წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2012

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ნიშნავს მათეს 19:10—12-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები იმას, რომ მათ, ვინც დაუქორწინებლობა გადაწყვიტეს, სასწაულებრივად მიიღეს ეს ძღვენი?

განვიხილოთ, რა ვითარებაში მოიხსენია იესომ დაუქორწინებლობა. როდესაც ფარისევლები მივიდნენ იესოსთან და წამოჭრეს გაყრის საკითხი, მან ნათლად აუხსნა მათ იეჰოვას ნორმები ქორწინებასთან დაკავშირებით. მოსეს კანონი აძლევდა მამაკაცებს უფლებას, მიეცათ ცოლისთვის გაყრის მოწმობა, თუ „რაღაც უწესოს“ უპოვიდნენ. მაგრამ ეს თავდაპირველად არ იყო ღვთის განზრახვა (კან. 24:1, 2). შემდეგ იესომ თქვა: „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:3—9).

ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებმა თქვეს: „თუკი ასეა, უმჯობესია, საერთოდ არ მოიყვანო ცოლი“. იესომ კი მიუგო: „ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვებს, არამედ მხოლოდ ის, ვისაც ძღვენი აქვს ბოძებული, რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდანვე ასეთები დაიბადნენ; არიან საჭურისები, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისები, რომლებმაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათ. 19:10—12).

პირდაპირი გაგებით, საჭურისები ისინი იყვნენ, ვინც დაიბადნენ ამ ნაკლოვანებით, დასახიჩრდნენ უბედური შემთხვევის დროს ან დაასაჭურისეს. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი ნებით გადაწყვიტეს, ეცხოვრათ ისე, როგორც საჭურისებს. მათ შეეძლოთ დაქორწინება, მაგრამ ავლენდნენ თავშეკავებას და არ ქორწინდებოდნენ „ზეციერი სამეფოს“ გამო. იესოს მსგავსად, მათ არჩიეს დაუქორწინებლად ყოფნა, რათა სრულად მიეძღვნათ თავი სამეფოს საქმისთვის. ისინი არც დაუქორწინებლობის ძღვნით დაბადებულან და არც მიუღიათ ის. მათ „შეითვისეს“ ეს ძღვენი ანუ შეგნებულად გადადგეს ეს ნაბიჯი.

იესოს სიტყვებზე დაფუძნებით, მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ თუმცა ყველა ქრისტიანს — დაოჯახებულსა თუ დაუოჯახებელს — სათანადოდ შეუძლია ემსახუროს ღმერთს, დაუქორწინებელი, რომელიც „გულით მტკიცედ დგას“ უკეთესად იქცევა. როგორ გავიგოთ ეს? დაქორწინებულმა თავისი დრო და ენერგია მეუღლეს უნდა დაუთმოს, რათა ასიამოვნოს მას და იზრუნოს მასზე. ამის საპირისპიროდ კი, დაუქორწინებელ ქრისტიანს ამ ვალდებულებების გარეშე შეუძლია ემსახუროს ღმერთს. ის თავის მდგომარეობას ღვთის „ძღვნად“ მიიჩნევს (1 კორ. 7:7, 32—38).

ამგვარად, წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანი არ იღებს დაუქორწინებლობის ძღვენს სასწაულებრივად. ის წყვეტს, დაუქორწინებელი დარჩეს და ამგვარად შეითვისოს ეს ძღვენი, რათა სამეფოს ინტერესებს დაუჭიროს მხარი მოუცდენლად. დღეს ამ მიზეზით ბევრმა გადაწყვიტა დაუქორწინებლად დარჩენა და კარგი იქნება, თუ სხვები გაამხნევებენ და პატივისცემით მოეკიდებიან მათ ამ გადაწყვეტილებას.