წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2015

 ბიბლიის თვალსაზრისი

­ტანჯვა

­ტანჯვა

ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდი ღვთის განგებით ხდება; და თუ ეს ასე არ არის, ფაქტია, რომ მას საერთოდ არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა. ეთანხმება ბიბლია ამ აზრს? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ.

ღმერთის ბრალია, რომ ვიტანჯებით?

„არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით“ (იობი 34:12).

რას ამბობს ხალხი:

ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. აქედან გამომდინარე, მათ სჯერათ, რომ ჩვენი ტანჯვის უკან ღმერთი დგას. მაგალითად, როცა სტიქიური უბედურებები ხდება, ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი ამით ცოდვილებს სჯის.

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლია ცალსახად ამბობს, რომ ჩვენი ტანჯვის მიზეზი ღმერთი არ არის. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როდესაც განსაცდელებს ვხვდებით, იმის თქმა, „ღმერთი მცდისო“, არასწორი იქნებოდა. რატომ ვამბობთ ამას? „რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არასდროს გვაგდებს განსაცდელში და არც ჩვენს ტანჯვას იწვეს. ასე მოქცევა ბოროტება იქნებოდა, მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია: „არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით“ (იობი 34:12).

თუ ღმერთი არა, მაშ ვინ ან რა იწვევს ჩვენს ტანჯვას? სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი ადამიანის მსხვერპლი ხდება (ეკლესიასტე 8:9). გარდა ამისა, შეიძლება ჩვენი უბედურების მიზეზი შემთხვევითი მოვლენა გახდეს, მაგალითად, თუ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდით (ეკლესიასტე 9:11). ბიბლია ამბობს, რომ ყველაფრის თავი და თავი არის „ამ ქვეყნიერების მმართველი“, სატანა ეშმაკი. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ადამიანების ტანჯვაზე, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). ასე რომ, ჩვენი ტანჯვის მიზეზი სატანაა და არა ღმერთი.

 სულერთია ღვთისთვის, რომ ვიტანჯებით?

„მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ესაია 63:9).

რას ამბობს ხალხი:

ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთს არ ანაღვლებს ჩვენი მდგომარეობა. მაგალითად, ერთმა მწერალმა აღნიშნა, რომ „ღვთის რეაქცია ჩვენს ტანჯვაზე აშკარად მოკლებულია თანაგრძნობასა და სიბრალულს“. მისი თქმით, თუ ღმერთი არსებობს, ის „საშინელ გულგრილობას“ ავლენს ადამიანების მიმართ.

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლია სრულიად საპირისპიროს ამბობს. ის ასწავლის, რომ ღმერთი უმოწყალო და გულგრილი კი არ არის, არამედ გული ეწვის ჩვენს ტანჯვაზე და მალე მას ბოლოს მოუღებს. დავფიქრდეთ, ბიბლიაში ჩაწერილ სამ მანუგეშებელ აზრზე.

ღმერთმა იცის, რომ ვიტანჯებით. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ადამიანი იტანჯება, იეჰოვასთვის, * რომლის თვალიც ყველაფერს ხედავს, შეუმჩნეველი არ დარჩენილა არც ერთი ჩვენი ცრემლი (ფსალმუნი 11:4; 56:8). მაგალითად, ძველად, როცა მისი თაყვანისმცემლები იჩაგრებოდნენ, ღმერთმა თქვა: „ვიხილე . . . ჩემი ხალხის ჩაგვრა“. ბუნდოვნად ხედავდა ღმერთი მათ მდგომარეობას? არა, რადგან ის დასძენს: „კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7). ბევრისთვის მანუგეშებელი აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ღმერთმა იცის უშუალოდ მათი მდგომარეობა და ის ტანჯვა, რასაც განიცდიან. მან ისეთი წვრილმანებიც კი იცის ჩვენ შესახებ, რაც სხვებმა შეიძლება ბოლომდე არ იციან ან ვერ ხვდებიან (ფსალმუნი 31:7; იგავები 14:10).

ღმერთი თანაგვიგრძნობს, როცა ვიტანჯებით. იეჰოვამ არა მარტო იცის, როგორ ვიტანჯებით, არამედ დიდად თანაგვიგრძნობს. მაგალითად, ის გულწრფელად დამწუხრდა, როცა ძველ დროს მცხოვრები მისი თაყვანისმცემლები მძიმე განსაცდელებს შეხვდნენ. „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (ესაია 63:9). მართალია, ღმერთი ადამიანებზე გაცილებით აღმატებულია, მაგრამ ის თანაგრძნობას ავლენს მათდამი, ვინც განსაცდელს ხვდება და ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს მათი ტკივილი მისი ტკივილია. ბიბლია მართებულად ამბობს: „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11). იეჰოვა მარტო კი არ თანაგვიგრძნობს, არამედ განსაცდელების ატანაშიც გვეხმარება (ფილიპელები 4:12, 13).

მალე ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მთელი დედამიწის ზურგზე არც ერთი ადამიანი აღარ დაიტანჯება. ზეციერი სამეფოს მეშვეობით იეჰოვა დედამიწაზე რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას უკეთესობისკენ. ბიბლია წინასწარმეტყველებს იმ დროზე და ამბობს: ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). რის თქმა შეიძლება გარდაცვლილებზე? ღმერთი მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს და ისინიც დატკბებიან დედამიწაზე ცხოვრებით, სადაც ტანჯვის ნასახი აღარ იქნება (იოანე 5:28, 29). არც წარსულის მწარე მოგონებები დატანჯავს ვინმეს, ვინაიდან იეჰოვა გვპირდება „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17). *

^ აბზ. 13 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

^ აბზ. 15 იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უშვებს ღმერთი დროებით ტანჯვას და როგორ მოსპობს მას, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-8 და მე-11 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?

როგორ გაჩნდა ბოროტება და რატომ დაუშვა ღმერთმა ის ასე დიდხანს? დასრულდება ოდესმე ტანჯვა?

რა არის ღვთის სამეფო?

ვინ არის მეფე ღვთის სამეფოში და რას გააკეთებს ღვთის სამეფო?