არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  იანვარი 2013

დაე, არაფერმა ჩამოგაშოროთ იეჰოვას

დაე, არაფერმა ჩამოგაშოროთ იეჰოვას

„დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით“ (იეს. 24:15).

1—3. ა) რატომ არის იესო ნავეს ძე ჩვენთვის კარგი მაგალითი? ბ) რა უნდა გვახსოვდეს გადაწყვეტილებების მიღების დროს?

„არჩევანი“ — ეს მართლაც ძლიერი სიტყვაა. არჩევანი ადამიანს საშუალებას აძლევს, წარმართოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც სურს. წარმოიდგინეთ, რომ კაცი მიდის გზაზე და უცებ გზის გასაყარზე აღმოჩნდება. რომელ გზას აირჩევს? თუ მან იცის, სად უნდა მისვლა, მაშინ ერთი გზა მიიყვანს იქამდე, ხოლო მეორე საერთოდ დააშორებს მას.

2 ბიბლიაში მრავლად არის მოცემული მათი მაგალითები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იყვნენ. მაგალითად, კაენს უნდა გადაეწყვიტა, შეეკავებინა რისხვისგან თავი, თუ გადმოენთხია ის (დაბ. 4:6, 7). იესო ნავეს ძეს არჩევანი უნდა გაეკეთებინა ღვთის მსახურებასა და ცრუ ღმერთების მსახურებას შორის (იეს. 24:15). მას უნდოდა, იეჰოვასთან ჰქონოდა ახლო ურთიერთობა და ამიტომ აირჩია ისეთი გზა, რომელიც ამაში დაეხმარებოდა. კაენს ასეთი მიზანი არ ჰქონია და ისეთი გზა აირჩია, რომელმაც ის ჩამოაშორა ღმერთს.

3 დროდადრო ჩვენც აღმოვჩნდებით ხოლმე „გზის გასაყარზე“. თუ ეს მოხდება, ყოველთვის გახსოვდეთ, „სად გინდათ მისვლა“ ანუ მიზანი — განადიდოთ იეჰოვა ყველაფრით, რასაც აკეთებთ და თავიდან აირიდოთ ნებისმიერი რამ, რაც ჩამოგაშორებდათ მას (წაიკითხეთ ებრაელების 3:12). ამ და შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ 7 მხარეზე, რომლებსაც არ უნდა დავრთოთ ნება, ჩამოგვაშოროს იეჰოვას.

სამსახური და კარიერა

4. რატომ არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს სამუშაო?

4 ქრისტიანები ვალდებული არიან, რომ იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახზე. ბიბლიაში წერია, რომ ვინც ოჯახის წევრებზე არ ზრუნავს, ურწმუნოზე უარესია (2 თეს. 3:10; 1 ტიმ. 5:8). მართლაც, სამუშაო მნიშვნელოვანია,  მაგრამ თუ ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება სამსახურმა ჩამოგაშოროთ იეჰოვას.

5. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა სამუშაოს გვთავაზობენ?

5 წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ეძებთ სამუშაოს. თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც სამსახურის შოვნა არც თუ ისე ადვილია, შეიძლება ცდუნდეთ და დათანხმდეთ პირველივე შემოთავაზებას. როგორ მოიქცევით, თუ სამუშაო არ შეესაბამება ბიბლიურ პრინციპებს? ან განრიგისა თუ მივლინებების გამო ხელი შეგეშლებათ ქრისტიანულ საქმიანობაში ან ოჯახისგან შორს მოგიწევთ ყოფნა? მაინც უნდა დათანხმდეთ ასეთ სამსახურზე იმ აზრით, რომ უმუშევრობას ნებისმიერი სამსახური სჯობია? გახსოვდეთ, რომ არასწორი გზის არჩევამ შეიძლება ჩამოგაშოროთ იეჰოვას (ებრ. 2:1). როგორ შეგიძლიათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, როცა სამუშაოს ეძებთ ან გსურთ მისი შეცვლა?

6, 7. ა) რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს სამუშაოსთან დაკავშირებით? ბ) რა მიზანი დაგაახლოებთ იეჰოვასთან და რატომ?

6 როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყოველთვის გახსოვდეთ, თუ „სად მიდიხართ“. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ მინდა, მქონდეს სამსახური? თუ სამსახური იმიტომ გინდათ, რომ იზრუნოთ საკუთარ თავსა და ოჯახზე, რათა ემსახუროთ იეჰოვას, ის აკურთხებს თქვენს ძალისხმევას (მათ. 6:33). ღმერთმა იცის, როგორ დაგეხმაროთ, როცა კარგავთ სამუშაოს ან მოულოდნელად იცვლება ეკონომიკური მდგომარეობა (ეს. 59:1). „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტ. 2:9).

7 მეორე მხრივ, შეიძლება თქვენი მიზანი გამდიდრება იყოს. შესაძლოა, მიაღწიოთ კიდეც ამ მიზანს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი „წარმატება“ შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10). თუ გამდიდრება და კარიერა იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მხოლოდ ჩამოგაშორებთ იეჰოვას.

8, 9. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა სამუშაოსთან დაკავშირებით?

8 თუ მშობელი ხართ, იფიქრეთ, რა გავლენას მოახდენს თქვენი მაგალითი თქვენს შვილებზე. რას ხედავენ ისინი, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — სამუშაო თუ თქვენი მეგობრობა იეჰოვასთან? თუ შვილები ხედავენ, რომ მდგომარეობას ან სიმდიდრეს უმთავრესი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, ხომ არ მიჰბაძავენ ისინი თქვენს არასწორ არჩევანს? ხომ არ დაკარგავენ შვილები თქვენდამი, როგორც მშობლებისადმი, პატივისცემას? ერთი მოზარდი ქრისტიანი და ჰყვება: „რამდენადაც მახსოვს, მამაჩემი სულ დაკავებული იყო სამუშაოთი. თავიდან ისე ჩანდა, რომ ის ამდენს იმიტომ შრომობდა, რათა ოჯახს ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდა. მას სურდა, ჩვენზე კარგად ეზრუნა. მაგრამ ბოლო წლებში რაღაც შეიცვალა. ის გამუდმებით მუშაობს და ყიდულობს ისეთ ძვირადღირებულ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება. შედეგად, ჩვენი ოჯახი ცნობილია, როგორც ფულიანი ოჯახი და არა ოჯახი, რომელიც სხვებს სულიერი მიზნებისკენ მოუწოდებს. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მამა მატერიალურზე მეტად სულიერ დახმარებას აღმოგვიჩენდა“.

9 მშობლებო, ზედმეტად ნუ იზრუნებთ თქვენს კარიერაზე, რათა არ ჩამოშორდეთ იეჰოვას. თქვენი მაგალითით აჩვენეთ შვილებს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე არის სულიერი და არა მატერიალური (მათ. 5:3).

10. რაზე უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდა, როცა კარიერას ირჩევს?

10 თუ ახალგაზრდა ხართ და კარიერაზე ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ სწორ გზას დაადგეთ? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა იცოდეთ, საითკენ მიდის თქვენი ცხოვრება. მოგცემთ განათლება ან სამუშაო იმის საშუალებას, რომ სამეფოს  ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოთ, თუ პირიქით, ჩამოგაშორებთ იეჰოვას? (2 ტიმ. 4:10). გინდათ, მიჰბაძოთ იმ ადამიანებს, რომელთა ბედნიერება დამოკიდებულია საბანკო ანგარიშსა თუ აქციებზე? თუ დავითის მსგავსად ღმერთს მიენდობით? დავითი წერდა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25). არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი გზა ჩამოგაშორებთ იეჰოვას, მეორე კი საუკეთესო ცხოვრებისკენ წაგიძღვებათ (წაიკითხეთ იგავების 10:22; მალაქიას 3:10). რომელ გზას აირჩევთ თქვენ? *

დასვენება და გართობა

11. რას ამბობს ბიბლია დასვენებასა და გართობაზე, მაგრამ რა არ უნდა დაგვავიწყდეს?

11 ბიბლია არ არის გართობის წინააღმდეგი და არ ამბობს, რომ დასვენება და გართობა დროის ფუჭი ხარჯვაა. „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“, — სწერდა პავლე ტიმოთეს (1 ტიმ. 4:8). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დასვენებას საკმარისი დრო დავუთმოთ. მასში ვკითხულობთ, რომ არის „სიცილის დრო“ და „ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლ. 3:4; 4:6). მაგრამ თუ წინდახედულობას არ გამოიჩენთ, დასვენებამ და გართობამ შეიძლება ჩამოგაშოროთ იეჰოვას. ეს რომ არ მოხდეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ რამეს — რა სახის გართობას ვირჩევთ და რამდენ დროს ვუთმობთ მას.

გამომაცოცხლებელია, როცა სათანადო სახის დასვენებას ვირჩევთ და მეტისმეტ დროს არ ვუთმობთ მას

12. რაზე უნდა დაფიქრდეთ გართობისა და დასვენების არჩევისას?

12 უპირველესად, უნდა დაფიქრდეთ, თუ რა სახის გართობას ირჩევთ. დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ ჯანსაღად დაისვენოთ და გაერთოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნიერებაში უმეტესად ისეთ გართობას გვთავაზობენ, რომელიც განადიდებს იმას, რაც სძულს იეჰოვას, მაგალითად: ძალადობას, სპირიტიზმსა და უკანონო სქესობრივ კავშირს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რა სახის გართობასა და დასვენებას ირჩევთ. როგორ მოქმედებს ის თქვენზე? იწვევს ის თქვენში ძალადობის, მეტოქეობისა და ნაციონალიზმის სულს? (იგავ. 3:31). ხომ არ ზარალდებით ფინანსურად? სხვებს ხომ არ აბრკოლებთ? (რომ. 14:21). ვისთან გაქვთ ურთიერთობა დასვენებისა და გართობის დროს? (იგავ. 13:20). აღგძრავთ ის ცუდის კეთებისკენ? (იაკ. 1:14, 15).

13, 14. რატომ უნდა დაფიქრდეთ, თუ რამდენ დროს უთმობთ დასვენებასა და გართობას?

 13 დაფიქრდით აგრეთვე, თუ რამდენ დროს უთმობთ დასვენებასა და გართობას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ ვუთმობ ძალიან ბევრ დროს მათ და ცოტა დრო მრჩება სულიერი საქმეებისთვის? თუ ბევრ დროს უთმობთ დასვენებასა და გართობას, დაინახავთ, რომ ის არ იქნება თქვენთვის გამომაცოცხლებელი. ფაქტობრივად, ვინც ზომიერად ერთობა, უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნები რჩება, რადგან მათ იციან, რომ შეასრულეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები. ასეთ ადამიანებს დასვენებისა და გართობის დროს სინდისი არ ქენჯნით (წაიკითხეთ ფილიპელების 1:10, 11 ).

14 დასვენებისა და გართობისთვის ბევრი დროის დათმობა, შესაძლოა, სასიამოვნო ჩანდეს, მაგრამ ამან შეიძლება ჩამოგაშოროთ იეჰოვას. ერთი 20 წლის და კიმი გვიზიარებს: „არც ერთ მეგობრულ შეხვედრას არ ვუშვებდი ხელიდან. ყოველთვის რაღაც ხდებოდა პარასკევს, შაბათსა და კვირას. თუმცა ახლა მესმის, რომ არის გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები, რაც უნდა ვაკეთოთ. მე პიონერი ვარ და 6 საათზე ვდგები, რათა მსახურებაში წავიდე. ამიტომ არ შემიძლია ღამის პირველ ან ორ საათამდე ვიყო მეგობრულ შეხვედრებზე. ვიცი, რომ ასეთი შეხვედრები სულაც არ არის ცუდი, მაგრამ მათ ძალიან დიდი დრო მიაქვს. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს“.

15. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს სასიამოვნო დასვენებისა და გართობის არჩევაში?

15 მშობლები პასუხისმგებლები არიან, იზრუნონ როგორც საკუთარ, ისე შვილების მატერიალურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე. მათ აგრეთვე უნდა იზრუნონ შვილების გართობასა და დასვენებაზე. თუ მშობელი ხართ, ნუ წაართმევთ ბავშვებს სილაღეს და ნუ მიიჩნევთ, რომ ყველანაირი სახის გართობა ცუდია. ამავე დროს, ფრთხილად იყავით, გართობამ არასასურველი გავლენა არ მოახდინოს ბავშვებზე (1 კორ. 5:6). თუ სათანადოდ შეარჩევთ დასვენებასა და გართობას, დარწმუნებული იყავით, რომ ის ნამდვილად გამომაცოცხლებელი იქნება თქვენი ოჯახისთვის. * ასეთი სახით თქვენ და თქვენი შვილები აირჩევთ გზას, რომელიც დაგაახლოებთ იეჰოვასთან.

ოჯახი

16, 17. რაზე წუხს ბევრი მშობელი და საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ესმის მათი ტკივილი?

16 მშობლებსა და შვილებს შორის მჭიდრო ურთიერთობა იეჰოვამ იმის აღსაწერად გამოიყენა, თუ რაოდენ ძლიერ უყვარს თავისი ხალხი (ეს. 49:15). ცხადია, ძალიან ვწუხვართ, როცა ოჯახის საყვარელი წევრი ტოვებს იეჰოვას. „განადგურებული ვიყავი, — თქვა ერთმა დამ, ვისი ქალიშვილიც გაირიცხა. — მოსვენებას არ მაძლევდა კითხვა, თუ რატომ მიატოვა მან იეჰოვა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი“.

17 იეჰოვას ესმის თქვენი ტკივილი. მას „გული ეტკინა“, როცა მიწიერი ოჯახის პირველი წევრი და მოგვიანებით წარღვნამდე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობა ეურჩნენ (დაბ. 6:5, 6). ადამიანისთვის, რომელსაც არასდროს განუცდია მსგავსი დანაკარგი, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად გამანადგურებელია ეს. მიუხედავად ამისა, არაგონივრული იქნებოდა, თუ ოჯახის წევრის არასწორი საქციელი ჩამოგვაშორებდა იეჰოვას. მაშ, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ იმ დიდ ტკივილს, როცა ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას?

18. რატომ არ უნდა დაიდანაშაულონ მშობლებმა თავი, თუ შვილი ტოვებს იეჰოვას?

18 ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რაც მოხდა. იეჰოვამ თითოეულ ადამიანს მისცა არჩევნის საშუალება და  ოჯახის თითოეულმა მიძღვნილმა და მონათლულმა წევრმა „თავისი სატარებელი“ უნდა ატაროს (გალ. 6:5). იეჰოვა შემცოდველს სთხოვს პასუხს მის მიერ არჩეული გზისთვის და არა თქვენ (ეზეკ. 18:20). აგრეთვე, არ დაადანაშაულოთ სხვები. დააფასეთ ის აღმზრდელობითი ზომები, რომლებსაც იეჰოვა მიმართავს. წინ აღუდექით სატანას და არა მწყემსებს, რომლებიც კრებას იცავენ (1 პეტ. 5:8, 9).

19, 20. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს, რომელთა შვილებმა მიატოვეს იეჰოვა, მოერიონ ამ ტკივილს? ბ) რის იმედი უნდა ჰქონდეთ მათ?

19 თუ იეჰოვაზე განაწყენდებით, ეს ჩამოგაშორებთ მას. სინამდვილეში, თქვენი ოჯახის საყვარელ წევრს უნდა დაანახვოთ, რომ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, იეჰოვა ყველაფერზე წინ დააყენოთ, მათ შორის ოჯახზეც. ასეთ სიტუაციას რომ გაუმკლავდეთ, სულიერად უნდა იყოთ ძლიერი. ნუ განმარტოვდებით. გქონდეთ ურთიერთობა ერთგულ ქრისტიან და-ძმებთან (იგავ. 18:1). ლოცვაში გული გადმოუღვარეთ იეჰოვას (ფსალმ. 62:7, 8). ნუ ეძებთ მიზეზებს, ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის გარიცხულ წევრთან, თუნდაც იმეილის მეშვეობით (1 კორ. 5:11). აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა სულიერ საქმეებში (1 კორ. 15:58). ზემოხსენებული და ამბობს: „ვიცი, რომ უნდა დავკავდე იეჰოვას მსახურებით და შევინარჩუნო სულიერობა, რადგან როცა ჩემი ქალიშვილი დაუბრუნდება იეჰოვას, შევძლო მისი დახმარება“.

20 ბიბლიაში წერია, რომ სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“ (1 კორ. 13:4, 7). არაფერია ცუდი იმაში, თუ იმედი გექნებათ, რომ თქვენი ოჯახის საყვარელი წევრი დაუბრუნდება იეჰოვას. ყოველ წელს ბევრი შემცოდველი ინანიებს და უბრუნდება იეჰოვას ორგანიზაციას. როცა ისინი ინანიებენ, იეჰოვა არ არის მათზე განაწყენებული. პირიქით, ის მზად არის პატიებისთვის (ფსალმ. 86:5).

გააკეთეთ სწორი არჩევანი

21, 22. როგორ გამოიყენებთ ნების თავისუფლებას?

21 იეჰოვამ ნების თავისუფლებით შექმნა ადამიანები (წაიკითხეთ კანონის 30:19, 20). მაგრამ ამ თავისუფლებას სერიოზული პასუხისმგებლობა ახლავს თან. თითოეული ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს: „როგორი გზა ავირჩიე? ხომ არ ვრთავ ნებას სამუშაოს, კარიერას, დასვენებას, გართობასა და ოჯახს ჩამომაშოროს იეჰოვას?“

22 იეჰოვას ყოველთვის ეყვარება თავისი ხალხი. ერთადერთი რამაც შეიძლება ჩამოგვაშოროს მას, არის ის, თუ ავირჩევთ არასწორ გზას (რომ. 8:38, 39). რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ. მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ არაფერმა ჩამოგაშოროთ იეჰოვას. მომდევნო სტატიაში შევეხებით ცხოვრების კიდევ 4 მხარეს, რომლებსაც არ უნდა დავრთოთ ნება, ჩამოგვაშოროს იეჰოვას.

^ აბზ. 10 სამუშაოს არჩევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2), თავი 38.

^ აბზ. 15 რჩევებისთვის იხილეთ 2011 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 17—19.

არაფერია ცუდი იმაში, თუ იმედი გექნებათ, რომ თქვენი ოჯახის საყვარელი წევრი დაუბრუნდება იეჰოვას