წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2015

 წარსულის სახეები

ჰეროდოტე

ჰეროდოტე

როგორი იყო ცხოვრება ათასობით წლის წინათ? რა წეს-ჩვეულებებს მიჰყვებოდა ხალხი? ზოგ კითხვას არქეოლოგია სცემს პასუხს, მაგრამ ყველას — ვერა. რომ გავიგოთ, როგორ ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ ძველად, კარგი იქნებოდა, ხელთ გვქონოდა იმ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის ჩანაწერები, რომელსაც კარგად ეცოდინებოდა მაშინდელი მსოფლიო. დაახლოებით 2 400 წლის წინათ ერთი ასეთი კაცი მართლაც ცხოვრობდა. მისი სახელი ჰეროდოტე იყო. ის გახლდათ ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი, რომლის კალამსაც ეკუთვნის უკვდავი ნაშრომი „ისტორიები“.

ჰეროდოტემ თავის ნაშრომში მოიხსენია ბერძენთა მიერ წარმოებული ომების მიზეზები, განსაკუთრებით კი ის, თუ რატომ შეიჭრნენ სპარსელები საბერძნეთში ძვ. წ. 490 და ძვ. წ. 480 წლებში, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. გარდა ამისა, მან მოიპოვა ინფორმაცია იმ ერთა შესახებ, რომელთაც სპარსეთის იმპერიამ თავისი დაღი დაასვა და ეს ყველაფერი დაწვრილებით აღწერა თავის მატიანეში.

ისტორიაზე მეტი

ჰეროდოტე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი გახლდათ. თავის ნაშრომებში ის ზედმიწევნით აღწერდა ამა თუ იმ მოვლენას და ამბის სისავსისთვის მასში ნებისმიერ დეტალს რთავდა. ჰეროდოტეს ნაშრომი ღირსშესანიშნავი იმითაც არის, რომ მას არ შეეძლო დაყრდნობოდა ოფიციალურ ისტორიულ ჩანაწერებს, სადაც მოვლენები თანმიმდევრულად და უწყვეტად იქნებოდა აღწერილი, ვინაიდან ასეთი დოკუმენტები თითქმის არ არსებობდა.

იმხანად არსებული ეპოქისა თუ ვითარების აღწერით თავს ცოტა თუ იწუხებდა, სამაგიეროდ, ამ მხრივ, ისტორიული ძეგლები იკვეხნიდა, რომლებზეც ხალხის დიდებული და საგმირო საქმეები იყო ასახული. ჰეროდოტე ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გადმოსაცემად ეყრდნობოდა საკუთარი თვალით ნანახს, თქმულებებსა და თვითმხილველების მონათხრობს. ინფორმაციის მოსაპოვებლად იგი ბევრს მოგზაურობდა. ის გაიზარდა საბერძნეთის კოლონიაში,  ჰალიკარნასში (დღევანდელი ბოდრუმი, სამხრეთი თურქეთი) და თითქმის მთელი საბერძნეთი ჰქონდა შემოვლილი.

ინფორმაციის მოსაპოვებლად ჰეროდოტე ბევრს მოგზაურობდა

მან სახიფათო მოგზაურობები წამოიწყო ჩრდილოეთით, შავი ზღვის სანაპიროებისა და სკვითეთისკენ (თანამედროვე უკრაინა) და სამხრეთით, პალესტინისა და ზემო ეგვიპტისკენ. აღმოსავლეთით, თითქმის ბაბილონამდე ჩააღწია და სავარაუდოდ, სიცოცხლე დასავლეთით, საბერძნეთის ერთ-ერთ კოლონიაში დაასრულა, რომელიც დღეს იტალიის სამხრეთ ნაწილშია. სადაც კი მიდიოდა, ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა, იკვლევდა და აგროვებდა სასარგებლო ინფორმაციას მათგან, ვისაც ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევდა.

სიზუსტე

პაპირუსზე შესრულებული „ისტორიების“ ფრაგმენტი

რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ჰეროდოტე ინფორმაციას? იგი დიდი სიზუსტით აღწერდა უშუალოდ იმ ადგილებს, რომლებსაც თავად სტუმრობდა და ყველაფერს, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. ბერძნებისთვის უცნობი წეს-ჩვეულებების მისეული აღწერილობა — მაგალითად ის, თუ როგორ კრძალავდნენ სკვითები სამეფო კარის წარმომადგენლებს ან როგორ ახდენდნენ ეგვიპტელები მუმიფიცირებას — გარკვეულწილად შეესაბამება არქეოლოგიურ აღმოჩენებს. ამბობენ, რომ ეგვიპტის შესახებ ჰეროდოტეს მიერ შემონახული მდიდარი ინფორმაცია „თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება ამ ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ყველა უძველეს დოკუმენტს“.

თუმცა, ხშირად ჰეროდოტე იძულებული იყო, დაუზუსტებელ ინფორმაციას დაყრდნობოდა. გარდა ამისა, მის თანამედროვეთ ღრმად სწამდათ, რომ წარმართული ღვთაებები ადამიანთა ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენდნენ. ამიტომ ყველაფერი, რაც მან დაწერა, ვერ ჯდება თანამედროვე ისტორიკოსების სტანდარტებში. და მაინც, ის ცდილობდა, ფაქტები და ლეგენდები ერთმანეთისგან გაემიჯნა. იგი გულწრფელად აცხადებდა, რომ არ სჯეროდა ყველა მონათხრობის. ჰეროდოტე დასკვნებს მხოლოდ მოპოვებული მასალების საგულდაგულოდ გამოკვლევისა და ერთმანეთთან შედარების შემდეგ აკეთებდა.

შეიძლება ითქვას, რომ „ისტორიებს“ ჰეროდოტემ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. მის მიერ მოპოვებული წყაროები და კვლევის მეთოდები მის ნაშრომს მართლაც რომ გამორჩეულს ხდის.