წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2014

 მთავარი თემა

როგორ აღვადგინოთ მშვიდობა?

როგორ აღვადგინოთ მშვიდობა?

ფრენკი და ჯერი კარგი მეზობლები იყვნენ მანამ, სანამ ერთ ღამეს ჯერიმ წვეულება არ მოაწყო. * როდესაც ფრენკმა ხმაურის გამო უსაყვედურა, ჯერის ეს ძალიან ეწყინა. მათ იკამათეს, რის შემდეგაც ერთმანეთს თავს არიდებდნენ.

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ფრენკსა და ჯერის უთანხმოება მოუვიდათ. როდესაც ორ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს რაიმე საკითხზე, ეს ხშირად იწვევს გაბრაზებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ერთმანეთის დადანაშაულება. თუ პრობლემა არ მოგვარდა, მათ ურთიერთობას შესაძლოა წერტილი დაესვას.

ალბათ თქვენც მოგსვლიათ ვინმესთან უთანხმოება. თუ ასეა, უდავოა გესმით, რომ სულაც არ არის სასიამოვნო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. სინამდვილეში, ყველას გვსურს, რომ მეგობრებთან და მეზობლებთან მშვიდობიანი და კარგი ურთიერთობა გვქონდეს. როგორ შეიძლება ამის მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეიძლება უთანხმოებები მოგვივიდეს? შესაძლებელია დავძლიოთ უარყოფითი გრძნობები და დავივიწყოთ წყენა? შესაძლებელია უთანხმოებების მეგობრულად მოგვარება?

დავფიქრდეთ ფრენკისა და ჯერის სიტუაციაზე: მათ შორის ურთიერთობა შემდეგი მიზეზების გამო დაიძაბა: 1) ჯერიმ ანგარიში არ გაუწია ფრენკს, 2) ფრენკმა უკმაყოფილება იმდენად უტაქტოდ გამოხატა, რომ ჯერი გააღიზიანა, 3) თავი ვერცერთმა ვერ შეიკავა, 4) არცერთმა არ დათმო.

მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობას ორივემ საღი თვალით შეხედა. მათ წყენა გვერდზე გადადეს და მშვიდობა აღადგინეს. როგორ მოახერხეს ეს? მათ გამოიყენეს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც მრავალს დაეხმარა არა მარტო გადაელახათ ურთიერთობებში წამოჭრილი დაბრკოლებები, არამედ კიდევ უფრო განემტკიცებინათ მეგობრული კვანძები.

ამ ძვირფასი რჩევების ნახვა შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ წიგნში — ბიბლიაში. ბიბლია გვეხმარება, განვივითაროთ ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობას და კურნავს ემოციურ ჭრილობებს. ეს თვისებებია: გამჭრიახობა, წვდომის უნარი, სიკეთე, სიყვარული და მოთმინება (იგავები 14:29; 1 კორინთელები 13:4, 5).

ფრენკისა და ჯერის შემთხვევა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ბიბლიას აქვს ძალა, ადამიანები უკეთესობისკენ შეცვალოს. სხვა ბევრი მაგალითიც არსებობს, მათ შორის, იმ ადამიანებისაც,  რომლებმაც დასძლიეს ძვალსა და რბილში გამჯდარი უარყოფითი თვისებები. მაგალითად, ავსტრალიაში მცხოვრებმა რობერტმა შეძლო მოეშორებინა რისხვა და ბრაზი, ხოლო ტიმორ-ლესტეში (აღმოსავლეთი ტიმორი) მცხოვრებმა ნელსონმა მოიშორა წლების განმავლობაში დაგროვილი მტრობა და შუღლი და ყოფილი მტერი მეგობრად გაიხადა. როგორ დაეხმარა ბიბლია ამ ადამიანებს? ამის გასარკვევად ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ რობერტსა და ნელსონს ინტერვიუ ჩამოართვა.

ინტერვიუ 1

რობერტ, მოკლედ მოგვიყევით თქვენს წარსულზე.

ცუდი ბავშვობა მქონდა. მამაჩემი ძალიან აგრესიული და მოძალადე კაცი იყო და ხშირად მცემდა. ზოგჯერ ცემისგან დასისხლიანებულს უგონო მდგომარეობაში მარტო მტოვებდა. მისი შემხედვარე მეც საშინლად აგრესიული და მოძალადე გავხდი. მოზარდობის ასაკში ორი წელი არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში გავატარე. მოგვიანებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო მკაცრი რეჟიმის ციხეში ვიხდიდი სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ავსტრალიაში გადავედი იმ იმედით, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი.

რობერტი აგრესიული და მოძალადე ადამიანი იყო, ის ციხეშიც კი იჯდა

დაგეხმარათ ავსტრალიაში გადასვლა ცხოვრების წესის შეცვლაში?

ავსტრალიაში გადასვლა იმდენად არა, რამდენადაც ბიბლია, რომელსაც იეჰოვას მოწმეებთან ვსწავლობდი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თავიდან მიჭირდა ფიცხი ხასიათის დაოკება, რის გამოც ხშირად ვრჩებოდი იმედგაცრუებული და უღირსობის გრძნობაც მეუფლებოდა. ერთ დღესაც ღრმად დავფიქრდი იგავების 19:11-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“. ძალიან მინდოდა, რომ წვდომის უნარი მქონოდა, ამიტომ იმაზე დავიწყე ფიქრი, რაც ჩვენი გრძნობების, სიტყვებისა და საქმეების მიღმა იმალება. ნელ-ნელა უფრო შეგნებული, მომთმენი და მიმტევებელი გავხდი.

შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე შემთხვევა?

ერთხელ ერთ ჩემს მეგობარს უნებლიეთ ვაწყენინე, მან კი სხვების თანდასწრებით მისაყვედურა. რბილად, რომ ვთქვა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი; ამ დროს გამახსენდა ბიბლიური რჩევა: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ და მაშინვე ბოდიში მოვუხადე (რომაელები 12:17). როდესაც ჩემი მეგობარი დამშვიდდა, მასთან მივედი და ცალკე ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ოჯახში პრობლემები ჰქონდა და ამიტომ იყო გაღიზიანებული. ჩვენ ისევ მეგობრებად დავრჩით. მოგვიანებით მან კარგი პალტოც კი მაჩუქა. ტანში ჟრუანტელი მივლის იმის წარმოდგენაზე, რით შეიძლება დამთავრებულიყო ჩვენი უთანხმოება, ისევ ძველი რობერტი რომ ვყოფილიყავი.

როგორ უმკლავდებით ოჯახურ პრობლემებს?

მე და ჩემს მეუღლეს 20 წლის ვაჟი გვყავს და როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვაქვს გაუგებრობები. მაგრამ, ბიბლიამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდა. მართლაც, გულწრფელ მობოდიშებას წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვს და მას შეუძლია აგვარიდოს კონფლიქტი.

 ინტერვიუ 2

ნელსონ, თქვენ ძალიან თბილი და მომღიმარი ადამიანი ხართ. მართალია, რომ ერთ დროს სიძულვილით იყავით აღსავსე?

დიახ, ასე იყო. ახალგაზრდობაში ოპოზიციურ პარტიაში გავერთიანდი. გარდა ამისა, მძულდა ის პარტია, რომელიც გვეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა, ეკონტროლებინა ჩემი რაიონი. იმისათვის, რომ კარგი მებრძოლი გავმხდარიყავი, დავეუფლე საბრძოლო ხელოვნებას და ყველას, ვინც კი გამაბრაზებდა, სათანადოდ ვუსწორდებოდი.

ახალგაზრდა ნელსონი ოპოზიციურ პარტიას შეუერთდა

რამ აღგძრათ, რომ ცხოვრება შეგეცვალათ?

ბიბლიის შესწავლა დავიწყე და ვცდილობდი, ბიბლიური სწავლებები ცხოვრებაში გამომეყენებინა. განსაკუთრებით ორი მუხლი შეეხო ჩემს გულს. პირველი ასე ჟღერს: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). მეორეც ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). შევამჩნიე, რომ მოწმეები, რომლებთანაც ბიბლიას ვსწავლობდი, სწორედ ამგვარ სიყვარულს ავლენდნენ რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. მინდოდა მათნაირი ვყოფილიყავი. მალე მეც მივაღწიე წარმატებას. ჩემი შემხედვარე ძველი ნაცნობები გაოცებას ვერ მალავდნენ, მათ მეტად აღარ ეშინოდათ ჩემი.

ჩავარდნები თუ გქონდათ?

საზოგადოებაში არა, მაგრამ სახლში ზოგჯერ მიჭირდა თავშეკავება. ერთხელ ისე გავბრაზდი, რომ მეუღლეს ხელი დავარტყი, რაც მერე ძალიან ვინანე. მან დიდსულოვნად მაპატია, რამაც უფრო მეტად აღმძრა, მეკონტროლებინა ჩემი ემოციები.

წეღან ახსენეთ, რომ თქვენი აღარ ეშინიათ. შეგიძლიათ რაიმე შემთხვევა გაიხსენოთ?

რა თქმა უნდა, ერთხელ შემთხვევით შევხვდი ჩვენი მოწინააღმდეგე პარტიის ერთ-ერთ ავტორიტეტულ წევრს, რომელზეც ადრე მოგახსენეთ. მას ავგუსტო ჰქვია. რომ დამინახა შეკრთა, მაგრამ მე თბილად მივესალმე და ვუთხარი, მოდი ყველაფერი დავივიწყოთ-მეთქი და სახლში დავპატიჟე. ისიც მესტუმრა და გაოცებული დარჩა, როცა დაინახა, რომ სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ამ ყველაფერმა მასზე ისე იმოქმედა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დღეს მე და ავგუსტო მარტო კარგი მეგობრები კი არა, სულიერი ძმებიც ვართ.

 „მშვიდობიანად იყავით ყველასთან“

ადამიანებს ერთმანეთში კონფლიქტები სხვადასხვა მიზეზის გამო მოსდით, ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენს მზადყოფნას მშვიდობა აღვადგინოთ, ყველა სიხარულით გამოეხმაურება. ამასთან დაკავშირებით ბიბლია სასარგებლო რჩევას გვაძლევს: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18).

ამ სტატიაში მოხსენიებული შემთხვევები იმის ცოცხალი მაგალითია, რომ ბიბლიურ სიბრძნეს აქვს ძალა „სიმაგრეთა დასამხობად“ ანუ მას შეუძლია აღმოფხვრას ჩვენში ღრმად გამჯდარი უარყოფითი თვისებები და აზროვნება (2 კორინთელები 10:4). ბიბლიურ სიბრძნეზე იგავების 3:17, 18-ში ნათქვამია: „მისი გზები მშვენიერია და ყველა მისი სავალი მშვიდობიანი. სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“.

ნელსონი და ავგუსტო დღეს კარგი მეგობრები არიან

გსურთ უფრო ბედნიერი და მშვიდობისმყოფელი იყოთ? გწადიათ ისეთი მეგობრობა, რომელიც ყველანაირ გამოცდას და ჟამთა სვლას გაუძლებს? თუ დიახ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით, თუკი ბიბლიას მისცემთ საშუალებას, გიხელმძღვანელოთ.

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

გაიგეთ მეტი

რა არის ბიბლიის შესწავლა?

მიიღეთ პასუხები ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.