არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  აპრილი 2015

 რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როგორ დავძლიოთ მარტოობის გრძნობა

როგორ დავძლიოთ მარტოობის გრძნობა

პრობლემა

„ორი დაქალი მყავდა, რომლებიც ხშირად იყვნენ ხოლმე ერთად. სულ მუდამ ის მესმოდა, რომ თურმე ერთად ყოფილან და მშვენიერი დრო გაუტარებიათ. ერთხელაც ერთ მათგანს სახლში დავურეკე და აღმოჩნდა, რომ მეორე მეგობარიც იქ ყოფილა. ტელეფონზე ვიღაცამ მიპასუხა, ყურმილში შორიდან მომესმა, როგორ საუბრობდნენ და იცინოდნენ ორივენი. მივხვდი, რომ დროს მშვენივრად ატარებდნენ, რამაც თავი კიდევ უფრო მარტოსულად მაგრძნობინა“ (მარია). *

გიგრძნია როდესმე თავი გარიყულად ან მარტოსულად? თუ დიახ, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები ნამდვილად დაგეხმარება. სანამ ამ რჩევებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ რამდენიმე საკითხი, რაც მარტოობის შესახებ უნდა იცოდე.

რა უნდა იცოდე

დროდადრო მარტოობის გრძნობა თითქმის ყველას ეუფლება. ეს გრძნობა არც პოპულარული ადამიანებისთვისაა უცხო. ხშირად ადამიანი თავს მარტო იმიტომ კი არ გრძნობს, რომ მეგობრები აკლია, არამედ იმიტომ, რომ კარგი მეგობრები არ ჰყავს. შეიძლება პოპულარულ ადამიანს გარს მუდამ უამრავი ხალხი ეხვიოს, მაგრამ არ ჰყავდეს ნამდვილი მეგობრები, რის გამოც თავი მარტოსულად იგრძნოს.

მარტოობის გრძნობამ შეიძლება ავნოს შენს ჯანმრთელობას. მკვლევრებმა, რომლებმაც 148 კვლევის შედეგები შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ ურთიერთობების ნაკლებობამ შესაძლოა ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფოს და მის ჯანმრთელობას „ორჯერ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ავადმყოფურმა სიმსუქნემ“, ან „გაუტოლდეს დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას“.

მარტოობის გრძნობამ შეიძლება პრობლემებში გაგხვიოს. მარტოობამ შეიძლება იქამდე მიგიყვანოს, რომ ნებისმიერ ადამიანს დაუმეგობრდე, ვინც კი მეგობრობას შემოგთავაზებს. ახალგაზრდა კაცი, სახელად ალენი, ამბობს: «როცა თავს მარტოსულად გრძნობ, ყურადღების ნაკლებობას განიცდი. ამ დროს შეიძლება იფიქრო: „სულ უყურადღებობას ისევ ყურადღება ჯობია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის“. ამან კი შეიძლება პრობლემებში გაგხვიოს».

ტექნიკა ყოველთვის ვერ შველის მარტოობის გრძნობას. „დღის განმავლობაში შესაძლოა ათეულობით ადამიანს გავუგზავნო მესიჯი ან მივწერო ელექტრონული ფოსტით, მაგრამ თავი მაინც საშინლად მარტოდ ვიგრძნო“, — ამბობს ახალგაზრდა ქალი, სახელად ნატალი. მსგავსად ფიქრობს თინეიჯერი ტეილორი, რომელიც ამბობს: „მიმოწერით ურთიერთობა წახემსებას ჰგავს, პირისპირ საუბარი კი — გემრიელად დანაყრებას. წახემსება კარგია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სრულფასოვანი კვებაა აუცილებელი“.

 რის გაკეთება შეგიძლია

იფიქრე კარგზე. დავუშვათ, ვებ-გვერდზე სურათებს ათვალიერებ და ხედავ, რომ შენს მეგობრებს წვეულება მოუწყვიათ და შენთვის არაფერი უთქვამთ. ასეთ დროს არჩევნის წინაშე დგახარ: შეგიძლია იფიქრო დადებითზე და ჩათვალო, რომ გაუგებრობა მოხდა, ან პირიქით, დაასკვნა, რომ მათ შეგნებულად არ დაგპატიჟეს. რადგანაც სრული სურათი არ გაქვს, რატომ უნდა იფიქრო ცუდზე? ნაცვლად ამისა, ეცადე დადებითი ახსნა მოუძებნო იმას, თუ რატომ გამოგტოვეს. ხშირად, მარტოობის მიზეზი შექმნილი სიტუაცია კი არ არის, არამედ ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება (ბიბლიური პრინციპი: იგავები 15:15).

თავი შეიკავე არასწორი დასკვნებისგან. როცა მარტოობას განიცდი, შესაძლოა ასეთი ფიქრები მოგეძალოს: „არასოდეს მეპატიჟებიან“, „ყოველთვის თავს მარიდებენ“. არასწორი დასკვნები კიდევ უფრო მეტად დაგთრგუნავს და თავს ეულად გაგრძნობინებს. ასეთმა ფიქრებმა შეიძლება უარყოფითი გრძნობების მორევშიც ჩაგითრიოს: თავი გარიყულად იგრძნო, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტო და მარტოობის გრძნობა დაგეუფლოს (ბიბლიური პრინციპი: იგავები 18:1).

დაუმეგობრდი უფროსი ასაკის ადამიანებს. ბიბლია მოგვითხრობს დავითზე, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა თავისზე 30 წლით უფროსი იონათანი გაიცნო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დავითი და იონათანი კარგი მეგობრები გახდნენ (1 სამუელი 18:1). ასეთი რამ შენს ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს. 21 წლის კიარა ამბობს: „ამ ბოლო დროს უფრო მეტად მივხვდი უფროსებთან მეგობრობის ფასს. რამდენიმე ძვირფასი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემზე ათწლეულებით უფროსები არიან. ძალიან ვაფასებ მათ მოწიფულობას, სიმტკიცეს და გაწონასწორებულობას“ (ბიბლიური პრინციპი: იობი 12:12).

დააფასე მარტო ყოფნის შესაძლებლობა. ზოგს მარტოობის გრძნობა მაშინვე ეუფლება, როგორც კი საკუთარ თავთან მარტო რჩება. მაგრამ მარტო ყოფნამ თავი მარტოსულად არ უნდა გაგრძნობინოს. მაგალითად, იესოს უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ის აფასებდა მარტო ყოფნის შესაძლებლობას (მათე 14:23; მარკოზი 1:35). შენც შეგიძლია მსგავსად მოიქცე. ნაცვლად იმისა, რომ მარტოობა არასახარბიელო რამედ ჩათვალო, გამოიყენე ეს დრო იმისთვის, რომ მშვიდად იფიქრო იმ კურთხევებზე, რაც გაქვს. ეს კი უფრო სასურველ მეგობრად გაქცევს (იგავები 13:20).

^ აბზ. 4 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ მყავს მეგობრები?

მხოლოდ შენ არ გრძნობ თავს მარტოდ და მხოლოდ შენ არ განიცდი უმეგობრობას. გაიგე, როგორ უმკლავდებიან შენი თანატოლები ასეთ გრძნობებს.

ახალგაზრდების შეკითხვები

მარტოსული ხარ?

სამი რჩევა, რომელიც დაგეხმარება გაუმკლავდე მარტოობას და იპოვო ნამდვილი მეგობრები.