წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2014

 წარსულის სახეები

ჯოზეფ პრისტლი

ჯოზეფ პრისტლი

„ის გახლდათ მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული, უაღრესად გულმოდგინე, დიდი საზოგადო მოღვაწე და ჰუმანური ადამიანი; უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას ავლენდა ფიზიკური, მორალური თუ სოციალური საკითხების მიმართ; თავისი სიტყვა თქვა მეცნიერებაში, თეოლოგიაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში; განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებდა [საფრანგეთის] რევოლუციას. ყოველივე ამის და იმ დაუმსახურებელი ტანჯვის გამო, რაც მან აიტანა, მას შეიძლება მეთვრამეტე საუკუნის გმირი ეწოდოს“ (ფრედერიკ ჰარისონი, ფილოსოფოსი).

რა მიღწევების გამო გაითქვა სახელი ჯოზეფ პრისტლიმ? მისმა აღმოჩენებმა და ნაშრომებმა უდიდესი გავლენა იქონია ხალხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, კერძოდ, ხელისუფლებაზე, ღმერთზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰაერზეც კი, რომელსაც ვსუნთქავთ.

მეცნიერულ თუ რელიგიურ ნაშრომებში პრისტლი უარყოფდა გავრცელებულ თეორიებსა და ტრადიციებს და მხარს უჭერდა ფაქტებსა და ჭეშმარიტებას. ვნახოთ, რა მხრივ.

ის ეძებს ჭეშმარიტებას მეცნიერებაში

1765 წელს ამერიკელ მეცნიერ ბენჯამინ ფრანკლინთან შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ პრისტლი სერიოზულად ჩაება მეცნიერებაში და ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო ელექტროობაში, თუმცა მანამდე მისთვის მეცნიერება უბრალოდ ჰობი იყო. ერთ წელიწადში მისმა აღმოჩენებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მის დროს მოღვაწე მეცნიერებზე, რომ პრისტლი ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს.

ამის შემდეგ პრისტლი მეცნიერების კიდევ ერთი დარგით, ქიმიით დაინტერესდა. მოკლე დროში მან აღმოაჩინა რამდენიმე მანამდე უცნობი აირი, მათ შორის ამიაკი და აზოტის ქვეჟანგი (მალხენი აირი). გარდა ამისა, მან წყალი ნახშირორჟანგით გააჯერა და შედეგად კარბონატული ანუ გაზიანი წყალი მიიღო.

1774 წელს სამხრეთ ინგლისში ჩატარებული ცდების შედეგად ჯოზეფ პრისტლიმ გამოყო მნიშვნელოვანი აირი, რომლის ზემოქმედებითაც სანთლები მეტი სიკაშკაშით იწვოდა. მოგვიანებით 60 მლ  ეს აირი მოათავსა მინის ჭურჭელში და შიგ თაგვი ჩასვა. თაგვმა იმაზე ორჯერ მეტხანს იცოცხლა, ვიდრე ჩვეულებრივი ჰაერით ავსებულ სინჯარაში იცოცხლებდა. მეცნიერი თავადაც შეისუნთქავდა ხოლმე ამ აირს და როგორც თვითონ ამბობდა, „რაღაც პერიოდი უფრო თავისუფლად და მსუბუქად სუნთქავდა“.

ამგვარად ჯოზეფ პრისტლიმ აღმოაჩინა ჟანგბადი. * თუმცა აღმოჩენილ გაზს „დეფლოგისტონური გაზი“ უწოდა და ფიქრობდა, რომ ეს გახლდათ ჩვეულებრივი აირი, რომელიც არ ტოვებდა ფლოგისტონს და წარმოადგენდა ჰიპოთეზურ ნივთიერებას, რომელიც თითქოსდა წვას ხელს უშლიდა. თუმცა პრისტლის მიერ გაკეთებული ეს დასკვნა მცდარი იყო, ბევრი მაინც თვლის, რომ „ეს უმთავრესი აღმოჩენა იყო მის ცხოვრებაში“.

ის ეძებს ჭეშმარიტებას რელიგიაში

პრისტლის აზრით, როგორც განყენებული თეორიები ჩქმალავდა მეცნიერულ სიმართლეს, ისე ტრადიციები და დოგმები ხვევდა ბურუსში რელიგიურ ჭეშმარიტებას. პარადოქსია, რომ პრისტლი, რომელიც მთელი ცხოვრება ბიბლიას იკვლევდა, ზოგიერთ ისეთ მოსაზრებას იზიარებდა, რაც ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის ნათელ სწავლებებს. მაგალითად, ერთი პერიოდი მას არ სწამდა, რომ ბიბლია სასწაულებრივად იყო ღვთისგან შთაგონებული. ის აგრეთვე უარყოფდა იმ აზრს, რომ იესო განკაცებამდე არსებობდა.

„თუ მეცნიერება ჭეშმარიტებისკენ მიილტვის, მაშინ პრისტლი ჭეშმარიტი მეცნიერია“ (კეტრინ კულენი, ბიოლოგი).

მეორე მხრივ, პრისტლი ამხელდა ცრუ რელიგიურ სწავლებებს, რომლებიც დღემდე მყარად არის დამკვიდრებული ძირითად რელიგიებში. ის წერდა, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც იესო და მისი მიმდევრები ასწავლიდნენ, მოგვიანებით ცრუ სწავლებებით დამახინჯდა. მისი აზრით ამ სწავლებებს შორის იყო სამების მოძღვრება, სულის უკვდავება და გამოსახულებების თაყვანისცემა, რასაც აშკარად გმობდა ბიბლია.

საკუთარი რელიგიური შეხედულებებისა და ამერიკელი და ფრანგი რევოლუციონისტების მხარდაჭერის გამო პრისტლიმ თანამემამულე ინგლისელების რისხვა დაიტეხა თავს. 1791 წელს გახელებულმა ბრბომ გაანადგურა მისი სახლი და ლაბორატორია, თავად პრისტლიმ შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი. მართალია, ჯოზეფ პრისტლიმ მეცნიერული აღმოჩენებით დაიმკვიდრა ისტორიაში სახელი, მაგრამ მას სწამდა, რომ ღვთისა და მისი განზრახვების გაცნობა ცხოვრებაში „ყველაზე ღირსეული და კეთილშობილური საქმე იყო“.

^ აბზ. 10 უფრო ადრე ჟანგბადი შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ აღმოაჩინა, თუმცა თავისი აღმოჩენის შესახებ არ განუცხადებია. მოგვიანებით ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ლორან ლავუაზიემ ამ აირს ჟანგბადი უწოდა.