არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  სექტემბერი 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

ლოცვა

ლოცვა

ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვებს?

„ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმუნი 65:2).

რას ამბობს ხალხი:

ბევრის აზრით ჩვენი ლოცვები ჭერს არ სცდება. გაჭირვებასა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ღმერთი მათ ლოცვებს ისმენს.

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღმერთს] იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი, ყური — მათი ვედრებისკენ, სახე კი იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს მიმართული“ (1 პეტრე 3:12). აშკარაა, რომ ღმერთი ისმენს ლოცვებს. თუმცა ის განსაკუთრებით მათ ლოცვებს ისმენს, ვინც იცავს მის მითითებებს. ღმერთი რომ ნამდვილად მზად არის ჩვენი ლოცვების მოსასმენად, შემდეგი ბიბლიური მუხლიც ადასტურებს: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). აქედან გამომდინარე, ჩვენი ლოცვები შესმენილი რომ იყოს, უნდა ვიცოდეთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი სათხოვარი ღვთის ნებას.

 როგორ უნდა ვილოცოთ?

„ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7).

რას ამბობს ხალხი:

სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს, მაგალითად ბუდისტებს, კათოლიკებს, ინდუსებსა და მუსლიმებს ასწავლიან, რომ კრიალოსნების მეშვეობით იმეორონ და ითვალონ თავიანთი ლოცვები.

რას ამბობს ბიბლია:

ლოცვები გულიდან უნდა მოდიოდეს და გულწრფელად იყოს წარმოთქმული. ისინი არ უნდა იყოს გაზეპირებული და მექანიკურად გამეორებული. ბიბლია მოგვიწოდებს: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათე 6:7, 8).

რატომ არის მნიშვნელოვანი:

როდესაც ადამიანი ღვთისთვის მიუღებელი სახით ლოცულობს, შეიძლება მან დრო ტყუილად დაკარგოს და ღმერთიც გაანაწყენოს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ვინც ღვთის ნებას არ ითვალისწინებს, მისი ლოცვა სისაძაგლეა ღვთისთვის (იგავები 28:9).

ვის უნდა მივმართოთ ლოცვით?

„ეძებეთ [ღმერთი] იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა! მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!“ (ესაია 55:6).

რას ამბობს ხალხი:

ზოგი მორწმუნე ლოცვით ღვთისმშობელ მარიამს, ანგელოზებს ან წმინდანებად შერაცხილ ადამიანებს მიმართავს, მაგალითად, წმინდა ნინოს, წმინდა ბარბარეს, წმინდა გიორგის და სხვებს. ისინი ფიქრობენ, რომ ვედრება წმინდანების მიმართ შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს და ხალხს მშვიდობას მოუტანს. ბევრი მიიჩნევს, რომ ანგელოზები და წმინდანები ღმერთთან გვშუამდგომლობენ.

რას ამბობს ბიბლია:

გულწრფელმა თაყვანისმცემლებმა ლოცვით ზეციერ მამას უნდა მიმართონ (მათე 6:9). ბიბლია გვირჩევს: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).