წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2014

„დააკვირდით ცის ფრინველებს“

„დააკვირდით ცის ფრინველებს“

ფრინველებს დედამიწის ყველა კუთხეში შეხვდებით. ისინი იმ ქმნილებებს მიეკუთვნებიან, რომლებზე დაკვირვებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, მრავალგვარ ფრინველზე დაკვირვება, რომლებიც გვაოცებენ ნაირფერი ბუმბულით, საამური ჭიკჭიკითა და ანცობით ერთობ სასიამოვნო და სახალისოც კია.

შავშუბლა ფეიქარა

ალბათ თქვენი ფანჯრიდანაც მოგიკრავთ თვალი საქმეში გართული ჩიტებისთვის. მაგალითად, დაკვირვებულხართ, როგორ ეძებს მიწაში მატლებს მგალობელი შაშვი, როგორ ნადირობს მწერებზე მემატლია, როგორ ეკეკლუცება მტრედი თავის მეწყვილეს ან როგორ იშენებს ბუდეს მუხლჩაუხრელი მერცხალი და როგორ კვებავს მშიერ ბარტყებს ჩიტბატონა.

ციცარი

განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია ცაში მოთარეშე არწივი, შევარდენი და ქორი, რომლებიც ჰაერშივე ავლებენ მსხვერპლს მუსრს. სასაცილო სანახავია ერთ ლუკმა პურზე მოძიძგილავე ბეღურების გუნდი, მკერდგამოზნექილი მამალი მტრედი, რომელიც თავს აწონებს მდედრს; აგრეთვე ის, თუ როგორ ტეხენ ჭყივილს წონასწორობის დაკარგვისას ელექტროგადამცემ მავთულებზე თავდაყირა დაკიდული ვარდისფერი კაკადუები. ცაში აჭრილი გადამფრენი ყარყატების, წეროებისა თუ იხვების ცქერაც ხომ შეუდარებელია. მართლაც, ათასობით წელია, რაც გადამფრენ ფრინველებს  აღტაცებაში მოჰყავს დამკვირვებელი ნავიგაციის გასაოცარი უნარის გამო. მათ საოცარი სიზუსტით შეუძლიათ უზარმაზარი მანძილების დაფარვა. თავად შემოქმედიც ამბობს: „ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი დრო, გვრიტი, ნამგალა და შაშვიც ზუსტად იცავენ მოფრენის დროს“ (იერემია 8:7).

ფრინველებზე დაკვირვება ბიბლიურ დროში

ბიბლია არაერთხელ მოიხსენიებს ფრინველებს, ხშირად მათი მეშვეობით ღმერთი მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. მაგალითად, სირაქლემის შესახებ, რომელსაც შეუძლია წარმოუდგენლად დიდი სიჩქარის განვითარება, ღმერთმა იობს უთხრა: „როცა ფრთებს ააფრიალებს, დასცინის ცხენსა და მის მხედარს“ * (იობი 39:13, 18). ღმერთმა იობს ასეთი კითხვები დაუსვა: „შენი გაგების უნარის წყალობით დაფრინავს შევარდენი . . . შენი ბრძანებით ფრენს ზემოთ არწივი?“ (იობი 39:26, 27). რას ვსწავლობთ აქედან? ფრინველები ჩვენი დახმარების გარეშე ახდენენ საოცარ საქმეებს. მათი უნარი ღვთის სიბრძნეზე მეტყველებს!

მეფე სოლომონმა დაწერა, რომ „გვრიტის ხმა“ გაზაფხულის მოსვლას აუწყებდა (ქებათა ქება 2:12). ფსალმუნმომღერალმა, როდესაც წერდა, თუ რა ძლიერ ეწადა ღვთის ტაძარში მსახურება, მერცხალი მოიხსენია. ის შენატროდა ფრინველებს და ამბობდა: „ჩიტმაც კი იპოვა ბინა და მერცხალმა — ბუდე, სადაც თავის პატარებს სხამს, შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა“ (ფსალმუნი 84:1—3).

„თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“ (მათე 6:26).

ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითები ფრინველებზე იესო ქრისტემ მოიყვანა. დავფიქრდეთ მათეს 6:26-ში ჩაწერილ მის სიტყვებზე: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“. ეს გულში ჩამწვდომი მაგალითი იესოს მიმდევრებს არწმუნებდა, რამდენად ძვირფასები იყვნენ ღვთის თვალში და რომ ზედმეტად არ უნდა ენერვიულათ ყოველდღიურ საზრუნავზე (მათე 6:31—33).

დღეს ფრინველებზე დაკვირვება პოპულარულ გასართობ საქმიანობად ითვლება და ეს გასაგებიცაა, რადგან ფრინველები გვაოცებენ თავიანთი სილამაზით, გალობით, ანცობითა და კეკლუცობით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყურადღებიანი დამკვირვებელი მათგან ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გაკვეთილს სწავლობს. მაშ ასე, დააკვირდებით ცის ფრინველებს?

^ აბზ. 6 სირაქლემა ზომით ყველაზე დიდი ფრინველი და უსწრაფესი მორბენალია, რომელსაც შეუძლია საათში დაახლოებით 72 კილომეტრი დაფაროს მცირე ინტერვალებით.

გაიგეთ მეტი

ისწავლეთ ფრინველებისგან

ფრინველებზე დაკვირვება მხოლოდ ღვთის ხელთა ნამოქმედარს კი არ გვაცნობს, არამედ აღგვძრავს, ვიფიქროთ იმაზე, რაც უმთავრესია ცხოვრებაში.