წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2014

 ვინ შექმნა?

ფუნაგორია ხოჭოს ორიენტაციის უნარი

ფუნაგორია ხოჭოს ორიენტაციის უნარი

ექსკრემენტები ფუნაგორია ხოჭოსთვის ყველაფერია. ის მისთვის საჭმელიც არის და კვერცხების დასადები ადგილიც. ზოგი მამრი ნეხვის მოზრდილ ნაჭერს მდედრს მიართმევს ხოლმე მისი გულის მოსაგებად. განსაკუთრებით დიდი ომი იმართება ახალი ნაკელისთვის. ერთხელ მკვლევრები თვალყურს ადევნებდნენ, როგორ შეესია დაახლოებით 16 000 ხოჭო სპილოს დახვავებულ ნეხვს და როგორ გაადინეს ბრდღვნა იქაურობას სულ რაღაც ორ საათში.

ნაკელსშესეული ფუნაგორია ხოჭოს ზოგი სახეობა ააგუნდავებს ფუნას და სწრაფად გამოეყოფა მწერების გუნდს. შემდეგ ნეხვის გუნდას სწორ ხაზზე მიაგორებს, რაც მას ეხმარება, უკანმოუხედავად გაიქცეს, რომ სხვა ხოჭოებმა არ წაართვან ნადავლი. ბოლოს კი ნეხვს სადმე ტენიან ნიადაგში მარხავს.

როგორ ახერხებს ეს ხოჭო სწორ ხაზზე სიარულს ყოველგვარი მიხვევ-მოხვევის გარეშე, განსაკუთრებით ღამით?

დაფიქრდით: ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ფუნაგორია ხოჭოებს შეუძლიათ ორიენტაცია მზის ან მთვარის შუქის დახმარებით, თუმცა მათ სწორ ხაზზე სიარული უმთვარო ღამეშიც არ უჭირთ. ბოლო დროს სამხრეთ აფრიკელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხოჭოებს ამ საქმეში ცალკეული ვარსკვლავები კი არ ეხმარება, არამედ მათთვის მთავარი ორიენტირი ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის თეთრი ზოლია. ერთი სამეცნიერო ჟურნალის თანახმად, „ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც ცხოველთა სამყაროს ირმის ნახტომი ეხმარება ორიენტაციაში“.

მკვლევარი მარკუს ბერნი ამბობს, რომ ფუნაგორია ხოჭოებს გააჩნიათ „კარგი სანავიგაციო სისტემა, რომელიც უკუნით სიბნელეშიც მუშაობს და მათ ამისთვის დიდი გამოთვლები არ სჭირდებათ“. ის დასძენს: „ამ ხოჭოსგან ადამიანებმა შეიძლება ისწავლონ ის, თუ როგორ გადაჭრან ნავიგაციასთან დაკავშირებული რთული ვიზუალური პრობლემები. მაგალითად, ფუნაგორია ხოჭოს სანავიგაციო სისტემაზე დაკვირვებით შექმნან ისეთი რობოტი, რომელიც შეძლებდა დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების პოვნას.

რას ფიქრობთ? საიდან აქვთ ფუნაგორია ხოჭოებს ორიენტაციის ასეთი უნარი?

იცოდით თუ არა? ფუნაგორია ხოჭოები ნიადაგს ანოტივებენ და ანოყიერებენ, აბნევენ თესლის მარცვლებს და ხელს უშლიან ბუზების გამრავლებას.