არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ნოემბერი 2015

 ინტერვიუ | დოქტორი ჯინ ჰუანგი

მათემატიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

მათემატიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ფილოსოფიისა და სტატისტიკის დოქტორი ჯინ ჰუანგი 1950 წელს დაიბადა ტაივანის ქალაქ ტაინანში. იგი მათემატიკის დარგში ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ (National Chung Cheng University). ის აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებში კორნელის უნივერსიტეტის ემერიტუსი (საპატიო დოქტორი) გახლავთ. კორნელის უნივერსიტეტში დოქტორი ჯინ ჰუანგი მათემატიკურ სტატისტიკასა და ალბათობის თეორიას ასწავლიდა და ამავე მიმართულებით აწარმოებდა კვლევებს. წლების განმავლობაში სტატისტიკის დარგში ჩატარებული მისი კვლევები ერთ-ერთი იყო იმ მეცნიერთა ნაშრომებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად იბეჭდებოდა. პროფესორი ჯინ ჰუანგი დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს. ახალგაზრდობაში მას სჯეროდა, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა თავის საქმიანობასა და რწმენაზე.

რის რწმენა ჩაგინერგეს ახალგაზრდობაში?

სკოლაში ევოლუციის თეორიას გვასწავლიდნენ, მაგრამ ვერ გვიხსნიდნენ, როგორ გაჩნდა სიცოცხლე. მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები დაოსიზმის მიმდევრები გახდნენ, დიდი გულისყურით ვუსმენდი ხოლმე დაოსიზმის მასწავლებლებს და ბევრ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კითხვაზე თუ გამცეს დამაკმაყოფილებელი პასუხი.

რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მათემატიკა?

დაწყებით კლასებში ეს საგანი ძალიან მიტაცებდა. ეს გატაცება უნივერსიტეტშიც გამყვა. იქ განსაკუთრებული სიამოვნებით ვსწავლობდი მათემატიკასა და ალბათობის თეორიას. ლაკონიური მათემატიკური მტკიცებულებები ძალიან მხიბლავს, რადგან ის მეცნიერულად ზუსტი და კარგად ფორმულირებულია.

ბიბლიით როგორ დაინტერესდით?

1978 წელს ჩემმა მეუღლემ, ჯინგჰუიმ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მსჯელობაში ზოგჯერ მეც ვებმებოდი. მაშინ შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდით. ჯინგჰუის ახალი დაცული ჰქონდა დოქტორის ხარისხი ფიზიკაში, მე კი იმ პერიოდში ინდიანას შტატში პერდიუს უნივერსიტეტში სტატისტიკას ვსწავლობდი.

რა წარმოდგენა შეგექმნათ ბიბლიაზე?

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიის იმ მონაკვეთმა, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ მზადდებოდა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად.  მართალია, წიგნ „დაბადებაში“ აღწერილი ექვსი შემოქმედებითი პერიოდი მარტივი ენით არის გადმოცემული, მაგრამ ძველი მსოფლიო მითოლოგიისგან განსხვავებით, ფაქტებს არ ეწინააღმდეგება. * მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მიჭირდა იმის დაჯერება, რომ არსებობდა შემოქმედი.

რატომ, რა გიშლიდათ ხელს?

შემოქმედი რომ მერწმუნა, უარი უნდა მეთქვა ბავშვობაში შეძენილ რელიგიაზე

შემოქმედი რომ მერწმუნა, უარი უნდა მეთქვა ბავშვობაში შეძენილ რელიგიაზე, ვინაიდან ტრადიციული დაოსიზმი არ ასწავლის შემოქმედის, ანუ ღმერთის, როგორც პიროვნების, არსებობას. ეს რწმენა კი ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი.

მაგრამ მოგვიანებით შეიცვალეთ შეხედულება. რა მოხდა?

რაც მეტად ვფიქრობდი სიცოცხლის საწყისზე, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი საკმაოდ რთული აგებულების უნდა ყოფილიყო. მაგალითად, მას უნდა ჰქონოდა რეპროდუქციის უნარი, რისთვისაც საჭიროა გენეტიკური ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ზუსტი ასლის შექმნის მექანიზმი. გარდა ამისა, უმარტივეს ცოცხალ უჯრედსაც კი სჭირდება მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც წარმოქმნის ახალი უჯრედის შემადგენელ ყველა ნაწილს, და სისტემა, რომელიც შეძლებს ენერგიის მიღებასა და გამოყენებას. განა შეიძლება, რომ ასეთი რთული მექანიზმები უსიცოცხლო მატერიისგან შემთხვევით გაჩენილიყო? როგორც მათემატიკოსი, ამ ვარაუდს ვერაფრით დავიჯერებდი. რაღაც ძალიან ბევრს ველით შემთხვევითი პროცესებისგან.

რამ გადაგაწყვეტინათ, კარგად გასცნობოდით იეჰოვას მოწმეების სწავლებებს?

იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს მივიყვანე. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა 1995 წელს ტაივანში ყოფნისას ავად გავხდი. გვერდით არავინ მყავდა, ვინც ჩემზე იზრუნებდა. ჩემი ცოლი შეერთებული შტატებიდან ტაივანელ იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდა. მათ საავადმყოფოს ეზოში მიპოვეს ღონემიხდილი, ვინაიდან პაციენტების სიმრავლის გამო საავადმყოფოში ადგილი აღარ იყო. ერთმა მოწმემ ცოტა რომ დამესვენა, სასტუმროში მიმიყვანა. იქ ის დიდ ყურადღებას მაქცევდა, შემდეგ კი სამკურნალოდ კლინიკაში გადამიყვანა.

ასეთმა მზრუნველობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. გამახსენდა, რომ იეჰოვას მოწმეებს ჩემი ოჯახისადმი სხვა დროსაც ხშირად გამოუჩენიათ სიკეთე და თანადგომა. მივხვდი, რომ სწორედ რწმენამ აქცია ისინი ასეთ კარგ და გულისხმიერ ადამიანებად. ამიტომ მათთან ბიბლიის შესწავლა განვაახლე. მომდევნო წელს კი მოვინათლე.

ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენი მრწამსი თქვენს მეცნიერულ კვლევებს?

სრულებითაც არა! ბოლო წლებში იმ მეცნიერებთან ვთანამშრომლობ, რომლებიც იკვლევენ გენის ფუნქციას. გენეტიკის კვლევამ სასიცოცხლო პროცესებში უფრო ღრმად ჩამახედა, რამაც ბრძენი შემოქმედისადმი მოწიწების გრძნობით ამავსო.

შეგიძლიათ მაგალითი მოიყვანოთ?

ავიღოთ გამრავლების უნარი. ზოგ ორგანიზმს, მაგალითად ამებას, არ გააჩნია მამრობითი და მდედრობითი სქესი. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმები ძალიან მარტივად ახდენენ გენეტიკური ინფორმაციის დუბლირებას და იყოფიან. ამ პროცესს უსქესო გამრავლება ეწოდება. მაგრამ ცხოველებისა და მცენარეების უმეტესობა სქესობრივი გზით მრავლდება. ახალი ორგანიზმი გენეტიკურ ინფორმაციას იღებს როგორც მდედრი, ისე მამრი „მშობლისგან“. რით არის სქესობრივი გამრავლების უნარი განსაკუთრებული?

რატომ გარდაიქმნებოდა რეპროდუქციული სისტემა, რომელიც მარტივი გაყოფის შედეგად ერთიდან ორ ორგანიზმს წარმოქმნის — და ვინ იცის, რამდენი ხანია ასე გრძელდება — ისეთ სისტემად, სადაც ერთის წარმოსაქმნელად საჭიროა ორის შერწყმა? ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის ნახევრის მამრისგან აღება, ნახევრის — მდედრისგან და მათი შეერთება. ეს წარმოუდგენლად რთული პროცესია, რასაც ვერაფრით უძებნიან ახსნას ევოლუციის თეორიის მხარდამჭერი ბიოლოგები. ჩემი ღრმა რწმენით, სქესობრივი გამრავლება ცალსახად მიანიშნებს შემოქმედის სიბრძნეზე.

^ აბზ. 11 შემოქმედებითი პერიოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.jw.org.