წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2014

იმედი სწორედ მაშინ ჩამესახა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა

იმედი სწორედ მაშინ ჩამესახა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა

წყალში პირქვედამხობილი ვტივტივებდი. მინდოდა, თავი ამეწია და ჰაერი ჩამესუნთქა, მაგრამ კისერი არ მემორჩილებოდა. შეშინებულმა გადაბრუნება ვცადე, მაგრამ ხელ-ფეხი არ მომყვებოდა. ფილტვები წყლით მევსებოდა. 1991 წლის ზაფხულის ამ თბილმა დღემ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

დავიბადე უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სერენჩში და გავიზარდე სოფელ ტისელედანში. 1991 წლის ივნისში მეგობრებთან ერთად მდინარე ტისას ისეთ ადგილას წავედი საბანაოდ, სადაც მანამდე არასდროს ვყოფილვარ. მეგონა, წყალი ღრმა იყო და თავით გადავეშვი, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა. კისრის სამი მალა გავიტეხე და ზურგის ტვინი დავიზიანე. მეგობრებმა შემამჩნიეს, რომ წყალზე გაუნძრევლად ვტივტივებდი და სანამ დავიხრჩობოდი, ფრთხილად ამომიყვანეს წყლიდან.

გონება არ დამიკარგავს. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება დამემართა. ვიღაცამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ვერტმფრენით საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც ექიმებმა ხერხემლის ფიქსაცია გამიკეთეს. მოგვიანებით რეაბილიტაციისთვის ბუდაპეშტში გადამიყვანეს. სამი თვე ზურგზე ვიწექი. მხოლოდ თავს ვამოძრავებდი, კისერს ქვემოთ კი მოწყვეტილი ვიყავი. ოცი წლისა მთლიანად სხვაზე გავხდი დამოკიდებული. ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, რომ სიკვდილს ვნატრობდი.

სახლში რომ დავბრუნდი, ჩემმა მშობლებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს ჩემ მოსავლელად, მაგრამ მათ ძალიან უჭირდათ ჩემზე ზრუნვა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ფსიქოლოგების დახმარება დამჭირდა, რომ როგორღაც შევგუებოდი მდგომარეობას.

იმ პერიოდში სერიოზულად დავიწყე ფიქრი ცხოვრებაზე და სიცოცხლის აზრზე. ვფიქრობდი, რატომ დამატყდა ამხელა ტრაგედია. პასუხებს წიგნებსა და ჟურნალებში ვეძებდი. ბიბლიის წაკითხვაც კი ვცადე, მაგრამ იმდენად რთული გასაგები აღმოჩნდა, რომ ისევ თაროზე დავაბრუნე. მღვდელსაც ვესაუბრე, მაგრამ ვერც მისმა პასუხებმა დამაკმაყოფილა.

1994 წლის გაზაფხულზე მამაჩემს ორმა იეჰოვას მოწმემ მოაკითხა. მამამ მათ სთხოვა, მე დამლაპარაკებოდნენ. ყურადღებით ვუსმენდი მათ ნათქვამს, რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა და ავადმყოფობა და ტანჯვა აღარ იქნებოდა. მათი საუბარი მესიამოვნა, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ ვიჯერებდი. თუმცა მათ მიერ შემოთავაზებული ორი წიგნი დავიტოვე. წიგნების წაკითხვის შემდეგ მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი. მათ ისიც მირჩიეს, რომ ხშირად მელოცა.

დავრწმუნდი, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩემზე

რაც მეტს ვმსჯელობდით, მით მეტ კითხვაზე ვიღებდი პასუხს უშუალოდ ბიბლიიდან. იმაშიც დავრწმუნდი, რომ ღმერთს ნამდვილად  ესმის ჩემი მდგომარეობა და ზრუნავს ჩემზე. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 1997 წლის 13 სექტემბერს, აბაზანაში მოვინათლე. ეს იყო ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში.

2007 წელს ბუდაპეშტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში გადავედი. ამან კარგი შესაძლებლობა მომცა, სხვებისთვის ღვთის დაპირებულ შესანიშნავ იმედზე მექადაგა, რომელსაც ღმერთი გვპირდება. სპეციალური მოტორიანი ეტლის მეშვეობით, რომელსაც ნიკაპით ვმართავ, კარგ ამინდში გარეთაც ვახერხებ გასვლას და ხალხთან საუბარს.

კრებაში ერთი ოჯახის გულუხვი მატერიალური დახმარებით, შევიძინე ლეპტოპი, რომელიც თავის მოძრაობაზე რეაგირებს და ისე მუშაობს. ეს მოწყობილობა მეხმარება, რომ ადამიანებს დავურეკო და წერილები დავწერო იმ მობინადრეებისთვის, რომლებიც ქადაგების დროს კრების წევრებს სახლში არ დახვდათ. ასეთი სახით სხვებთან ურთიერთობამ უფრო კომუნიკაბელური გამხადა და დამეხმარა, ყურადღება ჩემი თავის გარდა სხვა რამეზეც გადამეტანა.

ინტერნეტით ბიბლიურ ცნობას ვუზიარებ ადამიანებს იმ მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც თავის მოძრაობაზე რეაგირებს

ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებასაც ვახერხებ. სამეფო დარბაზში რომ მივდივარ, თანაქრისტიანები ეტლიანად მწევენ და ფრთხილად ავყავარ მეორე სართულზე, სადაც შეხვედრები ტარდება. როცა კომენტარის გაკეთება მინდა, ჩემ მაგივრად ხელს გვერდით მჯდომი ძმა იწევს; მასვე უჭირავს ჩემი ბიბლია და შესასწავლი პუბლიკაცია.

ტკივილები გამუდმებით მაწუხებს და სხვისი დახმარების გარეშე თითქმის არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ამიტომ ზოგჯერ ემოციურად ძალიან ვითრგუნები. მაგრამ იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა ნუგეშს მგვრის, რადგან ვიცი, რომ როდესაც ლოცვაში ჩემს გულისტკივილზე ვესაუბრები, ის მისმენს. ძალებს ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და და-ძმებთან ურთიერთობაც მმატებს. მათი ლოცვის, მეგობრობისა და ემოციური მხარდაჭერის წყალობით ემოციურ და სულიერ წონასწორობას ვინარჩუნებ.

იეჰოვამ იმედი სწორედ მაშინ ჩამისახა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მან მომავლის იმედითაც მანუგეშა, რომ მალე ახალ ქვეყნიერებაში სრულყოფილი ჯანმრთელობა მექნება. ამიტომ ერთი სული მაქვს, როდის დადგება ის დრო, როცა ფეხზე დავდგები, ხტომას დავიწყებ და განვადიდებ ღმერთს განუზომელი სიყვარულისა და სიკეთისთვის (საქმეები 3:6—9).

გაიგეთ მეტი

სიცოცხლე ნამდვილად ღირს, რადგან არსებობს იმედი

იმედი გვეხმარება, რომ გვირაბის ბოლოს შუქი დავინახოთ.

სიცოცხლე ნამდვილად ღირს, რადგან დახმარება არსებობს

სამი რამ, რაც დაგეხმარებათ, განაგრძოთ სიცოცხლე.

ტრაგედიის პირისპირ

ბიბლია დაგეხმარებათ ტკივილის ატანაში