წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2014

 მთავარი თემა

როგორ დავძლიოთ სტრესი

როგორ დავძლიოთ სტრესი

„თავს ისე ვგრძნობ, როგორც თაგვი სარბენ ბორბალზე, რომელიც ერთ ადგილზე ტრიალებს. ხშირად დღეში 16 საათს ვმუშაობ, შაბათ-კვირასაც კი იშვიათად ვისვენებ. სულ გაღიზიანებული ვარ, რადგან ჩემს პატარა გოგონას მხოლოდ მძინარეს ვხედავ. სტრესმა დამაავადმყოფა“ (კარი, ფინეთი).

კარი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც ასეთ მდგომარეობაშია. დიდი ბრიტანეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ფონდის მონაცემებით, ხუთიდან ერთი მუშა-მოსამსახურე აღნიშნავს, რომ სამსახურში განცდილმა სტრესმა მისი ჯანმრთელობა შეიწირა, და ოთხიდან ერთი, სამუშაოზე სტრესს რომ ვერ უმკლავდება, ტირილს იწყებს. ეკონომიკური კრიზისის შედეგად 2009 წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ექიმებმა ანტიდეპრესანტები დაუნიშნეს.

რა იწვევს სტრესს?

  • დაუცველობა და არასტაბილურობა, მაგალითად, ფინანსური ან სხვა სახის

  • ცხოვრების სწრაფი და დამღლელი ტემპი

  • კონფლიქტი ადამიანებთან

  • შემზარავი მოვლენები

როგორ მოქმედებს სტრესი?

  • აზიანებს ჯანმრთელობას

  • ემოციურად ფიტავს

  • იწვევს ძილის დარღვევას

  • იწვევს დეპრესიას

  • გვიფუჭებს ურთიერთობებს

 სტრესი ააქტიურებს ჩვენი ორგანიზმის საოცარ სისტემას — საპასუხო რეაქციას გამაღიზიანებლებზე. ამ დროს გამოთავისუფლებული ჰორმონები იწვევს სუნთქვის გახშირებას, გულისცემის აჩქარებას და სისხლის წნევის მატებას. ამასთანავე, სისხლის უჯრედების მარაგი და გლუკოზა დიდი რაოდენობით გადადის სისხლის ნაკადში. ბიოქიმიური პროცესების მთელი ეს წყება გვამზადებს, გავუმკლავდეთ სტრესის გამომწვევ ფაქტორს. მას შემდეგ რაც სტრეს-ფაქტორი ჩაივლის, ორგანიზმი ნორმალურ რიტმს უბრუნდება. მაგრამ თუ სტრესი დიდხანს გრძელდება, ამან შეიძლება ქრონიკული გაღიზიანება და დაძაბულობა გამოიწვიოს. ასე რომ, ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ გავუმკლავდეთ სტრესს.

სტრესთან გამკლავება

სტრესი მაინცდამაინც საზიანო არ არის. ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის განმარტებით, „სტრესი ადამიანისთვის იგივეა, რაც ვიოლინოსთვის სიმის დაჭიმულობა. სუსტად დაჭიმულ სიმს წრიპინა და ცუდი ჟღერადობა აქვს, ძლიერად დაჭიმულს კი — მძაფრი. გარდა ამისა, ძლიერად დაჭიმული სიმი შეიძლება ადვილად გაწყდეს. მსგავსადვე, ძლიერმა სტრესმა შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ ნორმალური დოზით სტრესის მიღება, შეიძლება ითქვას, ხიბლსაც კი სძენს ჩვენს ცხოვრებას. ისმის კითხვა: როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?“.

ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ სტრესზე, გამომდინარე თავიანთი ხასიათიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. ის, რაც ერთისთვის სტრესის გამომწვევია, მეორესთვის შეიძლება სულაც არ იყოს ასე. თუ ყოველდღიური საქმეები იმდენად გძაბავთ, რომ გიჭირთ განტვირთვა ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებს თავს ვერ ართმევთ, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერ სტრესს განიცდით.

ქრონიკული სტრესისგან „თავის დასაღწევად“ ზოგი ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და თამბაქოს ეძალება. ზოგი უზომო ჭამას იწყებს, სხვები საათობით გაუნძრევლად სხედან ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. სინამდვილეში, ასეთმა ჩვევებმა შემსუბუქების ნაცვლად შეიძლება პირიქით, სტრესი გაამწვავოს. და მაინც, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ეფექტურად?

ბევრს სტრესთან გამკლავებაში ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევების გათვალისწინება ეხმარება. მრავალნაცადი ბიბლიური სიბრძნე შეიძლება თქვენთვისაც დამხმარე აღმოჩნდეს. მოდი, ეს საკითხი სტრესის გამომწვევი ოთხი მიზეზის ფონზე განვიხილოთ.

 1 დაუცველობა

აბსოლუტურად დაცული არავინ არის. როგორც ბიბლია ამბობს, „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). როგორ უნდა დაძლიოთ დაუცველობით გამოწვეული უარყოფითი გრძნობები? გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • თქვენი გრძნობები ოჯახის წევრს ან სანდო მეგობარს გაუზიარეთ. გამოკვლევები ადასტურებს, რომ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა გვეხმარება სტრესით გამოწვეული სხვადასხვა გართულებების თავიდან აცილებაში. დიახ, „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

  • ნუ იფიქრებთ ყოველთვის ცუდზე. ასეთი ფიქრები ემოციურად გამოგფიტავთ. შეიძლება სულაც არ მოხდეს ის, რისიც გეშინიათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

  • ილოცეთ, რადგან ლოცვას დიდი ძალა აქვს. „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“, — ნათქვამია 1 პეტრეს 5:7-ში. ღმერთი ზრუნავს ჩვენზე, რადგან გვაძლევს შინაგან სიმშვიდეს და გვარწმუნებს, რომ არ „დატოვებს და არ მიატოვებს“ მას, ვინც გაჭირვების დროს თხოვნით მიმართავს (ებრაელები 13:5; ფილიპელები 4:6, 7).

2 ცხოვრების სწრაფი და დამღლელი ტემპი

ცხოვრების დამღლელი ტემპი, მაგალითად, სამსახურში ყოველდღიურად შორ მანძილზე სიარული, თავად სამუშაო, სწავლა, ბავშვებზე და მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვა, კიდევ უფრო ზრდის სტრესს. არადა, ამ საქმეებიდან ზოგიერთზე უარს ვერანაირად ვერ იტყვით (1 ტიმოთე 5:8). აბა, როგორ უნდა მოიქცეთ?

  • ეცადეთ, გამონახოთ დრო განტვირთვისა და საკმარისი დასვენებისთვის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).

  • სწორად დაადგინეთ პრიორიტეტები და იცხოვრეთ მოკრძალებულად (ფილიპელები 1:10). იფიქრეთ ცხოვრების გამარტივებაზე, მაგალითად, ხარჯების ან სამუშაო საათების შემცირებაზე (ლუკა 21:34, 35).

სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა კარიმ თავის ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. ის ამბობს: „მივხვდი, რომ ეგოისტური მიზნები მამოძრავებდა“. მან გაყიდა საკუთარი ბიზნესი და ისეთ სამსახურში მოეწყო, სადაც მეტი თავისუფალი დრო ექნებოდა. „საკუთარ თავს ძველებურად ვეღარ ვანებივრებთ, მაგრამ, რაც მთავარია, მე და ჩემს ცოლს სტრესი მოგვეხსნა და ახლა უკვე მეტი დრო გვრჩება ოჯახისა და მეგობრებისთვის. არანაირ ბიზნესზე არ გავცვლი იმ შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას, რომელსაც ახლა განვიცდი“, — დასძენს კარი.

 3 კონფლიქტი ადამიანებთან

ადამიანებთან კონფლიქტი, განსაკუთრებით თანამშრომლებთან, შეიძლება ძალიან სტრესული აღმოჩნდეს. თუ მსგავს პრობლემას ხვდებით, შეიძლება ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმაროთ.

  • როცა ვიღაც გაბრაზებთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ. „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“, — ნათქვამია იგავების 15:1-ში.

  • ეცადეთ, უთანხმოებები პირადად მოაგვაროთ. მწყენინებელს პატივისცემით დაელაპარაკეთ. ამით დაანახვებთ, რომ აფასებთ მას (მათე 5:23—25).

  • ეცადეთ, ჩაწვდეთ მის გრძნობებს და გაიგოთ მისი თვალსაზრისი. „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11). ეს უნარი გვეხმარება, თავი მის ადგილას წარმოვიდგინოთ და საკუთარ თავს სხვისი თვალით შევხედოთ.

  • ეცადეთ, აპატიოთ. პატიება არა მარტო ღირსეული საქციელია, არამედ კარგი წამალიც. 2001 წელს ჩატარებული ერთი გამოკვლევისას გამოვლინდა, რომ „პატიება ამცირებს სტრესს, ბრაზისა და წყენის გულში ჩატოვება კი მნიშვნელოვნად ზრდის არტერიულ წნევას და აჩქარებს გულისცემას“ (კოლოსელები 3:13).

4 შემზარავი მოვლენები

ნეინგს, რომელიც კამბოჯაში ცხოვრობს, ზედიზედ დაატყდა თავს რამდენიმე უბედურება. 1974 წელს ის აეროპორტში ბომბის აფეთქების შედეგად დაიჭრა. მომდევნო წელს ორი შვილი, დედა და ქმარი დაეღუპა. 2000 წელს სახლი და მთელი ქონება ხანძარმა გაუნადგურა, სამი წლის შემდეგ კი მეორე ქმარიც დაეღუპა. სასოწარკვეთილი ნეინგი თავის მოკვლას ფიქრობდა.

„ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯას“

მაგრამ ნეინგმა იპოვა გამოსავალი. კარის მსგავსად, მანაც გამოიკვლია ბიბლია და ნასწავლმა მის სიცოცხლეს აზრი შესძინა. დღეს ის სხვებს უზიარებს დამაიმედებელ ცნობას, რომ მათაც პოვონ ნუგეში. ბრიტანელი მკვლევრების მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებიც მსგავს აზრს ადასტურებს. როგორც მათ აღმოაჩინეს, „სტრესის მოსახსნელი ერთ-ერთი საშუალება გაცემაა, ანუ სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა“, რის შესახებაც ბიბლიაში დიდი ხნის წინათ იყო ჩაწერილი (საქმეები 20:35).

ნეინგს უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახა. მან გაიგო, რომ მალე ყველა პრობლემა, რომელიც დღეს ადამიანებს თავს ატყდება, წარსულს ჩაბარდება და მთელ დედამიწაზე „იქნება დიდი მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7, 8).

სარწმუნო იმედი და სიბრძნე, რაც ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ფასდაუდებელი განძია და ამ განძის პოვნა ბიბლიაში შეგიძლიათ. მილიონები უკვე დარწმუნდნენ, რომ ეს ნამდვილად დიდებული და უნიკალური წიგნია! თქვენც შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ!