არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ოქტომბერი 2014

 მთავარი თემა | რა არის ნამდვილი წარმატება?

როგორ მივაღწიოთ ნამდვილ წარმატებას

როგორ მივაღწიოთ ნამდვილ წარმატებას

ბიბლია სწორ წარმოდგენას გვიქმნის წარმატებაზე. ის არ ასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ ერთეულების, ისიც იღბლიანების ხვედრია. მეორე მხრივ, ბიბლია არც ისეთ ზღაპრებს უჭერს მხარს, რომ ერთხელაც ყველა ოცნება აგვიხდება. ხშირად ბავშვებს ხომ პატარაობიდანვე ასეთი აზრებით კვებავენ, რასაც უთუოდ გულგატეხილობა მოჰყვება.

სინამდვილეში, ყველას შეუძლია მიაღწიოს ნამდვილ წარმატებას, უბრალოდ ამას ძალისხმევა სჭირდება. დავფიქრდეთ რამდენიმე ბიბლიურ პრინციპზე.

  • ბიბლიაში წერია:

    „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10).

    რა იგულისხმება ამ სიტყვებში: ფულის სიყვარულს ადამიანისთვის კმაყოფილება არ მოაქვს. სინამდვილეში, პირიქით ხდება. „ის ადამიანები, რომელთა მოტივაციაც გამდიდრებაა, უფრო ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და უფრო ხშირად ღიზიანდებიან, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ადამიანური ურთიერთობები ფულზე მაღლა დგას“, — აღნიშნავს ჯინ თუენგი თავის წიგნში „ეგოცენტრული თაობა“. ის დასძენს: „არაერთი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ბედნიერება ფულზე არ იყიდება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეიქმნის, კმაყოფილების განცდა შემოსავალზე უკვე აღარ არის დამოკიდებული“.

    რა შეგიძლიათ გააკეთოთ: დაისახეთ უფრო ღირებული მიზანი, ვიდრე სიმდიდრისა და ქონების დაგროვებაა. იესომ თქვა: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

  •  ბიბლიაში წერია:

    „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18).

    რა იგულისხმება ამ სიტყვებში: ამბიცია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად ვერ მოგიტანთ წარმატებას. წიგნში „კარგიდან უკეთესისკენ“ აღნიშნულია, რომ კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, „იძულებულნი არიან გამოავლინონ მოკრძალება, თავმდაბლობა და თავშეკავება. ამის საპირისპიროდ, კომპანიების ხელმძღვანელების ორი მესამედი უსაზღვროდ ეგოცენტრულია, რასაც საბოლოო ჯამში კომპანია გაკოტრებამდე ან წარუმატებლობამდე მიჰყავს“. რის სწავლა შეგვიძლია აქედან? საკუთარ თავზე გადამეტებულ ფიქრს, წარმატების ნაცვლად მარცხი მოაქვს.

    რა შეგიძლიათ გააკეთოთ: იმის ნაცვლად, რომ სახელის მოხვეჭაზე იფიქროთ, მოკრძალება განივითარეთ. ბიბლია ამბობს: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალატელები 6:3).

  •  ბიბლიაში წერია:

    „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ . . . სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლესიასტე 2:24).

    რა იგულისხმება ამ სიტყვებში: თუ კარგ სამუშაო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებთ, სამუშაო უთუოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. პროფესორი მადლენ ლევაინი თავის წიგნში „სწორად აღზარდეთ შვილები“ წერს: „ნაწილობრივ წარმატების შეგრძნება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გამოგდით ეს საქმე და კარგად რომ გამოგივიდეთ, უმეტესწილად საჭიროა ძალისხმევა და შეუპოვრობა“. ამაში ისიც შედის, რომ ჩავარდნების დროს ფარ-ხმალი არ დაყაროთ.

    რა შეგიძლიათ გააკეთოთ: საქმეში რომ დახელოვნდეთ, ძალები არ დაიშუროთ და სირთულეების დროს გული არ აიცრუოთ. თუ შვილები გყავთ, მიეცით მათ იმის საშუალება (ასაკისა და უნარის გათვალისწინებით), რომ თავად გაართვან თავი პრობლემებს. ნუ იჩქარებთ მათი პრობლემების თავად მოგვარებას. ახალგაზრდებს ძალიან სიამოვნებთ, როცა სწავლობენ, როგორ მოაგვარონ პრობლემები, რაც მათ დიდობაშიც გამოადგებათ.

  • ბიბლიაში წერია:

    „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობია“ (ეკლესიასტე 9:4).

    რა იგულისხმება ამ სიტყვებში: თუ სამსახური გაქვთ, სამუშაო თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს და არა მთელი თქვენი ცხოვრება. განა შეიძლება თავი წარმატებულად ჩათვალოთ, თუ კარიერის მწვერვალზე მოექცევით, მაგრამ ჯანმრთელობას და ოჯახის წევრების პატივისცემას დაკარგავთ? ნამდვილად წარმატებული ადამიანები ცდილობენ, სამუშაო, ჯანმრთელობა და ოჯახური ცხოვრება ერთმანეთთან გააწონასწორონ.

    რა შეგიძლიათ გააკეთოთ: იზრუნეთ საკუთარ თავზე. საკმარისი დრო დაუთმეთ დასვენებას. თუ სამუშაოს გადაჰყვებით, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მას ეწირება ყველაფერი — ჯანმრთელობა, ოჯახი და მეგობრობა.

  • ბიბლიაში წერია:

    „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

    რა იგულისხმება ამ სიტყვებში: ბიბლიის შესწავლა და მისი პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება აუცილებელი ფაქტორებია ნამდვილი წარმატების მისაღწევად. მილიონობით იეჰოვას მოწმემ საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი სულიერ საკითხებს მიანიჭა, მატერიალურ საზრუნავზე ნაკლებად წუხდა (მათე 6:31—33).

    რა შეგიძლიათ გააკეთოთ: გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ბიბლიის დახმარებით ნამდვილად წარმატებული გახდეთ. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org