წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! თებერვალი 2015

 ინტერვიუ | ანტონიო დელა გატა

რატომ დატოვა მღვდელმა ეკლესია?

რატომ დატოვა მღვდელმა ეკლესია?

რომში ცხრა წელი სწავლის შემდეგ ანტონიო დელა გატა 1969 წელს მღვდლად აკურთხეს. მოგვიანებით ის ნეაპოლთან (იტალია) ახლოს მდებარე სემინარიის რექტორი გახდა. იქ მსახურების პერიოდში დიდი კვლევისა და ფიქრის შემდეგ მან დაასკვნა, რომ კათოლიკური ეკლესიის სწავლებები არ ეფუძნებოდა ბიბლიას. ის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს მოუყვა, თუ როგორ ეძებდა ღმერთს.

მოკლედ მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე.

დავიბადე იტალიაში 1943 წელს. ჩემს და-ძმებთან ერთად ერთ პატარა სოფელში ვიზრდებოდი. მამა ფერმას უძღვებოდა და თან დურგლად მუშაობდა. მშობლებმა მორწმუნე კათოლიკებად აღგვზარდეს.

რატომ გინდოდათ მღვდელი გამხდარიყავით?

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, როცა ეკლესიაში ვიჯექი და მღვდლებს ვუსმენდი. მაჯადოებდა მათი ხმა და შთამბეჭდავი რიტუალები. იმ დროიდან ჩამესახა გულში მღვდლად გახდომის სურვილი. 13 წლის რომ გავხდი, დედამ შემიყვანა სკოლა-პანსიონში, რომელიც კარგ განათლებას იძლეოდა და ბიჭებს მღვდლობისთვის ამზადებდა.

სასწავლო პროგრამაში ბიბლიის სწავლება თუ შედიოდა?

არა. 15 წლის რომ გავხდი, ერთმა მასწავლებელმა სახარებები მომცა, სადაც იესოს ცხოვრება და მსახურება იყო აღწერილი. წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე. 18 წელი რომ შემისრულდა რომში წავედი, სადაც სწავლა განვაგრძე იმ უნივერსიტეტებში, რომლებსაც უშუალოდ რომის პაპი ზედამხედველობდა. იქ ვსწავლობდი ლათინურ და ბერძნულ ენებს, აგრეთვე ისტორიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და თეოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიიდან ცალკეულ მუხლებს ვიზეპირებდით და საკვირაო ქადაგებებზეც ვისმენდით ბიბლიურ ციტატებს, სინამდვილეში, ბიბლიას არ ვსწავლობდით.

თქვენ რექტორი გახდით. ლექციებს თუ კითხულობდით?

ძირითადად ადმინისტრაციული საქმეებით ვიყავი დაკავებული, თუმცა სტუდენტებს ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებაზე მიღებულ დადგენილებებს ვასწავლიდი.

რატომ დაეჭვდით ეკლესიის სწავლებებში?

სამმა რამემ დამაეჭვა. ეკლესია პოლიტიკაში ერეოდა და იწყნარებდა მღვდლებისა და მრევლის არასწორ საქციელს. გარდა ამისა, ზოგიერთი მათი სწავლება არ იყო ბიბლიაზე დაფუძნებული. მაგალითად, როგორ შეიძლება, რომ მოსიყვარულე ღმერთმა სიკვდილის შემდეგ მარადიულად ტანჯოს ადამიანები? ან თუნდაც, მართლა სურს ღმერთს, ასჯერ ან მეტჯერ გავიმეოროთ ერთი და იგივე ლოცვა და თან კრიალოსანზე ვითვალოთ? *

შემდეგ რა მოიმოქმედეთ?

ღმერთს ცრემლებით ვემუდარებოდი და დახმარებას ვთხოვდი. შევიძინე „იერუსალიმის ბიბლია“, რომელიც ახალი გამოსული იყო იტალიურ ენაზე და წაკითხვა დავიწყე. ერთ კვირა დილას, როცა მესის შემდეგ სამოსს ვკიდებდი, სემინარიაში ორი კაცი შემოვიდა. ისინი იეჰოვას მოწმეების სახელით გამეცნენ. საათზე მეტი ვისაუბრეთ ბიბლიაზე და იმაზე, თუ რით ამოიცნობოდნენ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები.

 რა შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე მოწმეებმა?

მომხიბლა მათმა დამაჯერებელმა საუბარმა და იმან, რომ ისინი ძალიან კარგად ფლობდნენ კათოლიკურ ბიბლიას და თავისუფლად პოულობდნენ მუხლებს. მოგვიანებით, სხვა მოწმე, სახელად მარიო, მსტუმრობდა ხოლმე. ის ძალიან ერთგული და მომთმენი იყო, ყოველ შაბათ დილას, დარში თუ ავდარში, ზუსტად დილის 9 საათზე სემინარიის კარზე ზარს რეკდა.

რა აზრისანი იყვნენ სხვა მღვდლები თქვენს შეხვედრებზე?

მათ ვუთხარი, რომ დასწრებოდნენ ჩვენს შეხვედრებს, მაგრამ არც ერთი არ მოეკიდა ბიბლიის შესწავლას სერიოზულად. მაგრამ მე მოწმეებთან მსჯელობა ძალიან მომწონდა. საოცარ რამეებს ვსწავლობდი; მაგალითად, გავიგე, რატომ ითმენს ღმერთი ადამიანთა ბოროტებასა და ტანჯვას, რაც წლების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა.

ხომ არ ცდილობდნენ თქვენ ზემოთ მდგომნი თქვენს გადარწმუნებას, შეგეწყვიტათ ბიბლიის შესწავლა?

1975 წელს რამდენჯერმე ჩავედი რომში ჩემი შეხედულებების ასახსნელად. მაღალი რანგის სასულიერო პირები ცდილობდნენ, ჩემთვის აზრი შეეცვლევინებინათ, მაგრამ საუბარში არც ერთი მათგანი არ იყენებდა ბიბლიას. ბოლოს, 1976 წლის 9 იანვარს, ვატიკანს წერილი მივწერე, რომელშიც ვიტყობინებოდი, რომ უარს ვამბობდი კათოლიკურ სარწმუნოებაზე. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ სემინარია დავტოვე და მატარებელში ჩავჯექი, რომ პირველად დავსწრებოდი იეჰოვას მოწმეების შეხვედრას. ეს შეხვედრა კონგრესი აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე კრება იყო შეკრებილი. აქ ყველაფერი ძალიან განსხვავებული იყო. ყველა მოწმეს ხელში ბიბლია ეკავა და თვალს ადევნებდა მუხლებს, რომლებსაც მომხსენებელი კითხულობდა.

რას ფიქრობდა თქვენი ოჯახი ამ ყველაფერზე?

უმრავლესობა ძალიან მეწინააღმდეგებოდა. მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ერთი ჩემი ძმა ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან ლომბარდიაში, ჩრდილოეთ იტალიაში. გადავწყვიტე, მასთან წავსულიყავი, იქაური მოწმეები დამეხმარნენ სამსახურისა და ბინის პოვნაში. იმავე წელს მოვინათლე, როგორც იეჰოვას მოწმე.

როგორც იქნა, ღმერთთან ნამდვილი სიახლოვე ვიგრძენი

ხომ არ ნანობთ რამეს?

არა, რას ამბობთ! როგორც იქნა, ღმერთთან ნამდვილი სიახლოვე ვიგრძენი, ეს კი იმიტომ, რომ მის შესახებ ჩემი ცოდნა ბიბლიას ეფუძნება და არა ფილოსოფიას ან ეკლესიის ტრადიციებს. ახლა სხვებს უფრო მეტი დამაჯერებლობითა და გულწრფელობით ვასწავლი.

^ აბზ. 13 ბიბლია ნათელ პასუხებს გვცემს ამ და სხვა კითხვებზე. (იხილეთ: ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე)