არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  დეკემბერი 2012

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ჭეშმარიტების მიღებამდე მე და ჩემმა მეუღლემ შვილის ყოლის მიზნით ხელოვნურ განაყოფიერებას მივმართეთ. ყველა ჩვენი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ემბრიონი) არ იქნა გამოყენებული; ექიმებმა ზოგიერთი მათგანი გაყინეს და შეინახეს. უნდა შევინარჩუნოთ განაყოფიერებული კვერცხუჯრედები, თუ შეიძლება მათი განადგურება?

ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი მნიშვნელოვანი მორალურ-ეთიკური საკითხიდან, რომელსაც ხვდებიან წყვილები, როცა ინ ვიტრო ანუ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ. თითოეულმა წყვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც განადიდებს იეჰოვას. ამიტომ კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე ცოლ-ქმარი გაეცნობა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას.

პირველად, 1978 წელს ინგლისში ერთმა ქალბატონმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც მრავალმა „სინჯარის ბავშვი“ უწოდა. მას არ შეეძლო შვილის ყოლა, რადგან ფალოპის მილები ჰქონდა დახშული, რის გამოც ვერ ხდებოდა სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შეხვედრა. ექიმებმა ოპერაციული გზით ამოიღეს მისი კვერცხუჯრედი და ქმრის სპერმით გაანაყოფიერეს სპეციალურ სინჯარაში. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ანუ ემბრიონს კვებავდნენ მასაზრდოებელი ნივთიერებებით. შემდეგ ემბრიონი გადაიტანეს ამ ქალის საშვილოსნოში, სადაც მოხდა მისი იმპლანტაცია (საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება). დროთა განმავლობაში დაიბადა პატარა გოგონა. ამ პროცედურას და მის სხვადასხვა ფორმას ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება ეწოდება.

სხვადასხვა ქვეყანაში ხელოვნური განაყოფიერების დეტალები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მთლიანობაში ის მოიცავს შემდეგს: ცოლს კვირების მანძილზე აძლევენ უნაყოფობის სამკურნალო ძლიერ წამლებს, რომლებიც ასტიმულირებს მის საკვერცხეებს, რათა წარმოქმნას დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედები. ქმარს სთხოვენ, მასტურბაციის მეშვეობით გამოყოს სპერმა. შემდეგ ხდება ამ სპერმის დამუშავება და ლაბორატორიაში კვერცხუჯრედებთან შერწყმა. შეიძლება მოხდეს მრავალი კვერცხუჯრედის განაყოფიერება. შემდეგ ისინი იწყებენ გაყოფას და შედეგად წარმოიქმნებიან ემბრიონები. ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ ამ ახლად წარმოქმნილ ემბრიონებს გულდასმით იკვლევენ, რათა განასხვაონ დეფექტიანი ჩანასახები მათგან, რომლებიც უფრო ჯანმრთელები ჩანან და მეტი ალბათობაა, რომ მოხდეს მათი იმპლანტაცია და განვითარება. დაახლოებით მესამე დღეს ცოლის საშვილოსნოში გადააქვთ ორი ან სამი საუკეთესო ემბრიონი, რათა უფრო მეტი იყოს დაორსულების ალბათობა. თუ მოხდება ერთი ან მეტი ემბრიონის იმპლანტაცია,  ქალი დაორსულდება და მოსალოდნელია, რომ ბავშვს გააჩენს.

მაგრამ რის თქმა შეიძლება იმ ემბრიონებზე, მათ შორის ნაკლებად ჯანმრთელ ან დეფექტიანებზე, რომელთა გადატანა არ მოხდა საშვილოსნოში? თუ არაფერს არ იღონებენ, ამ ემბრიონებს გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებათ. ეს რომ არ მოხდეს, დარჩენილ ემბრიონებს ყინავენ თხევადი აზოტით. რატომ ცდილობენ ემბრიონების შენარჩუნებას? თუ ხელოვნური განაყოფიერების პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება ამ შენახული ემბრიონების კვლავ საშვილოსნოში გადატანა და ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს ეთიკური საკითხები. ზემოხსენებული წყვილის მსგავსად, რომლებმაც ეს კითხვა დასვეს, ბევრი დგება გადაწყვეტილების წინაშე, თუ რა მოუხერხონ თავიანთ გაყინულ ემბრიონებს. შეიძლება მათ არ სურთ მეტი შვილის ყოლა ასაკის ან ფინანსური მდგომარეობის გამო. ან შესაძლოა, აშინებთ ის საფრთხეები, რომლებიც მრავალნაყოფიან ორსულობასთან არის დაკავშირებული. * სიტუაცია შეიძლება გაართულოს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის სიკვდილმა ან ხელახლა დაქორწინებამ. დიახ, საფიქრალი ბევრია და შედეგად ზოგიერთი წყვილი გაყინული ემბრიონების შენახვისთვის თანხას იხდის.

ერთმა მთავარმა ემბრიოლოგმა 2008 წელს „ნიუ-იორკ ტაიმზში“ დაწერა, რომ მრავალი პაციენტი მართლაც წუხს იმაზე, თუ რა უყონ დარჩენილ ემბრიონებს. სტატიაში ეწერა: „ჩვენი ქვეყნის კლინიკებში ყოველწლიურად სულ მცირე 400 000 ემბრიონს ყინავენ და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება . . . ამ ემბრიონების გამოყენება შესაძლებელია ათი და მეტი წლის შემდეგაც, თუ სათანადოდ არიან გაყინული. მაგრამ გალღობის შემთხვევაში ყველა მათგანი არ გადარჩება“ (კურსივი ჩვენია). ეს უკანასკნელი ფაქტი საკმარისია, რომ ქრისტიანები კარგად დაფიქრდნენ ამ საკითხზე. რატომ?

ქრისტიანებს, რომლებიც ხვდებიან ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შეუძლიათ თავიანთი სიტუაცია სხვა სიტუაციას შეადარონ. ქრისტიანი შეიძლება გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეს, როდესაც მისთვის ძვირფასი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას სიცოცხლე ხელოვნური სუნთქვის აპარატის მეშვეობით უნარჩუნდება. ჭეშმარიტი ქრისტიანები  უარს არ ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე. გამოსვლის 20:13-ისა და ფსალმუნის 36:9-ის თანახმად მათთვის ძვირფასია სიცოცხლე. 1974 წლის 8 მაისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (ინგლ.) ეწერა: „რადგანაც აფასებენ ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლის სიწმინდესთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ საკუთარ სინდისს და პატივს სცემენ სახელმწიფო კანონებს, ისინი, ვისაც სურთ ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება, არასდროს დათანხმდებიან აქტიურ ევთანასიაზე“, ანუ პაციენტის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტაზე. მაგრამ ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის შემნარჩუნებელი ტექნოლოგიები არის ერთადერთი საშუალება, რომ არ დაიღუპოს ჩვენი საყვარელი ადამიანი. ოჯახის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, შეუნარჩუნონ თუ არა მათთვის ძვირფას ადამიანს ხელოვნური სუნთქვის აპარატით სიცოცხლე.

ცხადია, ეს სიტუაცია არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც შეხვდა ზემოხსენებული წყვილი, რომლებმაც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართეს და ახლა მათი ემბრიონები შენახულია. ერთ-ერთი, რაც წყვილს შეიძლება შესთავაზონ არის ის, რომ შეწყვიტონ ამ გაყინული ემბრიონების შენარჩუნება და ექიმებს დართონ მათი გალღობის ნება. ხელოვნური გაყინვის გარეშე, ემბრიონები დიდხანს ვეღარ გაძლებენ და მათი გამოყენებაც შეუძლებელი იქნება. წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა ექიმებს ამის უფლებას (გალ. 6:7).

ვინაიდან ცოლ-ქმარმა ბავშვის ყოლის მიზნით მიმართა ხელოვნურ განაყოფიერებას, მათ შეიძლება გადაწყვიტონ თანხის გადახდა, რათა შეინარჩუნონ გაყინული ემბრიონები ან გამოიყენონ ისინი მომავალში კიდევ ერთი ბავშვის გასაჩენად. მაგრამ სხვა წყვილმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს, აღარ განაგრძოს გაყინული ემბრიონების შენარჩუნება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მათი შენარჩუნება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლება. ასეთი გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ქრისტიანები პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე, მოიქცნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისად. მათ უნდა ჰქონდეთ სუფთა სინდისი, და ამავდროულად, არ უგულებელყონ სხვების სინდისი (1 ტიმ. 1:19).

ასეთი გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ქრისტიანები პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე, მოიქცნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისად

რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ წყვილების უმეტესობა „დაბნეულია და საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ისინი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგანან, თუ რა გაუკეთონ თავიანთ [გაყინულ] ემბრიონებს“. ბოლოს ის ასკვნის: „როგორც ჩანს, მრავალი წყვილისთვის არც ერთი გადაწყვეტილება არ არის იდეალური“.

ცხადია, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები მაინც გადაწყვეტენ, მიმართონ ხელოვნურ განაყოფიერებას, ისინი უნდა დაფიქრდნენ ყველა იმ სერიოზულ შედეგზე, რომელიც ამ მეთოდის არჩევას მოყვება. ბიბლია გვირჩევს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავ. 22:3).

წყვილი, რომელიც კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება, სწავლობს ბიბლიას. მათ უნდათ მონათვლა, მაგრამ ვინაიდან მამაკაცი არალეგალურად ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ისინი ვერ ახერხებენ ოფიციალურად დაქორწინებას. მთავრობა არალეგალებს არ აძლევს დაქორწინების ნებას. შეუძლიათ თუ არა მათ მოაწერონ ხელი „განცხადებას ერთგულების აღთქმის შესახებ“ და შემდეგ მოინათლონ?

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ ეს არ იქნებოდა ბიბლიურად გამართლებული გადაწყვეტილება. ამის გასაგებად მოდი, ჯერ განვიხილოთ დოკუმენტის „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“ მიზანი; აგრეთვე როდის და სად შეიძლება მისი გამოყენება.

ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მოწმეების თანდასწრებით ხელს აწერენ ქალი და მამაკაცი, რომლებიც ვერ ქორწინდებიან შემდეგ აბზაცებში მოხსენიებული მიზეზის გამო. ამ დოკუმენტით ისინი პირობას დებენ, რომ იქნებიან ერთმანეთის ერთგულები და ოფიციალურად შეუღლდებიან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. კრების წევრებისთვის ეს იქნება წყვილი, რომლებმაც ერთმანეთს აღუთქვეს ერთგულება ღვთისა და ადამიანთა წინაშე და მათი კავშირი შეიძლება ჩაითვალოს როგორც კანონიერად დარეგისტრირებული.

რატომ და როდის გამოიყენება „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“? ქორწინებას იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი და ის ძალიან აფასებს მას. მისმა ძემ თქვა:  „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:5, 6; დაბ. 2:22—24). შემდეგ დასძინა: „თუ ცოლს სიძვა [სქესობრივი უზნეობა] არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:9). ასე რომ „სიძვა“, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სქესობრივი უზნეობა, არის ერთადერთი ბიბლიური საფუძველი გაყრისთვის. მაგალითად, თუ ქმარი უღალატებს ცოლს, მის უდანაშაულო მეუღლეს შეუძლია გადაწყვიტოს, გაეყაროს მას თუ არა. თუ გაეყრება, ცოლს ხელახლა დაქორწინების უფლება აქვს.

მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ძირითადი რელიგია, განსაკუთრებით უწინ, არ ითვალისწინებდა ამ ნათელ ბიბლიურ მითითებას. პირიქით, ის ასწავლიდა, რომ განქორწინება არანაირი მიზეზით არ შეიძლებოდა. ამგვარად, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა, იესოს მიერ მოხსენიებული სერიოზული საფუძვლის მიუხედავად, სამოქალაქო კანონით არ არის დაშვებული გაყრა. სხვა ქვეყნებში გაყრა შესაძლებელია, მაგრამ პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია. განქორწინების მიღებას შეიძლება არაერთი წელი დასჭირდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია და მთავრობა ეწინააღმდეგება იმას, რაც ღვთისთვის მისაღებია (საქ. 11:17).

მაგალითად, წყვილი შესაძლოა ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც გაყრა შეუძლებელი და წარმოუდგენლად რთულია ან შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს ამ პროცესს. თუ კაცი ან ქალი ყველანაირად ეცადა, კანონიერად გაყროდა ყოფილ მეუღლეს და მათ აქვთ ღვთის თვალში ხელახლა დაქორწინების უფლება, შეუძლიათ მოაწერონ ხელი დოკუმენტს „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“. სწორედ ასეთ ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანებისთვის მოამზადა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ეს დოკუმენტი. მაგრამ ეს დოკუმენტი არ უნდა გამოიყენონ იმ ქვეყნებში, სადაც განქორწინება შესაძლებელია, მაშინაც კი, თუ ეს გარკვეულ ხარჯებთან ან სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ზოგიერთს, რომელიც ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც გაყრა შესაძლებელია, არ ესმის დოკუმენტის „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“ დანიშნულება და ნებართვას ითხოვს, რომ მოაწეროს ხელი მას, რათა თავიდან აირიდოს ესა თუ ის პრობლემა.

ზემოხსენებულ მამაკაცსა და ქალს, რომლებიც კანონიერი ცოლ-ქმარი არ არიან, სურთ დაქორწინება. ბიბლიის თანახმად, ქორწინებისთვის ორივე თავისუფალია და არც არაფერი აკავშირებთ ყოფილ მეუღლეებთან. მაგრამ ეს მამაკაცი არალეგალურად ცხოვრობს ამ ქვეყანაში და მთავრობა ასეთ ადამიანებს არ აძლევს დაქორწინების უფლებას (მრავალ ქვეყანაში ხელისუფლება იძლევა დაქორწინების უფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი ან ორივე არალეგალია). ამ წყვილის შემთხვევაში, ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც განქორწინება ნებადართულია. ამიტომ არ იქნებოდა მართებული, თუ ისინი ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მამაკაცს ან ქალს უნდა განქორწინება, მაგრამ ვერ ღებულობს მას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი თავისუფლები არიან, რომ დაქორწინდნენ. მაგრამ რა შეუძლიათ მათ გააკეთონ, თუ გავითვალისწინებთ ამ მამაკაცის სტატუსს? მათ შეუძლიათ გაემგზავრონ სხვა ქვეყანაში, სადაც მისი არალეგალობა არ იქნება ქორწინებისთვის ხელის შემშლელი. ან შეუძლიათ ამავე ქვეყანაში მოაწერონ ხელი, იმ შემთხვევაში, თუ ეს მამაკაცი გადადგამს ნაბიჯებს, რომ მიიღოს ლეგალური სტატუსი.

მართლაც, ამ წყვილს შეუძლია თავისი ცხოვრება შეუსაბამოს როგორც ღვთის ნებას, ისე „კეისრის“ კანონებს (მარ. 12:17; რომ. 13:1). ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეც იქნება. ამის შემდეგ მათ უკვე შეეძლებათ მონათვლა (ებრ. 13:4).

^ აბზ. 6 რა შეიძლება ითქვას, თუ რამდენიმე ემბრიონის იმპლანტაცია მოხდა ან ჩანს, რომ ნაყოფს ანომალია აქვს? განზრახ ფეხმძიმობის შეწყვეტა აბორტის ტოლფასი იქნებოდა. ხელოვნური განაყოფიერებისას ჩვეულებრივი რამ არის მრავალნაყოფიანი (ტყუპი, სამი ან მეტი ნაყოფი) ორსულობა, რაც ზრდის ისეთ საშიშროებებს, როგორებიცაა ნაადრევი მშობიარობა და ძლიერი სისხლდენა. ქალს, რომელსაც მრავალნაყოფიანი ორსულობა აქვს, შეიძლება ურჩიონ ერთი ან მეტი ნაყოფის მოცილება. ეს იქნებოდა აბორტი, რაც მკვლელობას უტოლდება (გამ. 21:22, 23; ფსალმ. 139:16).

[ჩანართი 14 გვერდზე]

ასეთი გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ქრისტიანები პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე, მოიქცნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისად