წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2012

მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს

მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს

„მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13).

1, 2. რატომ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რამდენად პატიობთ პირადად თქვენ?

ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ცოდვისადმი და როგორ რეაგირებს, როცა ჩვენ ვცოდავთ. ბიბლია აგრეთვე გვამცნობს, თუ როგორ პატიობს იეჰოვა. წინა სტატიაში განვიხილეთ, რატომ აპატია იეჰოვამ დავითსა და მენაშეს. ისინი ძალიან წუხდნენ იმის გამო, რაც გააკეთეს და ამიტომ აღიარეს თავიანთი შეცდომები, შეწყვიტეს ბოროტების ჩადენა და გულწრფელად მოინანიეს. თავის მხრივ კი, იეჰოვა კვლავ კეთილად განეწყო მათდამი.

2 მოდი, ახლა განვიხილოთ, თავად ჩვენ რამდენად ვართ მზად პატიებისთვის. როგორ იგრძნობდით თავს, მენაშეს რომელიმე უდანაშაულო მსხვერპლი თქვენი ნათესავი რომ ყოფილიყო? შეძლებდით მის პატიებას? ეს მართლაც ყურადსაღები შეკითხვაა, ვინაიდან ვცხოვრობთ უსამართლობით, ძალადობითა და ეგოიზმით სავსე მსოფლიოში. რატომ უნდა განივითარონ ქრისტიანებმა სხვების პატიების უნარი? და თუ თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეს ან უსამართლოდ მოგექცნენ, რა დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ ემოციები, მოიქცეთ იეჰოვას მოსაწონად და მზად იყოთ პატიებისთვის?

რატომ უნდა ვაპატიოთ სხვებს

3—5. ა) რა მაგალითით აჩვენა იესომ თავის მსმენელებს, რომ აუცილებელი იყო პატიება? ბ) რას ვსწავლობთ მათეს 18:21—35-ში მოცემულ იესოს თვალსაჩინო მაგალითიდან?

3 არ აქვს მნიშვნელობა, კრების წევრმა გვაწყენინა თუ სხვამ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის. ასეთი დამოკიდებულება დაგვეხმარება, მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, იეჰოვასთან და სხვებთან. წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ ჩვენგან, ქრისტიანებისგან, მოითხოვება, ვაპატიოთ მწყენინებელს ყოველთვის, რამდენჯერაც არ უნდა გვაწყენინოს. იესომ მოიყვანა მონის მაგალითი, რომელსაც  ბატონის ვალი ემართა და ამით გვიჩვენა, თუ რატომ არის აუცილებელი პატიება.

4 მონას თავისი ბატონის ვალი რომ დაეფარა, 60 000 000 დღე უნდა ემუშავა. მაგრამ ბატონმა აპატია მას ვალი. ამის შემდეგ ამ მონამ იპოვა სხვა მონა, რომელსაც მისი სულ რაღაც 100 დღის გასამრჯელო ემართა. მოვალე სთხოვდა მას, ცოტა დრო კიდევ მიეცა, მაგრამ მონამ, რომელსაც უზარმაზარი ვალი აპატიეს, ციხეში ჩასვა ის. ბატონმა ეს რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა და უთხრა ამ მონას: „განა შენც . . . არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“. შემდეგ ბიბლიაში ვკითხულობთ: „განრისხდა ბატონი და გადასცა [მონა, რომელმაც არ აპატია] საპყრობილის ზედამხედველებს, ვიდრე მთლიანად არ გადაიხდიდა, რაც ემართა“ (მათ. 18:21—34).

რას ვსწავლობთ იესოს ამ თვალსაჩინო მაგალითიდან?

5 რა გვასწავლა იესომ ამ მაგალითით? მან თქვა: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათ. 18:35). იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ არასრულყოფილების გამო ხშირად ვცოდავთ და იეჰოვას მოთხოვნებს სრულყოფილად ვერ ვასრულებთ. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს ანუ წაშალოს ჩვენი ცოდვები. ამიტომ, ვისაც სურს იეჰოვასთან მეგობრობა, ვალდებულია, აპატიოს სხვებს. ანუ, როგორც იესომ თქვა მთაზე ქადაგებისას: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათ. 6:14, 15).

6. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი პატიება?

6 ვინმემ შეიძლება თქვას: „თეორიულად ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება“. ეს იმიტომ რომ, როცა გულს გვტკენენ ადვილი არ არის ემოციების მოთოკვა. ამ დროს ადამიანი შეიძლება განრისხდეს ან იფიქროს, რომ უღალატეს; მას სამართლიანობის აღდგენის ან შურისძიების სურვილიც კი შეიძლება გაუჩნდეს. სინამდვილეში, ზოგი ფიქრობს, რომ  ვერასოდეს შეძლებს მწყენინებლის პატიებას. თუ თქვენც ამგვარად ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ დაემორჩილოთ იეჰოვას მითითებას და აპატიოთ სხვებს?

დაუკვირდით თქვენს ემოციებს

7, 8. რა დაგეხმარებათ, აპატიოთ მათ, ვინც თავიანთი საქციელით გული გატკინათ?

7 როდესაც ცუდად მოგვექცნენ ან გვგონია, რომ ცუდად მოგვექცნენ, შეიძლება გაგვიჭირდეს ემოციების მოთოკვა. ადამიანის გაღიზიანებასთან დაკავშირებით ერთ გამოკვლევაში აღწერილია, თუ როგორ მოიქცა ახალგაზრდა მამაკაცი, როცა გაბრაზდა: „ერთხელ . . . გაბრაზებული, სახლიდან გამოვვარდი და დავიფიცე, რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდებოდი. ზაფხულის მშვენიერი დღე იყო და პატარა ლამაზ ქუჩას შევუყევი. იქ არსებულმა სიმშვიდემ და სილამაზემ ნელ-ნელა დამაწყნარა და დამამშვიდა. რამდენიმე საათის შემდეგ ვინანე ჩემი საქციელი, გული მომილბა და სახლში დავბრუნდი“. ამ გამოკვლევიდან გამოჩნდა, რომ გაღიზიანების დროს, თუ საკუთარ თავს დამშვიდების საშუალებას მივცემთ და სიტუაციას უფრო დაწყნარებული შევხედავთ, ეს დაგვეხმარება, ცხელ გულზე არ მოვახდინოთ ისეთი რეაგირება, რომელსაც მოგვიანებით ვინანებდით (ფსალმ. 4:4; იგავ. 14:29; იაკ. 1:19, 20).

8 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უარყოფით გრძნობებს ვერ უმკლავდებით? ეცადეთ, გაარკვიოთ, რატომ ხართ გაბრაზებული. იმიტომ ხომ არა, რომ უსამართლოდ ან უხეშად მოგექცნენ? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ვიღაც განზრახ ცდილობს, გული გატკინოთ? მართლა ძალიან ცუდად მოგექცნენ? თუ გააანალიზებთ სიტუაციას და დაფიქრდებით იმ მიზეზებზე, რომლებმაც გამოიწვია თქვენი გაღიზიანება, ეს დაგეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო გამოსავალი და ბიბლიური პრინციპების თანახმად იმოქმედოთ (წაიკითხეთ იგავების 15:28; 17:27 ). ასეთი მსჯელობა დაგეხმარებათ, იყოთ უფრო ობიექტური და მზად იყოთ პატიებისთვის. ამით, რაც არ უნდა რთული იყოს, ღვთის სიტყვას საკუთარი „გულის აზრებისა და ზრახვების“ გამოკვლევის საშუალებას მისცემთ. ასეთი მიდგომა ხელს შეგიწყობთ, მიჰბაძოთ იეჰოვას და აპატიოთ სხვებს (ებრ. 4:12).

გულთან ახლოს ნუ მიიტანთ

9, 10. ა) როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ, როცა გაწყენინებენ ან გაგაბრაზებენ? ბ) როგორ იგრძნობთ თავს, თუ განივითარებთ დადებით სულს და მზად იქნებით პატიებისთვის?

9 ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ისეთ სიტუაციებს, რომლებიც უარყოფით გრძნობებს იწვევს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ავტომობილის ტარებისას სხვა მანქანა კინაღამ დაგეჯახათ. როგორი რეაქცია გექნებოდათ? შეიძლება გსმენიათ, მანქანის არასწორად მართვის გამო მძღოლები ისე გაბრაზებულან, რომ ჩხუბიც კი მოსვლიათ. მაგრამ თქვენ, როგორც ქრისტიანს, ნამდვილად არ გსურთ ასე მოქცევა.

10 ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ კარგად აწონ-დაწონიდით სიტუაციას. შესაძლოა, ნაწილობრივ თქვენი ბრალიც არის, ვინაიდან ყურადღება გაგეფანტათ. ან შეიძლება ეს პრობლემა სხვა მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია. ამ მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ ნაკლებად გავბრაზდებით, გვეწყინება ან მოგვეძალება სხვა უარყოფითი ემოციები, თუ გაგებითა და საღი გონებით შევხედავთ სიტუაციას და მზად ვიქნებით პატიებისთვის. „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, — ნათქვამია ეკლესიასტეს 7:9-ში — რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“. ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. ხშირად შეიძლება გვგონია, რომ განზრახ გვექცევიან ცუდად, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამის მიზეზი, შესაძლოა, არასრულყოფილება ან გაუგებრობა იყოს. თუ ცუდად მოგექცევიან ან უხეშად გიპასუხებენ, ეცადეთ, არ დაკარგოთ განსჯის უნარი, გამოავლინეთ სიყვარული და მზად იყავით პატიებისთვის. ამას თუ შეძლებთ, უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:8).

დაე, დაგიბრუნდეთ მშვიდობა

11. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე, თუ ადამიანები დადებითად არ ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას?

11 როგორ შეგიძლიათ თავშეკავების გამოვლენა, როცა ქადაგების დროს ვინმე უხეშად გექცევათ? როდესაც იესომ 70 მოწაფე საქადაგოდ გაგზავნა, უთხრა მათ, რომ  მშვიდობა ესურვათ ყველა სახლისთვის, სადაც კი მივიდოდნენ. იესომ თქვა: „თუ იქნება იქ მშვიდობის მეგობარი, თქვენი მშვიდობა მასთან დარჩება, თუ არადა, თქვენვე დაგიბრუნდებათ“ (ლუკ. 10:1, 5, 6). ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა ადამიანები დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას, ვინაიდან ვიცით, რომ ეს მათ სარგებლობას მოუტანს. თუმცა ხანდახან ადამიანები „მშვიდობიანები“ ნამდვილად არ არიან. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? იესომ თქვა, რომ ის მშვიდობა, რომელსაც მობინადრეს ვუსურვებთ, ჩვენთან უნდა დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოგვექცნენ ადამიანები, უნდა შეგვეძლოს ისე დავტოვოთ კარი, რომ მშვიდობა დარჩეს ჩვენს გულებში. თუ მათი უარყოფითი გამოხმაურება გაგვაღიზიანებს, ვერ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას.

12. როგორ უნდა მოვიქცეთ ეფესოელების 4:31, 32-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვების თანახმად?

12 მშვიდობის შენარჩუნებას ყველა სიტუაციაში უნდა ვეცადოთ და არა მხოლოდ ქრისტიანულ მსახურებაში. რასაკვირველია, სხვების პატიება სულაც არ ნიშნავს, რომ ვიწონებთ მათ არასწორ საქციელს, ან ვამცირებთ მათი მოქმედებით გამოწვეულ ზიანს. პირიქით, პატიება ნიშნავს, რომ წყენა გულში არ ჩავიტოვოთ და შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. გამუდმებით იმაზე ფიქრი, თუ რა ცუდად მოგვექცნენ სხვები, სიხარულს წაგვართმევს. არ მისცეთ უფლება ასეთ ფიქრებს, რომ გმართონ. გახსოვდეთ, ბედნიერი ვერ იქნებით, თუ გულში წყენას იტოვებთ. ამიტომ, აპატიეთ სხვებს! (წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32).

მოიქეცით იეჰოვას მოსაწონად

13. ა) როგორ აგროვებს ქრისტიანი თავისი მტრის თავზე „ნაკვერჩხლებს“? ბ) რა შედეგი მოყვება, თუ რბილად ვუპასუხებთ მას, ვინც ცუდად გვექცევა?

13 ზოგჯერ შეიძლება ფიქრობთ, რომ მას, ვინც ცუდად გექცევათ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ქრისტიანული ნორმების გაგებაში. მოციქული პავლე წერდა: «„თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“. არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით» (რომ. 12:20, 21). ცუდად მოპყრობის შემთხვევაში თქვენმა თავაზიანობამ შეიძლება შეაცვლევინოს ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება და დადებითად იმოქმედოს მასზე. თუ ვავლენთ გაგებასა და თანაგრძნობას მწყენინებლის მიმართ, შეგვიძლია დავეხმაროთ მას ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი რბილი პასუხი შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, დაფიქრდეს ჩვენს კარგ საქციელზე (1 პეტ. 2:12; 3:16).

14. რატომ არ უნდა დავიტოვოთ გულში წყენა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცუდად მოგვექცა სხვა?

14 ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა ქრისტიანისთვის მიუღებელია; მაგალითად მათთან, ვინც ერთ დროს კრების წევრები იყვნენ, შესცოდეს, არ მოინანიეს და გაირიცხნენ. თუ ასეთმა ადამიანმა გული გატკინათ, თქვენთვის მისი პატიება მონანიების შემთხვევაშიც კი ძალიან რთული იქნება, რადგან ემოციური ჭრილობების მოშუშებას დრო სჭირდება. ასეთ დროს იეჰოვას უნდა სთხოვდეთ დახმარებას, რომ აპატიოთ მომნანიე მწყენინებელს. როგორ შეგიძლიათ მიხვდეთ, რა აქვს ადამიანს გულში? ეს მხოლოდ იეჰოვამ იცის. ის იკვლევს ადამიანის გულს და მოთმინებას ავლენს შემცოდველის მიმართ (ფსალმ. 7:9; იგავ. 17:3). აი, რატომ წერია ბიბლიაში: «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომ. 12:17—19). შეგიძლიათ სწორად განსაჯოთ ადამიანი? რა თქმა უნდა, არა (მათ. 7:1, 2). მაგრამ ერთ რამეში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული — სამართლიანობა იეჰოვას ხელშია.

15. რა დაგვეხმარება, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს მათ მიმართ, ვინც გვაწყენინა?

 15 თუ ფიქრობთ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ხართ და გიჭირთ, აპატიოთ მას, ვინც მოინანია, კარგი იქნება, დაფიქრდეთ, რომ თქვენი მწყენინებელიც მსხვერპლია. ისიც იტანჯება მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო (რომ. 3:23). იეჰოვა თანაგრძნობას ავლენს ყველა არასრულყოფილი ადამიანის მიმართ. ამიტომ მართებულია, ვილოცოთ მათთვის, ვინც გვაწყენინა. წარმოუდგენელია, გაბრაზებული იყოთ მასზე, ვისთვისაც ლოცულობთ. და ის, რომ არ უნდა დავიტოვოთ გულში წყენა მათ მიმართ, ვინც ცუდად გვექცევა, ნათლად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:44).

16, 17. როგორ უნდა რეაგირებდეთ, როდესაც უხუცესები თვლიან, რომ შემცოდველმა მოინანია და რატომ?

16 იეჰოვას ნების თანახმად, ქრისტიან უხუცესებს მინდობილი აქვთ კრებაში შემცოდველი და-ძმების საქმეების განხილვა. ღვთისგან განსხვავებით, ამ ძმებს არ აქვთ სრულად წვდომის უნარი, მაგრამ ისინი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებენ წმინდა სულით და ხელმძღვანელობენ ღვთის სიტყვით. ამიტომ, როდესაც ძმები ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას ლოცვაში სთხოვენ დახმარებას, მათ გადაწყვეტილებაში ღვთის თვალსაზრისი აირეკლება (მათ. 18:18).

ქრისტიანებისგან მოითხოვება სხვების პატიება

17 აქ უკვე ერთგულების საკითხი დგება. აპატიებთ და გამოავლენთ სიყვარულს მათდამი, ვის შესახებაც უხუცესები თვლიან, რომ მოინანიეს? (2 კორ. 2:5—8). ეს შეიძლება არ იყოს ადვილი, განსაკუთრებით, თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი მის მიერ ჩადენილი არასწორი საქციელის მსხვერპლი გახდით. მაგრამ თუ მიენდობით იეჰოვას და იმას, როგორ წყვეტს ის კრებაში მსგავს საკითხებს, გონივრულად მოიქცევით. ასე თქვენ ცხადყოფთ, რომ მართლა გსურთ, აპატიოთ სხვებს (იგავ. 3:5, 6).

18. რით არის ჩვენთვის კარგი, თუ მთელი გულით ვპატიობთ სხვებს?

18 ის, რომ სხვების პატიება დადებითად მოქმედებს ადამიანზე, ამას ფსიქიატრებიც აღიარებენ. როცა ვპატიობთ, ვთავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან, რომლებიც ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს; ამასთანავე, პატიება ხელს უწყობს სხვებთან უფრო ჯანსაღ და სასიამოვნო ურთიერთობას. ამის საპირისპიროდ კი, თუ გვიჭირს სხვების პატიება, ეს ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიქნებით დაძაბულები და გაგვიფუჭდება სხვებთან ურთიერთობა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც სხვებს ვპატიობთ, ჩვენს ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან, გვაქვს კარგი ურთიერთობა (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12—14 ).

[სურათი 27 გვერდზე]

რას ვსწავლობთ იესოს ამ თვალსაჩინო მაგალითიდან?

[სურათი 30 გვერდზე]

ქრისტიანებისგან მოითხოვება სხვების პატიება