წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2012

ვიცხოვროთ როგორც დროებით მცხოვრებლებმა

ვიცხოვროთ როგორც დროებით მცხოვრებლებმა

„შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს“ (1 პეტ. 2:11).

1, 2. ვინ მოიხსენია პეტრემ როგორც „რჩეულები“ და რატომ უწოდა მათ „დროებით მცხოვრებლები“?

იესოს ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ პეტრემ წერილი მისწერა „პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში მიმოფანტულ დროებით მცხოვრებლებს, რჩეულებს“ (1 პეტ. 1:1). პეტრემ „რჩეულები“ უწოდა მათ, ვინც მის მსგავსად, წმინდა სულით ცხებული და ხელახლა შობილი იყვნენ და ჰქონდათ „ცოცხალი იმედი“, ემეფათ ქრისტესთან ერთად ზეცაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:3, 4 ). მაგრამ რატომ უწოდა მან მოგვიანებით რჩეულებს „ხიზნები და დროებით მცხოვრებლები“? (1 პეტ. 2:11). რატომ უნდა ვინტერესდებოდეთ ამით ჩვენ, როდესაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის ცხებული ანუ „რჩეული“?

2 მართებული იყო, რომ პირველ საუკუნეში ცხებულებს „დროებით მცხოვრებლები“ ეწოდებოდათ. დღეს მცხოვრები ცხებულების დარჩენილი ნაწილის მსგავსად, არც ისინი იცხოვრებდნენ დედამიწაზე მუდმივად. მოციქული პავლე, რომელიც თავად იყო ცხებული ანუ „მცირე სამწყსოს“ წევრი, წერდა: „ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს“ (ლუკ. 12:32; ფილ. 3:20). ვინაიდან ცხებულ ქრისტიანებს „მოქალაქეობა“ ზეცაში აქვთ მიღებული, სიკვდილისას ისინი ტოვებენ მიწიერ ცხოვრებას და იღებენ გაცილებით უკეთესს — უკვდავებას ზეცაში (წაიკითხეთ ფილიპელების 1:21—23). ასე რომ, პირდაპირი გაგებით, მათ შეიძლება ეწოდოთ „დროებითი მცხოვრებლები“ სატანის ქვეყნიერებაში.

3. რა კითხვა წამოიჭრება „სხვა ცხვართან“ დაკავშირებით?

3 მაგრამ რის თქმა შეიძლება „სხვა ცხვარზე“? (იოან. 10:16). მათ აქვთ ბიბლიაზე დაფუძნებული მტკიცე იმედი, რომ იქნებიან მუდმივი მცხოვრებლები დედამიწაზე. მართლაც, დედამიწა მათი მარადიული სახლი გახდება.  ამიტომ დღეს, გარკვეულწილად, ისინიც არიან „დროებით მცხოვრებლები“. რა გაგებით?

„მთელი ქმნილება . . . ოხრავს“

4. რა მხრივ არიან მსოფლიო ლიდერები უძლურნი?

4 იეჰოვასადმი სატანის ურჩობის გამო, ყველა, მათ შორის ქრისტიანებიც, დაიტანჯებიან, ვიდრე სატანის ბოროტი ქვეყნიერება იარსებებს. რომაელების 8:22-ში ვკითხულობთ: „ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლიდერებს, მეცნიერებსა და ქველმოქმედებს გულწრფელად სურთ, მოაგვარონ ეს პრობლემა, ისინი უძლურნი არიან.

5. რა ნაბიჯებს დგამენ მილიონები 1914 წლიდან და რატომ?

5 მილიონები 1914 წლიდან თავიანთი სურვილით ხდებიან ღვთის მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, ქვეშევრდომები. მათ არ სურთ, იყვნენ სატანის ქვეყნიერების ნაწილი და მხარი დაუჭირონ მას. ნაცვლად ამისა, ისინი თავიანთ სიცოცხლესა და შესაძლებლობებს ღვთის სამეფოს მხარდასაჭერად იყენებენ (რომ. 14:7, 8).

6. რა გაგებით შეიძლება ეწოდოთ იეჰოვას მოწმეებს „ხიზნები“?

6 იეჰოვას მოწმეები 200-ზე მეტ ქვეყანაში კანონმორჩილი ხალხია; მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ, ისინი ხიზნებივით ცხოვრობენ. როცა საქმე ეხება პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, იეჰოვას მოწმეები ინარჩუნებენ მტკიცე ნეიტრალიტეტს. ისინი საკუთარ თავს დღესვე მიიჩნევენ ახალი ქვეყნიერების მოქალაქეებად, რომელსაც ღმერთი დაამყარებს. მათ უხარიათ იმის დანახვა, რომ არასრულყოფილი ქვეყნიერება, რომელშიც ისინი დროებით ცხოვრობენ, სწრაფად უახლოვდება დასასრულს.

ჩვენ არ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ სატანის ქვეყნიერებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღვთის ახალ ქვეყნიერებას

7. როგორ და სად გახდებიან ღვთის მსახურები მუდმივი მცხოვრებლები?

7 მალე ქრისტე თავის ძალაუფლებას სატანის ბოროტი ქვეყნიერების გასანადგურებლად გამოიყენებს. იესოს სრულყოფილი მთავრობა გაათავისუფლებს დედამიწას ცოდვისა და ტანჯვისგან. ეს მთავრობა მოსპობს ყველა ხილულ თუ უხილავ კვალს, რაც იეჰოვას სამართლიანი უზენაესი ხელისუფლებისადმი დაპირისპირებას მოჰყვა. ღვთის ერთგული მსახურები გახდებიან  მუდმივი მცხოვრებლები სამოთხეში დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 21:1—5 ). პირდაპირი გაგებით, ქმნილება „გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21).

რა მოეთხოვებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს

8, 9. რას გულისხმობდა პეტრე, როცა მოუწოდებდა ქრისტიანებს, მორიდებოდნენ „ხორციელ სურვილებს“?

8 პეტრე განმარტავს, თუ რა მოეთხოვებათ ქრისტიანებს. ის ამბობს: „საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან“ (1 პეტ. 2:11). თავდაპირველად, პეტრემ ამ სიტყვებით ცხებულ ქრისტიანებს მიმართა, მაგრამ იესოს „სხვა ცხვარსაც“ მართებს ამ რჩევის მიყოლა.

9 ზოგიერთი სურვილის დაკმაყოფილებაში, თუ ეს შემოქმედის მიერ დადგენილ ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ცუდი არაფერია. სინამდვილეში ეს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის. მაგალითად, რა ჯობია გემრიელ საჭმელსა და სასმელს, მეგობრებთან ურთიერთობასა და გართობას. ასევე ბუნებრივია ქორწინებაში სიამოვნების მიზნით სქესობრივი კავშირის სურვილი (1 კორ. 7:3—5). მაგრამ პეტრეს მიერ მოხსენიებული „ხორციელი სურვილები“ არის სურვილები, რომლებიც „ებრძვიან სულს“. ბიბლიის ზოგ თარგმანში „ხორციელი სურვილები“ ნათარგმნია როგორც „ხორციელი გულისთქმები“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“) და „ცოდვილი სურვილები“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ცხადია, უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ხორციელ სურვილს, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის განზრახვას და რომელმაც შეიძლება იეჰოვასთან გაგვიფუჭოს ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ქრისტიანმა დაკარგოს მარადიული ცხოვრების იმედი.

10. რა მეთოდებს იყენებს სატანა, ქრისტიანები ქვეყნიერების ნაწილი რომ გახადოს?

10 სატანის მიზანია, შეასუსტოს ჭეშმარიტი ქრისტიანების გადაწყვეტილება, იცხოვრონ როგორც დროებით მცხოვრებლებმა ამ ქვეყნიერებაში. მატერიალიზმი, უზნეობის ჩადენის ცდუნება, დიდებისკენ სწრაფვა, საკუთარი „მეს“ წარმოჩენის სურვილი და ნაციონალიზმისკენ მიდრეკილება სატანის მახეებია და ეს ჩვენც გააზრებული უნდა გვქონდეს. თუ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, თავი შევიკავოთ არასწორი ხორციელი სურვილებისგან, ამით ცხადვყოფთ, რომ არ გვსურს, ვიყოთ სატანის ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი და რომ ამ ქვეყნიერებაში მხოლოდ „დროებით მცხოვრებლები“ ვართ. ჩვენ ნამდვილად გვინდა და მთელი მონდომებით ვისწრაფვით, რომ მივიღოთ მუდმივი მოქალაქეობა ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში.

კარგი საქციელი

11, 12. როგორ უყურებენ ზოგჯერ უცხოელებს და რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?

11 პეტრე მე-12 მუხლში განაგრძობს იმის განმარტებას, თუ რა მოეთხოვებათ ქრისტიანებს როგორც „დროებით მცხოვრებლებს“: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“. უცხოელებს ანუ სხვა ქვეყანაში დროებით მცხოვრებლებს ხანდახან აკრიტიკებენ. მათ შეიძლება ისე უყურებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, უბრალოდ იმის გამო, რომ ისინი სხვებისგან განსხვავდებიან. ისინი საუბრებით, ქცევებით, ჩაცმულობითა და გარეგნობითაც კი შეიძლება განსხვავდებოდნენ სხვებისგან. მაგრამ, როცა კარგ საქმეებს აკეთებენ ანუ, როცა კარგად იქცევიან, მათ წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლო ხდება.

12 მსგავსადვე, ჭეშმარიტი ქრისტიანები განსხვავდებიან სხვებისგან, მაგალითად:  საუბრებითა და გართობისადმი მათი დამოკიდებულებით. ქრისტიანები ჩაცმულობითა და გარეგნობით ხშირად განსხვავდებიან უმრავლესობისგან. ასეთი განსხვავებულობის გამო ზოგჯერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ადანაშაულებენ ქრისტიანებს, თითქოსდა, ისინი ბოროტმოქმედები იყვნენ. თუმცა სხვები შეიძლება აქებენ მათ თავიანთი ცხოვრების წესის გამო.

13, 14. როგორ ამტკიცებს „სიბრძნის სიმართლეს“ მისი საქმეები?

13 მართლაც, კარგ საქციელს შეუძლია უსამართლო კრიტიკის გაბათილება. იესოსაც კი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც სრულყოფილად ემსახურებოდა ღმერთს, უსამართლოდ სდებდნენ ბრალს. ზოგი ამბობდა, რომ იესო იყო „გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ თავისი კარგი საქმეებით დაამტკიცა იესომ, რომ არ იყო ბოროტმოქმედი, როგორც ამბობდნენ მასზე. „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“, — თქვა იესომ (მათ. 11:19). და ეს დღესაც ასეა. მაგალითად, ზელტერსში, გერმანიის ბეთელში, მსახურ და-ძმებს მეზობლები უცნაურ ადამიანებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ზელტერსის მერმა მათ დასაცავად ასეთი რამ თქვა: „მოწმეებს, რომლებიც იქ მსახურობენ, თავიანთი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ისინი არანაირად არ აწუხებენ სხვებს“.

რუსეთში ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გააერთიანა ეს ოჯახი

14 იმავეს თქმა შეიძლება მოსკოვში (რუსეთი) მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზეც. მათაც უსამართლოდ სდებდნენ ბრალს არაერთ ცუდ საქმეში. მაგრამ 2010 წლის ივნისში სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაადგინა: «სასამართლომ სცნო, რომ [მოსკოვის მხრიდან] მოსარჩლეების რელიგიური თავისუფლებისა და ერთად შეკრების უფლების ხელყოფა იყო უსაფუძვლო. ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს „საფუძვლიანი და საკმარისი“ მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საზოგადოება» დამნაშავე იყო, მაგალითად: ოჯახების ნგრევაში, თვითმკვლელობისკენ წაქეზებასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში. „ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაწესებული სანქცია იყო მეტისმეტად მკაცრი მათი კანონმდებლობის მოუქნელობის გამო და სცდებოდა ნებისმიერ კანონიერ მიზანს“.

ხელისუფლებისადმი მორჩილება

15. რა ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში?

15 არა მარტო მოსკოვში, არამედ მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები პეტრეს მიერ მოხსენიებული კიდევ ერთი ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობენ: „უფლის გულისთვის დაემორჩილეთ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი: მეფეს, როგორც უმაღლეს მმართველს, და გამგებლებს“ (1 პეტ. 2:13, 14). თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვეყნიერების ნაწილი არ არიან, ისინი ითვალისწინებენ პავლეს მითითებას და ემორჩილებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს,  რომელთაც „სხვადასხვა მდგომარეობა“ უკავიათ (წაიკითხეთ რომაელების 13:1, 5—7 ).

16, 17. ა) რა ცხადყოფს, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მთავრობებს? ბ) რა აღიარა ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა?

16 იეჰოვას მოწმეები ამ ქვეყნიერებაში ცხოვრობენ როგორც „დროებით მცხოვრებლები“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი „მდუმარე საპროტესტო აქციაში“ მონაწილეობენ. მოწმეები არც ეწინააღმდეგებიან სხვებს და არც ერევიან მათ საქმეებში, ვინც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. ისინი არასდროს კარნახობენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ როგორ მართონ ქვეყანა. ის აზრი, რომ მოწმეები დაარღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს ან მთავრობის წინააღმდეგ წავლენ, ფაქტობრივად, სიმართლეს მოკლებულია.

17 ქრისტიანები ემორჩილებიან და სათანადო პატივისცემას ავლენენ მთავრობის წარმომადგენლებისადმი და ამით ითვალისწინებენ პეტრეს რჩევას: „მეფეს პატივი ეცით“ (1 პეტ. 2:17). ხანდახან ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, ეშინოდეთ იეჰოვას მოწმეების. მაგალითად, გერმანელმა პოლიტიკოსმა შტეფან რაიხემ თქვა: „იეჰოვას მოწმეები საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში ავლენდნენ თვისებებს, რომლებიც როგორც წარსულში, ისე დღეს აუცილებელია დემოკრატიული და კონსტიტუციური სახელმწიფოს არსებობისთვის — ისინი თანაუგრძნობდნენ სხვა პატიმრებს და ავლენდნენ სიმტკიცეს, როცა ესესი დევნიდა მათ. ეს თვისებები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან საზოგადოება უფრო და უფრო ავლენს სისასტიკეს უცხოელებისა და განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებების მქონე ადამიანებისადმი“.

სიყვარულის გამოვლენა

18. ა) რატომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ გვიყვარს მთელი საძმო? ბ) რას აღნიშნავენ ისინი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები?

18 მოციქულმა პეტრემ დაწერა: „გიყვარდეთ მთელი საძმო, ღვთისა გეშინოდეთ“ (1 პეტ. 2:17). იეჰოვას მოწმეებს აქვთ ჯანსაღი შიში, არ აწყენინონ ღმერთს, რაც კიდევ ერთი აღმძვრელი ძალაა, შეასრულონ ღვთის ნება. ისინი ბედნიერები არიან, რომ ემსახურებიან ღმერთს, როგორც საერთაშორისო საძმოს ნაწილი, რომელთაც ერთი სურვილი აერთიანებთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას მოწმეებს უყვართ მთელი საძმო. ასეთი ძმური სიყვარული იშვიათია დღევანდელ ეგოისტურ საზოგადოებაში და ხანდახან გაოცებას იწვევს მათში, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები. მაგალითად, ერთი ამერიკული ტურისტული კომპანიის გიდი გაოცებული დარჩა, როდესაც 2009 წელს გერმანიაში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესზე უცხოელი დელეგატების მიმართ და-ძმების მიერ გამოვლენილი სიყვარული და დახმარება დაინახა. მან აღნიშნა, რომ წლებია, რაც გიდად მუშაობს და მსგავსი რამ არასდროს უნახავს. მოგვიანებით ერთმა იეჰოვას მოწმემ ამ გიდის შესახებ თქვა: „ის ჩვენზე ყველაფერს განცვიფრებული და ენთუზიაზმით აღსავსე ჰყვებოდა“. თქვენც შეგინიშნავთ მსგავსი რეაქცია კონგრესებზე მათი მხრიდან, ვინც აკვირდებოდა იეჰოვას მოწმეებს?

19. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი და რატომ?

19 როგორც დავინახეთ, იეჰოვას მოწმეები ბევრი რამით ცხადყოფენ, რომ პირდაპირი გაგებით, „დროებით მცხოვრებლები“ არიან სატანის ქვეყნიერებაში. მათ გადაწყვეტილი აქვთ, ასე გააგრძელონ. იეჰოვას მოწმეებს აქვთ მტკიცე და საფუძვლიანი იმედი, რომ მალე გახდებიან ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერების მუდმივი მცხოვრებლები. თქვენც ხომ მოუთმენლად ელით ამას?!