წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

ხატები

ხატები

მილიონობით მორწმუნე ხატებს თაყვანისმცემლობის ნაწილად მიიჩნევს. მაგრამ საინტერესოა, იყენებდნენ გამოსახულებებსა და ხატებს ბიბლიურ დროში? იწონებს ღმერთი მათ?

იყენებდნენ ერთგული იუდეველები გამოსახულებებს ან ხატებს ბიბლიურ დროში?

„არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ (გამოსვლა 20:4, 5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ებრაულ წერილებში, რომელიც ცნობილია ძველი აღთქმის სახელით, გამოსახულებების თაყვანისცემა დაგმობილია.

გავრცელებული აზრი:

„ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ თანახმად, იუდეველები უამრავ გამოსახულებას იყენებდნენ თაყვანისმცემლობაში. „ისინი პატივს მიაგებდნენ ამ გამოსახულებებს [რომლებითაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღვთაება] და ქედს იხრიდნენ მათ წინაშე“. * ამ ენციკლოპედიაში თვალსაჩინოებისთვის მოყვანილია ხილის, ყვავილისა და ცხოველის არაერთი გრავიურა, რომლითაც შემკობილი იყო იერუსალიმის ტაძარი (1 მეფეები 6:18; 7:36).

რა უნდა იცოდეთ:

„ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ განაცხადის საპირისპიროდ, ერთგული იუდეველები თაყვანს არ სცემდნენ ტაძარში მდგარ გამოსახულებებს ან კედლებზე ამოკვეთილ გრავიურებს. ბიბლიაში არსად წერია, რომ ღვთის ერთგული ისრაელი მსახურები თაყვანისმცემლობაში გამოსახულებებს იყენებდნენ.

რას ამბობს ბიბლია:

წინასწარმეტყველ ესაიას პირით ღმერთმა თქვა: „ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას — ქანდაკებებს“ (ესაია 42:8).

 იყენებდნენ ადრეული ქრისტიანები თაყვანისმცემლობაში გამოსახულებებს?

„რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? . . . უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:16, 17).

„ადრეულ ქრისტიანებს შიშის ზარს სცემდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ეკლესიებში გამოსახულებები დაედგათ. მათ წინაშე დაჩოქება და ლოცვა მათთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა კერპთაყვანისმცემლობა“, — აღნიშნულია წიგნში „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“.

გავრცელებული აზრი:

„სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადრეული ქრისტიანები იყენებდნენ გამოსახულებებს“, — აღნიშნულია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“. „ქრისტიანული კატაკომბები ადრეული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების გალერეებია . . . წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ოთახები და სამარხები მითოლოგიური გმირების გამოსახულებებითაც კი იყო შემკობილი“. *

რა უნდა იცოდეთ:

ამ კატაკომბებში აღმოჩენილი უძველესი გამოსახულებები თარიღდება მესამე საუკუნით, ანუ იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 200 წლის შემდგომი პერიოდით. აქედან გამომდინარე, ის რასაც „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ „ადრეულ ქრისტიანულ თაყვანისმცემლობას“ უწოდებს, სინამდვილეში სრულებითაც არ არის ის თავდაპირველი ქრისტიანული თაყვანისმცემლობა, რომელსაც პირველი საუკუნის მოწაფეები ასრულებდნენ. ამ მოწაფეების თაყვანისმცემლობა აღწერილია ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, რომელსაც უმრავლესობა „ახალი აღთქმის“ სახელით იცნობს. სინამდვილეში, კატაკომბებში აღმოჩენილი ასეთი გამოსახულებები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მესამე საუკუნისთვის ნომინალურ ქრისტიანებს უკვე შემოღებული ჰქონდათ გამოსახულებების გამოყენების წარმართული წეს-ჩვეულებები, ალბათ იმ მიზნით, რომ თავიანთ რწმენაზე მოექციათ სხვები. *

რას ამბობს ბიბლია:

„გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელები 10:14).

შეუძლიათ გამოსახულებებსა და ხატებს დახმარება გაგვიწიონ თაყვანისმცემლობის დროს?

„თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).

თაყვანისმცემლობისას გამოსახულებების გამოყენებას ბიბლია მხარს არ უჭერს. სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობაში არ იყენებენ ხატებს. მათ სხვადასხვა რელიგიური დატვირთვის მქონე გამოსახულებები არც სახლებში აქვთ და არც თაყვანისმცემლობის ადგილებში.

გავრცელებული აზრი:

„ვინაიდან გამოსახულებისადმი თაყვანისცემა სხვა არაფერია, თუ არა ხატზე გამოსახული პიროვნებისადმი თაყვანისცემა, ადამიანის მიერ ამ გამოსახულების თაყვანისცემა უშუალოდ ამ პიროვნების თაყვანისცემად აღიქმება“, — აღნიშნულია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“.

რა უნდა იცოდეთ:

როდესაც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა ლოცვა, მას არ უთქვამს, რომ გამოსახულებები ან ხატები გამოეყენებინათ. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არსად შეხვდებით იმ აზრს, რომ ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში გამოსახულებები უნდა იქნეს გამოყენებული.

რას ამბობს ბიბლია:

„იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10).

^ აბზ. 7 „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ გამოსახულებების თაყვანისცემას აიგივებს „რელიგიურ მსახურებასა და თაყვანისმცემლობასთან“.

^ აბზ. 13 ამ კონტექსტში გამოსახულებებში იგულისხმება სურათები, ხატები, ქანდაკებები, სიმბოლოები და სხვა ნებისმიერი სათაყვანისმცემლო ობიექტი.

^ აბზ. 14 გამოსახულებების გამოყენება ჩვეულებრივი რამ იყო ისეთ უძველეს კულტურებში, როგორიცაა: ეგვიპტე, საბერძნეთი და ინდოეთი.

გაიგეთ მეტი

უნდა ვცეთ თაყვანი გამოსახულებებს?

აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, თაყვანისცემის დროს გამოვიყენებთ თუ არა გამოსახულებებს?