არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2012

„არც დღე იცით და არც საათი“

„არც დღე იცით და არც საათი“

„ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათ. 25:13).

წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი მნიშვნელოვან შეხვედრაზე წაყვანას გთხოვთ. წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გახსენდებათ, რომ საკმარისი საწვავი არ გაქვთ, ამიტომ დაუყოვნებლივ მიდიხართ ბენზინგასამართ სადგურისკენ. ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი მოდის და თქვენ იქ არ ხვდებით. ლოდინის დრო არ აქვს, ამიტომ სხვას სთხოვს წაყვანას. უკან რომ ბრუნდებით, ხედავთ, რომ ის უკვე წასულა. როგორ იგრძნობდით თავს?

1—3. ა) რომელი სიტუაციები გვეხმარება, ჩავწვდეთ იესოს ორი იგავის არსს? ბ) რა კითხვებზე გვმართებს პასუხის გაცემა?

2 ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი პირი და სამ უნარიან მამაკაცს ავალებთ სერიოზული საქმის გაკეთებას. თქვენ უხსნით, რა უნდა გააკეთონ, და ისინიც სიამოვნებით გთანხმდებიან. მაგრამ მოგვიანებით ხედავთ, რომ მხოლოდ ორს შეუსრულებია დაკისრებული დავალება. მესამეს არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ თავის მართლებას იწყებს. სინამდვილეში, მას არც კი უცდია რამის გაკეთება. როგორ იგრძნობდით თავს?

3 თავის იგავებში ქალწულებსა და ტალანტებზე, იესომ მსგავსი სიტუაციები გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგი ცხებული ქრისტიანი აღმოჩნდებოდა ერთგული და გონიერი, ზოგი კი — არა * (მათ. 25:1—30). იესომ თქვა: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“, ანუ არ გვეცოდინებოდა, როდის აღასრულებდა ის ღვთის განაჩენს სატანის ქვეყნიერებაზე (მათ. 25:13). ეს რჩევა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია დღეს. რატომ არის მნიშვნელოვანი სიფხიზლე, რომლისკენაც იესომ მოგვიწოდა? ვინ დაამტკიცა, რომ მზად არიან გადასარჩენად? და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვიფხიზლოთ?

 რატომ არის მნიშვნელოვანი სიფხიზლის შენარჩუნება

4. რატომ არ ნიშნავს სიფხიზლე საათის ყურებას?

4 ზოგიერთი საქმიანობა, მაგალითად: სამსახური, ექიმთან წასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოითხოვს დროის ცოდნას. მაგრამ სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ხანძრის ჩაქრობის ან სტიქიური უბედურების შემდეგ სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის დროს საათის ყურება ხელის შემშლელი და შეიძლება სახიფათოც კი იყოს. ასეთ დროს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, კონცენტრირებული იყო საქმეზე და არა იმაზე, თუ რამდენი დროა საჭირო ამ საქმის შესასრულებლად. იეჰოვას მიერ ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც ადამიანთა გადარჩენას ემსახურება, არასდროს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, ამ ქვეყნიერების მიწურულს. ქრისტიანებისთვის ფხიზლად ყოფნა სულაც არ ნიშნავს საათის ყურებას. განვიხილოთ ხუთი მიზეზი, თუ რით არის კარგი აღსასრულის მოსვლის დღისა და საათის არცოდნა.

5. როგორ გამოააშკარავებს ჩვენს მოტივებს დღისა და საათის არცოდნა?

5 პირველი: იმის არცოდნა, თუ როდის დადგება აღსასრული, ავლენს ჩვენი გულის მოტივებს. ფაქტობრივად, ამით ღმერთი ნდობას ავლენს ჩვენდამი და ეს საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ნების თავისუფლება იეჰოვასადმი ერთგულების დასამტკიცებლად. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულს გადავურჩებით, იეჰოვას სიყვარულის გამო ვემსახურებით და არა იმიტომ, რომ უბრალოდ სიცოცხლე შეგვინარჩუნოს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:4 ). ჩვენ გვსიამოვნებს მისი ნების შესრულება და გვესმის, რომ ღვთის სწავლება ჩვენ სასიკეთოდ მოქმედებს (ეს. 48:17). მისი მითითებები დამამძიმებელი ნამდვილად არ არის (1 იოან. 5:3).

6. რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც მას სიყვარულით ვემსახურებით და რატომ?

6 მეორე დადებითი მხარე დღისა და საათის არცოდნის არის ის, რომ გულს ვუხარებთ იეჰოვას. ჩვენ ღმერთს ვემსახურებით იმიტომ, რომ გვიყვარს ის და არა იმიტომ, რომ ვგრძნობთ აღსასრულის მოახლოებას ან ველით ჯილდოს. ეს საშუალებას აძლევს იეჰოვას, პასუხი გასცეს თავისი მოწინააღმდეგის, სატანის, უსაფუძვლო ბრალდებებს (იობ. 2:4, 5; წაიკითხეთ იგავების 27:11 ). ჩვენ სიხარულით ვუჭერთ მხარს იეჰოვას უზენაესობას და უარვყოფთ სატანის ბოროტ მმართველობას, ვინაიდან ვიცით, თუ რამდენი ტკივილი და მწუხარება გამოიწვია ეშმაკმა.

7. რატომ უნდა გამოვავლინოთ თავგანწირვის სული?

7 მესამე: კონკრეტული თარიღის არცოდნის გარეშე მსახურება აღგვძრავს, გამოვავლინოთ თავგანწირვის სული. ის, რომ ეს ქვეყნიერება დიდხანს არ იარსებებს, მათაც კი სჯერათ, ვინც ღვთის შესახებ ცოტა რამ თუ იცის. ისინი შიშით ელოდებიან გლობალურ კატაკლიზმებს და ფიქრობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორ. 15:32). მათგან განსხვავებით, არ ვართ შიშით შეპყრობილი და მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე არ ვფიქრობთ (იგავ. 18:1). ნაცვლად ამისა, უარვყოფთ საკუთარ თავს და, ჩვენს დროს, ენერგიასა და სხვა შესაძლებლობებს მზადყოფნით ვიყენებთ, რომ სხვებს გავუზიაროთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (წაიკითხეთ მათეს 16:24 ). ჩვენ დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს ღვთისადმი მსახურება და განსაკუთრებით ის, რომ სხვებს ღვთის გაცნობაში ვეხმარებით.

8. რომელი ბიბლიური მაგალითიდან ჩანს, რომ სრულად უნდა მივენდოთ იეჰოვასა და მის სიტყვას?

8 მეოთხე: თარიღის არცოდნა გვეხმარება, სრულად მივენდოთ იეჰოვას და საუკეთესოდ გამოვიყენოთ მის სიტყვაში მოცემული რჩევები. ჩვენი ცოდვილი ბუნების ერთ-ერთი აშკარა მიდრეკილება საკუთარ თავზე დაყრდნობაა. პავლე ურჩევდა ყველა ქრისტიანს: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“. ვიდრე იესო ნავეს ძე ღვთის ხალხს აღთქმული მიწისკენ წაუძღვებოდა, ოცდასამმა ათასმა ისრაელიანმა დაკარგა ღვთის კეთილგანწყობა.  „რაც მათ დაემართათ, — წერდა მოციქული პავლე, — ჩვენს გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:8, 11, 12).

9. როგორ გვხვეწავს სირთულეები და გვაახლოებს ღმერთთან?

9 მეხუთე დადებითი მხარე დროის არცოდნის არის ის, რომ განსაცდელების წყალობით საშუალება გვეძლევა, დავიხვეწოთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:71 ). ეს ბოლო დღეები, მართლაც, „მძიმე, ძნელად ასატანი დროა“ (2 ტიმ. 3:1—5). სატანის ქვეყნიერებაში ბევრს ვძულვართ, ამიტომ შეიძლება რწმენის გამო დევნებს შევხვდეთ (იოან. 15:19; 16:2). თუ ასეთი განსაცდელების დროს თავმდაბლობას გამოვავლენთ და ღვთის ხელმძღვანელობას მივყვებით, ჩვენი რწმენა გამოიწრთობა და განიწმინდება, როგორც მეტალი ცეცხლის ღუმელში. ჩვენი შეჩერება შეუძლებელი იქნება. უფრო მეტიც, ისე დავუახლოვდებით იეჰოვას, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით (იაკ. 1:2—4; 4:8).

10. როდის გადის დრო სწრაფად?

10 დრო, შესაძლოა, სწრაფად ან ნელა გადიოდეს. როცა დაკავებული ვართ და წამდაუწუმ საათს არ ვუყურებთ, დრო მიქრის. მსგავსადვე, თუ დაკავებული ვიქნებით იეჰოვას მიერ მოცემული დავალების შესრულებით, ის დღე და საათი ისე მოვა, რომ ვერც კი გავიგებთ. ამ მხრივ, ცხებულთა უმეტესობა მშვენიერ მაგალითს გვაძლევს. მოკლედ შევიხსენოთ, თუ რა მოხდა 1914 წელს იესოს გამეფების შემდეგ და ვნახოთ სხვებისგან განსხვავებით, როგორ დაამტკიცეს ზოგიერთებმა, რომ მზად იყვნენ.

ცხებულები ცხადყოფენ, რომ მზად არიან

11. რატომ დაასკვნა ზოგიერთმა ცხებულმა 1914 წლის შემდეგ, რომ უფალი აყოვნებდა მოსვლას?

11 გავიხსენოთ იესოს იგავები ქალწულებსა და ტალანტებზე. ამ იგავებში მოხსენიებულ ქალწულებსა და მონებს რომ სცოდნოდათ, თუ როდის მოვიდოდა მათი ნეფე ან ბატონი, ფხიზლად ყოფნა არ დასჭირდებოდათ. მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ, ამიტომ მზად უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხებულები ათწლეულების მანძილზე 1914 წელს მნიშვნელოვან თარიღად მიიჩნევდნენ, ზუსტად არ ესმოდათ, რა მოხდებოდა ამ წელს. როდესაც მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოელოდნენ, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ ნეფე აყოვნებდა მოსვლას. მოგვიანებით ერთი ძმა იხსენებდა: „ზოგიერთი ჩვენგანი სერიოზულად ფიქრობდა, რომ 1914 წლის ოქტომბრის პირველივე კვირაში ზეცაში წავიდოდით“.

12. როგორ დაამტკიცეს ცხებულებმა, რომ ერთგულები და გონიერები იყვნენ?

12 წარმოიდგინეთ, რამდენად გულდასაწყვეტი იქნებოდა, რომ აღსასრული, რომელსაც ასე ელოდნენ, არ დადგა. ამას ისიც დაემატა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ძმები დიდ წინააღმდეგობებს შეხვდნენ. დადგა ერთგვარი უმოქმედობის, მიძინების პერიოდი. მაგრამ 1919 წელს რაღაცამ გამოაღვიძა ისინი. იესო მოვიდა ღვთის სულიერ ტაძარში, რათა ჩაეტარებინა შემოწმება. ამ შემოწმებამ ცხადყო, რომ ყველა არ იმსახურებდა მეფის დავალების შესრულების პატივს (მათ. 25:16). იგავში მოხსენიებული უგუნური ქალწულების მსგავსად, მათ გულდასმით არ შეასრულეს თავიანთი საქმე ანუ არ შეავსეს სულიერი ზეთის მარაგი. როგორც ზარმაცმა მონამ, არც მათ მოისურვეს, გაეღოთ რაიმე მსხვერპლი სამეფოს მხარდასაჭერად. მაგრამ ცხებულთა უმეტესობამ ომიანობის მძიმე წლების მიუხედავად გამოავლინა ურყევი ერთგულება და თავიანთი ბატონისადმი მსახურების ძლიერი სურვილი.

13. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მონის კლასს 1914 წლიდან და როგორი დამოკიდებულება აქვს მას დღეს?

13 „საგუშაგო კოშკში“ 1914 წლის შემდეგ გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადება: „ძმებო, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ღმერთთან, მას არასოდეს გაუტეხს გულს ღვთის განზრახვები. ჩვენ არ გვინდოდა, ჩვენი ნება შესრულებულიყო და როცა 1914 წლის  ოქტომბერში მოლოდინი არ გაგვიმართლდა, გაგვიხარდა, რომ უფალმა არ შეცვალა თავისი განზრახვები ჩვენ სასარგებლოდ; ეს არ იყო ჩვენი სურვილი. უბრალოდ გვინდა, მის გეგმებსა და განზრახვებს ჩავწვდეთ“. ასეთი თავმდაბლობა და ერთგულება კვლავაც ახასიათებთ უფლის ცხებულებს. მათ არა აქვთ პრეტენზია, რომ ღვთივშთაგონებული არიან, მაგრამ გადაწყვეტილი აქვთ, შეასრულონ უფლის საქმე დედამიწაზე. დღეს „უამრავი ხალხი“, „სხვა ცხვარი“ ანუ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები ჰბაძავენ ცხებულებს სიფხიზლესა და გულმოდგინებაში (გამოცხ. 7:9; იოან. 10:16).

ჩვენც ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ

რთულ სიტუაციებშიც კი მიიღე სულიერი საზრდო

14. როგორ დაგვიცავს იმ არხის მიყოლა, რომლითაც ღმერთი სულიერ საზრდოს ანაწილებს?

14 ცხებული ქრისტიანების მსგავსად, უამრავი ხალხი, რომელიც ფხიზლობს, მიჰყვება იმ არხს, რომლითაც ღმერთი სულიერ საზრდოს ანაწილებს. ამის წყალობით ისინი იმარაგებენ სულიერ ზეთს ღვთის სიტყვისა და მისი სულის მეშვეობით (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:130; იოანეს 16:13). ასეთი სახით გაძლიერებულნი, ისინი მძიმე განსაცდელების დროსაც კი არ წყვეტენ აქტიურობას, რითაც ამტკიცებენ, რომ მზად არიან ქრისტეს მოსვლისთვის. მაგალითად, ერთ საკონცენტრაციო ბანაკში თავიდან ძმებს მხოლოდ ბიბლია ჰქონდათ. ისინი ლოცულობდნენ, რომ მიეღოთ მეტი სულიერი საზრდო. მალევე ამის შემდეგ ძმებმა გაიგეს, რომ ერთმა ახლად დაპატიმრებულმა ძმამ მოახერხა ბანაკში „საგუშაგო კოშკის“ ახალი ნომრების მალულად შემოტანა ფეხის პროთეზით. მათ შორის, ვინც საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებები გადაიტანა, იყო ცხებული ძმა ერნსტ ვაუერი, რომელიც მოგვიანებით იხსენებდა: „იეჰოვა სასწაულებრივად გვეხმარებოდა ამ სტატიებში მოცემული რწმენის განმამტკიცებელი აზრების დამახსოვრებაში. დღეს ადვილია სულიერი საზრდოს მიღება, მაგრამ ყოველთვის ვაფასებთ კი? მე მჯერა, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, ვინც ერთგულია და მისი სუფრიდან იკვებება“.

15, 16. როგორ დაჯილდოვდა ერთი ქრისტიანი წყვილი მსახურებაში გულმოდგინებისთვის და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მსგავსი მაგალითებიდან?

15 სხვა ცხვარიც აქტიურად არის დაკავებული ბატონის საქმის შესრულებით და სრულად უჭერს მხარს ქრისტეს ძმებს (მათ. 25:40). იესოს იგავში მოხსენიებული ბოროტი და ზარმაცი მონისგან განსხვავებით, ისინი მზადყოფნით იღებენ მსხვერპლს და ახმარენ ძალისხმევას, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ. მაგალითად, როდესაც ჯონი და მასაკო მიიწვიეს კენიაში ჩინურენოვან ტერიტორიაზე საქადაგებლად,  ისინი დარწმუნებულნი არ იყვნენ, შეძლებდნენ თუ არა იქ გადასვლას. მაგრამ მათ ილოცეს, გადახედეს თავიანთ მდგომარეობას და მიიღეს მოწვევა.

16 ჯონისა და მასაკოს ძალისხმევას უამრავი კურთხევა მოჰყვა. ამ წყვილის თქმით, იქ მსახურება მართლაც გასაოცარია. მათ უამრავი საინტერესო შემთხვევა ჰქონდათ და შვიდი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ისინი ყოველდღე მადლობას უხდიან იეჰოვას, რომ იქ მსახურების შესაძლებლობა მიეცათ. რა თქმა უნდა, სხვა მრავალი და-ძმაც თავისი გადაწყვეტილებებით ცხადყოფს, რომ სრულად არიან დაკავებული ღვთის მსახურებით, იმისდა მიუხედავად, თუ როდის დადგება აღსასრული. დაფიქრდით იმ ათასობით და-ძმაზე, რომლებმაც სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ მისიონერად მსახურება დაიწყეს. კარგი იქნებოდა, თუ გავეცნობოდით ამ განსაკუთრებულ მსახურებას და წავიკითხავდით 2001 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემულ სტატიას: „ვაკეთოთ ყველაფერი საუკეთესოდ, რაც ჩვენს ძალებს შესწევს!“. მისიონერული მსახურების ერთი დღის შესახებ ამ განსაცვიფრებელი ინფორმაციის კითხვისას დაფიქრდით, თქვენ როგორ შეძლებდით ღვთის განდიდებაში მეტი მონაწილეობისა და შედეგად მეტი სიხარულის მიღებას.

თქვენც იფხიზლეთ

როდესაც აქტიურად ვმონაწილეობთ ქრისტიანულ მსახურებაში, დრო მალე გადის

17. რატომ არის კარგი, რომ არ ვიცით არც დღე და არც საათი?

17 ამ ქვეყნიერების აღსასრულის დღისა და საათის არცოდნა ჩვენთვის ნამდვილი კურთხევაა. ჩვენ არ გვეუფლება გულგატეხილობა და იმედგაცრუება. პირიქით, ვუახლოვდებით ჩვენს მოსიყვარულე მამა იეჰოვას, რადგან მთელი გულით ვასრულებთ მის ნებას. ჩვენ, ასე ვთქვათ, გუთანს ვართ ჩაჭიდებული და არაფერს ვაძლევთ საშუალებას, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. ამას კი ჩვენი ბატონის მსახურებაში ენით აუწერელი სიხარული მოაქვს (ლუკ. 9:62).

18. რატომ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა?

18 ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებით ღვთის სასამართლოს დღეს. არც ერთ ჩვენგანს არ გვსურს, გული ვატკინოთ იეჰოვას ან იესოს. ამ ბოლო დღეებში მათ მოგვანდეს მსახურების უძვირფასესი პატივი. მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვამ და იესომ ასეთი ნდობა გამოავლინეს ჩვენდამი! (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:12).

19. როგორ დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ?

19 ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ დედამიწაზე სამოთხეში, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, ერთგულად შევასრულოთ ღვთის მიერ მოცემული დავალება ანუ ვიქადაგოთ და მოვამზადოთ მოწაფეები. ჯერ არ ვიცით, თუ როდის დადგება იეჰოვას დღე და ამის ცოდნა აუცილებელი ნამდვილად არ არის. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავამტკიცოთ კიდეც, რომ მზად ვართ (მათ. 24:36, 44). ეჭვიც არ გვეპარება, რომ სანამ სრულად ვენდობით იეჰოვას და მის სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებთ, არასდროს გაგვიცრუვდება იმედი (რომ. 10:11).

^ აბზ. 3 იხილეთ 2004 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 14—18.