არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  იანვარი 2013

ვიმსახუროთ სინანულის გარეშე

ვიმსახუროთ სინანულის გარეშე

„ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის“ (ფილ. 3:13).

1—3. ა) რა არის სინანული და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე? ბ) რას ვსწავლობთ პავლესგან, რომელიც ღმერთს სინანულის გარეშე ემსახურებოდა?

პოეტმა ჯონ უიტიერმა დაწერა: «ყველაზე სევდიანი სიტყვები, რაც კი ოდესმე წარმოთქმულა, თუ დაწერილა, არის შემდეგი: „ნეტავ, რამის შეცვლა შემეძლოს!“». ამ სიტყვებით ის საუბრობდა იმ საქმეებზე, რასაც ვნანობთ და წარსულის დაბრუნება რომ შეგვეძლოს, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდით. სინანული არის წუხილი, გულის ტკივილი იმის გამო, რაც გაკეთდა ან გაუკეთებელი დარჩა. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რასაც შემდეგ ვნანობთ; ახლა რომ რამის შეცვლა შეგვეძლოს, სხვანაირად გავაკეთებდით. რაზე ნანობთ თქვენ?

2 ზოგმა წარსულში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ან სერიოზული ცოდვაც კი ჩაიდინა. სხვებს ასეთი ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, მაგრამ წუხან იმაზე, არის თუ არა მათ მიერ გაკეთებული არჩევანი საუკეთესო. ზოგიერთებმა განაგრძეს ცხოვრება ისე, რომ წარსულ შეცდომებზე აღარ ფიქრობენ. სხვები კი გამუდმებით წუხან: „ნეტავ, ეს არ გამეკეთებინა“ (ფსალმ. 51:3). თქვენზე რას იტყოდით? გსურთ, ემსახუროთ ღმერთს სინანულის გარეშე დღეიდან მაინც? შეგვიძლია ვინმეს მივბაძოთ ამაში? დიახ, ამ მხრივ მოციქულმა პავლემ კარგი მაგალითი დაგვიტოვა.

3 პავლემ თავის ცხოვრებაში სერიოზული შეცდომებიც დაუშვა და გონივრული გადაწყვეტილებებიც მიიღო. ის ძალიან ნანობდა წარსულში დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ აგრეთვე ისწავლა, როგორ ყოფილიყო ღვთის ერთგული და წარმატებული მსახური. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია პავლეს მაგალითიდან, თუ როგორ ვემსახუროთ ღმერთს სინანულის გარეშე.

წარსული, რომელზეც პავლე ნანობდა

4. რაზე ნანობდა პავლე მოციქული?

4 როგორც ახალგაზრდა ფარისეველმა, პავლემ ისეთი რაღაცები გააკეთა, რაზეც მოგვიანებით ნანობდა. მაგალითად, ის სასტიკად დევნიდა ქრისტეს მოწაფეებს.  ბიბლიაში წერია, რომ სტეფანეს ჩაქოლვიდან მალევე სავლე [რომელსაც, მოგვიანებით პავლე ეწოდა] „არბევდა კრებას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში გადასცემდა“ (საქ. 8:3). ბიბლეისტ ალბერტ ბარნზის თქმით, ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „არბევდა“, მიუთითებს იმაზე, რომ სავლე თავგამოდებულად და სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ბარნზი ამბობს: „სავლე მხეცივით გააფთრებული დევნიდა ეკლესიას“. როგორც თავდადებულ იუდეველს, სავლეს სჯეროდა, რომ ქრისტიანების განადგურება ღმერთისგან ჰქონდა დავალებული. ამიტომ ის უმოწყალოდ და სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, კაცებს და ქალებს, ემუქრებოდა მათ და „მოკვლის სურვილი არ ასვენებდა“ (საქ. 9:1, 2; 22:4). *

5. როგორ გახდა ქრისტიანთა მდევნელი ქრისტიანი მქადაგებელი?

5 სავლე დამასკოში გაემგზავრა, რათა იესოს მოწაფეები თავიანთი სახლებიდან გამოეყვანა და იერუსალიმში სინედრიონის წინაშე წარედგინა. მაგრამ მან ეს გეგმა ვერ განახორციელა, რადგან სავლე ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანული კრების თავს (ეფეს. 5:23). დამასკოსკენ მიმავალ გზაზე მას იესო გამოეცხადა, უეცრად სინათლე მოეფინა და დაბრმავდა. ამის შემდეგ იესომ ის დამასკოში გაგზავნა, რათა დალოდებოდა შემდგომ მითითებებს. შემდეგ ვიცით, რაც მოხდა (საქ. 9:3—22).

6, 7. რა ცხადყოფს, რომ პავლეს ესმოდა, თუ რამდენად სერიოზული შეცდომები ჰქონდა დაშვებული?

6 პავლემ შეიცვალა ფასეულობები, როგორც კი ქრისტიანი გახდა. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი ყოფილიყო, ის მისი თავგამოდებული დამცველი გახდა. მოგვიანებით ის წერდა: „თქვენ, რა თქმა უნდა, გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ადრე იუდეველობაში — სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის კრებას“ (გალ. 1:13). გარკვეული ხნის შემდეგ მან ისევ მოიხსენია თავისი წარსული, როდესაც წერდა კორინთელებს, ფილიპელებსა და ტიმოთეს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:9; ფილ. 3:6; 1 ტიმ. 1:13). პავლე არ ამაყობდა, როცა წერდა, თუ რას აკეთებდა წარსულში, მაგრამ არც იმას ცდილობდა, მოქცეულიყო ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მას კარგად ესმოდა, რომ სერიოზული შეცდომები ჰქონდა დაშვებული (საქ. 26:9—11).

7 ბიბლეისტი ფრედერიკ ფარერი წერდა, რომ სავლე მონაწილეობდა სასტიკ დევნაში. ის ამბობს, რომ როცა ვფიქრობთ პავლეს ცხოვრების ამ რთულ პერიოდზე, „შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ქენჯნიდა მას სინდისი და როგორ დასცინოდნენ მას დაუძინებელი მტრები“. როცა პავლე კრებებს ინახულებდა, ძმები, რომლებიც მას პირველად ხედავდნენ, შესაძლოა, მასთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: „შენ არ ხარ ის პავლე, რომელიც გვდევნიდი?“ (საქ. 9:21).

8. რას ფიქრობდა პავლე იმ წყალობასა და სიყვარულზე, რომლებიც იეჰოვამ და იესომ გამოავლინეს მისდამი და რას ვსწავლობთ ჩვენ?

8 პავლეს ესმოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას წყალობით შეეძლო, შეესრულებინა თავისი მსახურება. მან უფრო მეტჯერ მოიხსენია ღვთის წყალობა, ვიდრე ბიბლიის სხვა დამწერებმა — დაახლოებით 90 ჯერ თავის 14 წერილში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:10). პავლე ძალიან აფასებდა მის მიმართ გამოვლენილ გულმოწყალებას და უნდოდა, მადლიერება გამოეხატა ამისთვის. ამიტომ ის სხვა მოციქულებზე „მეტს შრომობდა“. პავლეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ თუ ვაღიარებთ ცოდვებს და შევიცვლებით, იეჰოვა მზად არის, იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე გვაპატიოს ყველაზე მძიმე ცოდვებიც კი. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც უჭირს იმის  დაჯერება, რომ იესოს მსხვერპლს თითოეული ადამიანისთვის პირადად მოაქვს სარგებლობა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:15, 16 ). მიუხედავად იმისა, რომ პავლე იყო ქრისტეს სასტიკი მდევნელი, მან დაწერა, რომ ღვთის ძემ შეიყვარა და თავი გასწირა მისთვის (გალ. 2:20; საქ. 9:5). მართლაც, პავლემ ისწავლა, თუ როგორ ემსახურა სინანულის გარეშე. თქვენ შემთხვევაშიც ასეა?

პავლემ ისწავლა სინანულის გარეშე მსახურება

ხომ არ ნანობთ რამეს?

9, 10. ა) რატომ ნანობს ზოგიერთი იეჰოვას მსახური? ბ) რა არის ცუდი იმაში, თუ გამუდმებით წარსულზე ვწუხვართ?

9 გაგიკეთებიათ ისეთი რამ, რასაც ახლა ნანობთ? გაგიფლანგავთ დრო და ენერგია? მიგიყენებიათ სხვებისთვის ზიანი? ან შესაძლოა, სხვა მიზეზის გამო გეუფლებათ სინანული. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

10 ბევრი ადამიანი წუხს. გამუდმებით წუხილი ნიშნავს საკუთარი თავის ტანჯვასა და მოსვენების დაკარგვას. გადაიჭრება რაიმე პრობლემა წუხილით? რა თქმა უნდა, არა. წარმოიდგინეთ, რომ საათების მანძილზე მთელი ძალით ცდილობთ საქანელა სკამით გადაადგილებას, მაგრამ უშედეგოდ. წუხილის ნაცვლად, რაიმე კარგის გაკეთება უკეთეს შედეგებს მოგიტანთ. შეგიძლიათ ბოდიში მოუხადოთ იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინეთ და აღადგინოთ მასთან ურთიერთობა. შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ნებისმიერი რამ, რაც ცუდ საქციელამდე მიგიყვანთ და ასეთი სახით აიცილებთ მომავალში პრობლემებს. და მაინც, შეიძლება საკუთარი შეცდომების შედეგებს იმკით. მაგრამ წუხილით ვერაფერს უშველით, პირიქით ამან შეიძლება უმოქმედო გაგხადოთ და სრულად ვერ ემსახუროთ ღმერთს. წუხილს კარგი არაფერი მოაქვს.

11. ა) რა უნდა გავაკეთოთ, იეჰოვამ ჩვენდამი წყალობა და სიკეთე რომ გამოავლინოს? ბ) რომელი ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება, წარსულში დაშვებული შეცდომების მიუხედავად, გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე?

11 ბევრი წარსულში დაშვებული შეცდომების გამო თავს ღვთის თვალში უღირსად მიიჩნევს. ისინი შეიძლება ფიქრობენ,  რომ ვერ მიიღებენ ღვთის წყალობას, რადგან ძალიან სერიოზული ან ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი. მაგრამ ჩადენილი ცოდვების მიუხედავად, მათ შეუძლიათ მოინანიონ, შეიცვალონ და ღმერთს პატიება სთხოვონ (საქ. 3:19). იეჰოვა მათ მიმართაც გამოავლენს წყალობასა და სიკეთეს, როგორც ამას სხვების შემთხვევაში აკეთებდა. ღმერთი აპატიებს მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს, თავმდაბალი და პატიოსანია. ასე მოიქცა იეჰოვა იობის შემთხვევაში, რომელმაც თქვა: „მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“ (იობ. 42:6). ყველა უნდა მივყვეთ ბიბლიურ რჩევას, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავ. 28:13; იაკ. 5:14—16). ამგვარად, შეგვიძლია ჩვენი ცოდვები ვაღიაროთ ღვთის წინაშე, ლოცვაში პატიება ვთხოვოთ და ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ვინანიებთ (2 კორ. 7:10, 11). თუ ასე მოვიქცევით, გვექნება ღვთის წყალობა, რომელიც „მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7).

12. ა) როგორ დაგვეხმარება დავითის მაგალითი დანაშაულის გრძნობასთან გამკლავებაში? ბ) რა გაგებით ინანა იეჰოვამ და როგორ დაგვეხმარება ამის ცოდნა ჩვენ? (იხილეთ ჩარჩო).

12 ლოცვას ძალა აქვს, რადგან მისი მეშვეობით ღმერთი გვეხმარება. დავითმა ღრმა გრძნობები გამოხატა რწმენით წარმოთქმულ ლოცვაში, რაც კარგად არის აღწერილი ფსალმუნებში (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:1—5 ). დავითმა აღიარა, რომ სინდისის ხმის ჩახშობამ ძალები გამოაცალა მას. ის იტანჯებოდა გონებრივად და ფიზიკურად და დაკარგა სიხარული, რადგან ცოდვები დამალა. მხოლოდ ღვთის წინაშე ცოდვების აღიარებამ მოუტანა მას შვება. იეჰოვამ უპასუხა დავითის ლოცვებს და გააძლიერა, რათა განეგრძო ცხოვრება და ეკეთებინა ის, რაც სწორი იყო. მსგავსადვე, თუ მთელი გულით ლოცულობთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა ყურად იღებს თქვენს თხოვნას. თუ წარსულში ჩადენილი ცოდვები მოსვენებას არ გაძლევთ, ყველაფერი გააკეთეთ მათ გამოსასწორებლად და გჯეროდეთ, რომ ღმერთი ისმენს თქვენს ლოცვებს და გპატიობთ (ფსალმ. 86:5).

იმედის თვალით უყურეთ მომავალს

13, 14. ა) რაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული? ბ) რა კითხვები დაგვეხმარება, დავფიქრდეთ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე?

13 მართალია, ამბობენ, რომ წარსულისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, მაგრამ ყურადღება მომავალზე უნდა გადავიტანოთ. ნაცვლად იმისა, რომ წარსულზე ვწუხდეთ, კონცენტრირებული აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიყოთ. შეგვიძლია საკუთარ თავს ასეთი კითხვები დავუსვათ: ვინანებ წლების მერე იმას, რასაც დღეს ვაკეთებ ან ვერ ვაკეთებ, ან ვისურვებდი, სხვანაირად გამეკეთებინა? ვემსახურები  ღმერთს ერთგულად ისე, რომ მომავალში არაფერი ვინანო?

14 დიდი გასაჭირი ახლოვდება, ამიტომ არ გვინდა, ისეთი ფიქრებით ვიყოთ შეპყრობილი, როგორებიცაა: შემეძლო მეტი გამეკეთებინა იეჰოვას მსახურებაში? რატომ არ დავიწყე პიონერული მსახურება, როცა ამის შესაძლებლობა მქონდა? რამ შემიშალა ხელი, ვყოფილიყავი მომსახურე? ყველაფერი გავაკეთე, რომ ახალი პიროვნება გავმხდარიყავი? ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც იეჰოვას სჭირდება ახალ ქვეყნიერებაში? ნაცვლად იმისა, რომ თავს ვიტანჯავდეთ ასეთი კითხვებით, კარგია, თუ დავფიქრდებით საკუთარ თავზე, ვაკეთებთ თუ არა საუკეთესოს იეჰოვას მსახურებაში. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რასაც მომავალში ვინანებთ (2 ტიმ. 2:15).

არასდროს ინანოთ, რომ ღმერთს ემსახურებით

15, 16. ა) რა მსხვერპლი გაიღო ბევრმა, ღვთის მსახურება პირველ ადგილზე რომ დაეყენებინათ? ბ) რატომ არ უნდა ვინანოთ ნებისმიერი მსხვერპლის გაღება ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დასაყენებლად?

15 რა შეიძლება ითქვას თითოეულ თქვენგანზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეთ, იეჰოვასთვის სრული დროით რომ გემსახურათ? შესაძლოა, უარი თქვით წარმატებულ კარიერაზე ან ბიზნესზე, რათა გაგემარტივებინათ ცხოვრება და მეტი დრო დაგეთმოთ სამეფოს ინტერესებისთვის. ან შეიძლება დარჩით დაუქორწინებელი ან თუ დაქორწინებული ხართ, გადაწყვიტეთ, არ გყოლოდათ შვილები, რათა სრული დროით გემსახურათ — ბეთელში, საერთაშორისო სამშენებლო პროექტებზე, სარაიონო ზედამხედველად ან მისიონერად — რასაც სხვანაირად ვერ შეძლებდით. ხომ არ ნანობთ თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანს ახლა, როცა დიდი ხანია, რაც იეჰოვას ემსახურებით? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ გაღებული მსხვერპლი არ იყო აუცილებელი ან იმ დროს არ უნდა გაგეკეთებინათ? სრულებითაც არა!

16 ეს გადაწყვეტილებები იმიტომ მიიღეთ, რომ ძალიან გიყვართ იეჰოვა და გულწრფელად გსურთ, დაეხმაროთ სხვებს ღვთისადმი მსახურებაში. არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესად წარიმართებოდა, სხვაგვარად რომ მოქცეულიყავით. შეგიძლიათ კმაყოფილი იყოთ იმის გამო, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. სიხარულის მიზეზი გაქვთ, რადგან ძალ-ღონე არ დაიშურეთ იეჰოვას მსახურებაში. ღმერთი არასდროს დაივიწყებს თქვენ მიერ გაღებულ მსხვერპლს. მომავალში ის გაკურთხებთ უფრო მეტად, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ (ფსალმ. 145:16; 1 ტიმ. 6:19).

როგორ ვიმსახუროთ სინანულის გარეშე

17, 18. ა) რა დაეხმარა პავლეს, სინანულის გარეშე რომ ემსახურა? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი წარსულთან, აწმყოსთან და მომავალში იეჰოვას მსახურებასთან დაკავშირებით?

17 რა დაეხმარა პავლეს, ღვთისთვის სინანულის გარეშე რომ ემსახურა? პავლე წერდა: „ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის“ (წაიკითხეთ ფილიპელების 3:13, 14 ). ის არ ფიქრობდა იმ არასწორ საქმეებზე, რომლებსაც მაშინ სჩადიოდა, როცა იუდაიზმის მიმდევარი იყო. ამის ნაცვლად, პავლე ყველაფერს აკეთებდა, რომ მარადიული ცხოვრების ჯილდო მიეღო.

18 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გაითვალისწინოს ამ სიტყვებში მოცემული პრინციპი. ნაცვლად იმისა, რომ წარსულზე ვწუხდეთ და ვფიქრობდეთ იმაზე, რასაც ვერ შევცვლიდით, ჩვენ იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც წინ გველის. მართალია, ვერ დავივიწყებთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ გამუდმებით არ უნდა ვიდანაშაულებდეთ თავს ამის გამო. შეგვიძლია წარსული უკან მოვიტოვოთ, ვემსახუროთ ღმერთს მთელი გულითა და სულით და იმედის თვალით ვუყუროთ დიდებულ მომავალს.

^ აბზ. 4 ბიბლიაში არაერთხელ არის მოხსენიებული, რომ სავლე ქალებსაც დევნიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ როგორც დღეს, ისე პირველ საუკუნეში ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქრისტიანობის გავრცელებაში (ფსალმ. 68:11).