არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2014

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როცა თქვენი მოზარდი გოგონა სტრესს განიცდის

როცა თქვენი მოზარდი გოგონა სტრესს განიცდის

პრობლემა

თქვენი გოგონა გეუბნებათ, რომ სტრესი აქვს. „რა დროს მაგის სტრესია, ჯერ 13 წლისაა“, — ფიქრობთ გაკვირვებული. მაგრამ სანამ თქვენს ქალიშვილს ამ სიტყვებს ეტყოდეთ, დაფიქრდით იმ მიზეზებზე, რის გამოც ამ ასაკის გოგონა შეიძლება სტრესს განიცდიდეს.

რატომ ხდება

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. სქესობრივი მომწიფების ასაკში გოგონა შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ზრდაში ჩამორჩება თავის თანატოლებს, ან პირიქით, წინ უსწრებს. „ჩემს კლასში ლიფი პირველად მე ჩავიცვი და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. თანატოლებთან შედარებით თავი მუტანტი მეგონა“, — ამბობს ანა, * რომელიც დღეს 20 წლისაა.

ემოციური ცვლილებები. კარინა, რომელიც ახლა 17 წლისაა, იხსენებს: „ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ ვერ გამეგო, რატომ ვიყავი დღე კარგ ხასიათზე, ღამე კი სულ ვტიროდი. არ ვიცოდი, რა მჭირდა, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი“.

მენსტრუალური ციკლის დაწყება. „მიუხედავად იმისა, რომ დედამ წინასწარ შემამზადა ამისთვის, მაინც არ ვიყავი მზად, — ამბობს კატლინი. — მეგონა, სულ ჭუჭყიანი ვიყავი, ამიტომ დღეში რამდენიმეჯერ ვიღებდი შხაპს“.

საზოგადოების გავლენა. 18 წლის მარია იხსენებს: „12-დან 14 წლამდე თანატოლების ძლიერ ზეგავლენას განვიცდიდი. სკოლაში განსხვავებულ ბავშვებს არაფრად აგდებდნენ“. 14 წლის ანიტა კი ამბობს: „ჩემ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, თანატოლებმა თავიანთ წრეში მიგიღონ. თუ გაგრიყავენ, თავს დათრგუნულად იგრძნობ“.

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

აღძარით ქალიშვილი, თავისუფლად ისაუბროს თქვენთან, რატომ განიცდის სტრესს. თავიდან მას შეიძლება საუბრის დიდი სურვილი არ ჰქონდეს, მაგრამ ნამდვილად დაგეხმარებათ მოთმინება და შემდეგი ბიბლიური პრინციპის გათვალისწინება: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

სერიოზულად მოეკიდეთ თქვენი ქალიშვილის მდგომარეობას. გახსოვდეთ, რომ მას არა აქვს იმდენი გამოცდილება, რამდენიც თქვენ და შესაბამისად, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს სტრესს (ბიბლიური პრინციპი: რომაელები 15:1).

ნუ გადატვირთავთ შვილს ძალიან ბევრ წრეზე სიარულით. ერთ წიგნში, რომელიც შვილების აღზრდას ეხება, ნათქვამია, რომ, ახალგაზრდებს, რომელთა დღის განრიგი ძალიან გადატვირთულია, „ხშირად აქვთ სტრესი, რაც ძირითადად გამოიხატება თავისა და მუცლის ტკივილებით“ (Teach Your Children Well)(ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 1:9, 10).

დარწმუნდით, რომ თქვენი ქალიშვილი საკმარისად ისვენებს. მოზარდები ხშირად უარყოფენ ძილის აუცილებლობას. საკმარისი ძილის გარეშე აზროვნების უნარი სუსტდება და სტრესთან გამკლავებაც რთული ხდება (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 4:6).

დაეხმარეთ თქვენს ქალიშვილს, სწორი მეთოდები ეძებოს სტრესის დასაძლევად. ზოგ გოგონას ვარჯიში დაეხმარა გუნება-განწყობის ამაღლებაში. ბიბლიაც ამბობს, რომ „ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). ზოგს დღიურის წერა ეხმარება სტრესთან გამკლავებაში. 22 წლის ბრიტანი იხსენებს: „მოზარდობის ასაკში დღიურში ვწერდი იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ვერ ვუმკლავდებოდი. ეს დამეხმარა, სხვა თვალით შემეხედა პრობლემებისთვის. ეს მიადვილებდა მათ გადაჭრას ან იგნორირებას“.

მიეცით მაგალითი. თავად როგორ ართმევთ თავს სტრესს? მეტისმეტად ბევრ საქმეს ხომ არ ეჭიდებით ერთდროულად და როცა რაღაც არ გამოგდით, პანიკაში ხომ არ ვარდებით? ძალ-ღონეს ხომ არ გაცლით ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები და ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდზე ხომ არ გრჩებათ? ფილიპელების 4:5-ში ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“. გახსოვდეთ, თქვენი შვილი გაკვირდებათ და თქვენგან სწავლობს.

^ აბზ. 6 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.