არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ნოემბერი 2012

მათმა ნამეტმა შეავსო ნაკლულობა

მათმა ნამეტმა შეავსო ნაკლულობა

იდგა ახ. წ. 49 წელი. პეტრემ, იაკობმა და იოანემ, „რომლებიც ბურჯებად ითვლებოდნენ“, მოციქულ პავლესა და მის თანამსახურ ბარნაბას დაავალეს, რომ უცხოტომელებთან ქადაგებისას ეზრუნათ ღარიბ ქრისტიანებზე (გალ. 2:9, 10). როგორ შეასრულეს მათ ეს დავალება?

პავლეს წერილებიდან ჩანს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი. მაგალითად, კორინთელ ქრისტიანებს ის წერდა: „რაც შეეხება წმინდებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის კრებებს მივუთითე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს, რათა ჩემი მოსვლისას არ დაიწყოთ შეგროვება. როცა მოვალ, თქვენ მიერ მოწონებულ ძმებს, რომლებსაც წერილებში მოიხსენიებთ, გავგზავნი იერუსალიმში თქვენი ძღვნის წასაღებად“ (1 კორ. 16:1—3).

კორინთელების მიმართ მიწერილ ღვთივშთაგონებულ მეორე წერილში პავლემ კიდევ ერთხელ მოიხსენია შესაწირავების შეგროვების მიზანი. თანასწორობა რომ ყოფილიყო, მან ქრისტიანებს ურჩია: „თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულობა“ (2 კორ. 8:12—15).

ახ. წ. 56 წელს, როდესაც პავლემ ქრისტიანებს რომში მისწერა, შესაწირავების შეგროვება თითქმის დამთავრებული იყო. მან თქვა: „იერუსალიმში მივდივარ, რომ წმინდებს ვემსახურო. მაკედონელებმა და აქაიელებმა სიამოვნებით გაიღეს შესაწირავები იერუსალიმში მცხოვრები ღარიბი წმინდებისთვის“ (რომ. 15:25, 26). პავლემ მალევე შეასრულა ეს დავალება და შესაწირავები იერუსალიმში ჩაიტანა, სადაც ის დააპატიმრეს. პატიმრობაში მყოფმა მოციქულმა რომაელ გამგებელ ფელიქსს უთხრა: „მივედი ჩემს ხალხთან მოწყალების მისატანად, მივიტანე შესაწირავიც“ (საქ. 24:17).

პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ გამოვლენილი სული კარგად ჩანს იქიდან, თუ რა თქვა პავლემ მაკედონელ ქრისტიანებზე: „გვევედრებოდნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი გვებოძებინა“. მოციქული მოუწოდებდა კორინთელებს, მიჰყოლოდნენ ამ მაგალითს. პავლე წერდა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. რამ უბიძგა კრებებს ასეთი გულუხვობისკენ? მოციქული ამბობს, რომ მათი სურვილი მხოლოდ „წმინდათა საჭიროებების დაკმაყოფილება“ კი არ იყო, არამედ ისიც, რომ მდიდრები ყოფილიყვნენ „ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაში“ (2 კორ. 8:4; 9:7, 12). დაე, ჩვენც მსგავსად გამოვავლინოთ გულუხვობა. იეჰოვა ღმერთი ნამდვილად აკურთხებს ასეთ კარგ და უანგარო სულს და მისი კურთხევა გაამდიდრებს ადამიანს (იგავ. 10:22).

შესაწირავის გაღების რამდენიმე საშუალება

შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის

ბევრი წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას და აგდებს შესაწირავის ყუთში, რომელსაც აწერია „შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის“.

ამ თანხას კრებები ყოველთვიურად უგზავნიან ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავი შემწირველს შეუძლია უშუალოდაც გადასცეს ადგილობრივ ფილიალს. შესაძლებელია ძვირფასეულობის შეწირვაც. შეწირულ ძვირფას ნივთებს თან უნდა ახლდეს ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს შესაწირავია.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავი

ფულადი შესაწირავის გარდა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: შემწირველს შეუძლია გაიღოს გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება და გადასცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. თუ ეს უძრავი ქონება საცხოვრებელი საკუთრებაა, შემწირველს შეუძლია ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. უძრავი ქონების გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს თავისი ქვეყნის ფილიალს.

ანდერძი: ქონება ან თანხა შეიძლება ანდერძით გადაეცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. ფილიალს უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

შესაწირავის სახით შესაძლებელია აგრეთვე შეწირულ იქნეს მოძრავი ქონება, აქციები, ანაბრები და საბანკო ანგარიშები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.