არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2015

როცა საყვარელი ადამიანი ავადაა

როცა საყვარელი ადამიანი ავადაა

„როცა მამას საავადმყოფოდან წერდნენ, მისი მდგომარეობის გასაგებად ექიმს ვთხოვეთ, ჩვენთვის სისხლის ანალიზის შედეგები გაეცნო. მან გვითხრა, რომ ყველაფერი ნორმაში იყო, მაგრამ ჩვენი თხოვნა მაინც დააკმაყოფილა. მისდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ ანალიზში ორი მაჩვენებელი დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა. ექიმმა მოგვიბოდიშა და სპეციალისტი გამოიძახა. ახლა მამა თავს კარგად გრძნობს. რა კარგი ვქენით, რომ ექიმს ვთხოვეთ, ანალიზის პასუხი ჩვენთვისაც გაეცნო“ (მარიბელი).

ექიმთან მისვლამდე ჩამოწერეთ სიმპტომები და პრეპარატები

ექიმთან ვიზიტი და საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დიდ სტრესთან იყოს დაკავშირებული. როგორც მარიბელის მონაყოლიდან გამოჩნდა, ნათესავის ან მეგობრის გვერდში დგომა ავადმყოფისთვის მარტო კარგი კი არა, შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენიც აღმოჩნდეს. როგორ შეგიძლიათ ასეთ დროს დაეხმაროთ საყვარელ ადამიანს?

ექიმთან მისვლამდე. დაეხმარეთ მას ჩამოწეროს, რა სიმპტომები აღენიშნება, რომელ მედიკამენტებს იღებს და რა დამატებით საშუალებებს მიმართავს გამოსაჯანმრთელებლად. აგრეთვე დაწერეთ ნებისმიერი კითხვა, რასაც ექიმს დაუსვამთ. დაეხმარეთ მას, გაიხსენოს თავის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყოველი წვრილმანი და ჰქონდა თუ არა სანათესაოში ვინმეს იგივე დაავადება. ნუ იფიქრებთ, რომ ექიმმა უკვე იცის ეს დეტალები და, რომ ის აუცილებლად გკითხავთ ამ ყველაფერს.

იყავით ყურადღებიანი, თავაზიანად დასვით კითხვები და გააკეთეთ ჩანაწერები

ექიმთან ვიზიტის დროს. დარწმუნდით, რომ თქვენც და ავადმყოფსაც კარგად გესმით ყველაფერი, რასაც ექიმი გეუბნებათ. დაუსვით კითხვები, ოღონდ თავაზიანობა არ დაგავიწყდეთ. კარგი იქნება, თუ პაციენტი თავად ილაპარაკებს საკუთარ თავზე და კითხვებსაც თავად დაუსვამს ექიმს. ყურადღებით იყავით და ზუსტად ჩაიწერეთ ყველაფერი. ჰკითხეთ ექიმს მკურნალობის შესაძლო ვარიანტებზე. ზოგ შემთხვევაში გონივრულია, ვურჩიოთ ავადმყოფს სხვა ექიმსაც გაესინჯოს.

შეიხსენეთ ექიმის მითითებები და ზედმიწევნით მიჰყევით მის დანიშნულებას

ექიმთან ვიზიტის შემდეგ. დასხედით და კიდევ ერთხელ ისაუბრეთ იმაზე, რაც ექიმმა გითხრათ. დარწმუნდით, რომ პაციენტი ზუსტად იმ წამლებს იღებს, რომლებიც გამოუწერეს. უთხარით, რომ ზედმიწევნით მიჰყვეს დანიშნულებას და გვერდითი მოვლენების შემთხვევაში ექიმს დაუკავშირდეს. დაარწმუნეთ ავადმყოფი, რომ დადებითი განწყობის შენარჩუნება ძალიან დაეხმარება გამოჯანმრთელებაში და წაახალისეთ, გულდასმით შეასრულოს ექიმის დამატებითი რჩევები. დაეხმარეთ მას, მეტი გაიგოს თავისი დაავადების შესახებ.

 საავადმყოფოში

დარწმუნდით, რომ ყველა სამედიცინო დოკუმენტი სწორად არის შევსებული

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიფხიზლე. გასაკვირი არაფერია იმაში, თუ საავადმყოფოში დაწოლამდე ადამიანი ნერვიულობს და თავს უმწეოდ გრძნობს. თქვენი სიმშვიდითა და ყურადღებიანობით შეიძლება სხვებს სიმშვიდის შენარჩუნებაში და საქმის უშეცდომოდ წარმართვაში დაეხმაროთ. დარწმუნდით, რომ ყველა სამედიცინო დოკუმენტი სწორად არის შევსებული. დააფასეთ ავადმყოფის უფლება და გააცანით მას ექიმის გადაწყვეტილება. თუ იმდენად ავად არის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, გაითვალისწინეთ მის მიერ წინასწარ დაწერილი სურვილები და შეატყობინეთ მისი მდგომარეობა ახლო ნათესავს ან ნდობით აღჭურვილ პირს. *

გააცანით მედპერსონალს, თუ რამე ცვლილებებს ამჩნევთ პაციენტში

გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ მოგერიდებათ ექიმებთან საუბარი. მოწესრიგებული გარეგნობითა და კარგი მანერებით დადებით შთაბეჭდილებას დატოვებთ მათზე და შეიძლება იმისკენაც კი განაწყოთ, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ავადმყოფისადმი და მთელი გულისყურით უმკურნალონ. ბევრ საავადმყოფოში პაციენტს სხვადასხვა ექიმი სინჯავს. ამიტომ მათ სხვა ექიმების აზრიც გააცანით. რადგან კარგად იცით პაციენტის მდგომარეობა, უთხარით ექიმს, რა ცვლილებებს ამჩნევთ მასში როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად.

შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ, ოღონდ მედპერსონალის კომპეტენციაში ნუ შეიჭრებით

გამოავლინეთ პატივისცემა და მადლიერება. საავადმყოფოს მედპერსონალს ხშირად სტრესულ სიტუაციებში უწევთ მუშაობა. მათ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გამოიჩინეთ, როგორსაც თავად ისურვებდით (მათე 7:12). დააფასეთ მათი ცოდნა და გამოცდილება, ენდეთ მათ პროფესიონალიზმს და მადლობა გადაუხადეთ ყველაფრისთვის, რასაც ისინი თქვენთვის აკეთებენ. თუ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ, შესაძლოა მედპერსონალი საუკეთესოდ მოგემსახუროთ.

ავადმყოფობისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ თქვენი წინდახედულობითა და პრაქტიკული დახმარებით ნათესავსა თუ მეგობარს გაჭირვებაში საუკეთესოდ ამოუდგებით მხარში (იგავები 17:17).

^ აბზ. 8 პაციენტის უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული კანონები და წესები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. დარწმუნდით, რომ დოკუმენტები, სადაც მკურნალობასთან დაკავშირებით პაციენტის სურვილია გამოხატული, შევსებულია და ჯერაც ძალაშია.

გაიგეთ მეტი

გამოიღვიძეთ!

ბიბლიის თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია ავადმყოფობაზე და მკურნალობაზე.