წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

დედამიწა

დედამიწა

რა არის ღვთის ჩანაფიქრი დედამიწასთან დაკავშირებით?

„აი რას ამბობს იეჰოვა . . . დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი . . . ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [იგი], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).

რას ამბობს ხალხი:

ბევრი აცხადებს, რომ დედამიწა უმართავი პროცესების შედეგად გაჩნდა. ზოგი რელიგია კი ასწავლის, რომ დედამიწა ადამიანების დროებითი გამოსაცდელი ადგილია, რათა ღმერთმა დაინახოს, ზეცაში იმსახურებს ის ცხოვრებას თუ ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯვას.

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ღმერთმა პირველ წყვილს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ . . . ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). სიკვდილს ისინი მხოლოდ და მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიიღებდნენ (დაბადება 2:17). ამგვარად, ღვთის ჩანაფიქრი დედამიწასთან დაკავშირებით ის გახლდათ, რომ ის კაცობრიობის მარადიული საცხოვრებელი ყოფილიყო. დედამიწა უნდა ავსებულიყო ღვთის მორჩილი ადამიანებით, რომლებიც იზრუნებდნენ მასზე და მარადიულად იცოცხლებდნენ.

 განადგურდება დედამიწა?

„მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).

რას ამბობს ხალხი:

მეცნიერები დედამიწის განადგურების ან გაუკაცრიელების სხვადასხვა სცენარს თხზავენ. ზოგი ამბობს, რომ ამას გამოიწვევს სტიქიური უბედურებები — მაგალითად, ასტეროიდის ან კომეტის შეჯახება, სუპერვულკანების ამოფრქვევა, მზის განადგურება ან გლობალური დათბობა — და ადამიანის ხელით გამოწვეული კატასტროფები, მაგალითად, ბირთვული ომი ან ბიოტერორიზმი.

რას ამბობს ბიბლია:

ღვთის განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ღვთის სიტყვაში გარკვევით წერია: „დედამიწა მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4). დედამიწა ყოველთვის იქნება დასახლებული ადამიანებით. „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

რწმენამ, რომ დედამიწა ბოლოს მაინც განადგურდება, ზოგი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ შეუძლია როგორც მოესურვება, ისე ძარცვოს დედამიწის მდიდარი რესურსები. ამ რწმენამ ბევრს მომავლის იმედი დაუკარგა და აფიქრებინა, რომ მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს. ასეთმა აზროვნებამ სიცოცხლე შეიძლება აზრს მოკლებული და უშინაარსო გახადოს. მეორე მხრივ, თუ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის გვჯერა, უდავოა, ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რაც სასიკეთოდ წაგვადგება ჩვენც და ჩვენი ოჯახის წევრებსაც, თუნდაც ეს შორეულ მომავალს ეხებოდეს.

საბოლოოდ ზეცაში წავლენ ადამიანები?

„იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).

რას ამბობს ხალხი:

ბევრს სწამს, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის.

რას ამბობს ბიბლია:

ზეცა იეჰოვასია, დედამიწა კი — ადამიანების. ბიბლია ამბობს, რომ ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმუნი 37:29). იესო პირველი ადამიანი იყო, რომელიც ზეცად ამაღლდა. ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ზეცაში წავა კონკრეტული დავალების შესასრულებლად. ისინი იესოსთან ერთად „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10; ლუკა 12:32; იოანე 3:13).

რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

რწმენა იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, სინამდვილეში, არ შეესაბამება ბიბლიის სწავლებებს. თუ ღმერთს ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიჰყავს, გამოდის, რომ მან ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელება დედამიწასთან დაკავშირებით. და მისი დაპირება, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება, სიცრუე აღმოჩნდება. მაგრამ ბიბლია სრულიად საპირისპირო რამეში გვარწმუნებს: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე“ (ფსალმუნი 37:34).

გაიგეთ მეტი

რა მიზნით შეიქმნა დედამიწა?

გამართლდება დედამიწის არსებობის მიზანი?