“. თუმცა კესიასთვის, რომელიც ახლა 26 წლის არის, ოჯახისგან შორს ყოფნა პრობლემა იყო. „მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ საყვარელი ადამიანებისგან შორს ვიქნებოდი“, — ამბობს ის. უფრო მეტიც, მარელიუსი სრულ განაკვეთზე მუშაობდა, რომ თავიანთი სახლისთვის აღებული სესხი დაეფარა. ის ჰყვება: „ჩვენ ბევრს ვლოცულობდით, რომ იეჰოვა დაგვხმარებოდა ცვლილებების მოხდენაში. იეჰოვას წყალობით შევძელით იქ გადასვლა, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო“. თავიდან, ისინი დიდ დროს უთმობდნენ ბიბლიის პირად შესწავლას. შემდეგ გაყიდეს სახლი, თავი დაანებეს სამუშაოს და 2011 წლის აგვისტოში გადავიდნენ ჩრდილოეთ ნორვეგიაში მდებარე ქალაქ ალტაში. საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად მარელიუსი ბუღალტრად მუშაობს, კესია კი — მაღაზიაში.

30 წელს გადაცილებულ ერთ წყვილზე, კნუტსა და ლისბეთზე, ძალიან იმოქმედა წელიწდეულში მოცემულმა იმ და-ძმების მაგალითებმა, რომლებიც მსახურობენ იქ, სადაც მაუწყებლების საჭიროებაა. „მათმა მაგალითებმა დაგვაფიქრა უცხო ქვეყანაში მსახურებაზე, — ამბობს ლისბეთი, — მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეძლებდა ამის გაკეთებას“. მაგრამ მათ გადადგეს ნაბიჯები თავიანთი მიზნის მისაღწევად. კნუტი ამბობს: „ბინა გავყიდეთ და თანხა რომ დაგვეზოგა, საცხოვრებლად დედასთან გადავედით. უცხო ტერიტორიაზე მსახურების გემო რომ გაგვესინჯა, მოგვიანებით ერთი წლით გადავედით ინგლისურენოვან კრებაში ბერგენში, სადაც ლისბეთის დედასთან ვცხოვრობდით“. მალე კნუტი და ლისბეთი მზად იყვნენ, ემსახურათ უგანდაში. ისინი ნორვეგიაში წელიწადში ერთხელ ორი თვით ჩამოდიან სამუშაოდ. ასე რომ, მათ საკმარისი თანხა აქვთ, სრული დროით იმსახურონ უგანდაში წელიწადის დანარჩენ დროს.

„იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

„ოჯახის წევრები უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს“ (როუალი)

როგორ წარიმართა ამ გულმოდგინე მქადაგებლების საქმე? როუალი იხსენებს: „დაშორებულ ტერიტორიაზე უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად, ვიდრე ბერგენში. ოჯახის წევრები უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. როცა ჩვენი შვილების სულიერ წინსვლას ვხედავდით, ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო“. ის დასძენს: „ახლა ჩვენ უფრო გაწონასწორებული დამოკიდებულება გვაქვს მატერიალური ნივთების მიმართ და ჩვენთვის ისინი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორც ადრე“.

 ელსებეთმა დაინახა, რომ საჭირო იყო სხვა ენის სწავლა. რატომ? ლაკსელვის კრების ტერიტორიაში შედის სოფელი კარასიოკი, რომელიც ჩრდილოეთ ნორვეგიის, რუსეთის, შვედეთისა და ფინეთის ადგილობრივი მოსახლეობის, საამი ხალხის, ცენტრია. ელსებეთმა დაიწყო საამი ენის სწავლა, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო ამ ხალხთან ქადაგება. ის ახლა ახერხებს საამი ენაზე ლაპარაკს. კმაყოფილია ელსებეთი ახალ ტერიტორიაზე ქადაგებით? ის სახეგაბრწყინებული ამბობს: „ექვს ბიბლიის შესწავლას ვატარებ. სხვაგან სად ვინატრებდი მსახურებას, თუ არა აქ?!“.

ფაბიანი, რომელიც პიონერად და მომსახურედ მსახურობს, ჰყვება, რომ ის და ისაბელი ახალ კრებაში დაეხმარნენ სამ ახალგაზრდას, რომელთაც სჭირდებოდათ გამხნევება, რათა უფრო მეტად მიეღოთ მონაწილეობა კრების საქმეებში. სამივე ახალგაზრდა დღეს აქტიურად მსახურობს. ორმა, რომლებიც მონათლულები არიან, 2012 წლის მარტში დამხმარე პიონერად იმსახურა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სულიერად დასუსტებული იყო, მადლობა გადაუხადა ფაბიანსა და ისაბელს, რომლებიც დაეხმარნენ მას, სულიერად გაძლიერებულიყო. ფაბიანი ამბობს: „ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. რამხელა სიხარულია სხვისი დახმარება!“. ისაბელი აღნიშნავს: «აქ მსახურების დროს ჩემს თავზე გამოვცადე შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“» (ფსალმ. 34:8). ბოლოს ის ამბობს: „აქ მსახურება მართლაც სიხარულის მომგვრელია“.

მარელიუსმა და კესიამ ცხოვრება უფრო გაიმარტივეს, მაგრამ მათი ცხოვრება უფრო აზრიანი გახდა. ალტას კრებაში, სადაც ისინი გადავიდნენ, ახლა 41 მაუწყებელია. მარელიუსი ამბობს: „როცა წარსულს ვიხსენებთ, ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ ვართ პიონერები და ვემსახურებით მას. ამაზე უკეთესი არაფერია“. კესია დასძენს: „ვისწავლე იეჰოვაზე სრულად მინდობა; ის ჩვენზე ძალიან ზრუნავს. ნათესავებისგან შორს ყოფნა მეხმარება, უფრო მეტად დავაფასო ერთად გატარებული ძვირფასი წუთები. არასდროს ვინანებ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ“.

ნუტი და ლისბეთი ბიბლიის შესწავლას უტარებენ ოჯახს უგანდაში

როგორ მიდის კნუტისა და ლისბეთის საქმე უგანდაში? კნუტი ამბობს: „დრო დაგვჭირდა, რომ შევგუებოდით ახალ გარემოსა და კულტურას. წყლის, ელექტროენერგიისა და კუჭის პრობლემები დროდადრო გვაწუხებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმდენი ბიბლიის შესწავლა ჩავატაროთ, რამდენიც გვინდა“. ლისბეთი ამბობს: „ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის მანძილზე არის ტერიტორიები, სადაც ჯერ არავის უქადაგია. როცა იქ მივდივართ, ყოველთვის ვნახულობთ ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ ბიბლიას და გვთხოვენ, რომ ვასწავლოთ მათ. ბიბლიის შესწავლას ასეთ თავმდაბალ ადამიანებთან ენით აუწერელი კმაყოფილება მოაქვს“.

წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს განიცდის ჩვენი წინამძღოლი იესო ქრისტე, რომელიც ზეციდან აკვირდება, თუ როგორ მიმდინარეობს მის მიერ წამოწყებული სამქადაგებლო საქმე დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში! დიახ, ღვთის ხალხისთვის ნამდვილი სიხარულია მზადყოფნის გამოვლენა, რომ შეასრულონ იესოს დავალება: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19, 20).

გაიგეთ მეტი

სკოლები პიონერებისთვის

რა სპეციალურ დასწავლებას გადიან ისინი, რომლებიც სრულ დროით ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?