წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მარტი 2015

 წარსულის სახეები

ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები

ბრძანებულებები, რომლებმაც გაყო კონტინენტები

მას შემდეგ, რაც 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკაში პირველი მოგზაურობა დაასრულა, ესპანეთისა და პორტუგალიის მონარქები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ ვინ დაეპატრონებოდა ახლად აღმოჩენილ მიწებს და ვინ განაგებდა იქ სავაჭრო საქმეებს. ესპანეთმა ამ უთანხმოების მოსაგვარებლად პაპ ალექსანდრე VI-ს მიმართა.

მონარქები და პაპები მსოფლიოს ანაწილებენ

ესპანეთს, პორტუგალიას და პაპებს მანამდე უკვე ჰქონდათ დანაწილებული ახალი მიწები. 1455 წელს პაპმა ნიკოლოზ V-მ პორტუგალიას მიანიჭა ექსკლუზიური უფლება, მოეწყოთ ექსპედიციები ატლანტის ოკეანეში აფრიკის კუნძულებზე და მიესაკუთრებინათ ყველაფერი, რასაც იქ აღმოაჩენდნენ. 1479 წელს „ალკასოვაშის ხელშეკრულებით“ პორტუგალიის მონარქმა აფონსუ V-მ და მისმა ვაჟმა, პრინცმა ჟუანმა, კანარის კუნძულები ესპანეთის მონარქებს, ფერდინანდსა და ისაბელას, დაუთმეს. სანაცვლოდ, ესპანეთმა აღიარა პორტუგალიის მონოპოლია აფრიკასთან ვაჭრობაში და მისსავე საკუთრებად სცნო აზორის, მწვანე კონცხისა და მადეირას კუნძულები. ორი წლის შემდეგ პაპმა სიქსტუს IV-მ გაამყარა ეს ხელშეკრულება და დააკონკრეტა, რომ ის ტერიტორიები, რომლებსაც მომავალში კანარის კუნძულების სამხრეთით და აღმოსავლეთით აღმოაჩენდნენ, ავტომატურად პორტუგალიის საკუთრებაში გადავიდოდა.

პრინცი ჟუანი, რომელიც ახლა უკვე პორტუგალიის მეფე გახლდათ და ჟუან II იწოდებოდა, ამტკიცებდა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები პორტუგალიას ეკუთვნოდა. ესპანეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ აზრს. ამიტომ თხოვნით მიმართა ახლად არჩეულ პაპს, ალექსანდრე VI-ს, რათა მათთვის მიენიჭებინა ამ ტერიტორიების კოლონიზაციისა და ადგილობრივების ქრისტიანობაზე მოქცევის უფლებამოსილება.

კალმის ერთი მოსმით პაპმა ალექსანდრე VI-მ მსოფლიო ორად გაყო

საპასუხოდ ალექსანდრე VI-მ გამოსცა სამი ოფიციალური ბრძანებულება. პირველი ბრძანებულება „ყოვლისშემძლე ღვთის უფლებამოსილებით“  ესპანეთს ახალი ტერიტორიების მუდმივ მფლობელად აცხადებდა. მეორე ბრძანებულებით, მწვანე კონცხის კუნძულებიდან დასავლეთით, 560 კილომეტრის რადიუსში, გაივლო ჩრდილო-სამხრეთის გამყოფი ხაზი. ალექსანდრეს თქმით, ხაზის დასავლეთით აღმოჩენილი ან მომავალში აღმოსაჩენი ტერიტორიები ესპანეთის საკუთრებად გამოცხადდებოდა. კალმის ერთი მოსმით პაპმა კონტინენტები ორად გაყო. მესამე ბრძანებულებით კი, ესპანეთის ძალაუფლება პაპმა აღმოსავლეთით, ინდოეთამდე განავრცო. ამან, რაღა თქმა უნდა, აღაშფოთა პორტუგალიის მეფე ჟუან II, რომლის მეზღვაურებმაც ის-ის იყო წარმატებით შემოუარეს სამხრეთ აფრიკას და ამგვარად, ინდოეთის ოკეანეშიც განავრცეს თავიანთი მონოპოლია.

რუკაზე ახალი გამყოფი ხაზი ჩნდება

ალექსანდრე VI-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟუანმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა ფერდინანდთან და ისაბელასთან. * „ულმობელი პორტუგალიელების შიშით შეპყრობილი ესპანელი მონარქები, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ ამერიკის კონტინენტის დაპატრონებას, სიხარულით წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე“, — წერდა თეორეტიკოსი უილიამ ბერნშტაინი. ამგვარად, 1494 წელს ესპანეთის ქალაქ ტორდესილასში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ამავე ქალაქის სახელწოდებით გახდა ცნობილი.

„ტორდესილასის ხელშეკრულებით“ ალექსანდრეს მიერ გავლებულმა გამყოფმა ხაზმა, დასავლეთით 1 480 კილომეტრით გადაინაცვლა. სავარაუდოდ, მთელი აფრიკა და აზია ახლა უკვე პორტუგალიის „საკუთრება“ გახდა, ახალი მსოფლიო (ამერიკა) კი — ესპანეთის. მაგრამ დასავლეთით გადაწეულმა გამყოფმა ხაზმა განაპირობა ის, რომ მოგვიანებით პორტუგალიის საკუთრებაში აღმოჩნდა მანამდე აღმოუჩენელი ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, რომელიც მოგვიანებით ბრაზილიის სახელით გახდა ცნობილი.

ბრძანებულებები, რომლებმაც ესპანეთსა და პორტუგალიას ახალი ტერიტორიების ათვისებისა და დაცვის უფლება მიანიჭა, დიდი სისხლისღვრის საბაბად იქცა. ამ გადაწყვეტილებებმა არა მარტო ხელყო ადგილობრივების უფლებები და მონებად აქცია, არამედ გააჩაღა მრავალსაუკუნოვანი ერთაშორისი ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად როგორც ხმელეთზე, ისე წყლებზე.

^ აბზ. 9 ამ წარმოუდგენლად გახრწნილი პაპის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ 2003 წლის 15 ივნისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ სტატია „ალექსანდრე VI — პაპი, რომელსაც რომი არ ივიწყებს“, გვერდები 26—29.