წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2015

„ღმერთი გვეხმარება ტკივილის დაამებაში“

„ღმერთი გვეხმარება ტკივილის დაამებაში“

ნატალია და მისი ცხრა წლის ბიჭი, ასლანი, გაჭირვებით ისხდნენ ერთმანეთზე მიწყობილ ხალხით სავსე დარბაზში. იქვე იყვნენ ზარინა და მისი თორმეტი წლის ქალიშვილი, ანჟელიკა. დარბაზში მყოფი 1 000-ზე მეტი ადამიანი — ბავშვები და უფროსები — შიშით შეჰყურებდნენ კბილებამდე შეიარაღებულ ტერორისტებს.

ჩრდილოეთ ოსეთის პატარა ქალაქ ბესლანში ოთხშაბათ დილას, 2004 წლის 1 სექტემბერს, ბავშვები და მშობლები სკოლის ეზოში იყვნენ შეკრებილნი და სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ემზადებოდნენ. მოულოდნელად ტერორისტები და შეიარაღებული თავდამსხმელები ხალხში შეიჭრნენ. მათ ყვირილი და ჰაერში სროლა დაიწყეს. 30-ზე მეტმა თავდამსხმელმა შეშინებული ხალხი სკოლის სპორტდარბაზში შერეკა და გარშემო ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

უშედეგო მოლაპარაკება და შტურმი

დაიწყო დაძაბული სამდღიანი მოლაპარაკება ტერორისტებსა და უშიშროების სამსახურს შორის. „ამდენი არასოდეს მილოცია“, — იხსენებს ნატალია, რომელიც ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან.

ზაფხული იწურებოდა. აუტანელი სიცხისგან დარბაზში ხალხს სული ეხუთებოდა. ტერორისტები მძევლებს არც საკვებს აძლევდნენ და არც წყალს. მესამე დღეს, პარასკევს, ზოგმა სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი შარდის დალევა და იმ ყვავილების ჭამა დაიწყო, რომლებიც ბავშვებს მასწავლებლებისთვის უნდა მიერთმიათ. „გვერდით მჯდომმა ბიჭუნამ ხელში ფოთოლი ჩამიდო. მე ის ორად გავყავი და ანჟელიკასა და ასლანს მივეცი“, — იხსენებს ნატალია.

შუადღეს შტურმი დაიწყო. ნატალია განაგრძობს: „მძლავრი აფეთქებების ხმა გაისმა. იქაურობა სქელმა კვამლმა დაფარა, ატყდა სროლა“. სპეცრაზმელებსა და ტერორისტებს შორის გამართულ ორმხრივ სროლაში ნატალიამ და ასლანმა როგორღაც ხოხვით მოახერხეს შენობიდან გამოსვლა. ადგილობრივმა ოსმა მამაკაცმა, სახელად ალანმა, ისინი სამშვიდობოს გაიყვანა. სამწუხაროდ, გაქცევა ბევრმა ვერ მოახერხა.

 ტრაგედიის შედეგები

ანჟელიკა შტურმის დროს დაიღუპა

დაიღუპა ასობით ბავშვი და უფროსი ასაკის ადამიანი, მათ შორის ანჟელიკა. გლოვა-გოდება კვირების განმავლობაში არ წყდებოდა. ნატალიას ბინა სკოლის ნანგრევებს გადაჰყურებს. მას და მის შვილს ძალიან უჭირდათ იქით გახედვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ტერიტორიაზე ახალი სკოლა აშენდა, ასლანი ვერ შედიოდა სკოლის შენობაში. ის სათამაშოდაც კი არ გადიოდა გარეთ. „იეჰოვას ვევედრებოდით, რომ დახმარებოდა ასლანს შიშის დაძლევაში“, — ამბობს ნატალია. დროთა განმავლობაში მან შეძლო სკოლაში დაბრუნება.

ნატალიას კი, სამეფო დარბაზში, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება უჭირდა. „ყოველთვის, როცა ხალხმრავალ ადგილას ვიყავი დახურულ სივრცეში, იმის შიში მქონდა, რომ შენობას შტურმით აიღებდნენ, — იხსენებს ნატალია. — ვლოცულობდი, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო. შიში ვერაფრით დავძლიე, ბოლოს შევწყიტე კრების შეხვედრებზე სიარული. მზარავდა იმაზე ფიქრი, რომ ტრაგედიამ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.

ტკივილის დაამება

«მადლიერი ვარ იმ და-ძმების, რომლებიც უყურადღებოდ არ მტოვებდნენ, — გვიყვება ნატალია.  — მაგალითად, ტატიანა ყოველ მესამე დღეს მოდიოდა ჩვენთან და გვამხნევებდა. ერთხელაც ტატიანა ერთ მოწმესთან, ულიანასთან, ერთად მოვიდა. ამ თბილმა, ტაქტიანმა და ტკბილად მოუბარმა ქრისტიანმა ბიბლია კარგად იცოდა. ის მაქებდა და ყოველთვის გულდასმით მისმენდა.

„როგორც იქნა, შიში დავძლიე. დღეს უკვე აღელვების გარეშე შემიძლია იმ ტრაგიკულ დღეზე საუბარი“

ულიანამ წამიკითხა 2 კორინთელების 1:9-ში ჩაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები. აზიაში გადატანილი განსაცდელის შემდეგ პავლე ამბობს: „ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი“. მან ასევე წამიკითხა ესაიას 40:31, სადაც წერია: „იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს“. ასეთმა გამამხნევებელმა მუხლებმა და ულიანასა და სხვების ემოციურმა მხარდაჭერამ ძალა მომცა, რომ კვლავ მევლო ქრისტიანულ შეხვედრებზე შვილებთან ერთად. თუმცა სამეფო დარბაზში ყოფნისას თავს დღემდე დაძაბულად ვგრძნობ».

ანჟელიკას დედა ზარინა მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა ღვთის სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში თავის გოგონას სიცოცხლე დაუბრუნდება და გულში ჩაიკრავს (მათე 6:9, 10; საქმეები 24:15). ნატალია შვილებთან ერთად 2009 წელს მოინათლა. ისინი დღესაც სკოლის ნანგრევებს გადაჰყურებენ, მაგრამ ეს უკვე მათში შიშის გრძნობას აღარ იწვევს. „როგორც იქნა, შიში დავძლიე. დღეს უკვე აღელვების გარეშე შემიძლია იმ ტრაგიკულ დღეზე საუბარი, — ამბობს ნატალია. — ღმერთი გვეხმარება ტკივილის დაამებაში“.

გაიგეთ მეტი

რატომ ატყდებათ უბედურება კარგ ადამიანებს?

ბიბლიიდან ვიგებთ სამ ძირითად მიზეზზე, რომლებიც იწვევენ ადამიანთა ­ტანჯვას.