არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  სექტემბერი 2014

 წარსულის სახეები

მორისკების განდევნა ესპანეთიდან

მორისკების განდევნა ესპანეთიდან

როგორც ცნობილია, ამ სამწუხარო ისტორიაში ესპანელების მიერ გადადგმული თითქმის ყოველი ნაბიჯის უკან ეკლესია იდგა. ამ ისტორიის წაკითხვა ნამდვილად ღირს.

ესპანეთის სამეფო კარს სურდა, რომ ქვეყანაში ერთი საერთო კანონი და მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება ყოფილიყო. მორისკებს ურწმუნო ადამიანებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ქვეყანაში მათი ყოფნა ღვთისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მრავალი წლის შემდეგ გადაწყდა, რომ მორისკები ესპანეთიდან განედევნათ. *

სარწმუნოების იძულებით შეცვლა

მავრები, რომლებიც მუსლიმანურ უმცირესობას შეადგენდნენ და რომლებსაც მუდეხარებს ეძახდნენ, ესპანეთის იმ ტერიტორიებზე, სადაც კათოლიციზმი იყო გაბატონებული, ასწლეულების მანძილზე შედარებით მშვიდ პირობებში ცხოვრობდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ იურიდიული სტატუსიც ჰქონდათ, რომლითაც შეეძლოთ შეენარჩუნებინათ თავიანთი კანონები, ტრადიციები და რელიგიური წეს-ჩვეულებები.

მაგრამ 1492 წელს კათოლიკე მონარქებმა ფერდინანდ II და დედოფალმა ისაბელამ დაიპყრეს გრანადის საამირო, იბერიის უკანასკნელი ქალაქი, სადაც ჯერ კიდევ მუსლიმანობა იყო გაბატონებული. მათ შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მავრებს სრული კაპიტულაციის სანაცვლოდ მიენიჭებოდა ისეთივე უფლებები, როგორითაც მუდეხარები სარგებლობდნენ. თუმცა მოგვიანებით კათოლიკე წინამძღოლებმა გააძლიერეს მუსლიმანურ უმცირესობაზე  დევნა იმ მოთხოვნით, რომ სარწმუნოება შეეცვალათ. მავრებმა ჩათვალეს, რომ დაირღვა შეთანხმების პირობები და პროტესტის ნიშნად 1499 წელს აჯანყდნენ. სახელმწიფომ ძალის გამოყენებით ჩაახშო აჯანყება; ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ მუსლიმებს სარწმუნოების შეცვლას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნიდან აძევებდნენ. იმ მავრებს, რომლებმაც შეიცვალეს სარწმუნოება და საცხოვრებლად ესპანეთში დარჩნენ, ესპანელებმა მორისკები დაარქვეს.

„არც კარგი ქრისტიანები და არც ერთგული ქვეშევრდომები“

1526 წლისთვის მუსლიმანური სარწმუნოება მთელ ესპანეთში აიკრძალა, თუმცა ბევრი მორისკი ფარულად განაგრძობდა თავისი მრწამსის თანახმად ცხოვრებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

თავიდან ესპანეთი იწყნარებდა მორისკების მოჩვენებით კათოლიკობას, რადგან ისინი ქვეყნისთვის გამოსადეგ საქმეებს აკეთებდნენ. მორისკები იყვნენ მუშები, ფლობდნენ სხვადასხვა ხელობას და პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს. მიუხედავად ამისა, მორისკები დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდნენ როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მხრიდან იმის გამო, რომ ბოლომდე არ მოექცნენ კათოლიციზმზე. ეკლესია სულ უფრო და უფრო მეტად აყენებდა ეჭვქვეშ მორისკების კათოლიკობას, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდა და საზოგადოების უარყოფით განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებდა.

მალევე შემწყნარებლობა ძალადობამ შეცვალა. 1567 წელს გამოქვეყნდა მეფე ფილიპე II ბრძანება, რომლის თანახმადაც აიკრძალა მორისკების ენა, ნაციონალური ტანსაცმელი, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. ასეთმა მკაცრმა ზომებმა აჯანყებისა და სისხლისღვრის ახალი ტალღა ააგორა.

ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 300 000 მორისკი განდევნეს ესპანეთიდან შეურაცხყოფითა და წამებით

ისტორიკოსების გადმოცემით, ესპანელი მმართველები დარწმუნდნენ, რომ „მორისკები არც კარგი ქრისტიანები იყვნენ და არც ერთგული ქვეშევრდომები“. მათ ესპანეთის მტრებთან — ბერბერ მეკობრეებთან, ფრანგ პროტესტანტებთან და თურქებთან — შეთქმულებაში სდებდნენ ბრალს, რომლებსაც ესპანეთის ტერიტორიაზე შეჭრა სურდათ. უარყოფითმა განწყობამ და იმის შიშმა, რომ მორისკები თანდათანობით მოღალატეებად იქცეოდნენ, ფილიპე III იქამდე მიიყვანა, რომ 1609 წელს გასცა ბრძანება მორისკების ესპანეთიდან განდევნის შესახებ. * მომდევნო წლებში იდევნებოდა ყველა, ვისაც მორისკებად ჩათვლიდნენ. ასეთი სამარცხვინო გზით დამყარდა ესპანეთში სრული კათოლიციზმი.

^ აბზ. 4 მორისკები ესპანურად „პატარა მავრებს“ ნიშნავს. ისტორიკოსები ასე მოიხსენიებენ ყოფილ მუსლიმებს, რომლებიც კათოლიციზმის მიღების შემდეგ იბერიის ნახევარკუნძულზე დარჩნენ საცხოვრებლად 1492 წელს, ბოლო ისლამური სახელმწიფოს დაცემის შემდეგ.

^ აბზ. 12 ისტორიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ, სულ მცირე, ერთმა ესპანელმა მმართველმა მაინც ნახა დიდი მოგება მორისკებისთვის ჩამორთმეული ქონებიდან.