წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2012

იეჰოვა კრებს სიხარულით აღსავსე თავის მსახურებს

იეჰოვა კრებს სიხარულით აღსავსე თავის მსახურებს

„შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები, ბავშვები და . . . ხიზნები“ (კან. 31:12).

საერთაშორისო და საოლქო კონგრესები იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მრავალი ჩვენგანი არაერთხელ დასწრებია ათწლეულების მანძილზე ამ სასიხარულო ღონისძიებებს.

1, 2. თეოკრატიული კონგრესების რა დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

2 ათასობით წლის წინ ღვთის ხალხს მსგავსადვე ჰქონდა წმინდა შეკრებები. განვიხილოთ ბიბლიური დროის ასეთი დიდი შეკრებები და ვნახოთ, რა მსგავსებაა ძველ და თანამედროვე შეკრებებს შორის. აგრეთვე ყურადღება გავამახვილოთ იმ კურთხევებზე, რომლებიც მათზე დასწრებას მოაქვს (ფსალმ. 44:1; რომ. 15:4).

დიდი ისტორიული შეკრებები წარსულში და დღეს

3. ა) როგორი იყო ბიბლიაში მოხსენიებული იეჰოვას ხალხის პირველი დიდი შეკრება? ბ) როგორ ატყობინებდნენ ისრაელებს, რომ უნდა შეკრებილიყვნენ?

3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სულიერი დასწავლების მისაღებად ღვთის ხალხის პირველი დიდი შეკრება ჩატარდა სინას მთასთან. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო წმინდა თაყვანისმცემლობის ისტორიაში. ამ ამაღელვებელი და დაუვიწყარი შეკრების დროს იეჰოვამ აჩვენა ისრაელებს თავისი ძალა და მისცა კანონთა კრებული (გამ. 19:2—9, 16—19; წაიკითხეთ გამოსვლის 20:18; კანონის 4:9, 10). ამ მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა ისრაელებთან ღვთის შემდგომ ურთიერთობას. არც ისე დიდი ხნის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა, მომავალში როგორ შეეკრიბა ხალხი. იეჰოვას მითითებისამებრ, მოსემ გააკეთა ორი ვერცხლის საყვირი, რომელთა მეშვეობით უნდა შეეკრიბა „მთელი კრებული . . . შეხვედრის კარვის შესასვლელთან“ (რიცხ. 10:1—4). წარმოიდგინეთ, რა შთამბეჭდავი შეხვედრა იქნებოდა!

4, 5. რით იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი შეხვედრები, რომლებიც მოსესა და იესო ნავეს ძის დროს ჩატარდა?

4 უდაბნოში ისრაელების 40-წლიანი ხეტიალის ბოლოს,  როდესაც ამ შედარებით ახალი ერის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მოსემ მთელი ერი შეკრიბა. ისინი იდგნენ აღთქმული მიწის საზღვართან. ეს იყო საუკეთესო დრო, რომ მოსეს შეეხსენებინა ისრაელებისთვის ყოველივე ის, რაც იეჰოვამ მათ გაუკეთა და რის გაკეთებასაც აპირებდა (კან. 29:1—15; 30:15—20; 31:30).

5 შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრის დროს წამოჭრა მოსემ ღვთის ხალხის რეგულარული შეკრებებისა და დასწავლების საკითხი. ყოველ მე-7 წელს, კარვობის დღესასწაულზე, კაცები, ქალები, ბავშვები და ხიზნები უნდა შეკრებილიყვნენ იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილას, რათა მოესმინათ, ესწავლათ, ჰქონოდათ იეჰოვასადმი შიში და შეესრულებინათ კანონის ყველა სიტყვა (წაიკითხეთ კანონის 31:1, 10—12). ღვთის ხალხის ისტორიის დასაწყისიდანვე ცხადი იყო, რომ ისინი ხშირად უნდა შეკრებილიყვნენ იეჰოვას სიტყვასა და განზრახვებზე დასაფიქრებლად. როცა ისრაელებმა მთლიანად დაიპყრეს აღთქმული მიწა, მათ გარშემო კვლავ ცხოვრობდნენ წარმართი ერები. იესო ნავეს ძემ შეკრიბა ყველა ისრაელი, რათა განემტკიცებინა მათი გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ იეჰოვას ერთგულები. იმ დღეს მთელმა ერმა დაიფიცა, რომ ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს (იეს. 23:1, 2; 24:1, 15, 21—24).

6, 7. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას ხალხის თანამედროვე კონგრესები უმნიშვნელოვანესი მოვლენებია?

6 იეჰოვას ხალხის უახლეს ისტორიას ახსოვს უმნიშვნელოვანესი კონგრესები. ეს იყო დიდი შეკრებები, რომლებმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი თეოკრატიულ საქმიანობას ან ნათელი მოჰფინა გარკვეულ ბიბლიურ სწავლებებს (იგავ. 4:18). ბიბლიის მკვლევრების პირველი მნიშვნელოვანი კონგრესი ჩატარდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ). ამ შეხვედრაზე, რომელსაც 7 000-მდე ადამიანი ესწრებოდა, გაისმა მოწოდება, ექადაგათ მთელ მსოფლიოში. 1922 წელს იმავე ქალაქში ჩატარებული ცხრადღიანი კონგრესის კულმინაცია იყო ჯოზეფ რუტერფორდის მიმართვა აუდიტორიისადმი: „იყავით უფლის ერთგული და ჭეშმარიტი მოწმეები! იბრძოლეთ, ვიდრე ბაბილონის უკანასკნელი კვალი არ წაიშლება! ყველგან აუწყეთ ეს ცნობა! ქვეყნიერებამ უნდა გაიგოს, რომ იეჰოვა ღმერთია, იესო ქრისტე — მეფეთა მეფე და უფალთა უფალი! ეს არის დღეთა დღე. მეფე მეფობს! თქვენა ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. იქ დამსწრეებმა და ღვთის ხალხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიხარულით მიიღეს ეს მოწოდება.

7 კოლუმბუსში (ოჰაიო) 1931 წელს ჩატარებულ კონგრესზე ბიბლიის მკვლევრების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ მიიღეს ახალი სახელი — იეჰოვას მოწმეები. შემდეგ 1935 წელს ვაშინგტონში ძმა რუტერფორდმა ახსნა, თუ ვინ არის „ტახტისა და კრავის წინ“ მდგარი „უამრავი ხალხი“ (გამოცხ. 7:9—17). 1942 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ნეითან ნორმა წარმოთქვა შთამბეჭდავი მოხსენება „მშვიდობა — დიდხანს გასტანს?“. ამ თემით მან ნათელი მოჰფინა, თუ რას წარმოადგენდა გამოცხადების მე-17 თავში მოხსენიებული „ალისფერი მხეცი“ და აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობა უფრო გაფართოვდებოდა.

1950 წელს ნიუ-იორკში ჩატარებული საერთაშორისო კონგრესი

8, 9. რით იყო ზოგიერთი კონგრესი განსაკუთრებით აღსანიშნავი?

8 განსაკუთრებით აღსანიშნავია 1946 წელს კლივლენდში (ოჰაიო) ჩატარებული თეოკრატიული კონგრესი „ბედნიერი ხალხი“. ძმა ნორი გამოვიდა მოხსენებით „რეკონსტრუქციისა და გაფართოების პრობლემები“. ამ თემით აღფრთოვანებული ერთი ძმა წერდა: „ჩემთვის დიდი პატივი იყო, იმ საღამოს ვყოფილიყავი სცენაზე მის უკან. როცა ძმა ნორმა აღნიშნა, თუ რა საქმე იყო გასაკეთებელი და, რომ დაგეგმილი იყო ბრუკლინის ბეთელისა და ტიპოგრაფიის გაფართოება, იქუხა დამსწრეთა  აპლოდისმენტებმა. თუმცა სცენიდან დამსწრეთა სახეებს ვერ ვხედავდი, აშკარად ჩანდა მათი სიხარული“. ნიუ-იორკში 1950 წელს ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე დამსწრეებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. მათ მიიღეს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, თანამედროვე ენაზე გამოცემული ბიბლიის პირველი ნაწილი, რომელშიც ღვთის სახელი აღდგენილი იყო ყველგან, სადაც ის უნდა ყოფილიყო (იერ. 16:21).

9 იეჰოვამ თავისი ერთგული მოწმეები ისეთ ქვეყნებში შეკრიბა კონგრესებზე, სადაც ადრე მათ დევნიდნენ და უკრძალავდნენ ქადაგებას. დამსწრეთათვის ეს კონგრესები განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. ჰიტლერმა ფიცი დადო, რომ ბოლოს მოუღებდა იეჰოვას მოწმეებს გერმანიაში. მაგრამ 1955 წელს ნიურნბერგში, იქ სადაც ჰიტლერი აღლუმებს მართავდა, ჩატარდა კონგრესი, რომელსაც 107 000 იეჰოვას მსახური დაესწრო. ბევრი, ვინც ამ კონგრესს დაესწრო, ვერ იკავებდა სიხარულის ცრემლებს. 1989 წელს პოლონეთში ჩატარებულ სამ კონგრესზე „ღვთისადმი ერთგულება“ დაესწრო 166 518 ადამიანი, რომელთა უმეტესობა იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ზოგიერთები, რომლებიც მანამდე მხოლოდ 15-20-კაციან შეხვედრებს ესწრებოდნენ, პირველად დაესწრნენ ასეთ დიდ შეხვედრას. წარმოიდგინეთ ის უდიდესი სიხარული, რომელიც სუფევდა 1993 წელს კიევში (უკრაინა) ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიური სწავლება“. ამ კონგრესზე მოინათლა 7 402 ადამიანი. ერთ ჯერზე ამდენი იეჰოვას მოწმე არასდროს მონათლულა (ეს. 60:22; ანგ. 2:7).

10. რომელი კონგრესები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ?

10 შესაძლოა, თქვენც გახსენდებათ საოლქო ან საერთაშორისო კონგრესები. გახსოვთ თქვენი პირველი კონგრესი ან ის კონგრესი, რომელზეც მოინათლეთ? ეს კონგრესები იყო უმნიშვნელოვანესი თქვენს ცხოვრებაში. არასდროს დაივიწყოთ ის დღეები (ფსალმ. 42:4).

სიხარულის მომტანი დღესასწაულები

11. რა დღესასწაულები დააწესა იეჰოვამ ძველ ისრაელში?

11 იეჰოვა მოითხოვდა ისრაელებისგან, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში, რათა აღენიშნათ სამი ყოველწლიური დღესასწაული: უფუარობის, კვირებისა (მოგვიანებით მას ეწოდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაული) და კარვობის დღესასწაულები. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით ღმერთმა მათ უთხრა: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას სახის წინაშე“ (გამ. 23:14—17). მამაკაცების უმრავლესობას ესმოდა, რომ ასეთ დღესასწაულებს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ მთელი ოჯახებით ესწრებოდნენ მათ (1 სამ. 1:1—7; ლუკ. 2:41, 42).

12, 13. რას ნიშნავდა მრავალი ისრაელისთვის ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასწრება?

12 დაფიქრდით იმაზე, თუ რას ნიშნავდა ისრაელი ოჯახისთვის მგზავრობა. მაგალითად, იოსებსა და მარიამს ნაზარეთიდან იერუსალიმამდე დაახლოებით 100 კილომეტრი  უნდა გაევლოთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ პატარა ბავშვებთან ერთად ასეთი მგზავრობისთვის. იმ შემთხვევიდან, როდესაც 12 წლის იესო იერუსალიმში ჩავიდა, ჩანს, რომ ნათესავები და ნაცნობები ასეთ დღესასწაულებზე ჯგუფურად მიემგზავრებოდნენ. მგზავრობა, საჭმლის ერთად მომზადება და უცხო ადგილას შესაფერისი ღამის გასათევის ნახვა საკმაოდ რთული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იქ საკმაოდ უსაფრთხო გარემო იყო, რომ იესოს ასაკის ბავშვებისთვის გარკვეული თავისუფლება მიეცათ. წარმოიდგინეთ, რაოდენ დაუვიწყარი იქნებოდა ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის (ლუკ. 2:44—46).

13 მას შემდეგ, რაც ისრაელები გაიფანტნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასასწრებად მრავალი ეროვნების ადამიანი ჩამოდიოდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩამოსულები იყვნენ იუდეველები და პროზელიტები იტალიიდან, ლიბიიდან, კრეტადან, მცირე აზიიდან და შუამდინარეთიდან (საქ. 2:5—11; 20:16).

14. რატომ იყო კარგი ისრაელებისთვის ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასწრება?

14 ერთგული ისრაელებისთვის ამ დღესასწაულებზე დასწრებისას ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი მხარე იყო. ისინი სიხარულით სცემდნენ თაყვანს ღმერთს ათასობით სხვა თანამორწმუნესთან ერთად. რა გავლენას ახდენდა ეს დღესასწაულები დამსწრეებზე? ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია ვნახოთ იეჰოვას იმ მითითებებში, რომლებიც მან თავის ხალხს კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისცა: „იმხიარულეთ დღესასწაულის დროს შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, ლევიანებმა, ხიზნებმა, ქვრივებმა და უმამო ბავშვებმა, რომლებიც შენი კარიბჭეების შიგნით ცხოვრობენ. შვიდ დღეს იზეიმე დღესასწაული იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს, რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი გიკურთხებს მოსავალს და შენი ხელის ყოველ საქმეს, და სულ გახარებული იქნები“ (კან. 16:14, 15; წაიკითხეთ მათეს 5:3).

რატომ უნდა ვაფასებდეთ კონგრესებს

15, 16. ა) რა მსხვერპლზე გიწევთ წასვლა კონგრესებზე დასასწრებად? ბ) რატომ ღირს ასეთ მსხვერპლზე წასვლა?

15 წარსულში ჩატარებული დიდი შეკრებები ბრწყინვალე მაგალითია ღვთის ხალხისთვის დღეს. თუმცა საუკუნეების მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, ასეთი შეკრებების ანუ კონგრესების მთავარი დანიშნულება არ შეცვლილა. ბიბლიურ დროს ასეთ დიდ შეკრებებზე დასწრება მათ მსხვერპლის ფასად უჯდებოდათ. დღესაც ასეა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა სარგებლობა მოაქვს ამ კონგრესებზე დასწრებას, ასეთი მსხვერპლი ნამდვილად ღირს ძალისხმევად. როგორც წარსულში, ისე დღესაც ასეთი შეკრებები მნიშვნელოვანი სულიერი ღონისძიებებია. კონგრესებზე მიღებული ინფორმაცია და სულიერი საკითხების უკეთ გაგება უაღრესად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან ახლო ურთიერობის შესანარჩუნებლად. კონგრესები აღგვძრავს, ცხოვრებაში გამოვიყენოთ ნასწავლი და გვეხმარება, თავი ავარიდოთ პრობლემებს. ის აგრეთვე აღგვძრავს, დავისახოთ ისეთი მიზნები, რომლებიც მწუხარების ნაცვლად ბედნიერებას მოგვიტანს (ფსალმ. 122:1—4).

South Korea

16 კონგრესებზე დამსწრეთა შორის ყოველთვის სიხარული სუფევს. 1946 წელს ჩატარებული კონგრესის შესახებ დაიწერა: „რა სასიხარულო იყო ერთად შეკრებილი ათასობით და-ძმის ნახვა და კიდევ უფრო სასიამოვნო დიდი ორკესტრისა და იეჰოვას განმადიდებელი სამეფო სიმღერების მოსმენა, რომლებსაც ერთხმად მღეროდნენ დამსწრეები. მოხალისეთა სამსახურის განყოფილებაში მრავალი ჩაეწერა, რათა სიხარულით მომსახურებოდნენ თანამორწმუნეებს“. გეუფლებათ მსგავსი გრძნობები საოლქო თუ საერთაშორისო კონგრესებზე? (ფსალმ. 110:3; ეს. 42:10—12).

 17 გარკვეული ცვლილებები მოხდა კონგრესების ჩატარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგიერთ ღვთის მსახურს შეიძლება ახსოვს რვადღიანი კონგრესები. კონგრესის პროგრამა შედგებოდა დილის, შუადღისა და საღამოს ნაწილისგან. სამქადაგებლო მსახურება პროგრამის განუყოფელი ნაწილი იყო. ზოგჯერ კონგრესი დილის 9 საათზე იწყებოდა და ხშირად საღამოს 9-მდე გრძელდებოდა. მოხალისეები ბევრს და მძიმედ შრომობდნენ, რომ დამსწრეებისთვის მოემზადებინათ საუზმე, სადილი და ვახშამი. ახლა პროგრამა ბევრად უფრო მოკლეა და საკვებზე წინასწარ ზრუნავენ თავად ოჯახები ან და-ძმები. ეს საშუალებას აძლევს ყველას, რომ სულიერ საზრდოს მეტი ყურადღება მიაპყრონ.

Mozambique

18, 19. კონგრესების რომელი ნაწილი მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?

18 ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით ზოგიერთ პუნქტს, რომლებიც ყოველთვის იყო კონგრესების განუყოფელი ნაწილი. დროულ სულიერ საზრდოს, რომელიც გვეხმარება ბიბლიური წინასწარმეტყველებებისა და სწავლებების უკეთ გაგებაში, არა მხოლოდ მოხსენებების სახით ვღებულობთ, არამედ იმ ახალი პუბლიკაციების მეშვეობითაც, რომელთა გამოცემა კონგრესებზე ცხადდება (მათ. 24:45). ხშირად ამ ახალი პუბლიკაციებით ვეხმარებით გულწრფელ ადამიანებს, დააფასონ ბიბლიური ჭეშმარიტება. გამამხნევებელი ბიბლიური დრამები აღძრავს როგორც ახალგაზრდებს, ისე ასაკოვნებს, შეამოწმონ საკუთარი მოტივები და წინააღმდეგობა გაუწიონ ქვეყნიურ უღვთო აზროვნებას. მსგავსადვე, ნათლობის მოხსენება ყოველ ჩვენგანს გვაძლევს საშუალებას, გადავხედოთ პრიორიტეტებს ცხოვრებაში და გავიზიაროთ მათი სიხარული, ვინც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ინათლება.

19 მართლაცდა, დიდი შეკრებები ანუ კონგრესები დიდი ხანია, რაც წმინდა თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია და ეხმარება იეჰოვას ბედნიერ ხალხს, რომ ღმერთს მის მოსაწონად ემსახურონ ამ პრობლემებით აღსავსე დროს. ასეთი შეკრებები გვმატებს სულიერ ძალებს, გვეხმარება გავაფართოოთ სამეგობრო წრე და დავაფასოთ ჩვენი მსოფლიო საძმო. ამასთანავე, სწორედ კონგრესების მეშვეობით აკურთხებს იეჰოვა თავის მსახურებს და ზრუნავს მათზე. ნამდვილად, თითოეულ ჩვენგანს სურს, ისე დაგეგმოს საქმეები, რომ დაესწროს და სარგებლობა მიიღოს კონგრესის მთლიანი პროგრამიდან (იგავ. 10:22).