წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2013

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი?

როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი?

პრობლემა

„შენ არ მისმენ“, — გეუბნებათ მეუღლე. „მაგრამ, მე ხომ ვუსმენდი“, — ფიქრობთ თქვენ. აშკარაა, რომ მეუღლემ სულ სხვა რამე გითხრათ, თქვენ კი სხვა რამე გაიგეთ. ამას კი კონფლიქტი მოჰყვება.

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ასეთი კონფლიქტები. მაგრამ ჯერ უნდა გაიგოთ, რატომ გრჩებათ მნიშვნელოვანი დეტალები მეუღლის საუბრიდან მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ უსმენთ.

რატომ ხდება

სხვა რამეზე ფიქრობთ, გადაღლილი ხართ ან ორივე ერთად. ბავშვები ხმაურობენ, ტელევიზორი მაღალ ხმაზეა ჩართული, თქვენ სამსახურში შექმნილ პრობლემაზე ფიქრობთ. ამ დროს მოდის თქვენი მეუღლე და გეუბნებათ, რომ ამ საღამოს სტუმრებს ელოდება. თქვენ თავს უქნევთ, მაგრამ სინამდვილეში მისი ნათქვამიდან არაფერი გაგიგიათ.

თქვენი ვარაუდები. თქვენ ფიქრობთ, რომ მეუღლის ნათქვამის მიღმა რაღაც სხვა აზრი იმალება და ამიტომ შეიძლება არასწორი დასკვნები გააკეთოთ. მაგალითად, დავუშვათ მეუღლე გეუბნებათ: „ამ კვირაში ძალიან ბევრი იმუშავე“. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ სიტყვებით მას თქვენი გაკრიტიკება სურს და პასუხად ეუბნებით: „რა ჩემი ბრალია?! იმდენ ფულს ხარჯავ, რომ იძულებული ვარ, ბევრი ვიმუშავო“. გაბრაზებული მეუღლე კი ყვირილით გეუბნებათ: „მე შენთვის არაფერი დამიბრალებია“. სინამდვილეში მეუღლეს თქვენთვის იმის თქმა უნდოდა, რომ შაბათ-კვირას ერთად დაგესვენათ.

ნაადრევად იწყებთ გამოსავლის ძებნას. „ზოგჯერ უბრალოდ მინდა, მეუღლესთან ჩემი გრძნობები გამოვხატო, — ამბობს მარსი. * — მაგრამ მაიკი მაშინვე პრობლემის მოგვარებაზე მიწყებს საუბარს. მე კი იმ წუთას პრობლემის მოგვარება კი არა, ის მინდა, რომ მან იცოდეს, რას განვიცდი“. რაშია პრობლემა? მაიკს თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებს, რომ პრობლემიდან გამოსავალი მალე იპოვოს. ამიტომაც მარსის საუბრიდან ზოგიერთი დეტალი უყურადღებოდ რჩება ან საერთოდ არ უსმენს.

რაც უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, როგორ შეგიძლიათ გახდეთ უკეთესი მსმენელი?

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

მთელი გულისყურით მოუსმინეთ. მეუღლეს უნდა, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ, მაგრამ ხართ მზად მოსასმენად? შეიძლება, არც იყოთ. შესაძლოა, თქვენი გონება იმ წუთას სხვა რამით იყოს დაკავებული. თუ ასეა, თავს ნუ მოაჩვენებთ, რომ უსმენთ. თუ შესაძლებელია, გადადეთ თქვენი საქმე და მთელი ყურადღება მეუღლეს დაუთმეთ, ან სთხოვეთ, ცოტა მოიცადოს (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 1:19).

შეთანხმდით, რომ მორიგეობით ილაპარაკებთ. როცა თქვენი მოსმენის ჯერი დგება, ნუ ჩაეჭრებით მეუღლეს საუბარში და ნუ შეაწყვეტინებთ. თქვენი ლაპარაკის დროც დადგება. ამიტომ ახლა მოუსმინეთ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 18:13).

დაუსვით კითხვები. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რას ამბობს თქვენი მეუღლე. ზემოხსენებული მარსი ამბობს: „მომწონს, როცა მაიკი კითხვებს მისვამს. ვგრძნობ, რომ აინტერესებს, რასაც ვეუბნები“.

სიტყვების მიღმა მნიშვნელობა დაინახეთ. ყურადღება მიაქციეთ ჟესტებს, თვალის მოძრაობასა და ხმის ტონს. მაგალითად, „მშვენიერია“, შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს „მშვენიერს“, გააჩნია, როგორ არის ის ნათქვამი. ან „შენ არასდროს მთავაზობ დახმარებას“, შეიძლება ნიშნავდეს: „ასე მგონია, შენთვის არაფერს წარმოვადგენ“. შეეცადეთ, სიტყვების მიღმა მნიშვნელობა დაინახოთ, თუნდაც ეს პირდაპირ არ იყოს ნათქვამი. სხვაგვარად, სიტყვებზე დაიწყებთ კამათს, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება ნათქვამის მნიშვნელობაზე გადაიტანოთ.

ბოლომდე მოუსმინეთ. მაშინაც კი, თუ არ გსიამოვნებთ იმის მოსმენა, რასაც მეუღლე გეუბნებათ, მის ნათქვამს იგნორირებას ნუ გაუკეთებთ ან ნუ გაეცლებით იქაურობას. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეუღლე გაკრიტიკებთ? გრეგორი, რომელიც 60 წელზე მეტია, რაც დაქორწინებულია, გვირჩევს: „ბოლომდე გულისყურით მოუსმინეთ მეუღლეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ღირს ძალისხმევად“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 18:15).

გულწრფელი ინტერესი გამოავლინეთ. ყურადღებით მოსმენა მექანიკურად მოსმენას არ გულისხმობს. ეს უბრალოდ ჩვევა კი არ უნდა იყოს, არამედ ამისკენ მეუღლის სიყვარული უნდა აღგვძრავდეს. თუ გულწრფელად გაინტერესებთ, რას ამბობს თქვენი მეუღლე, მას უკვე მოვალეობის მოხდის მიზნით კი აღარ მოუსმენთ, არამედ სიამოვნებით. ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ ითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

^ აბზ. 9 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

გაიგეთ მეტი

კარგი ურთიერთობა მტკიცე ქორწინების საწინდარია

კარგი ურთიერთობა აუცილებელი ფაქტორია ბედნიერი ქორწინებისთვის. ამ სტატიაში განხილულია თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს კარგ ურთიერთობას.

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.