წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2014

 ბიბლიის თვალსაზრისი

სიზმრები ღვთისგან

სიზმრები ღვთისგან

სიზმრების მეშვეობით ელაპარაკებოდა ღმერთი ადამიანებს?

[ღვთის წინასწარმეტყველმა] დანიელმა სიზმარი . . . იხილა თავის საწოლში. ჩაწერა მან სიზმარი და სრულად გადმოსცა ყველაფერი (დანიელი 7:1).

რას ამბობს ბიბლია:

ღმერთი ადამიანებს მნიშვნელოვან ცნობებს სხვადასხვა გზით გადასცემდა. ბიბლიურ დროში ის ზოგჯერ ამას სიზმრების მეშვეობით აკეთებდა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი, ბუნდოვანი და უშინაარსო სიზმრები. ღვთისგან მომდინარე სიზმრები იყო აშკარა, აზრიანი და კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი. მაგალითად, წინასწარმეტყველმა დანიელმა სიზმარში იხილა სხვადასხვა მხეცი, რომლებიც ასიმბოლოებს მსოფლიო იმპერიებს ბაბილონის დროიდან დაწყებული ჩვენს დრომდე (დანიელი 7:1—3, 17). სიზმრის მეშვეობით ღმერთმა ნაზარეთელ იოსებს, იესოს მამობილს, უთხრა, რომ ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტეში გაქცეულიყო. შედეგად იესო გადაურჩა ბოროტი მეფის, ჰეროდეს, ხელიდან სიკვდილს. შემდგომში ჰეროდეს სიკვდილი ღმერთმა იოსებს ისევ სიზმრის მეშვეობით გაუმხილა და ისიც უთხრა, რომ ოჯახთან ერთად თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო (მათე 2:13—15, 19—23).

 დღესაც გველაპარაკება ღმერთი სიზმრების მეშვეობით?

„არ გადახვიდეთ დაწერილს“ (1 კორინთელები 4:6).

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლიაში ჩაწერილი სიზმრები წარმოადგენს ღვთის მიერ კაცობრიობისთვის გამჟღავნებული წერილობითი ცნობის ნაწილს. 2 ტიმოთეს 3:16, 17-ში ვკითხულობთ: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“.

ბიბლია იმ გაგებით გვამზადებს ყოველმხრივ, რომ გვიმჟღავნებს ყველაფერს, რაც საჭიროა ვიცოდეთ ღმერთზე, მის თვისებებზე, ზნეობრივ ნორმებზე და იმაზე, თუ რა როლი გვაკისრია დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვაში. აქედან გამომდინარე, ღმერთი დღეს აღარ იყენებს სიზმრებს ინფორმაციის გადასაცემად. თუ გვსურს, გავიგოთ, რას გვიქადის მომავალი და როგორია ღვთის ნება ჩვენთან მიმართებაში, საჭიროა არ გადავიდეთ დაწერილს ანუ არ გადავუხვიოთ იმას, რაც ბიბლიაში წერია. რეალურად დღეს ყველა ადამიანს მიუწვდება ხელი ამ წიგნზე; მათ შეუძლიათ გამოიკვლიონ, რას უმჟღავნებს ღმერთი ადამიანებს და ჩასწვდნენ წინასწარმეტყველური სიზმრების მნიშვნელობას.

რატომ შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიაში ჩაწერილ სიზმრებსა და ხილვებს?

„ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლიაში ჩაწერილ მრავალ სიზმარსა და ხილვას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა; მათი მეშვეობით ღმერთი აცხადებდა იმას, რაც მომავალში მოხდებოდა. ამ წინასწარმეტყველებების კვლევით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, დარწმუნდეს ბიბლიის უტყუარობასა და მისი დამწერების გულწრფელობაში. ნამდვილად დამტკიცდა ბიბლიური წინასწარმეტყველებების სანდოობა და სიზუსტე? განვიხილოთ დანიელის 8:1—7-ში აღწერილი ხილვა, რომელიც ბაბილონის იმპერიის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა.

წინასწარმეტყველურ ხილვაში დანიელმა იხილა ვერძი და ვაცი, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა; ვაცი ეძგერა ვერძს და მიწაზე დაანარცხა. დანიელი ვერ ჩასწვდა ამ ხილვის მნიშვნელობას. ღვთის ანგელოზმა მას აუხსნა: „ორრქიანი ვერძი . . . მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან. ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა“ (დანიელი 8:20, 21). ისტორია ადასტურებს, რომ მიდია-სპარსეთმა დაიპყრო ბაბილონის იმპერია. დაახლოებით ორასი წლის შემდეგ მიდია-სპარსეთი საბარძნეთის მეფე ალექსანდრე მაკედონელმა დასცა. ბიბლიური წინასწარმეტყველებები, მათ შორის წინასწარმეტყველური სიზმრები, ყოველთვის ასეთი საოცარი სიზუსტით სრულდება. თუნდაც ეს ფაქტი გამოარჩევს ბიბლიას სხვა წმინდა წიგნებისგან და იმსახურებს ჩვენს ნდობას.