არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  დეკემბერი 2014

 მთავარი თემა

რა უნდა იცოდეთ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ

რა უნდა იცოდეთ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ

„ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სუნთქვა მეკვროდა. მეგონა, ფსიქიკური მოშლილობით გამოწვეულ უხერხულობას ვერაფრით გავუმკლავდებოდი“. ამბობს კლაუდია, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ბიპოლარული დარღვევა და პოსტტრავმული სტრესული მოშლილობა დაუდგინეს.

„დრო დაგვჭირდა, რომ მდგომარეობას შევგუებოდით, — ამბობს კლაუდიას ქმარი, მარკი. — მაგრამ მესმოდა, რომ ყველაზე მთავარი ახლა ის იყო, რომ ცოლისთვის ემოციურად დამეჭირა მხარი“.

რას იგრძნობდით, თქვენთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ფსიქიკური მოშლილობის დიაგნოზი რომ დაესვათ? საბედნიეროდ, ეს დაავადება განკურნებადია. ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, დაგეხმარებათ მასთან გამკლავებაში. მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი. *

 ფსიქიკური ჯანმრთელობა

„მთელ მსოფლიოში ფსიქიკური მოშლილობა ასობით მილიონ ადამიანს აღენიშნება, რაც დიდ გავლენას ახდენს მათ ახლობლებზე. ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ფსიქიკური მოშლილობა ემუქრება. დეპრესია ყველაზე მეტად აკარგვინებს ადამიანს ცხოვრების ხალისს. შიზოფრენია და ბიპოლარული მოშლილობა ითვლება ყველაზე მწვავე მოშლილობად, რაც ადამიანს აკარგვინებს შრომის უნარს და რიყავს საზოგადოებისგან . . . მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მოშლილობები ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება, ისინი ხშირად მალავენ, რომ ეს დაავადება აწუხებთ, უყურადღებოდ ტოვებენ მას და აშინებთ საზოგადოების რეაქცია“ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია).

ამავე ორგანიზაციის თანახმად, ფსიქიკური მოშლილობით დაავადებული ბევრი ადამიანი უარს ამბობს მკურნალობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ საზოგადოება გარიყავს.

მართალია, ფსიქიკური მოშლილობები უმეტესწილად განკურნებადია, მაგრამ როგორც ჯანდაცვის ერთი ორგანიზაცია გვატყობინებს, შეერთებულ შტატებში ფსიქიკური მოშლილობის მქონე ზრდასრულთა დაახლოებით 60%-ს და 8—15 წლამდე ახალგაზრდების თითქმის 50%-ს, გასულ წელს არ მიუმართავთ ექიმისთვის (The National Alliance on Mental Illness).

 უნდა ვიცოდეთ, რა არის ფსიქიკური მოშლილობა

რა არის ფსიქიკური დაავადება? სპეციალისტების აზრით, ამ დაავადების დროს ადამიანს მნიშვნელოვნად უქვეითდება აზროვნების უნარი, ხდება ემოციურად გაუწონასწორებელი და ახასიათებს არაადეკვატური ქცევები. ხშირ შემთხვევაში ადამიანი კარგავს სხვებთან ურთიერთობისა და ცხოვრების ხალისს.

სიმპტომების სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს ხანგრძლივობითა და ინტენსივობით და ეს დამოკიდებულია ზოგადად ადამიანის ტიპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემოებებზე. ფსიქიკური მოშლილობა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს ასაკის, კულტურის, სქესის, რასის, რელიგიის, განათლებისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ფსიქიკური მოშლილობის განმაპირობებელი ფაქტორი არც პიროვნული სისუსტეა და არც ცუდი ზნე. სწორად შერჩეული მკურნალობის შედეგად ადამიანი შეიძლება განიკურნოს და შინაარსიანად და ნაყოფიერად იცხოვროს.

ფსიქიკური მოშლილობის მკურნალობა

ფსიქიატრები წარმატებით მკურნალობენ ფსიქიკური მოშლილობის ბევრ სახეობას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულმა დახმარებისთვის მიმართოს კომპეტენტურ და გამოცდილ ფსიქიატრს.

თუმცა, კარგი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ პაციენტი მიმართავს სათანადო მკურნალობის მეთოდს. აგრეთვე ძალიან დამხმარეა, რომ მან დასძლიოს უგუნებობა და ესაუბროს სხვებს თავისი დაავადების შესახებ. მკურნალობაში შეიძლება შედიოდეს გამოცდილ ფსიქიატრებთან საუბარი, რომლებიც სწორ ინფორმაციას მიაწვდიან პაციენტს თავისი დაავადების შესახებ, ასწავლიან, თავად როგორ გაუმკლავდნენ სიმპტომებს ყოველდღიურად და დაარწმუნებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტონ მკურნალობა. ასეთი კონსულტაციების დროს ოჯახის წევრს ან მეგობარს მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ მხრივ, რომ მხარი დაუჭიროს ავადმყოფს და დაარწმუნოს გამოჯანმრთელებაში.

ბევრი გაუმკლავდა ფსიქიკურ მოშლილობას მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაცია მიიღო თავისი მდგომარეობის შესახებ და ზედმიწევნით მიჰყვა ექიმის დანიშნულებას. „სანამ ჩემს ცოლს დიაგნოზს დაუსვამდნენ, ფსიქიკური მოშლილობის შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობდით, მაგრამ შემდეგ ვისწავლეთ, შევგუებოდით ჩვენს მდგომარეობას და გავმკლავებოდით წამოჭრილ პრობლემებს. დროთა განმავლობაში სანდო ექიმების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით შევძელით მდგომარეობიდან გამოსვლა“, — იხსენებს მარკი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულმა დახმარებისთვის მიმართოს კომპეტენტურ და გამოცდილ ფსიქიატრს

 ქმარს კლაუდიაც ეთანხმება. „თავიდან დიაგნოზი რომ დამისვეს, ასე მეგონა, თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. მართალია, ჩემი მდგომარეობა ზოგჯერ ორივეს რაღაც-რაღაცებში გვზღუდავს, მაგრამ ვისწავლე, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. ამგვარად, ჩემს დაავადებას ექიმებთან და სპეციალისტებთან ერთად ვუმკლავდები; მეხმარება აგრეთვე ახლობლებთან ურთიერთობა და პრობლემების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრა“.

სულიერი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია

ბიბლია არ ამბობს, რომ სულიერობა კურნავს დაავადებებს. თუმცა, ბევრ ოჯახს დიდი ნუგეში და ძალა შემატა ბიბლიურმა სწავლებებმა. მაგალითად, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს გულწრფელად სურს, „გულმოდრეკილებისა და სულგამწარებულების“ ნუგეშისცემა (ფსალმუნი 34:18).

მართალია, ბიბლია სამედიცინო წიგნი არ არის, მაგრამ ის პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს, რაც გვეხმარება ემოციურ ტკივილთან და არასასიამოვნო სიტუაციებთან გამკლავებაში. ბიბლია მომავლის იმედსაც გვისახავს, რომ მალე არანაირი ავადმყოფობა და ტკივილი აღარ იქნება. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6).

^ აბზ. 5 ამ სტატიაში მოხსენიებული ტერმინი „ფსიქიკური მოშლილობა“ გულისხმობს ფსიქიკურ დაავადებებს და ქცევით და ემოციურ მოშლილობებს.

ფსიქიკური მოშლილობის განმაპირობებელი ფაქტორი არც პიროვნული სისუსტეა და არც ცუდი ზნე

^ აბზ. 32 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. ქრისტიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ მკურნალობის მეთოდით, რომელსაც ისინი შეარჩევენ, არ ირღვევა ბიბლიური პრინციპები.

^ აბზ. 40 იხილეთ აგრეთვე 2014 წლის მაისის ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „როგორ დავძლიოთ სტრესი“.