წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2015

 მთავარი თემა | როგორ გაჩნდა სიცოცხლე?

ორი კითხვა, რომლის დასმაც ღირს

ორი კითხვა, რომლის დასმაც ღირს

1 როგორ მიეცა სიცოცხლეს დასაბამი?

რას ამბობს ზოგი. სიცოცხლე სპონტანურად უსიცოცხლო მატერიისგან გაჩნდა.

რატომ არ აკმაყოფილებს ზოგს ეს პასუხი? მეცნიერებმა დღეს გაცილებით მეტი იციან ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და მათ მოლეკულურ აგებულებაზე, ვიდრე ოდესმე; მაგრამ დანამდვილებით მაინც არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რა არის სიცოცხლე. უსიცოცხლო მატერიასა და „უმარტივეს“ ცოცხალ უჯრედს შორის უსაშველოდ დიდი უფსკრულია.

მეცნიერებს მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობები იყო დედამიწაზე მილიარდობით წლის წინათ. სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ სიცოცხლე ვულკანში ან ოკეანის სიღრმეში გაჩნდა. სხვა თეორიის მიხედვით, სიცოცხლისთვის საჭირო სამშენებლო მასალა თავდაპირველად კოსმოსში ჩამოყალიბდა და შემდეგ მეტეორიტების მეშვეობით მოხვდა დედამიწაზე. თუმცა არც ეს თეორია სცემს პასუხს კითხვაზე: როგორ გაჩნდა სიცოცხლე. ის უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ სიცოცხლეს სადღაც დედამიწის გარეთ მიეცა დასაბამი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უნდა ეარსება მოლეკულებს, რომლებმაც განაპირობა დღეს ჩვენთვის კარგად ცნობილი გენეტიკური მასალის წარმოქმნა. მათი ვარაუდით თვითწარმოქმნის უნარის მქონე ეს მოლეკულები უსიცოცხლო მატერიისგან სპონტანურად გაჩნდა. მაგრამ მეცნიერებმა ასეთი მოლეკულების არსებობის ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს და ვერც ლაბორატორიაში შეძლეს თუნდაც ერთი ასეთი მოლეკულის შექმნა.

ცოცხალ ორგანიზმებს ინფორმაციის შენახვისა და გადამუშავების უნიკალური უნარი გააჩნია. უჯრედებს გადააქვთ ინფორმაცია, შიფრავენ მას და მოქმედებენ გენეტიკურ კოდში ჩადებული ინსტრუქციების მიხედვით. ზოგი მეცნიერი გენეტიკურ კოდს კომპიუტერულ პროგრამას ადარებს, ხოლო უჯრედის ქიმიურ აგებულებას — კომპიუტერის კორპუსს. მაგრამ ევოლუცია ვერ ხსნის, თუ საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია გენეტიკურ კოდში.

უჯრედის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცილის მოლეკულები. ცილის მოლეკულა შეიცავს გარკვეული თანმიმდევრობით დაჯგუფებულ ასობით ამინომჟავას. გარდა ამისა, ცილა გამოსადეგი რომ იყოს, ის უნდა ჩამოყალიბდეს უნიკალურ სამგანზომილებიან სტრუქტურად. ზოგი მკვლევრის დასკვნით, იმის ალბათობა, რომ თუნდაც ერთი ცილის მოლეკულა თავისით წარმოქმნილიყო, ყოვლად წარმოუდგენელია. ფიზიკოსი პოლ დეივისი წერს: „რადგანაც უჯრედის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ათასობით სხვადასხვა სახის ცილა, წარმოუდგენელია იმ აზრის დაშვება, რომ ის შემთხვევით გაჩნდა“.

დასკვნა. ფაქტობრივად, მეცნიერების ყველა დარგში ათეულობით წლის განმავლობაში წარმოებული კვლევების შემდეგ ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლე სიცოცხლისგან წარმოიშვა.

 2 როგორ განვითარდა ცოცხალი ორგანიზმები?

რას ამბობს ზოგი. პირველი ცოცხალი ორგანიზმი მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად თანდათან გარდაიქმნა სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმად, მათ შორის, ადამიანის.

რატომ არ აკმაყოფილებს ზოგს ეს პასუხი? ზოგ უჯრედს საკმაოდ რთული აგებულება აქვს. ერთი ნაშრომის თანახმად, ის თუ როგორ განვითარდა შედარებით მარტივი უჯრედებიდან უფრო რთული უჯრედები, „მეორე ევოლუციურ საიდუმლოს წარმოადგენს სიცოცხლის წარმოშობის შემდეგ“.

სწავლულებმა თითოეულ უჯრედში აღმოაჩინეს ცილის მოლეკულებისგან შემდგარი რთული მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ და საკმაოდ რთულ პროცესებს ასრულებენ, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: საკვები ნივთიერების გადატანა და მისი ენერგიად გარდაქმნა, უჯრედის ზოგიერთი ნაწილის აღდგენა და ინფორმაციის გადაცემა მთელ უჯრედში. განა შესაძლებელი იქნებოდა მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით შეკრებილიყო და ამოქმედებულიყო ასეთი რთული და დახვეწილი კომპონენტები? ბევრს უჭირს ამ აზრის დაჯერება.

ცხოველებიც და ადამიანებიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან. ემბრიონში ხდება უჯრედების დაყოფა, თანდათანობით უჯრედები გადანაწილდება სივრცეში და სპეციალიზირდება ფუნქციების მიხედვით. იწყება ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი. ევოლუციონისტები ვერ ხსნიან, საიდან იცის უჯრედმა, რომელ ორგანოდ გარდაიქმნას და ორგანიზმში რომელ ადგილას განლაგდეს.

მეცნიერები მიხვდნენ, რომ ერთი სახეობის ცხოველი სხვა სახეობის ცხოველად რომ გარდაიქმნას, უჯრედში მოლეკულურ დონეზე უნდა წარიმართოს მსგავსი ცვლილებები. რადგან ვერც ერთი მეცნიერული ფაქტი ვერ ამტკიცებს იმას, რომ ევოლუციით თუნდაც „უმარტივესი“ უჯრედის შექმნაა შესაძლებელი, განა დასაჯერებელია ის აზრი, რომ მუტაციისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით შეიქმნა სხვადასხვა სახეობის ცხოველი? ცხოველების აგებულებაზე დაკვირვების შედეგად ბიოქიმიის მეცნიერებათა პროფესორმა მაიკლ ბიჰიმ დაასკვნა, რომ „მათი საოცარი და წარმოუდგენლად რთული აგებულება ჩიხში აქცევს მეცნიერებს და ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება, რომ ამგვარ რთულ სტრუქტურაზე პასუხისმგებელი არაინტელექტუალური პროცესები ყოფილიყო“.

ადამიანს აქვს შეგნება და საკუთარი თავის ანალიზის უნარი, შეუძლია ფიქრი და ლოგიკური მსჯელობა, ფლობს ისეთ ზნეობრივ თვისებებს, როგორიცაა: გულუხვობა, თავგანწირვა, სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი. მუტაცია და ბუნებრივი გადარჩევა ვერ ხსნის, საიდან აქვს ადამიანს ასეთი უნიკალური თვისებები.

დასკვნა. მაშინ როცა, ბევრს მტკიცედ სჯერა, რომ სიცოცხლეს დასაბამი ევოლუციამ მისცა, სხვებს არ აკმაყოფილებს სიცოცხლის წარმოშობასა და განვითარებასთან დაკავშირებული ეს თეორია.