წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2012

In Brazil

In Brazil

რამდენიმე წლის წინ რუბია (1), რომელიც ახლა 30 წლისაა, ესტუმრა ერთ პიონერ დას, სანდრას. სანდრა (2) მსახურობს სამხრეთი ბრაზილიის ერთ პატარა კრებაში. ამ სტუმრობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუბიაზე, რომ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. რა მოხდა ასეთი? მოდი, თავად მას ვკითხოთ.

„ყურებს არ ვუჯერებდი“

«სანდრამ წამიყვანა ერთ ქალთან, რომელსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. შესწავლის დროს ქალმა სანდრას უთხრა: „სამსახურში სამმა თანამშრომელმა გოგომ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ვუთხარი, რომ თავიანთ რიგს უნდა დალოდებოდნენ. ვიცი, წლის ბოლომდე არ გცალია“. ყურებს არ ვუჯერებდი, რომ მათ, ვისაც იეჰოვას გაცნობა სურდათ, ბიბლიის შესწავლის რიგში დგომა უწევდათ. ჩემს კრებაში  ერთი შესწავლაც ძლივს ვიპოვე. სწორედ იმ ბიბლიის შემსწავლელის სახლში გამიჩნდა ძლიერი სურვილი, დავხმარებოდი ადამიანებს მათ პატარა ქალაქში. ამის შემდეგ მალევე ჩემი დიდი ქალაქიდან გადავედი იქ, სადაც სანდრა მსახურობდა».

რა მოჰყვა რუბიას იქ გადასვლას? ის გვიყვება: „გადასვლიდან ორ თვეში ბიბლიის 15 შესწავლას ვატარებდი და გჯერათ ეს თუ არა, სანდრას მსგავსად, მეც მედგა ბიბლიის შემსწავლელთა რიგი“.

მან მსახურებაში ცვლილებები მოახდინა

დიეგო (3), რომელიც ახლა 20-ს გადაცილებულია, ესტუმრა ერთ პიონერ წყვილს ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქ პრუდენტოპოლისში. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იქ ჩასვლამ. ის აღიძრა, მსახურებაში ცვლილებები მოეხდინა. დიეგო ამბობს: „ჩემს კრებაში უბრალოდ დინებას მივყვებოდი და მსახურებას თვეში რამდენიმე საათს თუ ვუთმობდი. ამ პიონერებთან სტუმრობამ და მათი შემთხვევების მოსმენამ დამანახვა, თუ რა სიხარულით ქადაგებდნენ ისინი და მე როგორი ზერელე დამოკიდებულება მქონდა მსახურებისადმი. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ და მომინდა ჩემი ცხოვრებაც ასეთივე აზრიანი ყოფილიყო“. ამის შემდეგ დიეგომ პიონერად მსახურება დაიწყო.

დიეგოს მსგავსად, შეიძლება შენც ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე ხარ, ქადაგებ და დადიხარ კრების შეხვედრებზე, მაგრამ გრძნობ, რომ მსახურება ერთფეროვანი და უხალისო გახდა. შეგიძლია ცვლილებები მოახდინო ცხოვრებაში და განიცადო სიხარული, რომელიც იქ მსახურებას მოაქვს, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილებაა? გასაგებია, თუ კეთილმოწყობილი ცხოვრების შეცვლა გაშინებს, მაგრამ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გააკეთა ეს. ისინი არ შეუშინდნენ ამას, შეცვალეს პირადი მიზნები თუ სურვილები და ახლა უფრო მეტს აკეთებენ იეჰოვასთვის. მოდი, განვიხილოთ ბრუნოს შემთხვევა.

მაესტრო თუ მსახური?

რამდენიმე წლის წინ ბრუნო (4), რომელიც ახლა 28 წლისაა, სწავლობდა პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში. მას სურდა, ორკესტრის დირიჟორი გამხდარიყო. ბრუნო საკმაო წარმატებებს აღწევდა და ის რამდენიმეჯერ მიიწვიეს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად. ეს მას კარგ კარიერას უქადდა. ბრუნო მოგვითხრობს:  „ვგრძნობდი, რომ ცხოვრებაში რაღაც მაკლდა. იეჰოვასადმი მიძღვნილი ვიყავი და ძალიან მაწუხებდა, რომ მთელი გულით და სულით არ ვემსახურებოდი მას. იეჰოვას ლოცვაში გავუმხილე ჩემი გრძნობები და, ამასთანავე, დაველაპარაკე ჩემი კრების გამოცდილ ძმებს. სერიოზულად ვიფიქრე და გადავწყვიტე, მსახურება მუსიკაზე წინ დამეყენებინა. გამოვედი მუსიკალური სკოლიდან და მიზნად დავისახე, მემსახურა იქ, სადაც სამეფოს შესახებ მქადაგებლებზე მართლაც დიდი მოთხოვნილება იყო“. რა შედეგები მოჰყვა მის ამ გადაწყვეტილებას?

ბრუნო გადავიდა ქალაქ გუაპიარაში (მოსახლეობა დაახლოებით 7 000), რომელიც სან-პაულოდან 260 კილომეტრში მდებარეობდა. ეს დიდი ცვლილება იყო. ბრუნო გვიზიარებს: „გუაპიარაში ვცხოვრობდი პატარა სახლში, სადაც არც მაცივარი იყო, არც ტელევიზორი და არც ინტერნეტი. თუმცა მქონდა ის, რაც მანამდე არასდროს მქონია — ბაღი და ბოსტანი“. ბრუნო მსახურობდა პატარა კრებაში. ის კვირაში ერთხელ ჩანთაში აწყობდა საჭმელს, წყალსა და ლიტერატურას, და თავისი მოტოციკლეტით მიმდებარე სოფლებში საქადაგოდ მიდიოდა. იმ მხარეში მანამდე ძალიან ბევრს არასდროს სმენოდა სასიხარულო ცნობის შესახებ. „18 ბიბლიის შესწავლას ვატარებდი, — გვიამბობს ბრუნო. — გული სიხარულით მევსებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ცვლილებებს ახდენდნენ ჩემი ბიბლიის შემსწავლელები! მივხვდი, რომ ვიპოვე ზუსტად ის, რაც მაკლდა ცხოვრებაში — ღრმა კმაყოფილების გრძნობა, რომელიც სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას მოაქვს. ვერასდროს ვიგრძნობდი ამ სიხარულს, სულიერი მიზნები რომ არ დამესახა“. როგორ ირჩენდა ბრუნო თავს გუაპიარაში? მან ღიმილით აღნიშნა: „ადგილობრივებს გიტარაზე დაკვრას ვასწავლიდი“. ის, ასე თუ ისე, მაინც დარჩა მაესტროდ.

„უნდა დავრჩენილიყავი, სხვა გზა არ მქონდა“

ბრუნოს მსგავს სიტუაციაში იყო მარიანაც (5), რომელიც ახლა 30 წლამდეა. ის იურისტად მუშაობდა, მაგრამ შემოსავლიანი სამსახურის მიუხედავად, თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. მარიანა ამბობს: „ჩემი ცხოვრება ქარის დევნას ჰგავდა“ (ეკლ. 1:17). რამდენიმე და-ძმამ ის პიონერულ მსახურებაზე დააფიქრა და მარიანამაც თავის მეგობრებთან ბიანკასთან (6), კაროლინასთან (7) და ჯულიანასთან (8) ერთად გადაწყვიტა,  დახმარებოდა ბარა-დუ-ბორჟის კრებას. ეს ქალაქი მდებარეობდა ბოლივიასთან ახლოს, მათი სახლიდან ათასობით კილომეტრში. რა მოხდა შემდეგ?

მარიანა გვიამბობს: „იქ სამი თვე ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ უკან დაბრუნების დრო რომ დადგა, უკვე 15 ბიბლიის შესწავლას ვატარებდი. რა თქმა უნდა, ეს შემსწავლელები საჭიროებდნენ მეტ დახმარებას, რომ ჭეშმარიტებაში გაზრდილიყვნენ. ენა ვერ მომიბრუნდა იმის სათქმელად, რომ მათი მიტოვება მომიწევდა. ამიტომ უნდა დავრჩენილიყავი, სხვა გზა არ მქონდა“. მსგავსადვე მოიქცა ის სამი დაც. გრძნობდა ახლა მარიანა თავს უფრო ბედნიერად? ის გვიზიარებს: „თავს უბედნიერესად ვგრძნობ, ვინაიდან იეჰოვა ჩემი მეშვეობით ეხმარება ადამიანებს, რომ მათ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. მიხარია, რომ ახლა ჩემს დროსა და ენერგიას ვახმარ იმას, რაც მართლა ღირებულია“. კაროლინა თავისი და დანარჩენი სამი დის გრძნობებს ასე გამოხატავს: «ღამე რომ ვწვები, საოცარ კმაყოფილებას ვგრძნობ, რადგან სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენე. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავეხმარო ჩემს ბიბლიის შემსწავლელებს. გული სიხარულით მევსება, როდესაც მათ სულიერ წარმატებებს ვხედავ. პირადად ვრწმუნდები შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“» (ფსალმ. 34:8).

მართლაც, როგორ ახარებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მზადყოფნით გადადის დაშორებულ ტერიტორიებზე ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად (ფსალმ. 110:3; იგავ. 27:11). თავის მხრივ, ყველა ეს გულმოდგინე მქადაგებელი იეჰოვას უხვ კურთხევებს იმკის (იგავ. 10:22).

 

გაიგეთ მეტი

სკოლები პიონერებისთვის

რა სპეციალურ დასწავლებას გადიან ისინი, რომლებიც სრულ დროით ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?