წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2015

 ბიბლიის თვალსაზრისი

ევოლუცია

ევოლუცია

ზოგი ფიქრობს, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ღმერთმა დაიწყო შემოქმედება, მაგრამ შემდეგ მისი განვითარება ევოლუციურ პროცესებს მიანდო. რას ამბობს ბიბლია?

გამორიცხავს შემოქმედების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია იმის ალბათობას, რომ სამყაროს დიდმა აფეთქებამ მისცა დასაბამი?

ბიბლიაში ნათლად და მარტივად წერია: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). თუმცა ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, ზუსტად როგორ შექმნა ღმერთმა ეს ყოველივე. სამყარო კოსმოსური აფეთქების შედეგადაც რომ გაჩენილიყო, ეს ფაქტი მაინც ვერ დაუპირისპირდებოდა ამ ბიბლიურ განაცხადს. პირიქით, დაბადების 1:1 პასუხს გასცემდა კითხვას, თუ ვინ გამოიწვია დიდი აფეთქება.

ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ დიდი აფეთქება სპონტანურად, უმართავი მოვლენების შედეგად მოხდა, რამაც განაპირობა ის, რომ სივრცეში გაფანტული მატერიის ნაწილაკები დროთა განმავლობაში ვარსკვლავებად და პლანეტებად იქცა. ბიბლია არ იზიარებს ამ აზრს, თუმცა ამბობს, რომ სამყაროს შექმნის პროცესებს ღმერთი მართავდა და მნიშვნელობა არა აქვს, მან ამისთვის კოსმოსურ აფეთქებას მიმართა თუ სხვა მეთოდს.

„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1).

ამბობს ბიბლია იმას, რომ ცოცხალი ორგანიზმები დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიან?

დიახ. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ცოცხალი ორგანიზმები „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა (დაბადება 1:11, 12, 21, 24, 25). შეიძლება, რომ ცვლილებები სახეობის შიგნით მოხდეს? დიახ. და მაინც, სახეობის შიგნით მიმდინარე ცვლილებები, რასაც გარემო პირობები განაპირობებს, ხომ არ ამტკიცებს იმას, რომ თანდათანობით შეიძლება ახალი სახეობა წარმოიქმნას? ნამდვილად, არა!

დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე: 1970-იან წლებში მკვლევრებმა შეისწავლეს გალაპაგოსის კუნძულების ბინადარი ერთ-ერთი ფრინველი მთიულა. მათ შენიშნეს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად ამ ფრინველებს ნისკარტი ოდნავ გაუდიდდათ, რისი წყალობითაც გაუადვილდათ გარემო პირობებთან ადაპტაცია. ზოგმა ეს ფაქტი ევოლუციას მიაწერა. მაგრამ საინტერესოა, ეს მართლა ევოლუცია იყო, თუ უბრალოდ გარემოსთან ადაპტაცია? წლების შემდეგ პატარა ნისკარტიანი მთიულები ისევ მომრავლდნენ და რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ დიდ ნისკარტიანებს. ამ დაკვირვების საფუძველზე ანთროპოლოგიის პროფესორმა ჯეფრი შვარცმა დაასკვნა, რომ ადაპტაციის წყალობით სახეობები უძლებენ კლიმატურ ცვლილებებს, მაგრამ ამ დროს „არანაირი ახალი სახეობა არ წარმოიქმნება“.

 შეიძლება, რომ ბიბლია და ევოლუცია ერთმანეთს ეთავსებოდეს?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა (გამოცხადება 4:11). მას არ დაუსვენია, სანამ შემოქმედებითი საქმე არ დაასრულა (დაბადება 2:2). აზრი ნათელია: ღმერთს არ შეუქმნია მარტივი ორგანიზმი და შემდეგ არ დაუსვენია, ანუ შორიდან არ დაუწყია ყურება მილიონობით წლის შემდეგ როგორ გარდაიქმნებოდა ეს ცოცხალი ორგანიზმი სხვადასხვა სახის თევზად, მაიმუნად თუ ადამიანად. * მეცნიერები ამას მაკროევოლუციას უწოდებენ, რაც საერთოდ უარყოფს შემოქმედის როლს, ვისზეც ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ქმნიდა ცას, დედამიწას, ზღვასა და ყველაფერს, რაც მათშია“ (გამოსვლა 20:11; გამოცხადება 10:6).

„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11).

და კიდევ: ბიბლია ამბობს, რომ ღვთის „უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). ღვთის გაცნობა ჩვენს სიცოცხლეს ნამდვილ აზრს შესძენს, ვინაიდან მას აქვს დიდებული განზრახვა, რომელიც ყველა მის გულწრფელ მაძიებელს შეეხება (ეკლესიასტე 12:13; ებრაელები 11:6). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org ან დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე).

^ აბზ. 12 კრეაციონისტებისგან განსხვავებით ბიბლია მხარს არ უჭერს იმ აზრს, რომ ღმერთმა დედამიწა ექვს 24-საათიან დღეში შექმნა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“, გვერდები 24—27. ეს ბროშურა გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. მისი უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.jw.org.