არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2012

მშვიდობა ათასი წლის მანძილზე და მას მერეც

მშვიდობა ათასი წლის მანძილზე და მას მერეც

„ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28).

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყოველივე ის სიკეთე, რომელსაც ძლევამოსილი მთავრობა გაუკეთებს თავის ქვეშევრდომებს ათასი წლის განმავლობაში სამართლიანი და თანამგრძნობი მმართველის დროს? „უამრავი ხალხი“, რომლებიც გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, არაჩვეულებრივი მოვლენების მომსწრენი გახდებიან, რასაც მოჰყვება ამ ბოროტი ქვეყნიერების სრული განადგურება (გამოცხ. 7:9, 14).

2. რა გადაიტანა კაცობრიობამ გასული 6 000 წლის განმავლობაში?

2 ადამიანების 6 000-წლიანმა მმართველობამ კაცობრიობას დიდი ტკივილი და ტანჯვა მოუტანა. ბიბლიაში დიდი ხნით ადრე ასეთი რამ ჩაიწერა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9). როგორი მდგომარეობაა დღეს? ომებისა და აჯანყებების გარდა, გავრცელებულია ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: სიღარიბე, დაავადებები, გარემოს განადგურება, კლიმატის ცვლილება და სხვა. მთავრობის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ თუ ადამიანები არ შეიცვლიან თავიანთ გულგრილ დამოკიდებულებას, შედეგები სავალალო იქნება.

3. რას მოიტანს ათასწლიანი მეფობა?

3 მესიანური მეფის, იესო ქრისტესა, და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობით ღვთის სამეფო თანდათანობით აღმოფხვრის ყველა იმ უბედურებას, რომელიც თავს დაატყდათ ადამიანებს და მათ სახლს, პლანეტა დედამიწას. ათასწლიანი მეფობის დროს შესრულდება იეჰოვა ღმერთის მანუგეშებელი დანაპირები: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:17). რა გასაოცარი მოვლენები გველის წინ? ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის მეშვეობით, მოდი, თვალი შევავლოთ მოვლენებს, რომლებიც ჯერ „უხილავია“ (2 კორ. 4:18).

 ააშენებენ სახლებს და გააშენებენ ვენახებს

4. რა პრობლემებს ხვდება ბევრი საცხოვრებელთან დაკავშირებით?

4 ვის არ სურს, ჰქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ის და მისი ოჯახი უსაფრთხოდ და მშვიდად იცხოვრებდა? მაგრამ უსახლკარობა დღეს მთელ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის საცხოვრებლად ისედაც ხალხით გადაჭედილ ქალაქებში. ბევრს ქოხმახებსა და ჯურღმულებში უწევს ცხოვრება. მათთვის საკუთარი სახლის ქონა მხოლოდ ოცნებაა.

5, 6. ა) როგორ შესრულდება ესაიას 65:21-სა და მიქას 4:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ კურთხევების მიღება?

5 სამეფოს მმართველობის დროს ახდება ყველას ოცნება, ჰქონდეს საკუთარი ჭერი. ამის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ეს. 65:21). აქედან გამომდინარე, საკუთარი სახლის ქონა მხოლოდ ოცნება არ არის. თუმცა დღეს ბევრს აქვს საკუთარი ბინა და ზოგიერთები უზარმაზარ საკუთარ სახლებსა და სასახლეებშიც კი ცხოვრობენ, მაგრამ ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ ფინანსური არასტაბილურობის გამო ეს ყველაფერი დაკარგონ. ადამიანები არც ყაჩაღების გამო გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ღვთის მმართველობის დროს საქმე სულ სხვაგვარად იქნება. წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქ. 4:4).

6 რის გაკეთება გვმართებს ჩვენ? რა თქმა უნდა, ყველას გვჭირდება ნორმალური საცხოვრებელი. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ახლავე ვეცადოთ ჩვენი ოცნების სახლის აშენებას და, შესაძლოა, ამის გამო სერიოზულ ვალებშიც კი ჩავეფლოთ, ნუთუ უფრო გონივრული არ იქნება, ყოველთვის იეჰოვას დაპირებაზე ვიფიქროთ? გავიხსენოთ, რა თქვა იესომ საკუთარ თავზე: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (ლუკ. 9:58). იესოს უნარიც ჰქონდა და შესაძლებლობაც, აეშენებინა ან ჰქონოდა ისეთი სახლი, რომლის მსგავსი არასდროს არავის ჰქონია. მაგრამ რატომ არ გააკეთა მან ეს? იმიტომ რომ, იესოს არ უნდოდა, მოცდენილიყო და ისეთი რამით დაკავებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სამეფოს პირველ ადგილზე დაყენებაში. შეგვიძლია მივბაძოთ მას და სუფთად შევინარჩუნოთ თვალი ანუ არ გაგვიტაცოს მატერიალურზე ფიქრმა და ცხოვრებისეულმა საზრუნავმა? (მათ. 6:33, 34).

„მგელი და ბატკანი ერთად შეჭამენ“

7. როგორი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო ადამიანებსა და ცხოველებს შორის იეჰოვას თავდაპირველი ჩანაფიქრით?

7 ადამიანები იეჰოვამ ყველაზე ბოლოს შექმნა და ეს იყო დედამიწაზე მისი შემოქმედების გვირგვინი. მის ოსტატსა და პირმშოს იეჰოვამ თავისი განზრახვა გაანდო: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად; მათ ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“ (დაბ. 1:26). ამგვარად, ადამსა და ევას და, საბოლოოდ, ყველა ადამიანს უნდა ებატონათ ცხოველებზე.

8. რა არის ცხოველებისთვის დამახასიათებელი?

8 შესაძლებელია სინამდვილეში ადამიანებმა დაიმორჩილონ ცხოველები და ჰქონდეთ ერთმანეთს შორის ჰარმონია? ბევრს ძალიან უყვარს შინაური ცხოველები, მაგალითად: ძაღლები და კატები. მაგრამ რა შეიძლება ითქვას გარეულ ცხოველებზე? ერთი გამოკვლევის თანახმად, მეცნიერებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ გარეული ცხოველების მახლობლად და იკვლევდნენ მათ, დაადგინეს,  რომ ყველა ძუძუმწოვარს აქვს გრძნობები. რა თქმა უნდა, როცა ცხოველები საფრთხეს გრძნობენ, მათ შიში ეუფლებათ ან აგრესიულები ხდებიან. მაგრამ შეუძლიათ ცხოველებს სიყვარულის გამოვლენა? იმავე გამოკვლევაში ნათქვამი იყო: „ძუძუმწოვრები თავიანთი პატარების მიმართ ავლენენ განსაკუთრებულ სითბოსა და მზრუნველობას“.

9. რა ცვლილებები მოხდება მომავალში ცხოველებთან დაკავშირებით?

9 რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის სრული ჰარმონია დაისადგურებს? (წაიკითხეთ ესაიას 11:6—9; 65:25 ). როდესაც ნოე და მისი ოჯახი წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გამოვიდნენ, იეჰოვამ მათ უთხრა: „თქვენი შიშით ძრწოდეს დედამიწის ყველა ცოცხალი ქმნილება“. ამის შემდეგ ცხოველები უფრთხიან ადამიანებს თავის დასაცავად (დაბ. 9:2, 3). ნუთუ არ შეუძლია იეჰოვას გააქროს ეს შიში და შეასრულოს თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრი? (ოს. 2:18). მართლაც, რა სასიამოვნო დრო ელის ყველას, ვინც იმ დროს იცხოვრებს დედამიწაზე!

„მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს“

10. რატომ არ არის ცრემლები უჩვეულო ადამიანებისთვის?

10 როდესაც სოლომონმა დაინახა „ჩაგვრა, რომელიც მზის ქვეშ ხდება“, შეწუხებულმა ასეთი რამ თქვა: „აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი“ (ეკლ. 4:1). დღესაც იგივე სიტუაციაა, უარესი თუ არა. რომელ ჩვენგანს არ დაუღვრია ცრემლი ამა თუ იმ მიზეზის გამო?! ზოგჯერ ეს შეიძლება სიხარულის ცრემლებიც იყოს, მაგრამ, ძირითადად, ცრემლების მიზეზი მწუხარება და გულისტკივილია.

11. განსაკუთრებით რომელი ბიბლიური მონაკვეთი ეხება თქვენს გულს?

11 გავიხსენოთ ბიბლიაში ჩაწერილი მრავალი გულისამაჩუყებელი მონაკვეთი. სარა 127 წლის იყო, როცა მოკვდა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „შევიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად“ (დაბ. 23:1, 2). როცა ნაომი თავის რძლებს ემშვიდობებოდა, ისინი „ხმამაღლა ატირდნენ“; შემდეგ კი „უფრო ხმამაღლა ატირდნენ“ (რუთ. 1:9, 14). როცა მეფე ხიზკია დაავადდა და სიკვდილს თვალებში უყურებდა, მან ღმერთს ლოცვით მიმართა და „მწარედ ატირდა“; როგორც ჩანს, ამან იმოქმედა იეჰოვაზე (2 მეფ. 20:1—5). ან ვის დატოვებს გულგრილს ის მონაკვეთი, როცა მოციქულმა პეტრემ უარყო იესო? მამლის ყივილის გაგონებაზე პეტრე „გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა“ (მათ. 26:75).

12. როგორ მოუტანს შვებას ღვთის სამეფო კაცობრიობას?

12 სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევის გამო ადამიანები საჭიროებენ ნუგეშსა და შვებას. სწორედ ამას მოუტანს სამეფოს ქვეშევრდომებს ქრისტეს ათასწლიანი მეფობა: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:4). რა კარგი იქნება, როდესაც გლოვა, გოდება და ტკივილი წარსულს ჩაბარდება. ღმერთი აგრეთვე ბოლოს მოუღებს კაცობრიობის უკანასკნელ მტერს — სიკვდილს. როგორ მოხდება ეს?

„ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“

13. როგორ მოქმედებს სიკვდილი ადამიანებზე?

13 ადამის შეცოდების შემდეგ სიკვდილი „მეფობს“ მთელ კაცობრიობაზე. ის არის დაუმარცხებელი მტერი, რომელსაც ცოდვილი ადამიანები ვერსად გაექცევიან; მას ენით აუწერელი ტკივილი და მწუხარება მოაქვს (რომ. 5:12, 14). ფაქტობრივად, მილიონები „სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში“ არიან (ებრ. 2:15).

 14 ბიბლიაში წერია, რომ „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორ. 15:26). აქედან სარგებლობას ადამიანთა ორი ჯგუფი მიიღებს. პირველი, დღეს მცხოვრები უამრავი ხალხი დაიმკვიდრებს დაპირებულ ახალ ქვეყნიერებას, სადაც უსასრულოდ იცხოვრებენ. მეორე, მილიარდობით გარდაცვლილი მკვდრეთით აღდგება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის სიხარული და აღტაცება, როდესაც „დიდ გასაჭირს“ გადარჩენილები შეეგებებიან მკვდრეთით აღდგენილებს? ამის წარმოდგენა გაგვიადვილდება, თუ ყურადღებით გამოვიკვლევთ ბიბლიაში ჩაწერილ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს (წაიკითხეთ მარკოზის 5:38—42; ლუკას 7:11—17 ).

15. როგორი რეაქცია გექნებათ, როდესაც დაინახავთ მკვდრეთით აღმდგარ თქვენს საყვარელ ადამიანს?

15 დაფიქრდით შემდეგ სიტყვებზე: „იქ მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ და „ღმერთს ადიდებდნენ“. ამ შემთხვევების მომსწრე რომ გამხდარიყავით, ალბათ, თქვენც იგივე გრძნობები დაგეუფლებოდათ. მართლაც, როდესაც ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვიხილავთ, ენით აუწერელი სიხარული და აღტაცება დაგვეუფლება. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა ასეთი სასწაულის თვითმხილველი, ამიტომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა, რომელიც ჯერ „უხილავია“.

ღმერთი იქნება „ყველაფერი ყველასთვის“

16. ა) რატომ უნდა ვისაუბროთ ენთუზიაზმით მომავალ კურთხევებზე? ბ) რა თქვა პავლემ კორინთელი ქრისტიანების გასამხნევებლად?

16 მათ, ვინც ერთგულებას ინარჩუნებს ამ მძიმე დროში, შესანიშნავი მომავალი ელით. მართალია, ჯერ არ გვიხილავს ის უდიდესი კურთხევები, რომლებსაც მომავალში მივიღებთ, მაგრამ მათზე ფიქრი დაგვეხმარება, კონცენტრირებული ვიყოთ იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია; ეს  ასევე დაგვეხმარება, არ გაგვიტაცოს ამ ქვეყნიერების მაცდურმა მიმზიდველობამ (ლუკ. 21:34; 1 ტიმ. 6:17—19). ყოველთვის ენთუზიაზმით ვილაპარაკოთ ჩვენს გასაოცარ იმედსა და კურთხევებზე ოჯახური შესწავლის ან ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს, თანაქრისტიანებთან საუბრისას და ბიბლიური თემების განხილვისას დაინტერესებულებთან თუ ბიბლიის შემსწავლელებთან. ეს დაგვეხმარება, ყოველთვის გულსა და გონებაში გვქონდეს ჩვენი იმედი. პავლე მოციქული ზუსტად ასე ამხნევებდა თანაქრისტიანებს. ის დაეხმარა მათ, წარმოედგინათ, თუ რა მოხდებოდა ათასწლიანი მეფობის ბოლოს. შეეცადეთ, სრულად ჩასწვდეთ პავლეს სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც ჩაწერილია 1 კორინთელების 15:24, 25, 28-ში (წაიკითხეთ).

17, 18. ა) რა გაგებით იყო იეჰოვა „ყველაფერი ყველასთვის“ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში? ბ) რას გააკეთებს იესო ერთიანობისა და ჰარმონიის აღსადგენად?

17 ღმერთი იქნება „ყველაფერი ყველასთვის“ — ეს არის საუკეთესო აღწერა, თუ რა მოხდება ათასი წლის ბოლოს. რას ნიშნავს ეს? როგორც ვიცით, ედემის ბაღში სრულყოფილი ადამიანები, ადამი და ევა, იყვნენ იეჰოვას განუმეორებელი ოჯახის წევრები, რომელშიც ყოველთვის მშვიდობა და ჰარმონია სუფევდა. იეჰოვა, სამყაროს უზენაესი მმართველი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავის ყველა ქმნილებას — ანგელოზებსაც და ადამიანებსაც. მათ შეეძლოთ პირადად ჰქონოდათ ღმერთთან ურთიერთობა, თაყვანი ეცათ მისთვის და მიეღოთ მისგან კურთხევები. ღმერთი იყო „ყველაფერი ყველასთვის“.

თავისი დავალების შესრულების შემდეგ იესო მეფობას მამას გადსცემს

18 ეს ჰარმონია მაშინ დაირღვა, როცა სატანის გავლენით ადამიანებმა იეჰოვას უზენაესობა დააყენეს ეჭვქვეშ. მაგრამ 1914 წლიდან მესიანურმა სამეფომ ამ ერთიანობისა და ჰარმონიის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა (ეფეს. 1:9, 10). ათასწლიანი მეფობის განმავლობაში ის არაჩვეულებრივი მოვლენები, რომლებიც დღეს „უხილავია“, რეალობად იქცევა. მერე დადგება „აღსასრული“, ანუ დასრულდება ქრისტეს ათასწლიანი მეფობა. რა მოხდება შემდეგ? იესო არ არის პატივმოყვარე, მიუხედავად იმისა, რომ „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ მას აქვს მიცემული. იესოს აზრადაც არ მოსვლია იეჰოვას ადგილის დაკავება. ის თავმდაბლურად გადასცემს სამეფოს თავის ღმერთსა და მამას. იესო თავის განსაკუთრებულ მდგომარეობასა და ძალაუფლებას გამოიყენებს „ღვთის . . . სადიდებლად“ (მათ. 28:18; ფილ. 2:9—11).

19, 20. ა) როგორ უნდა დაამტკიცონ სამეფოს ქვეშევრდომებმა, აღიარებენ თუ არა იეჰოვას უზენაესობას? ბ) რა დიდებული მომავალი გველის წინ?

19 იმ დროისთვის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები უკვე გასრულყოფილდებიან. ისინი მიჰბაძავენ იესოს და თავმდაბლურად და სიხარულით აღიარებენ იეჰოვას უზენაესობას. საბოლოო გამოცდისას მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ, სურთ თუ არა ამის გაკეთება (გამოცხ. 20:7—10). ამის შემდეგ ყველა ურჩი, იქნება ეს ადამიანი თუ სულიერი ქმნილება, სამუდამოდ განადგურდება. რა სასიხარულო და საოცარი დრო გველის. ღვთის ყველა ქმნილება, როგორც ერთი დიდი ოჯახი, განადიდებს იეჰოვას, რომელიც იქნება „ყველაფერი ყველასთვის“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 99:1—3).

20 განა არ აღგძრავთ ღვთის სამეფოს კურთხევებზე ფიქრი, მთელი გულმოდგინებით ასრულებდეთ ღვთის ნებას და ეს იყოს მთავარი თქვენს ცხოვრებაში? არ გაგიტაცოთ სატანის ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებულმა ცრუ იმედებმა და ფუჭმა ნუგეშმა. მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ მხარი დაუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას. დაე, თქვენმა საქმეებმა ცხადყოს, რომ ამის გაკეთება მარადიულად გსურთ. ყოველივე ამის შემდეგ გაიხარებთ მშვიდობითა და კეთილდღეობით ათასი წლის მანძილზე და მას მერეც.