წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2015

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ასწავლეთ შვილებს თავშეკავება

ასწავლეთ შვილებს თავშეკავება

პრობლემა

ატყობთ, რომ თქვენი ექვსი წლის ბავშვი თავშეკავებას ვერ ავლენს. თუ ის დაინახა, რაც სურს, მაშინვე უნდა, რომ მიიღოს. ზოგჯერ ძალიან ბრაზდება და ისტერიკაში ვარდება. ამ დროს შეიძლება ფიქრობთ: „ნორმალურია ასეთი ქცევა ბავშვისთვის? რომ გაიზრდება, შეიცვლის ზნეს თუ დროა, თავშეკავება ვასწავლო?“.

რა უნდა იცოდეთ

დღეს თავშეკავება ნაკლებად ფასობს. «დღევანდელ შემწყნარებლურ საზოგადოებაში დიდებსა თუ პატარებს გამუდმებით ჩაესმით, აკეთონ ის, რაც მოესურვებათ, — წერს პროფესორი დეივიდ უოლში. — კეთილისმსურველი მრჩევლებითა და ექსპერტებით დაწყებული ფულის გამომძალველი თაღლითებით დამთავრებული, ყველასგან ერთი და იგივე გვესმის: „ავისრულოთ სურვილები“». *

ბავშვებს თავშეკავება ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ. მკვლევრებმა ოთხი წლის ბავშვებს თითო ზეფირი მისცეს და უთხრეს, რომ შეეძლოთ მაშინვე შეეჭამათ, მაგრამ თუ ცოტა ხანს მოითმენდნენ, ჯილდოდ კიდევ ერთ ზეფირს მიიღებდნენ. წლების შემდეგ, როდესაც ამ ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს, გამოვლინდა, რომ ისინი, რომლებმაც ოთხი წლის ასაკში თავშეკავება გამოავლინეს და ზეფირი მაშინვე არ შეჭამეს, ემოციურად უფრო გაწონასწორებულები იყვნენ, უადვილდებოდათ სხვებთან ურთიერთობა და უფრო კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც მაშინვე შეჭამეს ზეფირი.

თუ თავშეკავებას არ ასწავლით, შედეგები სავალალო იქნება. მკვლევრების აზრით, ბავშვის ტვინში ნეირონული ქსელი ბავშვის განვითარებისა და გამოცდილების მიხედვით იცვლება. პროფესორ დენ კინდლენის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ „თუ შვილებს ზედმეტად ვანებივრებთ, არ ვასწავლით მოთმინებით ლოდინს, ცდუნებასთან გამკლავებას და იმას, რომ ყველა სურვილს მაშინვე ვერ დაიკმაყოფილებენ, ბავშვების ტვინში არ მოხდება ნეირონების სათანადო ცვლილება და ისინი ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებად ვერ ჩამოყალიბდებიან“. *

 რის გაკეთება შეგიძლიათ

მიეცით მაგალითი. თავად როგორ ავლენთ თავშეკავებას? ხომ არ გიჭირთ თავშეკავების გამოვლენა საცობში ყოფნისას და რიგში დგომისას ან ხშირად ხომ არ აწყვეტინებთ სხვას საუბარს, რაც თქვენს ბავშვს შეუმჩნეველი არ რჩება? პროფესორი კინდლენი აღნიშნავს: „შვილებს თავშეკავებას ყველაზე კარგად საკუთარი მაგალითით ვასწავლით“ (ბიბლიური პრინციპი: რომაელები 12:9).

აუხსენით ბავშვს, რა შედეგები მოჰყვება თავშეუკავებლობას. ბავშვს მისი ასაკისთვის შესაფერისი ენით აუხსენით და დაანახვეთ სურვილების გაკონტროლების დადებითი და მათი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უარყოფითი შედეგები. მაგალითად, თუ ბავშვი იმის გამოა გაბრაზებული, რომ მას ცუდად მოექცნენ, დაამშვიდეთ და დააფიქრეთ შემდეგ კითხვებზე: „სამაგიეროს გადახდა თავს უკეთ აგრძნობინებს თუ უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს? ხომ არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, მაგალითად, ბრაზის დასაცხრომად, ათამდე რომ დაითვალოს? ან ხომ არ აჯობებს, საერთოდ გაეცალოს იქაურობას?“ (ბიბლიური პრინციპი: გალატელები 6:7).

მიეცით სტიმული. შეაქეთ ბავშვი, როცა თავშეკავებას ავლენს. უთხარით, რომ თავის მოთოკვა ზოგჯერ შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ თუ თავს შეიკავებს, ეს მის სიძლიერეზე იმეტყველებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგავები 25:28). ამის საპირისპიროდ, ღვთის სიტყვა ამბობს: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32).

წინასწარ მოამზადეთ. მოიფიქრეთ თამაშები და პირობითად დაარქვით: „როგორ მოიქცევი“, „კარგი არჩევანი, ცუდი არჩევანი“ ან სხვა. გაითამაშეთ სავარაუდო სიტუაციები და ის, თუ რა შესაძლო რეაქციები შეიძლება მოჰყვეს თითოეულ მათგანს. აღნიშნეთ, რომელი რეაქცია იყო კარგი და რომელი — ცუდი. მოიფიქრეთ, რის გაკეთება შეიძლება, რომ გაკვეთილები სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოც გახადოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სათამაშოები, ნახატები ან სხვა რამ. გახსოვდეთ, თქვენი მიზანი ბავშვისთვის იმის სწავლებაა, რომ თავშეკავებას უფრო კარგი შედეგები მოაქვს, ვიდრე თავშეუკავებლობას (ბიბლიური პრინციპი: იგავები 29:11).

გამოავლინეთ მოთმინება. ბიბლიაში ნათქვამია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15). ამიტომ არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ბავშვი თავშეკავებას ერთ დღეში ისწავლის. წიგნში „სწორად აღზარდეთ შვილები“ ვკითხულობთ: „ეს არის ხანგრძლივი და ნელი პროცესი, რომელსაც თან სდევს წარმატებები, ჩავარდნები, თუმცა გამარჯვება გარდაუვალია“. მართალია, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ძალისხმევად ნამდვილად ღირს. იმავე წიგნში აღნიშნულია: „ბავშვებს, რომლებიც პატარაობისას თავშეკავებას ავლენენ, გაუადვილდებათ 12 წლის ასაკში ნარკოტიკებზე უარის თქმა, 14 წლის ასაკში კი — სექსზე“.

^ აბზ. 6 ამონარიდი წიგნიდან: «რატომ უნდა ვუთხრათ ბავშვებს „არა“ და როგორ შეუძლიათ მშობლებს ამის გაკეთება».

^ აბზ. 8 აღებულია წიგნიდან (Too Much of a Good Thing—Raising Children of Character in an Indulgent Age).

გაიგეთ მეტი

მარად გამოსადეგი ფასეულობები — თავშეკავება

რა დაეხმარა კასიუსს, ეკონტროლებინა ფიცხი ხასიათი

როგორ შეგიძლია ბრაზის დაოკება?

ხუთი ბიბლიური რჩევა დაგეხმარება ბრაზის დაცხრომაში.