წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! თებერვალი 2015

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როცა ბავშვი სიკვდილის შესახებ კითხვებს სვამს

როცა ბავშვი სიკვდილის შესახებ კითხვებს სვამს

პრობლემა

თქვენი ექვსი წლის ბავშვი გეკითხებათ: „შენც მოკვდები?“. ამ კითხვით შეშფოთებული ფიქრობთ: „მის შეკითხვას რომ ვუპასუხო, გაიგებს ამ ასაკში? როგორ ველაპარაკო მას სიკვდილზე?“

რა უნდა იცოდეთ

ბავშვები ფიქრობენ სიკვდილზე. ზოგჯერ ისინი ისეთ თამაშებსაც თამაშობენ, სადაც ვიღაც კვდება. აქედან გამომდინარე, სიკვდილი არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა თქვენს ოჯახში და მზად უნდა იყოთ, ბავშვის დასმულ ნებისმიერ კითხვას გასცეთ პასუხი. დროდადრო ამ თემაზე თავისუფლად საუბრით შვილს მოამზადებთ, ადვილად გადაიტანოს საყვარელი ადამიანის სიკვდილი.

სიკვდილზე საუბრით ბავშვს არაჯანსაღი ფიქრებისგან დაიცავთ; მას აღარ განუვითარდება სიკვდილის შიში. მაგრამ საჭიროა, რომ შვილს სწორი წარმოდგენა შეუქმნათ სიკვდილზე. მაგალითად, ზოგი ექსპერტის თქმით, ექვს წლამდე ასაკის ბევრი ბავშვი სიკვდილს არ აღიქვამს ყველაფრის დასასრულად. თამაშის დროს ბავშვი შეიძლება ერთ წუთში „მოკვდეს“ და მეორე წუთში „გაცოცხლდეს“.

მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები ნელ-ნელა სწვდებიან სიკვდილის სერიოზულობას. მათ შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები, სადარდებელი და შიშიც კი, განსაკუთრებით მაშინ, თუ საყვარელი ადამიანი მოუკვდათ. ამიტომ ამ საკითხზე მათთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგი მარიონ აზა აღნიშნავს: „ბავშვს სიკვდილის შიში უვითარდება, თუ ის გრძნობს, რომ სახლში ამ თემაზე საუბარს გაურბიან“.

არ ღირს მეტისმეტი ნერვიულობა იმაზე, თუ რა უთხრათ ბავშვს. ერთი კვლევის თანახმად, ბავშვებს უბრალოდ სურთ, რომ „მარტივი სიტყვებით მოისმინონ სიმართლე“. გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვი მზად არ არის პასუხის მოსასმენად, კითხვას არ დასვამს.

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

ხელიდან არ გაუშვათ სიკვდილზე საუბრის შესაძლებლობა. თუ ბავშვი გზაზე მკვდარ ჩიტს დაინახავს ან საყვარელი ცხოველი მოუკვდება, მარტივი კითხვების დასმით, ეცადეთ საუბარში აიყოლიოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „როგორ ფიქრობ, სტკივა რამე მკვდარ ცხოველს? სცივა? შია? როგორ უნდა მიხვდე, რომ ცხოველი ან ადამიანი მოკვდა?“ (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 3:1, 7).

არ დაუმალოთ სიმართლე. როცა თქვენი ნაცნობი ან ნათესავი დაიღუპება, მოერიდეთ ისეთი დამაბნეველი ფრაზების თქმას, როგორიცაა: „ის წავიდა“, „მან დაგვტოვა“. ბავშვმა შეიძლება არასწორად დაასკვნას, რომ მიცვალებული მალე დაბრუნდება. ნაცვლად ამისა, მარტივად და პირდაპირ უთხარით სიმართლე. შეგიძლიათ ასეთი რამ უთხრათ: „ბებია გარდაიცვალა, მას უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია. მას ჩვენი აღარ ესმის, მაგრამ ჩვენ ბებია არასოდეს დაგვავიწყდება“ (ბიბლიური პრინციპი: ეფესოელები 4:25).

ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ სიკვდილი გადამდები დაავადებაა, ამიტომ დაამშვიდეთ, რომ მას არაფერი დაემართება

დაამშვიდეთ ბავშვი. თქვენმა შვილმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ ადამიანის სიკვდილი მისი ბრალია. მაგალითად, ის შეიძლება გააბრაზა ან რაიმე ცუდი გაიფიქრა მასზე. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ უთხრათ, ის არაფერ შუაშია, ჰკითხეთ, რატომ ფიქრობს ასე. ყურადღებით მოუსმინეთ და მის გრძნობებს გაგებით მოეკიდეთ. გარდა ამისა, ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ სიკვდილი გადამდები დაავადებაა, ამიტომ დაამშვიდეთ და უთხარით, რომ მას არაფერი დაემართება.

ეცადეთ საუბარში ჩააბათ. თავისუფლად ილაპარაკეთ გარდაცვლილ ოჯახის წევრებზე, მათ შორის იმ ნათესავებზე, რომლებსაც თქვენი შვილი არ იცნობდა. გაიხსენეთ დეიდა, მამიდა, ბიძა, პაპა-ბებია და მოყევით მათ თავს გადამხდარი კურიოზული შემთხვევები. როცა არ ერიდებით გარდაცვლილ ნათესავებზე საუბარს, ბავშვი ხვდება, რომ მათზე საუბარი და ფიქრი ნორმალურია. ამავე დროს გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვს არ უნდა, არ აიძულოთ საუბარი. ამ თემას სხვა დროსაც შეგიძლიათ დაუბრუნდეთ, როცა ბავშვი მზად იქნება სასაუბროდ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 20:5).

ბავშვებისთვის ძალიან დამხმარე იქნება 34-ე და 35-ე თავები წიგნიდან „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. (იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები)

გაიგეთ მეტი

რატომ კვდებიან ადამიანები?

ამ კითხვაზე ბიბლიიდან მიღებული პასუხი გვანუგეშებს და იმედსაც გვისახავს.