წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2015

თუთიყუშთევზა — ქვიშის წარმომქნელი დანადგარი?

თუთიყუშთევზა — ქვიშის წარმომქნელი დანადგარი?

როგორ წარმოიქმნება ქვიშა? ქვიშის წარმოქმნა სხვადასხვაგვარად ხდება. მაგრამ შესაძლოა გაგაოცოთ ქვიშის წარმოქმნის ერთმა განსაკუთრებულმა საშუალებამ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუთიყუშთევზაზე, რომელიც მარჯანს იმდენად წვრილად აქუცმაცებს, რომ მას ქვიშად აქცევს.

თუთიყუშთევზა მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თევზია, რომელიც ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. ის მარჯნის ნატეხის გადაყლაპვის შემდეგ, გამოსაკვებად საჭირო რაოდენობას გადაამუშავებს, დანარჩენს კი ქვიშის სახით გარეთ გამოდევნის. მარჯნის ქვიშად ქცევაში მას დიდ დახმარებას უწევს ძლიერი ნისკარტისმაგვარი ყბები და საღეჭი კბილები. თუთიყუშთევზას ზოგიერთი სახეობა 20 წელი ცოცხლობს ისე, რომ კბილები არ უცვდება.

თუთიყუშთევზა იმდენად ინტენსიურად შეექცევა მკვდარ მარჯანს, რომ არის ადგილები, სადაც ის უფრო მეტ ქვიშას წარმოქმნის, ვიდრე სხვა რომელიმე ბუნებრივი პროცესი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჩვეულებრივი თუთიყუშთევზა წელიწადში დაახლოებით ას კილოგრამ ქვიშას წარმოქმნის.

თუთიყუშთევზა (Scarus niger)

თუთიყუშთევზა სხვა მნიშვნელოვან საქმესაც ასრულებს. გარდა იმისა, რომ ეს თევზი მუდმივად იკვებება წყალმცენარეებით დაფარული მკვდარი მარჯნით, იგი ასეთი სახით მის სისუფთავესაც უზრუნველყოფს. თუთიყუშთევზას ასეთი უცნაური გამოკვების წყალობით მარჯნის რიფები ყოველთვის კარგ მდგომარეობაში არიან. ამ და სხვა ბალახისჭამია არსებების გარეშე მარჯნის რიფები სწრაფად იფარება სხვადასხვა წყალმცენარით. „ზოგის აზრით, რომ არა ბალახისჭამია ზღვის ბინადრები, დღეს ასეთი ფორმის რიფები არ იარსებებდა“, — ვკითხულობთ ერთ ბიოლოგიურ წიგნში (Reef Life).

რადგანაც თუთიყუშთევზები დღისით ბევრს შრომობენ, მათ ღამით კარგი დასვენება ესაჭიროებათ. ისინი ამ მხრივაც უცნაურობით გამოირჩევიან. მათთვის ღამე განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან რიფების ახლო-მახლო ბევრი მტაცებელი დაცურავს. თუთიყუშთევზებს ძირითადად რიფების ქვეშ სძინავთ, მაგრამ ეს სამალავი მათ ყოველთვის ვერ იცავს მშიერი ზვიგენების ხახისგან.

დამატებითი უსაფრთხოებისთვის ისინი ღამით დამცავ ლორწოს გამოყოფენ და შიგ ისე ეხვევიან, თითქოს გამჭვირვალე ღამის პერანგში გამოწყობილანო. ოკეანოლოგების აზრით, სწორედ ეს საზიზღარი სუნის მქონე ლორწოს საბურველი იცავს მათ მტაცებლებისგან.

თუთიყუშთევზა მარჯნის რიფებში მობინადრე თევზებს შორის ყველაზე ადვილად შესამჩნევი და მიმზიდველი თევზია. საოცარი ფერებით შემოსილი თუთიყუშთევზა — როგორც მამრი, ისე მდედრი — ფერს ზრდასრულობამდე იცვლის. ეს თევზი უხვად ბინადრობს ისეთ წყლებში, სადაც მათზე არ ნადირობენ, რის გამოც თუთიყუშთევზაზე დაკვირვება ძალიან ადვილია.

ამ თევზების სიახლოვეს დგომა და მათი ხრაშუნის მოსმენა დაუვიწყარი სიამოვნებაა იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც მარჯნის რიფებს სწავლობენ. ეს თევზები არა მარტო ლამაზი ფერებით იწონებენ თავს, არამედ ქმნიან სუფთა და ჯანსაღ გარემოს მარჯნის რიფებში მობინადრე სხვა ქმნილებებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც ტკბებიან ამ სილამაზის ცქერით.