წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2014

 რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

თავაზიანი ხარ მესიჯების წერისას

თავაზიანი ხარ მესიჯების წერისას

პრობლემა

წარმოიდგინე, რომ მეგობარს ელაპარაკები პირისპირ და ამ დროს ტექსტურ შეტყობინებას იღებ მობილურ ტელეფონზე. როგორ მოიქცეოდი?

  1. ა: წერილს ისე წაიკითხავდი, რომ საუბარს არ შეწყვეტდი.

  2. ბ: მეგობარს ბოდიშს მოუხდიდი და წერილს წაიკითხავდი.

  3. გ: წერილს არ წაიკითხავდი და საუბარს გააგრძელებდი.

აქვს მნიშვნელობა, პირადად შენ რომელ ვარიანტს ანიჭებ უპირატესობას? ნამდვილად!

რა უნდა იცოდე

როცა ერთ მეგობარს ელაპარაკები და ამ დროს მეორეს ემესიჯები, ეს რაღაცით სპორტულ თამაშს ჰგავს წესების გარეშე. „მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არიან“, — შეიძლება თქვა. ეს კიდევ უფრო დიდი მიზეზია იმისა, რომ თავაზიანი იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრებთან ურთიერთობაში მკაცრი და ოფიციალური გახდე. მაგრამ რეალობა ასეთია: თუ მეგობრებთან თავაზიანობას და ტაქტიანობას არ ავლენ, ადრე თუ გვიან დაკარგავ მათ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანებს არ უყვართ, როდესაც უდიერად და უპატივცემულოდ ექცევიან. ახალგაზრდა ქალი, ბეტი * ამბობს: „ძალიან ვღიზიანდები, როდესაც მეგობარს ველაპარაკები, ის კი წამდაუწუმ ტელეფონს ამოწმებს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ელოდება“. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს აიტანდა ბეტი ასეთ მეგობარს?

დავუბრუნდეთ ზემოთ აღწერილ სიტუაციას. შენ რომელ ვარიანტს მიანიჭე უპირატესობა? ალბათ, გესმის, რომ თუ ისე მოიქცეოდი, როგორც ეს აღწერილია ვარიანტში, უკულტურობაში ჩაგეთვლებოდა. მაგრამ რის თქმა შეიძლება და ვარიანტებზე? პირადად შენ, რას თვლი უკულტურობად — საუბრის შეწყვეტას მხოლოდ იმიტომ, რომ მესიჯი წაიკითხო, თუ მესიჯის იგნორირებას, იმიტომ რომ საუბარი გააგრძელო?

როგორც ხედავ, რთულია იმის თქმა, თუ როგორი მოქცევაა სწორი. მაგრამ ბიბლია ერთ კარგ რჩევას გვაძლევს: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). ეს რჩევა მესიჯების წერის დროსაც გამოგადგება.

 როგორ შეგიძლია მოიქცე

მესიჯების დასაწერად შესაფერისი დრო შეარჩიე. „ზოგჯერ მესიჯი შუაღამისას მომდის. მნიშვნელოვანი არაფერია, ძილი კი მიტყდება“, — ამბობს ახალგაზრდა რიჩარდი. ჰკითხე საკუთარ თავს: „მეც ხომ არ ვუმესიჯებ ვინმეს იმ დროს, როცა ის ისვენებს?“ (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 3:1).

იყავი თავაზიანი. საუბარი მოიცავს არა მარტო სიტყვებს, არამედ ინტონაციას, სახის გამომეტყველებასა და ჟესტებს. სამწუხაროდ, წერის დროს ბევრი ეს ელემენტი არ ჩანს. რით შეიძლება დანაკლისის ანაზღაურება? „იყავით თავაზიანი და გამოიყენეთ საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზები და სიტყვები. მაგალითად, როგორ ხარ; გთხოვ; მადლობა“, — გვირჩევს ახალგაზრდა ქალი, ჟასმინი (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 4:6).

გამოავლინე გონიერება. თუ მნიშვნელოვან მესიჯს ელი, კარგი იქნება ჯერ მეგობარს ბოდიში მოუხადო საუბრის შეწყვეტისთვის და მერე შეამოწმო ტელეფონი. თუმცა ხშირ შემთხვევაში საჩქარო არაფერია. „ტელეფონი არსად გაგექცევა მანამ, სანამ შენი მეგობარი საუბარს დაასრულებს. მაგრამ მეგობარი შეიძლება გაგექცეს, სანამ მიწერ-მოწერას დაასრულებ“, — ამბობს 17 წლის ემი. მსგავსად უნდა მოიქცე, როცა მეგობრებთან ერთად ხარ სადმე. 18 წლის ჯეინი ამბობს: «თუ მთელ დროს მესიჯების წერას მოანდომებ, ამით იქ შეკრებილებს დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნები: „თქვენი კამპანია გულზე არ მეხატება, სხვაგან მერჩივნა ყოფნა“».

დაფიქრდი, სანამ ღილაკს თითს დააჭერ. შესაძლებელია, რომ შენი მესიჯი არასწორად იქნეს გაგებული? ემოციების აღმნიშვნელი სიმბოლოები ხომ არ დაგეხმარებოდა გრძნობების სწორად გადაცემაში? „თუ იხუმრე, სმაილიკი დასვი, — გვეუბნება 21 წლის ამბერი. — ადამიანები მგრძნობიარეები არიან და შეიძლება უთანხმოებაც კი მოგივიდეს იმის გამო, რომ ვიღაცამ ხუმრობით ნათქვამი ვერ გაგიგო“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 12:18).

აშკარაა, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობისას პატივისცემისა და თავაზიანობის გამოვლენა გვმართებს.

დაფიქრდი: პატივისცემა და თავაზიანობა სიყვარულიდან მომდინარეობს. როგორ განვივითაროთ სიყვარული? ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება“ (1 კორინთელები 13:4, 5). აქ ჩამოთვლილთაგან შენ რაზე გჭირდება მუშაობა?

^ აბზ. 11 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.