წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2013

გამბედაობა მოიკრიბეთ— იეჰოვა იქნება თქვენთან!

გამბედაობა მოიკრიბეთ— იეჰოვა იქნება თქვენთან!

„გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:9).

1, 2. ა) რა თვისებები დაგვეხმარება განსაცდელებთან გამკლავებაში? ბ) როგორ განმარტავდით რწმენას? მოიყვანეთ მაგალითი.

იეჰოვას მსახურებას სიხარული მოაქვს. თუმცა ჩვენ ვხვდებით ისეთივე სირთულეებს, როგორსაც სხვები და შეიძლება ვიტანჯებოდეთ „სიმართლის გამო“ (1 პეტ. 3:14; 5:8, 9; 1 კორ. 10:13). ასეთ განსაცდელებს რომ წარმატებით გავუმკლავდეთ, რწმენა და გამბედაობა გვჭირდება.

2 რა არის რწმენა? პავლე მოციქულმა დაწერა: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრ. 11:1). სხვა თარგმანში კი წერია: „რწმენა იმის დამადასტურებელი საბუთია, რომ მივიღებთ იმას, რასაც ვიმედოვნებთ. დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ („The Simple English Bible“). თუკი გვაქვს ქონების დამადასტურებელი საბუთი, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ქონება ჩვენ გვეკუთვნის. ვინაიდან გვწამს, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, რწმენა ჩვენთვის უტყუარი საბუთივითაა. ჩვენ გვწამს, რომ დავინახავთ ყოველივე იმის შესრულებას, რასაც იეჰოვა გვპირდება და გვჯერა, რომ მის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება რეალობად იქცევა, თუნდაც დღეს ის ჩვენთვის უხილავი იყოს.

3, 4. ა) რა არის გამბედაობა? ბ) რა დაგვეხმარება, გვქონდეს ძლიერი რწმენა და გამბედაობა?

3 ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში გამბედაობა ასე არის განმარტებული: „სულიერი, ემოციური და ზნეობრივი სიმტკიცე, ილაპარაკო და მოიქცე უშიშრად განსაცდელებისა და საფრთხის დროს“ („The New Interpreter’s Dictionary of the Bible“). თუ გვაქვს გამბედაობა, ვართ ძლიერი და უშიშარი (მარ. 6:49, 50; 2 ტიმ. 1:7).

4 რწმენა და გამბედაობა ეს ის თვისებებია, რომლებიც ყველას გვსურს, რომ გვქონდეს. მაგრამ შეიძლება ვფიქრობთ, რომ გვჭირდება მეტი რწმენა და გამბედაობა. ბიბლიაში მრავლად არის მოცემული იმ ადამიანების მაგალითები, რომლებიც ავლენდნენ ამ თვისებებს. ამიტომ მათი მაგალითების განხილვა დაგვეხმარება, გვქონდეს ძლიერი რწმენა და გამბედაობა.

იეჰოვა იყო იესო ნავეს ძესთან

5. რა სჭირდებოდა იესო ნავეს ძეს, თავისი დავალება რომ წარმატებით შეესრულებინა?

5 მოდი, გადავინაცვლოთ დაახლოებით 3 500 წლით უკან. 40 წელი გადის, რაც წინასწარმეტყველი მოსე იეჰოვას დახმარებით მილიონობით ისრაელს ათავისუფლებს ეგვიპტის მონობიდან. 120 წლის ასაკში მოსე ადის ნებოს მთაზე და შორიდან ხედავს აღთქმულ მიწას. ის ნებოს მთაზე კვდება. მის საქმეს აგრძელებს იესო ნავეს ძე, რომელიც სავსეა „სიბრძნის სულით“ (კან. 34:1—9). ისრაელები სადაცაა შეუდგებიან ქანაანის დაპყრობას. კარგი წინამძღოლი რომ იყოს, იესო ნავეს ძეს სჭირდება ღვთიური სიბრძნე. მან იეჰოვასადმი რწმენაც უნდა გამოავლინოს და იყოს გაბედული და უშიშარი (კან. 31:22, 23).

6. ა) რატომ გვჭირდება გამბედაობა იესო ნავეს ძის 23:6-ის თანახმად? ბ) რას ვსწავლობთ საქმეების 4:18—20-დან და საქმეების 5:29-დან?

6 სიბრძნემ, გამბედაობამ და რწმენამ, რომლებიც იესო ნავეს ძემ ქანაანის დაპყრობის დროს გამოავლინა, გააძლიერა ისრაელები. გამბედაობა მათ სჭირდებოდათ არა მხოლოდ ბრძოლის დროს, არამედ იმის გასაკეთებლადაც, რისკენაც მოუწოდებდა იესო ნავეს ძე. სიკვდილის წინ მან ისრაელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დიდი გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ, რომ დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს კანონის წიგნშია ჩაწერილი, და არ გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ“ (იეს. 23:6). ჩვენც გვჭირდება გამბედაობა, რომ ყოველთვის დავემორჩილოთ იეჰოვას, მაშინაც კი, თუ ჩვენგან მოითხოვენ, ვიმოქმედოთ იეჰოვას ნების საწინააღმდეგოდ (წაიკითხეთ საქმეების 4:18—20; 5:29). თუ ვილოცებთ და მივენდობით იეჰოვას, ის დაგვეხმარება, ვიყოთ გაბედულები.

როგორ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული

7. რა სჭირდებოდა იესო ნავეს ძეს, რომ ყოფილიყო გაბედული და წარმატებული?

7 ღვთის ნების შესასრულებლად რომ გაბედულება გვქონდეს, უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. როდესაც იეჰოვამ იესო ნავეს ძე მოსეს მაგივრად დანიშნა, უთხრა: „მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი და გულდასმით შეასრულე მთელი კანონი, რაც მოსემ, ჩემმა მსახურმა გიბრძანა . . . არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:7, 8). იესო ნავეს ძემ გაითვალისწინა ეს რჩევა და მას „წარემართა გზა“. თუ მსგავსად მოვიქცევით, ვიქნებით გაბედული და წარმატებული ღვთის მსახურებაში.

8. რომელი ბიბლიური მუხლიდან არის აღებული 2013 წლის მუხლი და როგორ დაგეხმარებათ ის თქვენ?

8 იესო ნავეს ძე დიდად გაამხნევა იეჰოვას სიტყვებმა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:9). იეჰოვა ჩვენთანაც იქნება. ასე რომ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, ნუ შევძრწუნდებით და ნუ შევშინდებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი სიტყვები: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“. იესო ნავეს ძის 1:9-ში ჩაწერილი სიტყვები შეირჩა 2013 წლის მუხლად. ეს მუხლი და აგრეთვე რწმენისა და გაბედულების მაჩვენებელი ღვთის ერთგული მსახურების სიტყვები თუ მოქმედებები ნამდვილად გაგვაძლიერებს.

 მათ გაბედულება გამოავლინეს

9. როგორ გამოავლინა რახაბმა რწმენა და გაბედულება?

9 როდესაც იესო ნავეს ძემ ქანაანში ორი მზვერავი გაგზავნა, მეძავმა რახაბმა დამალა ისინი და მათ მტრებს გზა-კვალი აუბნია. რახაბის რწმენამ და გაბედულებამ გადაარჩინა ის და თავისი სახლეულობა, როცა ისრაელებმა იერიხონი გაანადგურეს (ებრ. 11:30, 31; იაკ. 2:25). რა თქმა უნდა, რახაბმა მიატოვა უზნეო ცხოვრება, რათა იეჰოვას მოსაწონად ეცხოვრა. ზოგიერთმა, ვინც გახდა ქრისტიანი, გამოავლინა რწმენა და გაბედულება, რომ მოეხდინა მსგავსი ცვლილებები და ეცხოვრა იეჰოვას მოსაწონად.

10. რა ვითარებაში დაიკავა რუთმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე და როგორ აკურთხა ის ღმერთმა?

10 იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ მოაბელმა რუთმა გაბედულება გამოავლინა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე დაიკავა. როგორც ისრაელი კაცის ქვრივს, მას იეჰოვას შესახებ ექნებოდა გარკვეული ცოდნა. მისი ქვრივი დედამთილი ნაომი მოაბში ცხოვრობდა, მაგრამ ისრაელის ქალაქ ბეთლემში დაბრუნება გადაწყვიტა. გზაში ნაომი არწმუნებდა რუთს, დაბრუნებულიყო თავის ხალხთან, მაგრამ მან უპასუხა: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან . . . შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“ (რუთ. 1:16). დროთა განმავლობაში რუთი ცოლად გაჰყვა ნაომის ნათესავს, ბოაზს და მათ შეეძინათ ვაჟი, რომელიც დავითისა და იესოს წინაპარი გახდა. ცხადია, იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს მათ, ვინც ავლენს რწმენასა და გაბედულებას (რუთ. 2:12; 4:17—22; მათ. 1:1—6).

მრავალი საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს

11. როგორ გამოავლინეს იეჰოიადამ და იეჰოშებამ გაბედულება და რა მოჰყვა ამას შედეგად?

11 ჩვენ უფრო მეტად გაბედული ვხვდებით და რწმენა გვიმტკიცდება, როდესაც ვხედავთ, რომ ღმერთი მხარს უჭერს მათ, ვინც ღვთისა და თანამორწმუნეების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ. განვიხილოთ მღვდელმთავარ იეჰოიადასა და მისი ცოლის იეჰოშებას მაგალითი. მეფე ახაზიას სიკვდილის შემდეგ, დედამისმა ათალიამ იეჰოაშის გარდა დახოცა მთელი სამეფო შთამომავლობა და ტახტი ხელში ჩაიგდო. იეჰოიადამ და იეჰოშებამ საფრთხეში ჩაიგდეს თავიანთი სიცოცხლე, რათა გადაერჩინათ ახაზის ვაჟი, იეჰოაში. ისინი ექვსი წლის მანძილზე მალავდნენ მას. მეშვიდე წელს იეჰოიადამ მეფედ სცხო იეჰოაში და ბრძანა ათალიას მოკვლა (2 მეფ. 11:1—16). იეჰოიადამ მოგვიანებით მხარი დაუჭირა იეჰოაშს ტაძრის შეკეთებაში. იეჰოიადა მოკვდა 130 წლის ასაკში და მეფეების გვერდით დამარხეს, „რადგან კარგს აკეთებდა ისრაელში, ჭეშმარიტი ღვთისთვის და მისი სახლისთვის“ (2 მატ. 24:15, 16). უფრო მეტიც, იეჰოიადასა და მისი ცოლის მიერ გამოვლენილი სიმამაცის წყალობით შენარჩუნდა სამეფო ხაზი დავითიდან მესიამდე.

12. როგორ გამოავლინა გაბედულება ებედ-მელექმა?

12 ებედ-მელექმა, რომელიც მეფე ციდკიას სახლში საჭურისი იყო, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო იერემიას გამო. მეფემ იერემია გადასცა იუდას მთავრებს, რომლებიც მას უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ ამბოხებაში. მთავრებმა ის ტალახიან ჭაში ჩააგდეს, რომ იქ მომკვდარიყო (იერ. 38:4—6). ებედ-მელექი მივიდა ციდკიასთან წინასწარმეტყველის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხე ელოდა, რადგან იერემიას ბევრი მტერი ჰყავდა. ციდკიამ 30 კაცი გააყოლა ებედ-მელექს იერემიას დასახსნელად. წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთმა დაარწმუნა ებედ-მელექი, რომ ის არ მოკვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონელებს ალყაში ჰყავდათ იერუსალიმი მოქცეული (იერ. 39:15—18). ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც გაბედულად იქცევა.

13. როგორ გამოავლინა სიმამაცე სამმა ებრაელმა და რას ვსწავლობთ მათგან?

13 ძვ. წ. მე-7 საუკუნეში იეჰოვამ დააჯილდოვა სამი ებრაელი მსახური მათ  მიერ გამოვლენილი რწმენისა და სიმამაცის გამო. მეფე ნაბუქოდონოსორმა შეკრიბა ბაბილონის წარჩინებულები და უბრძანა მათ, თაყვანი ეცათ ოქროს ქანდაკებისთვის. ვინც ამ ბრძანებას გადავიდოდა, ჩააგდებდნენ გავარვარებულ ღუმელში. სამმა ებრაელმა კი მეფე ნაბუქოდონოსორს შემდეგი რამ უთხრა: „ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა. გვიხსნის იგი გავარვარებული ღუმლიდან და შენი ხელიდან, მეფეო. რომც არ გვიხსნას, გვინდა იცოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურებით და თაყვანს არ ვცემთ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“ (დან. 3:16—18). დანიელის 3:19—30 ნათლად აღწერს, თუ რა სასწაულებრივად გადარჩა ეს სამი ებრაელი. შეიძლება დღეს გავარვარებულ ღუმელში სიკვდილი არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენც ვხვდებით ერთგულების გამოცდებს. თუ გამოვავლენთ რწმენასა და გაბედულებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი გვაკურთხებს.

14. დანიელის მე-6 თავის თანახმად, როგორ გამოავლინა დანიელმა გაბედულება და რა შედეგი მოჰყვა ამას?

14 დანიელმა რწმენა და გაბედულება გამოავლინა, როდესაც მისმა მტრებმა დაიყოლიეს მეფე დარიოსი, რომ გამოეცა შემდეგი ბრძანება: „ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ“. როდესაც დანიელმა ამის შესახებ შეიტყო, „შევიდა თავის სახლში, ზემოთა ოთახში, საიდანაც ღია სარკმლები იერუსალიმს გაჰყურებდა. დღეში სამჯერ იყრიდა ის მუხლს, ლოცულობდა და ხოტბას ასხამდა თავის ღმერთს, რასაც მანამდეც გამუდმებით აკეთებდა“ (დან. 6:6—10). უშიშარი დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, მაგრამ იეჰოვამ დაიხსნა ის (დან. 6:16—23).

15. ა) რწმენისა და გაბედულების რა მაგალითი დაგვიტოვეს აკვილამ და პრისკილამ? ბ) რას ნიშნავს იოანეს 13:34-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები და როგორ ავლენს მრავალი ქრისტიანი ასეთ სიყვარულს?

15 ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, თუ რა ვითარებაში ჩაიგდეს თავი საფრთხეში პავლეს გამო აკვილამ და პრისკილამ (საქ. 18:2; რომ. 16:3, 4). ისინი უშიშრად მოიქცნენ და გაითვალისწინეს იესოს სიტყვები: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოან. 13:34). მოსეს კანონი მოითხოვდა, რომ ადამიანს საკუთარი თავივით ჰყვარებოდა მოძმე (ლევ. 19:18). მაგრამ იესოს მცნება „ახალი“ იყო, რადგან ის მოითხოვდა საკუთარი სიცოცხლის სხვებისთვის გაღებას, როგორც ეს თავად მან გააკეთა. მრავალი ქრისტიანი ავლენს სიყვარულს და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რათა თანაქრისტიანები დაიცვას სასტიკი მოპყრობისა და სიკვდილისგან (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:16 ).

პირველი საუკუნის ქრისტიანები კომპრომისზე არ მიდიოდნენ

16, 17. რწმენის რა გამოცდებს შეხვდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები და რა გამოცდებს ხვდება ზოგი ქრისტიანი დღეს?

 16 იესოს მსგავსად, პირველი საუკუნის ქრისტიანებიც გაბედულებას ავლენდნენ და თაყვანს მხოლოდ იეჰოვას სცემდნენ (მათ. 4:8—10). ისინი უარს ამბობდნენ, რომის იმპერატორის საპატივცემულოდ სამსხვერპლოზე საკმეველი მოეფრქვიათ (იხილეთ სურათი). დანიელ მანიქსი წერდა: «ქრისტიანთაგან ერთეულები უარყოფდნენ რწმენას მიუხედავად იმისა, რომ სამსხვერპლო, რომელზეც ცეცხლი ენთო, ჩვეულებრივ, არენაზევე იდგა. პატიმარს მხოლოდ ის მოეთხოვებოდა, რომ სამსხვერპლოზე მცირეოდენი საკმეველი მოეფრქვია. ამის შემდეგ მას „მსხვერპლშეწირვის მოწმობას“ აძლევდნენ და ათავისუფლებდნენ. მას უხსნიდნენ, რომ სინამდვილეში თაყვანს კი არ სცემდა იმპერატორს, არამედ მის, როგორც რომის მეთაურის, ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა. მაგრამ თითქმის არც ერთი ქრისტიანი არ იყენებდა გადარჩენის ამ შესაძლებლობას» („Those About to Die“).

17 თანამედროვე ქრისტიანებს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მათ სიკვდილი ელოდათ, არაერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, მოეპოვებინათ თავისუფლება, თუ ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს და უარყოფდნენ იეჰოვას. მაგრამ ძალიან ცოტამ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი. რუანდაში გენოციდის დროს ტუტსი და ჰუტუ იეჰოვას მოწმეები ერთმანეთის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს იგდებდნენ საფრთხეში. ასეთი განსაცდელების დროს აუცილებელია გაბედულება და რწმენა.

გახსოვდეთ, იეჰოვა ჩვენთან იქნება!

18, 19. რწმენისა და გაბედულების რომელი ბიბლიური მაგალითები დაგვეხმარება ქადაგების დროს?

18 ჩვენთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღოთ უდიდეს საქმეში, რომელიც ღმერთს ოდესმე დაუვალებია თავისი მსახურებისთვის — ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა და მოვამზადოთ მოწაფეები (მათ. 24:14; 28:19, 20). ჩვენ ძალიან ვემადლიერებით იესოს, რომელმაც ამ მხრივ შეუდარებელი მაგალითი დაგვიტოვა. „ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 8:1). მის მსგავსად, ჩვენც გვჭირდება რწმენა და გაბედულება, რომ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა. ღვთის დახმარებით შეგვიძლია ვიყოთ ნოესავით გაბედული. ის იყო შეუპოვარი „სიმართლის მქადაგებელი“ „უღვთოთა ქვეყნიერებაში“, რომელსაც წარღვნით განადგურება ელოდა (2 პეტ. 2:4, 5).

19 ქადაგებაში აგრეთვე ლოცვა დაგვეხმარება. როდესაც დევნის დროს იესოს მიმდევრები ლოცულობდნენ, რომ ღვთის სიტყვა გაბედულად ელაპარაკათ, მათ ლოცვაზე პასუხი მიიღეს (წაიკითხეთ საქმეების 4:29—31 ). თუ მორიდებული ხართ და გიჭირთ კარდაკარ მსახურება, სთხოვეთ იეჰოვას რწმენა და გაბედულება და ის დაგეხმარებათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 66:19, 20). *

20. რა მხარდაჭერა გვაქვს როგორც იეჰოვას მსახურებს?

20 ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, როდესაც განსაცდელებს ვხვდებით, ადვილი არ არის ღვთის ნების შესრულება. თუმცა მარტო არ ვართ, რადგან ღმერთი და მისი ძე, კრების თავი, ჩვენთან არიან. ჩვენ აგრეთვე მთელ მსოფლიოში 7 000 000-ზე მეტი თანაქრისტიანი გვყავს. მოდი, მათთან ერთად გამოვავლინოთ რწმენა და ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. ამაში დაგვეხმარება 2013 წლის მუხლი: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:9).

^ აბზ. 19 გაბედულების შესახებ იხილეთ 2012 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“.

2013 წლის მუხლი: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი. . .შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 1:9)