წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2014

 მთავარი თემა

რა არის ბედნიერების საიდუმლო?

რა არის ბედნიერების საიდუმლო?

„ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა გავთხოვდები და შვილები მეყოლება“.

„ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა საკუთარი სახლი მექნება“.

„ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ამ სამსახურში მოვეწყობი“.

„ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა . . .“

თქვენც გიფიქრიათ ასე? როცა მიზნისთვის მიგიღწევიათ ან სასურველი ნივთი შეგიძენიათ, დიდხანს გაგრძელებულა თქვენი ბედნიერება? უდავოა, მიზნის მიღწევასა და სასურველი ნივთის შეძენას ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ამგვარი ბედნიერება დროებითია. ხანგრძლივი ბედნიერება მხოლოდ მიღწევებსა და შენაძენზე არ არის დამოკიდებული. როგორც კარგი ჯანმრთელობაა დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე, ასევეა ნამდვილი ბედნიერებაც.

ჩვენ ყველა განვსხვავდებით. ის, რაც ჩვენ გვაბედნიერებს, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს ბედნიერების მომტანი. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად ვიცვლებით. ფაქტები ცხადყოფს, რომ არსებობს რაღაც, რაც მჭიდრო კავშირშია ბედნიერებასთან. მაგალითად, ნამდვილ ბედნიერებას მაშინ იგრძნობთ, თუ იქნებით კმაყოფილი, სხვისი არ შეგშურდებათ, გეყვარებათ სხვები და იქნებით გონებრივად და ემოციურად გაწონასწორებული. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 1. იყავით კმაყოფილი

ადამიანის ბუნების ბრძენმა მკლევარმა აღნიშნა, რომ ფული იცავს კაცს. მან აგრეთვე დასძინა: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 5:10; 7:12). რას გულისხმობდა ამ სიტყვების ავტორი? მართალია, არსებობისთვის ფული გვჭირდება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სიხარბე არ განგვივითარდეს, რადგან ფულის მოყვარული, ფულით „ვერ გაძღება“! ამ სიტყვების ავტორმა, ისრაელის მეფე სოლომონმა, საკუთარ თავზე გამოსცადა, იყო თუ არა სიმდიდრე და ფუფუნება ნამდვილი ბედნიერების საწინდარი. მან თქვა: „რაც კი თვალმა მთხოვა, უარი არაფერზე მითქვამს. გულისთვის არანაირი სიხარული არ დამიკლია“ (ეკლესიასტე 1:13; 2:10).

სოლომონი უდიდეს სიმდიდრეს ფლობდა. მან ააშენა დიდი სახლები, გააშენა ლამაზი ბაღები აუზებით და ჰყავდა უამრავი მსახური. ჰქონდა ყველაფერი, რაც მის სულსა და გულს გაუხარდებოდა. რა დასკვნამდე მივიდა ის ბოლოს? ამ ყველაფერს მისთვის გარკვეულწილად მოჰქონდა ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ დროებით. „აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი . . . არაფერს მოაქვს სარგებლობა“, — დაასკვნა სოლომონმა. მას სიცოცხლეც კი შესძულდა (ეკლესიასტე 2:11, 17, 18). სოლომონმა დაინახა, რომ მხოლოდ პირად სიამოვნებაზე ფიქრს, სიცარიელისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობის გარდა, არაფერი მოჰქონდა. *

ეთანხმება თანამედროვე კვლევები ამ ანტიკურ სიბრძნეს? ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო: „როდესაც ადამიანი ძირითად მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს, ბევრი ფული უკვე აღარ აბედნიერებს“ (Journal of Happiness Studies). მართლაც, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების ხარჯზე მატერიალური ნივთების შეძენა, ძირს უთხრის ბედნიერებას.

ბიბლიური პრინციპი: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5).

2. ნუ შეგშურდებათ

შური განიმარტება, როგორც: „სხვისი კეთილდღეობით გამოწვეული წყენა და გაღიზიანება, რომელსაც თან სდევს იმავე წარმატების მიღწევის დაუცხრომელი სურვილი“. სიმსივნის მსგავსად შურიც იზრდება და ღვივდება, მან შეიძლება მთლიანად მოიცვას ადამიანი და დააკარგვინოს ბედნიერება. როგორ შეიძლება, რომ შურმა ფესვები გაიდგას? როგორ ამოვიცნოთ და დავამარცხოთ ეს მტერი?

„სოციალური ფსიქოლოგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ ადამიანებს, როგორც წესი, მათი შურთ, ვინც ასაკით, სოციალური მდგომარეობით ან ცოდნით მათივე თანასწორია. მაგალითად, გამყიდველს არასოდეს შეშურდება ცნობილი მსახიობის, მაგრამ შეიძლება შეშურდეს მასზე უფრო წარმატებული გამყიდველის.

ერთ დროს სპარსეთის იმპერიაში რამდენიმე მაღალჩინოსანს ძალიან შურდა ერთი კაცის. ეს კაცი მეფე არ გახლდათ, ის ნიჭიერი და წარმატებული სახელმწიფო მოხელე, დანიელი იყო. შურმა იმდენად შეიპყრო ეს კაცები, რომ მათ დანიელის მოკვლაც კი დაგეგმეს, მაგრამ მათი გეგმა ჩაიშალა (დანიელი 6:1—24). ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს,  რომ შურს შეუძლია ბოროტების ჩადენისკენ გვიბიძგოს. სწორედ შურის ნიადაგზე ხდებოდა ისტორიაში უამრავი სისასტიკე“. *

შურს შეუძლია იმდენად მოწამლოს ადამიანი, რომ წაართვას სიცოცხლით ტკბობის უნარი

როგორ უნდა მიხვდეთ, გშურთ თუ არა ვინმესი? ჰკითხეთ საკუთარ თავს: სხვისი წარმატება მიხარია თუ მწყინს? თუ ჩემი დედმამიშვილი, ნიჭიერი კლასელი ან თანამშრომელი, რაღაცაში მარცხს განიცდის, მწყინს თუ მიხარია? თუ პირველ კითხვაზე თქვენი პასუხია „მწყინს“, მეორეზე კი — „მიხარია“, ესე იგი, თქვენში შური ღვივდება (დაბადება 26:12—14). იმავე ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „შურს შეუძლია იმდენად მოწამლოს ადამიანი, რომ წაართვას სიცოცხლით ტკბობის უნარი და დააკარგვინოს მადლიერება ყველა იმ სიკეთისთვის, რაც აქვს . . . ასეთი დამოკიდებულება კი ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ბედნიერებას“.

შურს დავამარცხებთ, თუ განვივითარებთ თავმდაბლობასა და მოკრძალებას. ეს დაგვეხმარება, დავაფასოთ სხვების შესაძლებლობები და კარგი თვისებები. ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3).

ბიბლიური პრინციპი: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:26).

3. შეიყვარეთ ადამიანები

ერთ ფსიქოლოგიურ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ადამიანს კარგი ურთიერთობები უფრო დიდ კმაყოფილებას ანიჭებს, ვიდრე სამუშაო, კარგი შემოსავალი, სოციალური მდგომარეობა ან თუნდაც ჯანმრთელობა“ (Social Psychology). მარტივად რომ ვთქვათ, ნამდვილი ბედნიერების მისაღწევად ადამიანს სიყვარული უნდა შეეძლოს. ბიბლიის ერთმა დამწერმა აღნიშნა, რომ სიყვარულის გარეშე არარაობა იქნებოდა (1 კორინთელები 13:2).

სიყვარულის სწავლა არასოდეს არის გვიან. მაგალითად, ვანესას მამა ალკოჰოლიკი იყო და შვილს ხშირად შეურაცხყოფდა. 14 წლის ასაკში ვანესა იძულებული გახდა, სახლიდან გაქცეულიყო. ის რამდენჯერმე იშვილა სხვადასხვა ოჯახმა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა უკიდურესად რთულ პირობებში მოუწია ცხოვრება და სასოწარკვეთილი დახმარებისთვის ღმერთს შეღაღადებდა. ბოლოს, ვანესა ერთ თბილ ოჯახში გადაიყვანეს, სადაც ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობდნენ და კარგად ჰქონდათ გათავისებული, რომ „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“ (1 კორინთელები 13:4). იქაური გარემო და ის, რასაც ბიბლიიდან სწავლობდა, დაეხმარა ვანესას ემოციური ჭრილობების შეხორცებასა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ის იხსენებს: „ადრე სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, ახლა კი, სულ მაღალ ნიშნებს ვიღებ“.

მართალია, ვანესას ზოგჯერ ემოციური იარები თავს ახსენებს, მაგრამ დღეს ის ბედნიერია თავის ქმართან და ორ ქალიშვილთან ერთად.

ბიბლიური პრინციპი: „შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

 4. განივითარეთ ბრძოლისუნარიანობა

დღეს დალხენილი ცხოვრება არავის აქვს. ბიბლია ამბობს, რომ არის „ტირილის დრო და მოთქმის დრო“ (ეკლესიასტე 3:4). ბრძოლისუნარიანობა დაგეხმარებათ, დაძლიოთ გასაჭირი და პრობლემების დროს უკან არ დაიხიოთ. განვიხილოთ კარელისა და მილდრედის შემთხვევა.

კარელს ხერხემლის დეგენერაციული დაავადება, დიაბეტი და ძილის აპნოე (სუნთქვის დროებითი შეწყვეტა) აწუხებს. მას აგრეთვე ყვითელი ხალის დეგენერაცია აქვს, რის გამოც მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. ამ ყოველივეს მიუხედავად, ის ამბობს: „ვცდილობ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ძალიან უბედური ვარ, მაგრამ მერე უარყოფით ფიქრებს თავიდან ვიშორებ და ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შემიძლია, განსაკუთრებით სხვებისთვის“.

მილდრედსაც ბევრი დაავადება აწუხებს, მათ შორის: ართრიტი, მკერდის კიბო და დიაბეტი. მაგრამ კარელის მსგავსად, ისიც ცდილობს, თავის პრობლემებზე არ იყოს კონცენტრირებული. ის წერს: „ვისწავლე ხალხის სიყვარული და ავადმყოფობის დროს მათი ნუგეშისცემა, რაც მეც ძალიან მეხმარება. უფრო მეტიც, როცა სხვებს ვანუგეშებ, ჩემს თავზე აღარ ვფიქრობ“.

კარელსა და მილდრედს სიხარულს ჰგვრის სხვების ნუგეშისცემა

მართალია, ორივე ქალი ზრუნავს, რომ კარგი სამედიცინო დახმარება მიიღოს, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ ჯანმრთელობაზე ზედმეტად წუხდნენ, იმაზე ფიქრობენ, რომ სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ და დრო გონივრულად გამოიყენონ. შედეგად შინაგანი სიმშვიდე აქვთ, რომელსაც მათ ვერავინ წაართმევს. გარდა ამისა, ისინი ბევრს უყვარს და ბევრისთვის, ვინც სხვადასხვა სირთულეს ხვდება, მისაბაძნი არიან.

ბიბლიური პრინციპი: „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს“ (იაკობი 1:12).

ბიბლიური სიბრძნის გამოყენება „სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“ (იგავები 3:13—18). თქვენც შეგიძლიათ მიაკვლიოთ ბიბლიაში ჩაწერილ სიბრძნეს. ბოლოს და ბოლოს, ამ წმინდა წიგნის ავტორს, „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება და მას თქვენი ბედნიერებაც სურს (1 ტიმოთე 1:11).

^ აბზ. 11 ცხოვრებაზე სოლომონის დაკვირვებები ჩაწერილია ეკლესიასტეს 2:1—11-ში.

^ აბზ. 17 სისასტიკის ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც ისტორიაში ჩაიწერა, იესო ქრისტეს ეხებოდა. მარკოზის 15:10-ში ნათქვამია: „უფროსმა მღვდლებმა ის [იესო] შურით გადასცეს“ სიკვდილით დასასჯელად.

გაიგეთ მეტი

რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?

იეჰოვას, ბედნიერ ღმერთს სურს, რომ ოჯახები ბედნიერები იყვნენ. გაიგეთ რომელი ბიბლიური პრინციპები გამოადგებათ ქმრებს, ცოლებს, მშობლებს და შვილებს.

ოჯახი

მიიღეთ პრაქტიკული, ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები თქვენი ოჯახისთვის.

როგორი უნდა იყოს კარგი მამა

განვიხილოთ ხუთი ბიბლიური პრინციპი, რაც დაგეხმარებათ იყოთ, მოსიყვარულე და გაწონასწორებული მამა.