არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2013

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

გერმანია

2012 წელს გერმანიის ერთ-ერთი უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს, რომელიც ოფიციალურად წყვეტს კავშირს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან, უფლება არა აქვს, დარჩეს მისი წევრი. კათოლიკეებს, რომლებიც ოფიციალურად წყვეტენ ეკლესიასთან კავშირს, და ამგვარად, აღარ იხდიან გადასახადს, მაგრამ რწმენას არ უარყოფენ, ეკრძალებათ ზიარება, ცოდვების აღიარება, ეკლესიურ საქმეებში მონაწილეობის მიღება და ეკლესიური წესით დაკრძალვა.

მსოფლიო

ერთი გამოკვლევის შედეგად, რომელიც ეხებოდა მსოფლიოს ძირითად რელიგიებს, გამოვლინდა, რომ 1,1 მილიარდი ადამიანი არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება, თუმცა მათგან ყველა ათეისტი არ არის. ამ კატეგორიის ადამიანებს მესამე ადგილი უკავიათ. პირველ ადგილზე არიან ქრისტიანები, რომელთა რიცხვი 2,2 მილიარდს შეადგენს, მეორე ადგილზე კი — მუსლიმანები, რომელთა რიცხვი 1,6 მილიარდია. მეოთხე ადგილი დაიკავა ინდუიზმმა, რომელსაც დაახლოებით 1 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.

იაპონია

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ „შექების დროს ადამიანის ტვინში აქტიურდება ეგრეთ წოდებული დამაჯილდოებელი სისტემა“, რომლის დროსაც გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი. ეს აღმოჩენა მხარს უჭერს იმ აზრს, რომ შექება ადამიანს გაუმჯობესების სტიმულს აძლევს.

ბოლივია

2012 წლის ბოლოს ბოლივიაში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად ბოლივიელები იმ დღეს სახლში უნდა დარჩენილიყვნენ. აიკრძალა პირადი ტრანსპორტით მგზავრობა, ალკოჰოლის მიღება და დაიკეტა საზღვრები.

იტალია

იტალიაში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, მშობლები თავიანთ ბავშვებთან დღეში საშუალოდ 15 წუთს თამაშობენ. „ხუთიდან მხოლოდ ერთი მშობელი ფიქრობს, რომ თამაში დადებითად მოქმედებს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე“, — ნათქვამია გაზეთ „ლა რეპუბლიკაში“. როგორც მაგიდის თამაშების შემქმნელი, ანდრეა ანჯოლინო აღნიშნავს, თამაშის მეშვეობით მშობლები ბავშვებს ეხმარებიან წარმოსახვის უნარის განვითარებაში და ასწავლიან, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს.