წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2015

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ასწავლეთ შვილებს მორჩილება

ასწავლეთ შვილებს მორჩილება

პრობლემა

თქვენს ოთხი წლის შვილს ყოველთვის თავისი გააქვს.

  • როცა რაღაცას ავალებთ, არ უნდა, რომ გააკეთოს და სიტყვას ბანზე გიგდებთ.

  • როცა იმის კეთებას უკრძალავთ, რაც მას ძალიან უნდა, ისტერიკაში ვარდება.

შეიძლება ფიქრობთ: „დროებითია ეს ყველაფერი? როცა გაიზრდება, გამოსწორდება?“.

თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ ბავშვს მორჩილება. მაგრამ სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი, განვიხილოთ იმის ერთი შესაძლო მიზეზი, თუ რატომ იქცევა ბავშვი ასე.

რატომ იქცევა ბავშვი ასე

როცა ბავშვი ახალშობილი იყო, მთლიანად მასზე ზრუნვით იყავით დაკავებული — თავზე დაჰფოფინებდით, როგორც კი ხმას გაიგებდით, შეშინებული მაშინვე მასთან გარბოდით, რომ გეზრუნათ თქვენს პატარაზე. ცხადია, მშობელი ასეც უნდა იქცეოდეს. ბავშვს მშობლის გამუდმებული ყურადღება ესაჭიროება.

მაგრამ, თვეების განმავლობაში ასეთი მოპყრობის შედეგად, ბუნებრივია, რომ ბავშვმა თავი ბატონად იგრძნოს, მშობლები კი თავისი მსახურები ეგონოს, რომლებმაც მისი ბრძანებები უნდა შეასრულონ. დაახლოებით ორი წლის ასაკში ბავშვი ნელ-ნელა ათვითცნობიერებს, რომ „ძალაუფლება“ ხელიდან ეცლება. მშობლები მეტად აღარ ასრულებენ მის ბრძანებებს და თუ მანამდე მისი მონა-მორჩილები იყვნენ, ახლა მისგან მოითხოვენ მორჩილებას. ბავშვებს უჭირთ ამ აზრთან შეგუება. პროტესტის ნიშნად ზოგი ისტერიკას აწყობს, ზოგი კი „ძალაუფლების დასაბრუნებლად“ მშობლებს არ ემორჩილება.

ამ კრიტიკულ პერიოდში მშობელმა, როგორც უფლებამოსილმა პირმა, ბავშვს ნათელი მითითებები უნდა მისცეს და აუხსნას, რას მოელის მისგან. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი მის მითითებებს უგულებელყოფს, როგორც ეს სტატიის დასაწყისში იყო აღწერილი?

 რა შეგიძლიათ გააკეთოთ

აიღეთ მართვის სადავეები. ბავშვი არასოდეს აღიარებს თქვენს ავტორიტეტს, თუ არ დაინახავს, რომ მართვის სადავეები თქვენ გიპყრიათ ხელთ. ამიტომ გამოიყენეთ თქვენი უფლებამოსილება, ოღონდ გონივრულობის ფარგლებში. ბოლო ათწლეულებია, რაც ეგრეთ წოდებული ექსპერტებისთვის სიტყვა „უფლებამოსილება“ უხეშად ჟღერს. ერთმა ექსპერტმა მშობლის უფლებამოსილებას „არაეთიკური“ და „ამორალურიც“ კი უწოდა. თუმცა ფაქტია, რომ ზედმეტმა შემწყნარებლობამ და დათმობამ შეიძლება დააბნიოს ბავშვი, გაანებივროს ან აფიქრებინოს, რომ ყველაფრის უფლება აქვს. ეს ნამდვილად ვერ ჩამოაყალიბებს ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად (ბიბლიური პრინციპი: იგავები 29:15).

მიმართეთ აღმზრდელობით ზომებს. ერთი ლექსიკონის თანახმად, „აღზრდა“ განიმარტება, როგორც „წვრთნა, რომელიც მოიაზრებს წესების დადგენას და მათი დარღვევის შემთხვევაში, დასჯას, რაც საბოლოო ჯამში წარმოშობს მორჩილებასა და თავშეკავებას“. რა თქმა უნდა, აღმზრდელობითი ზომები ზომიერების ფარგლებში უნდა გატარდეს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. მეორე მხრივ, აღმზრდელობითი ზომების გატარებისას მშობელმა გასაგებად უნდა აუხსნას ბავშვს, რატომ ისჯება. ამავდროულად, დასჯა არ უნდა იყოს უადგილო. სხვაგვარად, ბავშვს გამოსწორების სტიმული არ ექნება (ბიბლიური პრინციპი: იგავები 23:13).

იყავით კონკრეტული. ზოგი მშობელი ზედმეტად რბილად ითხოვს ბავშვისგან მორჩილებას. მაგალითად, მან შეიძლება შვილს უთხრას: „შენს ოთახს ხომ არ დაალაგებდი?“. ამგვარად მშობელი შესაძლოა ფიქრობს, რომ თავაზიანობას ავლენს, თუმცა ასეთმა მიდგომამ შეიძლება მშობლის ავტორიტეტი შეასუსტოს და ბავშვს დაუტოვოს არჩევანი, დაემორჩილოს თუ არა მშობლის სიტყვას. ნაცვლად იმისა, რომ პოზიციები დათმოთ, კონკრეტულად და გადაჭრით უთხარით, რა უნდა გააკეთოს (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 14:9).

იყავით მტკიცე. უარის თქმისას იყავით მტკიცე. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთი აზრი გქონდეთ. თუ ბავშვს ეტყვით, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაისჯება, სიტყვა შეასრულეთ. მოერიდეთ ბავშვთან მოლაპარაკებებს და იმის გაუთავებელ ახსნას, თუ რატომ სჯით. თუ თქვენი „დიახ“ იქნება „დიახ“, „არა“ კი — „არა“, ეს თქვენც გაგიადვილებთ საქმეს და თქვენს შვილსაც (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 5:12).

იყავით მოსიყვარულე. ოჯახში არც დემოკრატია გამოგადგებათ და არც დიქტატურა. მხოლოდ ღვთის მიერ დადგენილი ნორმების მიყოლა დაგეხმარებათ, რომ შვილები სიყვარულით აღზარდოთ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებებად ჩამოაყალიბოთ. დასჯა ბავშვს მორჩილებას ასწავლის და თქვენს სიყვარულში დაარწმუნებს.

გაიგეთ მეტი

ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებიანები ამ პირველობის მოყვარულ მსოფლიოში

განვიხილოთ სამი საკითხი, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, არ მოექცნენ პირველობის სულის გავლენაში.

ასწავლეთ შვილებს

მშობლებო, ამ მოთხრობების დახმარებით ასწავლეთ შვილებს მნიშვნელოვანი ბიბლიური გაკვეთილები.