წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2015

 მთავარი თემა | როგორ მივაღწიოთ ოჯახურ იდილიას?

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი?

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი?

რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ატყობთ, რომ თქვენს ოჯახში მუდამ დავიდარაბაა? შესაძლოა თქვენ შორის სიტყვიერი დაპირისპირებები უფრო გახშირდა და გამწვავდა. ზოგჯერ არც კი იცით, რამ გამოიწვია კონფლიქტი, თქვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ და არ გსურთ ერთმანეთის გულის ტკენა.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ოჯახში ერთობა არ სუფევს. ოჯახის სიმშვიდე შეიძლება არა თავად უთანხმოებამ, არამედ პრობლემისადმი თქვენმა მიდგომამ დაარღვიოს. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე ნაბიჯი, რაც დაგეხმარებათ, რომ ოჯახური კერა ბრძოლის ველად არ გექცეთ.

1. ნუღარ მიუზღავთ სამაგიეროს

კამათში სულ მცირე ორი ადამიანია ჩაბმული, მაგრამ, როდესაც ერთი მაინც ჩერდება და უსმენს მეორეს, სიტუაცია თანდათან იმუხტება. ასე რომ, ნუ წამოეგებით პროვოკაციას და ნუ იფიქრებთ სამაგიეროს გადახდაზე. გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები; ნუ დაკარგავთ ღირსებას და საკუთარი თავის პატივისცემას. გახსოვდეთ, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კამათში გამარჯვება.

„შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ცილისმწამებლის გარეშე შუღლი დაცხრება“ (იგავები 26:20).

2. გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების გრძნობები

ყოველგვარი განსჯისა და ხელის შეშლის გარეშე ყურადღებით და თანაგრძნობით მოსმენა, ბრაზს დააცხრობს და მშვიდობას აღადგენს. ნაცვლად იმისა, რომ ვინმეს ცუდი მოტივები მიაწეროთ, ეცადეთ, გაითვალისწინოთ მისი გრძნობები. სხვისი არასრულყოფილების გამო ნუ დაიბოღმებით. ზოგჯერ ადამიანი უხეშად იმიტომ კი არ მოგვმართავს, რომ შურისძიება სურს, არამედ იმიტომ, რომ გული აქვს ნატკენი ან არ უფიქრდება თავის სიტყვებს.

„ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

3. შეეცადეთ, დამშვიდდეთ

თუ ატყობთ, რომ წყობილებიდან გამოდიხართ, გონივრული იქნება, თუ მოიბოდიშებთ და დასამშვიდებლად ცოტახნით იქაურობას გაეცლებით. ასეთ დროს შესაძლოა სხვა ოთახში გახვიდეთ ან გარეთ გაისერნოთ მანამ, სანამ არ დაშოშმინდებით. ამგვარი საქციელი სულაც არ ნიშნავს, რომ იბუტებით, გაურბიხართ სიტუაციას ან არ ცდილობთ მის მოგვარებას. პირიქით, შესაძლოა ეს საუკეთესო დროც კი იყოს ლოცვისთვის, რათა ღმერთს მოთმინება, წვდომის უნარი და გამგები გული სთხოვოთ.

„სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14).

 4. კარგად დაფიქრდით, რას და როგორ იტყვით

კონფლიქტს ნამდვილად ვერ მოაგვარებთ, თუ გულსატკენ სიტყვებს დაუწყებთ ძებნას. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, ისეთი სიტყვები შეარჩიოთ, რაც თქვენ საყვარელ ადამიანს გულზე მალამოსავით დაედება. ამასთანავე, იმის მაგივრად, რომ თქვენი აზრები თავს მოახვიოთ ან უკარნახოთ, რას უნდა გრძნობდეს, ეცადეთ, თავმდაბლურად დაუსვათ კითხვები და მადლიერება გამოხატოთ იმისთვის, რომ მეუღლე გიზიარებთ თავის გრძნობებს და გეხმარებათ, ჩასწვდეთ ვითარების არსს.

„დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18).

5. აკონტროლეთ ხმის ტონი და სიმაღლე

ოჯახში ერთი ადამიანის მოუთმენლობამ შესაძლოა სხვაც გააღიზიანოს. რაც არ უნდა შეურაცხყოფილად იგრძნოთ თავი, მოერიდეთ კამათს, სარკაზმს, შეურაცხმყოფელ სიტყვებსა თუ ხმის ტონის აწევას. ამას გარდა, თავი აარიდეთ ისეთი ბრალდებების წაყენებას, როგორიცაა: „საერთოდ არ განაღვლებ“ ან „არასოდეს მისმენ“. პირიქით, თქვენი გრძნობები მეუღლეს მშვიდი ტონით გაუზიარეთ და აუხსენით, როგორ იმოქმედა მისმა საქციელმა თქვენს გრძნობებზე, მაგალითად, შეგეძლოთ, გეთქვათ: „გული მეტკინა, როცა . . .“. გახსოვდეთ, რომ სილის გაწვნასა თუ სხვა ფიზიკურ შეურაცხყოფას არანაირი გამართლება არა აქვს. იმავეს თქმა შეიძლება დამამცირებელ ლაპარაკზე, უპატივცემულო მოპყრობასა თუ რეპლიკებზე.

„მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31).

6. ნუ დააყოვნებთ მობოდიშებას და აუხსენით მეუღლეს, როგორ აპირებთ სიტუაციის გამოსწორებას

არასოდეს მისცეთ უარყოფით გრძნობებს გასაქანი, რომ საღი აზრი დაგაკარგვინოთ და ხელი შეგიშალოთ მშვიდობის აღდგენაში. გახსოვდეთ, რომ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს. ხოლო მშვიდობის შენარჩუნების შემთხვევაში თავს ორივე გამარჯვებულად იგრძნობთ. ამიტომ გააანალიზეთ ის ფაქტი, რომ კამათის დროს ორივეს გაკისრიათ პასუხისმგებლობა. მაშინაც კი, თუ თავს დამნაშავედ არ თვლით, შეგიძლიათ მაინც მოიბოდიშოთ იმის გამო, რომ გაბრაზდით, არასწორი რეაქცია გქონდათ ან თქვენდა უნებურად საყვარელი ადამიანი გააღიზიანეთ. მშვიდობიანი ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სიამაყე და კამათში გამარჯვება. ამასთანავე, თუ ვინმე ბოდიშს გიხდით, ეცადეთ მაშინვე აპატიოთ.

„მიდი, თავი დაიმდაბლე და განუწყვეტლივ ევედრე შენს მოძმეს“ (იგავები 6:3).

მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ჩაცხრება, რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ ოჯახში კვლავ სიმშვიდემ დაისადგუროს? მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

გაიგეთ მეტი

როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები?

რატომ ხდება ოჯახში უთანხმოებები და როგორ შეგიძლიათ მოერიდოთ უთანხმოებებს?

პატივისცემით მოეპყარით მეუღლეს

როგორ შეუძლიათ მეუღლეებს პატივისცემით ესაუბრონ ერთმანეთს?