არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ოქტომბერი 2015

იჩან-ყალას გალავანი ქალაქ ხივაში

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად უზბეკეთში

სტუმრად უზბეკეთში

ტრანსოქსიანა, მდინარეთაშორისი ქვეყანა, მავერანაჰრი, ტარტარი, თურქესტანი ის სახელებია, რომლებითაც დღევანდელი უზბეკეთის, „უზბეკების ქვეყნის“, რეგიონს მოიხსენიებდნენ. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ვაჭრები უზბეკეთის ქალაქების გავლით გადიოდნენ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა. დღეს უზბეკეთის ქსოვილების ბაზარზე ბამბის ნაწარმი ჭარბობს. აქვე შეხვდებით ულამაზეს ორნამენტებიან ბამბის, შალისა და აბრეშუმის ფარდაგებს.

უზბეკეთის კულტურაზე რომელმა ხალხმა აღარ მოახდინა გავლენა. ცნობილ დამპყრობლებსა და მათ ძლევამოსილ ჯარს არაერთხელ გადაუსერავთ უზბეკეთის მთები თუ უდაბნოები. მათ შორის იყო ალექსანდრე დიდი, რომელმაც აქ გაიცნო თავისი საყვარელი მეუღლე როქსანა, მონღოლი ჩინგიზ-ყაენი და ამავე რეგიონის მკვიდრი თემურლენგი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმპერიას ფლობდა ისტორიაში.

ტრადიციული ტანსაცმელი

თანამედროვე არქიტექტურას საუცხოოდ ერწყმის უძველესი ფერადი ნაგებობები, რომელთაც მოცისფრო-მოლურჯო ფილაქნებით გაწყობილი გუმბათები ამშვენებს. ბევრ ასეთ შენობაში დღეს სკოლებია განთავსებული.

 აბრეშუმის გზა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებულმა ამ სავაჭრო გზამ უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო სავაჭრო საქმეში ახ. წ. მე-15 საუკუნის მიწურულამდე მანამ, სანამ არ გაიხსნა ზღვაზე გასასვლელი ინდოეთამდე. აღსანიშნავია, რომ ამ სავაჭრო გზის ნაწილი დღევანდელი უზბეკეთის ტერიტორიაზე გადიოდა.

აბრეშუმის ფარდაგების ქსოვის პროცესი

არალის ზღვა. იმის გამო, რომ სარწყავი სისტემა მარაგდებოდა ამ ტბის წყლით, ერთ დროს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტბა, დღეს გაქრობის პირასაა. ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უზბეკეთის მთავრობა ცდილობს ამ სავალალო მდგომარეობის როგორმე გამოსწორებას.

ცვალებადი უზბეკური ანბანი. ამ ქვეყანაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე-8 საუკუნეში ეს ტერიტორია ისლამურმა სახელმწიფომ დაიპყრო, იქ არაბული დამწერლობა დამკვიდრდა. ხოლო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ თავიდან ლათინურ ანბანს იყენებდნენ, მოგვიანებით კი, 1930-იანი წლების ბოლოსთვის, ის კირილიცამ ჩაანაცვლა. 1993 წელს მიღებული ახალი კანონის თანახმად უზბეკურ დამწერლობას ლათინური ანბანი დაედო საფუძვლად.

ჩირის ასორტი ქალაქის ბაზარში