არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  მარტი 2015

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

კარგი ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან

კარგი ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან

პრობლემა

„ერთხელ ოჯახში სერიოზული პრობლემა გვქონდა და ჩემი ცოლი ამის შესახებ თავის მშობლებს მოუყვა. მერე მამამისმა დამირეკა და რჩევა მომცა. ეს ძალიან არ მესიამოვნა!“ (ჯეიმზი). *

«ჩემი დედამთილი ხშირად გულისტკივილით ამბობს: „როგორ მენატრება ჩემი ბიჭი“. ის სულ იმაზე ლაპარაკობს, რა ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მისი შემხედვარე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მგონია, მე დავაშორე დედა-შვილი» (ნატაშა).

შესაძლებელია, რომ მეუღლის მშობლებთან წამოჭრილი უთანხმოება თქვენი ქორწინების პრობლემად არ იქცეს?

რა უნდა იცოდეთ?

ქორწინებით ახალ ოჯახს ეყრება საფუძველი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დაქორწინებისას „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს“. ცოლის შემთხვევაშიც ასეა — ისიც მიატოვებს მშობლებს და მიეკვრება ქმარს. როგორც ბიბლია ამბობს, ისინი „ერთი ხორცი იქნებიან“. დაქორწინების შემდეგ ქალ-ვაჟი ახალ ოჯახს ქმნის (მათე 19:5).

მშობლებზე წინ ქორწინება დგას. კონსულტანტი ოჯახურ საკითხებში ჯონ გოტმენი წერს: „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ცოლ-ქმარმა უნდა ისწავლოს, ის არის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, გაითვალისწინონ ერთმანეთი. ერთსულოვნების სული რომ განივითაროთ ან განიახლოთ, შეიძლება საჭირო გახდეს, მოსწყდეთ მშობლების ოჯახს და აღარ იყოთ უწინდებურად მათზე მიჯაჭვული“. *

ზოგ მშობელს შეიძლება გაუჭირდეს ამასთან შეგუება. ერთი ახალგაზრდა კაცი აღნიშნავს: „დაქორწინებამდე ჩემი ცოლი ყოველთვის მშობლების აზრს ითვალისწინებდა. დაქორწინების შემდეგ დედამისმა იგრძნო, რომ მისი ადგილი ვიღაც სხვამ დაიკავა, რასთან შეგუებაც ძალიან გაუჭირდა“.

ამასთან შეგუება შეიძლება ახალდაქორწინებულებსაც გაუჭირდეთ. «მეუღლის მშობლების არჩევა მეგობრების არჩევას არ ჰგავს. როგორც ამბობენ, „მოგწონს თუ არა, შენ ორი ახალი მეგობარი გყავს“. ჭკუაზეც რომ შეგშალონ, ისინი შენი ოჯახის წევრები არიან და მათ ვერ გამოცვლი», — ამბობს ზემოხსენებული ჯეიმზი.

 რის გაკეთება შეგიძლიათ

თუ მშობლების გამო ცოლ-ქმარს უთანხმოება წამოგეჭრათ, ეცადეთ, პრობლემების მოსაგვარებლად თანამშრომლობის სული გამოავლინოთ. გაითვალისწინეთ ბიბლიური რჩევა: „მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე“ (ფსალმუნი 34:14).

ამაში ქვემოთ მოყვანილ სიტუაციებზე დაფიქრება დაგეხმარებათ. თითოეული სიტუაცია წარმოდგენილია ქმრის ან ცოლის გადასახედიდან. თუმცა აქ წარმოდგენილი პრობლემები შეიძლება ორივეს ეხებოდეს და შესაბამისად, ეს რჩევებიც ორივეს დაეხმარება.

ცოლი გთხოვთ, რომ დედამისთან უკეთესი ურთიერთობა გქონდეთ. მაგრამ ხედავთ, რომ გიჭირთ სიდედრთან მშვიდად ურთიერთობა.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ამის შესახებ ესაუბრეთ ცოლს. მზად იყავით დათმობაზე წასასვლელად. მთავარი ის კი არ არის, რას გრძნობთ სიდედრის მიმართ, არამედ ის, თუ რას გრძნობთ მეუღლის მიმართ, ვისაც სიყვარული შეჰფიცეთ. პრობლემაზე მსჯელობისას იფიქრეთ, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. მოიფიქრეთ ერთი ან ორი ვარიანტი და გამოიყენეთ. როცა თქვენი ცოლი დაინახავს, როგორ ცდილობთ დედამისთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მის თვალში მეტ პატივისცემას მოიპოვებთ (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 10:24).

ქმარი გეუბნებათ, რომ მასზე მეტად მშობლებზე ზრუნავთ და მათ სიამოვნებაზე უფრო ფიქრობთ.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ამის შესახებ ესაუბრეთ ქმარს და ეცადეთ, პრობლემას მისი თვალით შეხედოთ. უდავოა, რომ თუ მშობლებს სათანადო პატივს სცემთ, ამაზე ქმარი არ იეჭვიანებს (იგავები 23:22). და მაინც, შეიძლება საჭირო გახდეს, სიტყვით თუ საქმით კიდევ ერთხელ დაარწმუნოთ ქმარი, რომ მშობლებზე წინ მას აყენებთ. თუ მეუღლეს ამაში დაარწმუნებთ, მას აღარ დაეუფლება ისეთი განცდა, რომ მშობლები მასზე მეტად გიყვართ (ბიბლიური პრინციპი: ეფესოელები 5:33).

თქვენი ცოლი რჩევას მშობლებს უფრო ხშირად ეკითხება, ვიდრე თქვენ.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ამის შესახებ ესაუბრეთ ცოლს და შეთანხმდით, რისი თქმა შეიძლება მშობლებთან და რისი — არა. გამოავლინეთ გონიერება. დაფიქრდით, ყოველთვის ცუდია მშობლებთან პრობლემაზე საუბარი? როდის იქნებოდა ეს უპრიანი? თუ ერთი აზრი გექნებათ, ამ მიზეზით ოჯახში უთანხმოება აღარ მოგივათ (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 4:5).

^ აბზ. 4 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 9 აღებულია წიგნიდან „The Seven Principles for Making Marriage Work“.

გაიგეთ მეტი

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა ოჯახის წევრებთან

თქვენ შეძლებთ პატივი სცეთ მშობლებს ისე, რომ არც მეორე ნახევარს ატკინოთ გული.