არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  აგვისტო 2015

 ბიბლიის თვალსაზრისი

შემწყნარებლობა

შემწყნარებლობა

აღიარება, მიმტევებლობა და შემწყნარებლობა მშვიდობიანი ურთიერთობის საწინდარია. მაგრამ საინტერესოა, უნდა ჰქონდეს შემწყნარებლობას საზღვარი?

რა დაგვეხმარება, გავხდეთ უფრო შემწყნარებლები?

დღევანდელი რეალობა:

შეუწყნარებლობის ძლიერი ქარი მთელ მსოფლიოში ქრის, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს რასობრივი თუ ეთნიკური დისკრიმინაცია, ნაციონალიზმი, ტომთაშორისი დაპირისპირება და რელიგიური ექსტრემიზმი.

რას ამბობს ბიბლია:

შეუწყნარებლობა იესო ქრისტეს დღეებში მცხოვრები საზოგადოებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ებრაელებსა და სამარიელებს საშინლად სძულდათ ერთმანეთი (იოანე 4:9). მამაკაცები არაფრად აგდებდნენ ქალებს. იუდეველი რელიგიური წინამძღოლები უბრალო ადამიანებს ზიზღით უყურებდნენ (იოანე 7:49). იესო ქრისტე კი სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა. მისი მოწინააღმდეგეები მასზე ამბობდნენ: „ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს“ (ლუკა 15:2). იესო კეთილი, მომთმენი და შემწყნარებელი იყო და ეს იმიტომ, რომ ის ადამიანების გასასამართლებლად კი არა, მათთვის სულიერი დახმარების აღმოსაჩენად მოვიდა. მის ყველა მოქმედებას სიყვარული ედო საფუძვლად (იოანე 3:17; 13:34).

იესო, რომელსაც შემწყნარებლობის გამოვლენაში ბადალი არ მოეძებნებოდა, ადამიანების გასასამართლებლად კი არა, მათთვის სულიერი დახმარების აღმოსაჩენად მოვიდა

სიყვარული — შემწყნარებლობის ამოსავალი წერტილი — გვეხმარება, რომ არასრულყოფილებისა და განსხვავებულობის მიუხედავად, ყველანაირი ადამიანი მივიღოთ და დავაფასოთ. კოლოსელების 3:13-ში ვკითხულობთ: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“.

„რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).

 რატომ უნდა ჰქონდეს შემწყნარებლობას საზღვარი?

დღევანდელი რეალობა:

საზოგადოების უმეტესი ნაწილი ცდილობს, დაიცვას დადგენილი წესები და კანონები. ამიტომაც ადამიანები გონიერების ფარგლებში საკუთარ ქმედებებს საზღვრებს უდგენენ.

რას ამბობს ბიბლია:

„[სიყვარული] უწესოდ არ იქცევა“ (1 კორინთელები 13:5). იესოს ბადალი არ მოეძებნებოდა შემწყნარებლობის გამოვლენაში, თუმცა იგი არ იწყნარებდა უწესობას, პირმოთნეობასა თუ სხვა მანკიერ საქციელს. პირიქით, ის უშიშრად განსჯიდა ასეთ ქმედებას (მათე 23:13). მან თქვა: „ბოროტების ჩამდენს სძულს [ჭეშმარიტების] სინათლე“ (იოანე 3:20).

მოციქულმა პავლემ დაწერა: „ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომაელები 12:9). პავლე თავად ცხოვრობდა ამ სიტყვების თანახმად. მაგალითად, როცა ზოგმა ებრაელმა ქრისტიანმა თავი შორს დაიჭირა არაებრაელი ქრისტიანებისგან, პავლემ, რომელიც თავად ებრაელი იყო, მტკიცედ, მაგრამ თავაზიანად აღიმაღლა ხმა (გალატელები 2:11—14). მან იცოდა, რომ ღმერთი, რომელიც „მიკერძოებული არ არის“, არ შეიწყნარებდა რასობრივ დისკრიმინაციას თავის ხალხს შორის (საქმეები 10:34).

იეჰოვას მოწმეები, როგორც ქრისტიანები, ზნეობრივ საკითხებში ბიბლიით ხელმძღვანელობენ (ესაია 33:22). ისინი არ იწყნარებენ ბოროტებას ქრისტიანულ კრებაში. კრების სიწმინდე არ უნდა შეილახოს მათ მიერ, ვინც არად აგდებს ღვთის ნორმებს. ამიტომ მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიაში ჩაწერილ ნათელ მითითებას: „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“ (1 კორინთელები 5:11—13).

„იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“ (ფსალმუნი 97:10).

სამუდამოდ შეიწყნარებს ღმერთი ბოროტებას?

რა სწამს ბევრს:

რადგან ბოროტება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, ის ყოველთვის იარსებებს.

რას ამბობს ბიბლია:

წინასწარმეტყველი აბაკუმი იეჰოვას ლოცვაში ეკითხებოდა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?“ (აბაკუმი 1:3). ბოროტებით გატანჯული წინასწარმეტყველი ღმერთმა დაარწმუნა, რომ პასუხს მოსთხოვდა ავისმქმნელთ და უთხრა, რომ მისი დაპირება უეჭველად შესრულდებოდა, არ დააგვიანდებოდა (აბაკუმი 2:3).

მანამ, სანამ ღმერთი თავის განაჩენს სისრულეში მოიყვანს, ადამიანებს ეძლევათ შანსი, შეიცვალონ ცხოვრების წესი. „განა მახარებს ბოროტის სიკვდილი?! — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — განა ის არ გამახარებს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?!“ (ეზეკიელი 18:23). ვინც მოიშლის სიავის კეთებას და იეჰოვას დაუწყებს ძებნას, მომავლის რეალური იმედი ექნება. იგავების 1:33-ში ვკითხულობთ: „ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“.

„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

როგორია ღმერთი?

რა იცით ღვთის შესახებ? როგორ გავეცნოთ ღმერთს უკეთ?

საგუშაგო კოშკი

რას გააკეთებს ღმერთი უბედურებების აღმოსაფხვრელად?

მოგხიბლათ იმ აზრმა, რომ ახალ ქვეყნიერებაში კარგ ადამიანებს ცუდი აღარაფერი დაემართებათ?